პუბლიკაციები

საქართველოს გაუარესებული მაჩვენებლები საერთაშორისო რეიტინგებში და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები როგორც ფინალური გამოცდა

ფოტო: www.iadb.org

იმ ფონზე როცა საქართველო, დანარჩენ მსოფლიოსთან ერთად, ე.წ. ახალი კორონავირუსის (COVID -19) წინააღმდეგ ბრძოლაზეა კონცენტრირებული, საზოგადოების შედარებით ნაკლები ყურადღება დაიმსახურა საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House -ის მიერ მიმდინარე თვის დასაწყისში გამოქვეყნებულმა ანგარიშმა, სადაც აღნიშნულია, რომ პოლიტიკური და სამოქალაქო უფლებების კუთხით ჩვენს ქვეყანაში ვითარება გაუარესდა. ეს შედეგი იმ ნეგატიური ტენდენციის გაგრძელებაა, რომელიც, შეიძლება ითქვას, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის მეორე ვადიდან დაიწყო. ამასთან, Freedom House არ არის ერთადერთი ორგანიზაცია, რომლის შეფასებაც მსგავს სურათს წარმოაჩენს.

Freedom House -ის ანგარიში, „თავისუფლება მსოფლიოში“, ყოველწლიურად ქვეყნდება. ის ცალკეულ ქვეყნებსა თუ ტერიტორიულ ერთეულებში პოლიტიკური უფლებებისა და სამოქალაქო თავისუფლებების ხარისხს გვიჩვენებს. კონკრეტულ წელს გამოქვეყნებული ანგარიში ასახავს გასულ წელს მსოფლიო მასშტაბით არსებულ რეალობას. მაგალითად, 2020 წლის ანგარიში აღწერს 2019 წლის 1-ლი იანვრიდან 2019 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდს.

აღნიშნული ანგარიშის მოსამზადებლად ორგანიზაცია იყენებს როგორც საკუთარი, ისე გარე ანალიტიკოსების და ე.წ. ექსპერტ-მრჩევლების ინტელექტუალურ კონტრიბუციას, აკადემიური სივრცეებიდან, არასამთავრობო ორგანიზაციებიდან და ადამიანის უფლებათა დამცველი სხვადასხვა ჯგუფებიდან. რაც შეეხება შეფასების სისტემას, Freedom House მსოფლიოში თავისუფლების განსაზღვრისას იყენებს შესაბამის ინდექსს და ამის მიხედვით ქვეყნებს ანიჭებს კონკრეტულ სტატუსებს, ესენია: თავისუფალი, ნაწილობრივ თავისუფალი და არათავისუფალი. ქვეყნის ჯამური ქულა, რომელიც შეიძლება იყოს 0-დან 100-მდე, დაყოფილია ორ კომპონენტად, საიდანაც მაქსიმალური 40 ქულით შეიძლება შეფასდეს პოლიტიკური უფლებები, ხოლო მაქსიმალური 60 ქულით - სამოქალაქო თავისუფლებები. მაღალი ქულა მიუთითებს ქვეყანაში თავისუფლების უფრო მაღალ ხარისხზე, შესაბამისად, 0 ქულა ნიშნავს ყველაზე არათავისუფალ, ხოლო 100 - ყველაზე თავისუფალ გარემოს. ჯამური ქულების დადგენა ხდება სპეციალურად შემუშავებული კითხვარის საფუძველზე, რომელიც პოლიტიკური უფლებების კონტექსტში მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა: საარჩევნო პროცესი, პოლიტიკური პლურალიზმი და პოლიტიკაში ჩართულობა, მთავრობის ფუნქციონირება და ა.შ. სამოქალაქო თავისუფლებების კუთხით დასმული კითხვები ეხება შემდეგ საკითხებს: სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, შეკრებების თავისუფლება, ორგანიზაციული თავისუფლება, კანონის უზენაესობა, პერსონალური თავისუფლება და ინდივიდუალური უფლებები (დეტალური მეთოდოლოგია იხ. შემდეგ ბმულზე).

2013 წლიდან დღემდე, საქართველოს მაჩვენებლები Freedom House -ის ანგარიშებში შემდეგნაირად გამოიყურება:

 

როგორც გრაფიკიდან ჩანს, 2013, 2014 და 2015 წლებში საქართველოს შედეგები უმჯობესდებოდა, შემდეგ პროგრესი შეჩერდა, ხოლო ბოლო წლებში, მდგომარეობა უარესდება.

„ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის ბოლო პერიოდში თავისუფლების კუთხით არსებული გამოწვევების ფონზე, 2012 წელს ხელისუფლების არჩევნების შედეგად შეცვლა ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან პროგრესს წარმოადგენდა. 2013 წლის ანგარიშში მთავარ მიღწევად სწორედ ეს მოვლენაა დასახელებული. ეს ფაქტი და შემდგომ, 2013 წელს დაფიქსირებული პროგრესი აისახა ორგანიზაციის შემდეგი წლის შეფასებებში, რაც პოლიტიკური უფლებებისა და სამოქალაქო თავისუფლებების ქულის, ასევე, ჯამური ქულის ზრდაში გამოიხატა. 2014 წლის ანგარიშში აღნიშნულია, რომ ქვეყანაში მედია გახდა ნაკლებად პოლარიზებული, 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა მეტწილად თავისუფალ გარემოში და სამართლიანად. პროგრესი დაფიქსირდა 2015 წლის ანგარიშშიც. კერძოდ, 2014 წლის ერთ-ერთ მიღწევად დასახელებულია თვითმმართველობების გაძლიერება იმ კუთხით, რომ ადგილობრივი მმართველობის ორგანოები გახდა არჩევითი. მიუხედავად იმისა, რომ 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ხასიათდებოდა დაძაბულობითა და პოლარიზაციით, საბოლოო ჯამში, ის ძირითადად თავისუფლად და სამართლიანად ჩატარდა. ამასთან, საქართველომ ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას. ამდენად, მიუხედავად იმ არაერთი პრობლემისა, რომელიც ზემოთ ნახსენებ ანგარიშებში იყო ხაზგასმული, საქართველოს დემოკრატიის განვითარება მაინც პოზიტიურად ფასდებოდა.

2017 წლის ანგარიშში (რომელიც 2016 წელს მიმოიხილავს) დადებითად იქნა შეფასებული ის ფაქტი, რომ საქართველომ ჩაატარა კიდევ ერთი პლურალისტური არჩევნები და ქვეყანა დემოკრატიის გაღრმავების მიმართულებით მიდიოდა. თუმცა, აქვე გაჩნდა გარკვეული განგაშის სიგნალი, კერძოდ, ოლიგარქიული მმართველობის საფრთხეები და სასამართლოს დამოუკიდებლობასთან დაკავშირებული გამოწვევები. 2019 წლის ანგარიშში (რომელიც 2018 წლის მდგომარეობას ასახავს) უკვე ცალსახადაა აღნიშნული, რომ 2012 წლის შემდგომ განვითარებული პროგრესი სტაგნაციის რეჟიმში გადავიდა, რაც, ძირითადად, ოლიგარქიული მმართველობის გავლენით იყო გამოწვეული. ამასთან, კანონის უზენაესობა კვლავ შეზღუდული იყო პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე. ასევე, 2018 წელს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნები მართალია ძირითადად მშვიდობიან გარემოში წარიმართა, თუმცა, მას გარკვეულწილად ჩრდილი მიაყენა ეჭვებმა ამომრჩეველთა მოსყიდვაზე, დაშინებაზე და საარჩევნო პროცესში არალეგალური ქმედებების მცდელობებზე.

სამწუხაროდ, მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა 2019 წელს. მიმდინარე წლის მარტში გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, საქართველოს პროგრესის შემაფერხებელ ფაქტორად კვლავ მოხსენიებულია ოლიგარქიული გავლენები ხელისუფლების შტოებზე, კანონის უზენაესობასა და მედიაგარემოზე. ამასთან, საუბარია სამოქალაქო თავისუფლებების არაჯეროვან დაცვაზე. როგორც მოსალოდნელი იყო, თავისუფლების ხარისხის ამსახველი ქულის შემცირების განმაპირობებელ ფაქტორად დასახელებულია 2019 წლის 20 ივნისის საპროტესტო აქციის დაშლისას მთავრობის მიერ ძალის გადამეტება, რის შედეგადაც ასობით ადამიანი დაშავდა, მათ შორის 30 ჟურნალისტი და რეზინის ტყვიების გამოყენების შედეგად რამდენიმე მოქალაქე ცალი თვალით დაბრმავდა. მეორე ფაქტორი, რამაც საქართველოს ჯამური ქულის შემცირება განაპირობა, არის მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის საქმე, სადაც მათ პროკურატურა 10 წლის წინანდელ სავარაუდო სამართალდარღვევას ედავება. „ივლისში მამუკა ხაზარაძე, საქართველოს ორი უდიდესი ბანკიდან ერთ-ერთის დამფუძნებელი, ბიზნესპარტნიორთან ერთად ფულის გათეთრების ბრალდებით დააკავეს. სავარაუდო დანაშაული 2008 წლით თარიღდებოდა, ბრალის წარდგენა კი ხაზარაძის მიერ ახალი პოლიტიკური პარტიის შექმნის სურვილის გამოცხადებიდან ორი კვირის თავზე მოხდა … რასაც მოჰყვა პოლიტიზებული დევნის შესახებ შეშფოთების გამომხატველი განცხადებები აშშ-ის საელჩოს, ადამიანის უფლებათა ორგანიზაციების და სხვა დამკვირვებლების მხრიდან“ - აღნიშნულია Freedom House -ის მიმოხილვაში.

