პუბლიკაციები

რუსეთის ჩრდილო - კავკასიური თამაშები: რაც ხდება უკრაინაში, უკვე იყო ჩეჩნეთში

ფოტო: Elizabeth Brockway/The Daily Beast

გადაჭარბებული არ იქნება თუ ვიტყვით, რომ იშვიათად მოიძებნება თანამედროვე მსოფლიოში ერი, რომელსაც დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში იმდენი მსხვერპლი გაეღოს, რამდენიც ჩეჩნეთმა გაიღო და გადაიხადა. არც იმის აღნიშვნა იქნება გაზვიადებული, რომ ჩეჩნეთის ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის ჯერ არ არის დასრულებული, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში, რამზან კადიროვის მმართველობის ქვეშ, ეს ერი თითქოსდა დაძაბუნდა, შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს, რომ ისინი კვლავ იბრძვიან. იბრძვიან მათ შორის უკრაინაშიც.

როდესაც უკრაინაში, რუსეთის მიერ „სპეციალური ოპერაციის“ სახელით „შეფუთულ“ ომზე და იქ მებრძოლ ჩეჩნებზე ვსაუბრობთ, არ იგულისხმება რამზან კადიროვის მიერ გაგზავნილი სამთავრობო ძალები ე.წ. „კადიროვცები“, რომლებიც რუსეთის მხარეს არიან, მხედველობაში გვყავს ჩეჩენი მებრძოლები, რომლებიც ყირიმის ანექსიიდან მოყოლებული (2014 წელი), უკრაინის მხარდამხარ, მის დასაცავად და საუკუნოვანი მტრის - რუსეთის წინააღმდეგ იბრძვიან. ვგულისხმობთ, მაგალითად, შეიხ მანსურის და ჯოხარ დუდაევის ბატალიონებს, რომელთა შეხედულებითაც: „...წარმოუდგენელია, რომ ჩეჩნები, რომელთაც რამდენიმე გენოციდი განიცადეს რუსეთისგან, დღეს რუსეთის მხარეს იყვნენ,“ მათივე განცხადებით: „...უკრაინაში წყდება მთელი პროგრესული და თავისუფალი კაცობრიობის ბედი, სადაც ყოველ თავისუფლებისმოყვარე ადამიანს არ აქვს უფლება გვერდით დარჩეს“. შესაძლოა ისიც ვთქვათ, რომ დღეს უკრაინის ტერიტორიაზე, რუსეთ-უკრაინის გარდა, კიდევ ერთი კონფლიქტი მიმდინარეობს - ომი ჩეჩნეთის დამოუკიდებლობის მომხრეთა და პრორუსულ ძალებს შორის. ამ უკანასკნელთა უმთავრესი დასაყრდენი, ჩეჩნეთის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი რამზან კადიროვია, ხოლო ძალაუფლების წყარო - ვლადიმერ პუტინი.

ჩეჩნეთის რესპუბლიკამ  2003 წლის რეფერენდუმით  დაკარგა დამოუკიდებლობა. ამჟამად ის,  რუსეთის ფედერაციის სუბიექტს წარმოადგენს, კერძოდ, ჩრდილოეთ კავკასიის სხვა 5 რესპუბლიკასთან ერთად (დაღესტანი, ინგუშეთი, ჩრდილოეთ ოსეთი, ყაბარდო-ბალყარეთი, ყარაჩაი-ჩერქეზეთი), 2010 წლიდან,  ჩრდილოეთ კავკასიის ფედერალურ ოკრუგს მიეკუთვნება. 6 რესპუბლიკისგან შემდგარ ოკრუგში, 20-მდე განსხვავებული ეროვნების წარმომადგენლები ერთიანდებიან, მაგალითად, ჩეჩნები, ყაბარდოელები, ინგუშები, ყარაჩაელები, ოსები, ყუმიხები, ხუნძები, ლეზგინები, ნოღაელები, ჩერქეზები, ლეკები, აბაზები და ა.შ., ხოლო სამხრეთის ფედერალურ ოკრუგში კრასნოდარის და სტავროპოლის მხარეებთან ერთად, შედის კიდევ ერთი ჩრდილო კავკასიური რესპუბლიკა - ადიღეს რესპუბლიკა.