ამ საკითხების გარდა, ორგანიზაცია ყურადღებას ამახვილებს გასული წლის ნოემბერში პარლამენტის მიერ პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩაგდებაზე, მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის პროცესზე და სხვა მნიშვნელოვან მოვლენებზე. ანგარიშში ასევე აღნიშნულია სოციალური ქსელის, Facebook -ის მიერ ყალბი ქართული გვერდებისა თუ პირადი პროფილების გამოვლენა და წაშლა, რომელთაც Facebook-ის შეფასებით, კავშირი ჰქონდათ საქართველოს მთავრობასთან.

Freedom House -ს გარდა, მსოფლიოში დემოკრატიის ხარისხს აკვირდება გავლენიანი საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია The Economist Intelligence Unit (EIU). 2006 წლიდან, აღნიშნული ორგანიზაცია ყოველწლიურად ადგენს „დემოკრატიის ინდექსს“ მსოფლიოს 165 დამოუკიდებელ ქვეყანასა და ორ ტერიტორიულ ერთეულში. ინდექსი განისაზღვრება 60 ინდიკატორის მიხედვით, რომლებიც გაერთიანებულნი არიან ხუთ ფართო კატეგორიაში, ესენია: საარჩევნო პროცესი და პლურალიზმი, სამოქალაქო თავისუფლება, მთავრობის ფუნქციონირება, პოლიტიკური ჩართულობა და პოლიტიკური კულტურა. შესაბამის ქულებზე დაყრდნობით, ქვეყნები ოთხ ჯგუფად იყოფიან: სრული დემოკრატიები, არასრული დემოკრატიები, ჰიბრიდული რეჟიმები და ავტორიტარული რეჟიმები. თავად ინდექსის მინიმალური მაჩვენებელია 0, ხოლო მაქსიმალური - 10.

დემოკრატიის ინდექსის თანახმად, საქართველო ჰიბრიდული რეჟიმის მქონე ქვეყნებს მიეკუთვნება, ხოლო წლების მანძილზე მისი მაჩვენებლები შემდეგნაირად გამოიყურება:

 

როგორც ვხედავთ, EIU -ს შეფასებით, 2013 წელს საქართველოს დემოკრატიულობის ხარისხი მკვეთრად გაიზარდა და შემდგომ წლებშიც მეტ-ნაკლებად სტაბილური სურათი შენარჩუნდა, თუმცა 2018 და 2019 წლებში მაჩვენებლები შემცირდა. ეს ტენდენცია ფაქტობრივად იმეორებს Freedom House -ის მიერ აღწერილ იგივე პერიოდის რეალობას. ორი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი ორგანიზაციის შეფასება განამტკიცებს მოსაზრებას, რომ ბოლო წლებში ქართული დემოკრატიის ხარისხი გაუარესდა. ამდენად, სამწუხაროდ, ჩვენმა ქვეყანამ ვერ გამოიყენა თავისუფლების ხარისხის ზრდისა და დემოკრატიის კონსოლიდაციის ის კარგი შესაძლებლობა, რაც 2012 წლის არჩევნების შემდეგ გაჩნდა.

რთული სათქმელია, რას უნდა ველოდოთ მომავალში ამ მიმართულებით, მაგრამ ერთი რამ ცხადია - მომდევნო წლებში ქართული დემოკრატიის კვლავ პოზიტიური კუთხით განვითარება დიდწილადაა დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად სამართლიან და თავისუფალ გარემოში ჩატარდება მიმდინარე წლის შემოდგომაზე დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები. თუკი 2020 წლის არჩევნების სამართლიანობასთან (მათ შორის საარჩევნო სისტემასთან, წინასაარჩევნო პერიოდთან და უშუალოდ კენჭისყრის პროცესთან) დაკავშირებით კითხვის ნიშნები გაჩნდება, ძნელად სავარაუდოა, ქვეყანა კვლავ დაუბრუნდეს დემოკრატიის განვითარების პოზიტიურ ტენდენციას. ეს კი, შესაბამისად აისახება ზემოთ გაანალიზებულ ანგარიშებში, რომლებითაც, როგორც წესი, ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო პარტნიორები და საქართველოთი დაინტერესებული ინვესტორები ხელმძღვანელობენ. 


ავტორ(ებ)ი

დავით ქუტიძე