ჩრდილო კავკასიელი ხალხები გეოგრაფიულად, სოციო-კულტურული მახასიათებლებით, რელიგიით, ტრადიციებით, ცხოვრების წესითა და შეხედულებებით ერთი შეხედვით ჰომოგენური საზოგადოებაა, თუმცა სულ მცირე დაკვირვებაც საკმარისია მათ შორის არსებული სხვაობის დასანახად და იმის გასაანალიზებლად, რომ საქმე გვაქვს განსხვავებულ და თვითმყოფად კულტურებთან, რომელთაც უნიკალური ისტორიული დინამიკა და განვითარება აქვთ. მიუხედავად ამისა, ჯერ იმპერიულმა, შემდგომ საბჭოთა და ბოლოს პუტინის რუსეთმა აბსოლუტურად ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ჩრდილო კავკასიური განსხვავებები მოესპო და ეს ხალხი დანარჩენი მსოფლიოს თვალში ერთიან ორგანიზმად წარმოეჩინა, ერთიანად არა ამ სიტყვის კარგი დატვირთვით, არამედ იმის საჩვენებლად, რომ არ არსებობდა მათ შორის სხვაობა, არ არსებობდა უნიკალური ეთნოსი და კულტურა. იშვიათად თუ წააწყდებით ნებისმიერი მიმართულების შრომებს ცალკეული რესპუბლიკების შესახებ, თითქოს რაღაც მანქანა ამ ხალხების ისტორიასა და კულტურას ერთმანეთში ზელს და აქრობს განსხვავებებს მათ შორის.  მიუხედავად ამისა, ისტორიას თუ გადავხედავთ, მარტივად დავინახავთ, რომ ჩრდილო კავკასიელ ხალხს ანგარიშგასაწევი მედეგობა აღმოაჩნდათ დაეცვათ საკუთარი თავი ამ აღრევისგან, ებრძოლათ დამოუკიდებლობისა და რუსეთის რევიზიონისტული მისწრაფებების წინააღმდეგ. მაგალითისთვის შესაძლოა გავიხსენოთ  ხუნძი იმამ შამილის პერიოდი, რომელმაც 1830-1859 წლებში ჩეჩნების, დაღესტნელებისა და ჩერქეზების კონსოლიდირება მოახერხა და ბრძოლა გამოუცხადა ჩრდ. კავკასიაში რუსულ იპერიალიზმს და მიუხედავად იმისა, რომ შამილი დამარცხდა, ამ მოძრაობამ მაინც მნიშვნელოვნად შეარყია იმპერია ჩრდილოეთით.  სწორედ შამილის პერიოდის მწარე გამოცდილების გააზრებით, 1920-იან წლებში ბოლშევიკებმა დაიწყეს ჩრდილო კავკასიელი ლიდერების დევნა, რათა არ მომხდარიყო მათი გაერთიანება, 1943-1944 წლებში კი სტალინმა, ჩვეული მეთოდით, ნაცისტური გერმანიის მხარდაჭერის ბრალდებით, ყარაჩაელების, ბალყარელების, ჩეჩნების და ინგუშების ანგარიშგასაწევი ნაწილი ცენტრალურ აზიაში გადაასახლა. საბჭოთა რუსეთის გათვლით, ეს იქნებოდა ძლიერი დარტყმა ჩრ. კავკასიის რეგიონისთვის და გარანტი იმისა, რომ ეს ხალხები საერთო იდეის გარშემო გაერთიანებას ვეღარ შეძლებდნენ.

მიზანმიმართულად ან შემთხვევით (ეს უკანასკნელი ნაკლებსავარაუდოა), ავიწყდებოდა რუსეთს, რომ ის კონსოლიდაციის იდეა, რომლის წართმევასაც ასე აქტიურად ცდილობდა ჩრ. კავკასიელებისთვის, ყოველთვის იყო დამოუკიდებელი რესპუბლიკების აღდგენა და რუსული რევიზიონიზმის წინააღმდეგ მოქმედება. სწორედ ამ იდეის ჩახშობის მცდელობა იყო რუსეთის მიერ ჩეჩნეთში დაწყებული 1-ლი (1994 -1996 წწ.) და მე-2 ომი (1999-2009წწ.), რომელიც, საბოლოო ჯამში, რუსეთის მხრიდან შეიფუთა და მსოფლიოს მიეწოდა, როგორც ბრძოლა ტერორიზმის წინააღმდეგ. გარდა აქტიური სამხედრო მოქმედებებისა, მან აგრეთვე აქტიურად წარმართა ანტი-ჩეჩნური და ანტი - ჩრ. კავკასიური პროპაგანდა, რომლის თანახმადაც ეს რეგიონი იყო ტერორიზმის ერთ-ერთი მთავარი წყარო, ჯიჰადისტური მოძრაობის წამქეზებელი და ამავდროულად, შემსრულებელი.

2001 წლის 9/11-ის ტრაგედიის  შემდგომ, ვლადიმერ პუტინი იყო პირველი ლიდერი, რომელმაც ამერიკის იმ დროინდელ პრეზიდენტს, ჯორჯ ბუშ უმცროსს დაურეკა და პარტნიორობა აღუთქვა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში, ასევე, თქვა, რომ რუსეთი დიდი ხანია, რაც ებრძვის ტერორიზმს  ჩრ. კავკასიაში და რომ ეს ბრძოლა, მაგალითად გამოიხატა ჩეჩნეთის წინააღმდეგ წარმოებულ ანტი-ტერორისტულ ოპერაციაში (ასე უწოდებს ოფიციალური რუსეთი ჩეჩნეთის წინააღმდეგ წარმოებულ ომს). ფაქტია, რომ იმ დროისათვის ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და დასავლეთმა, ეს რუსული „ვერსია“, გარკვეულწილად, მიიღეს, ამის დასტურია, მაგალითად, ამერიკის შეერთებული შტატების 2002 წლის სახელმწიფო უსაფრთხოების სტრატეგია, სადაც ჩაიწერა, რომ ტერორიზმის წინააღმდეგ ომში ამერიკა ერთ-ერთ მთავარ პარტნიორად რუსეთის ფედერაციას განიხილავდა - „ტრანზიციული პროცესი რუსეთში იმედისმომცემად გამოიყურება. რუსეთი აუცილებლად მიაღწევს დემოკრატიულ მომავალს და იქნება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მოკავშირე ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში“. ე.წ. ანტიტერორისტული დროშის ქვეშ, რუსეთმა, გარკვეული თვალსაზრისით, „იმუნიტეტი“ მოიპოვა და გააგრძელა ჩეჩნეთსა და მის სამეზობლოდ ძალაუფლების გამყარება, უშუალოდ ჩეჩნეთში კი ომის გზით, ჯერ გროზნოდან განდევნა (1999 წელი) და შემდგომ მოკლა (2005 წელი) კანონიერად არჩეული ხელისუფალი ასლან მასხადოვი. 2003 წელს, ისევე, როგორც 2014 წელს ყირიმში, რეფერენდუმი ჩაატარა. ამ რეფერენდუმის საფუძველზე, ჩეჩნეთის რესპუბლიკას 1991 წელს გამოცხადებული დამოუკიდებლობა წაართვა და რუსეთის ფედერაციის ნაწილად გამოაცხადა, ხოლო ხელისუფლება ჯერ რუსეთის ლოიალ ახმად კადიროვს, მისი მკვლელობის შემდეგ კი მის ვაჟს - რამზან კადიროვს ჩააბარა.

რამზან კადიროვი, დღეს დამოუკიდებლობის არ მქონე ჩეჩნეთის რესპუბლიკის პრეზიდენტია, მას ხან „სისხლიან ჩეჩენს“, ხან „პუტინზე უფრო პუტინს“, ზოგჯერ „პუტინის ჩეჩენ შემსრულებელს“, ხანაც „პუტინის ჯიბის პრეზიდენტს“ უწოდებენ. რამზან კადიროვი ნამდვილად არ არის სახე ჩეჩნური წინააღმდეგობრივი ბუნებისა, სამაგიეროდ კარგი სახეა იმისა თუ როგორია შედეგი, როდესაც არჩეული ხელისუფალი ძალადობრივად ემხობა, ერი იარაღს ყრის და მოწინააღმდეგე ირჩევს ლიდერს. დღეს ჩეჩნეთს არც დამოუკიდებლობა აქვს და არც სახელმწიფოებრიობა, ეს ყველაფერი კი რუსული „სპეცოპერაციის“ შედეგია.

სრული დოკუმენტი, შესაბამისი წყაროებითა და განმარტებებით, იხ. მიმაგრებულ ფაილში.


ავტორ(ებ)ი

ირინა გურგენაშვილი