პუბლიკაციები

2022 - შროდინგერის ოლიგარქის ძიებაში

შესავალი

2022 წელს, ქართული პოლიტიკური დისკურსის ცენტრიდან ევროპის კავშირის ინსტიტუციურ დისკურსში შეაღწია საკითხმა საქართველოში ოლიგარქიული მმართველობისა და სახელმწიფოს მიტაცების შესახებ. ევროპულმა კომისიამ საქართველოსთვის ევროპის კავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკვანძო პირობად სწორედ „დეოლიგარქიზაცია“ დაასახელა.

დისკურსული სტატუსის ცვლილების მიუხედავად, თავად საკითხს მეტი განსაზღვრულობა არ შეუძენია. ოლიგარქიული მმართველობისა და სახელმწიფოს მიტაცების საკითხი არა მხოლოდ პოლიტიკური უთანხმოების საგნად რჩება, არამედ მათი აკადემიური განსაზღვრებაც საკამათოა.

საქართველოს პარლამენტი ამ განუსაზღვრელობამ ვერ დააფრთხო, საკითხს განსაკუთრებული თავდაჯერებით მოეკიდა და 2022 წლის მიწურულისთვის ორი მოსმენით მიიღო კანონპროექტი „დეოლიგარქიზაციის შესახებ“, რომელიც ანალოგიურ საკითხზე უკრაინული კანონის თითქმის ზუსტი ასლია. კანონპროექტი ერთ მუხლში გადაჭრის ოლიგარქის განსაზღვრების პრობლემას და მისი ავტორებისთვის, ზოგადად, ოლიგარქიზაციის პრობლემის მოგვარების ეფექტურ საშუალებად წარმოჩინდება.

კანონპროექტში მოცემული ოლიგარქის განსაზღვრების პირველივე კრიტერიუმი ავლენს სიცრუის განზრახვას. ოლიგარქად კატეგორიზაციისთვის აუცილებელია პირი საჯაროდ „მონაწილეობდეს პოლიტიკურ ცხოვრებაში“. ეს კანონის მოქმედების წრიდან გამორიცხავს უმრავლესობის პარტიის, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს, თუმცა კანონისვე კრიტერიუმებით რთული იქნება ეს კრიტერიუმი დააკმაყოფილონ რეჟიმის ოპოზიციის სავარაუდო მხარდამჭერმა იმ პირებმაც, რომლებსაც რეჟიმი ოლიგარქებად და ამრიგად, დეოლიგარქიზაციის კანონის მთავარ სამიზნედ მოიაზრებს.

ამის ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ პოლიტიკური კამპანიების დაფინანსების დრაკონული შეზღუდვების სისტემა პოლიტიკური საქმიანობის ჩრდილოვან დაფინანსებას წესად აქცევს. „ფული პოლიტიკური სიტყვაა“, თუმცა ფულით სიტყვა საქართველოში საჯაროდ თითქმის არასდროს ითქმის. პოლიტიკის დასაფინანსებლად გაღებული ფულის უდიდესი წილი, სწორედ „შავ“, არადეკლარირებულ და არასაჯარო ფინანსებზე მოდის.

შესაბამისად, დეოლიგარქიზაციის კანონის პროექტი მხოლოდ განამტკიცებს არსებულ სტატუს კვოს, ყველამ იცის, რომ ოლიგარქ(ებ)ი არსებობს/არსებობენ, თუმცა ამის საჯაროდ დადასტურება შეუძლებელია. როგორც ერვინ შროდინგერის სააზროვნო ექსპერიმენტშია - კატა იმავდროულად ცოცხალიცაა და მკვდარიც, ოლიგარქი ერთდროულად არსებობს და არ არსებობს.

მათი განმარტებითი ძალის მიუხედავად, საზოგადოებრივ-პოლიტიკური წყობის მუშაობას კვანტური მექანიკის სააზროვნო ექსპერიმენტებით ვერ წარვმართავთ. ოლიგარქები და მათი მავნე გავლენა ან არსებობს და პასუხს მოითხოვს ან - არა. გასათვალისწინებელია, რომ ოლიგარქიისა და ოლიგარქიული მმართველობის ზუსტ აკადემიურ ან სამართლებრივ განსაზღვრებას შესაძლოა ვერ მივაგნოთ, თუმცა პრობლემები რომელზეც ევროპის კავშირის ინსტიტუტები მიგვითითებენ, რეალურია, განსაზღვრებადი და გადაჭრადი.

 

შროდინგერის ოლიგარქები ზომბი დემოკრატიის სათავეში

ტერმინები „ოლიგარქი“, „ოლიგარქია“, „ოლიგარქიული მმართველობა“, ხშირად შეცდომაში შემყვანია, როდესაც საქმე პოსტსაბჭოთა ევრაზიის ქვეყნების, მათ შორის საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას (ე.წ. ევროპის კავშირთან „ასოცირებული ტრიო“) საზოგადოებრივ და პოლიტიკურ წყობას მიემართება. ოლიგარქიას, როგორც პოლიტიკური რეჟიმის ტიპს, ხანგძლივი ისტორია აქვს, რომელიც სათავეს ანტიკური ხანიდან იღებს. ანტიკური პოლიტიკური ფილოსოფიიდან მოდის ოლიგარქიის, როგორც პოლიტიკური რეჟიმის ტიპის თეორიაც.

ოლიგარქიის ცნება და ისტორია ზოგადად საინტერესოა, თუმცა პოსტსაბჭოთა სოციალურ-პოლიტიკური წყობის შესწავლაში ვერ გვეხმარება. იმთავითვე ცხადია, რომ პოსტსაბჭოთა სახელმწიფოებში საქმე არ გვაქვს პოლიტიკური რეჟიმის სპეციალურ ტიპთან. სულ მცირე ფორმით ამ სახელმწიფოებს ლიბერალურ-დემოკრატიული კონსტიტუციები აქვთ და კონსტიტუციურ დემოკრატიებად პოზიციონირებენ.

თუმცა პრეტენზია კონსტიტუციურ დემოკრატიაზე არ ასახავს ამ რეჟიმების, მათ შორის, საქართველოს პოლიტიკური რეჟიმის რეალურ შინაარსს, ეს არ ნიშნავს, რომ სულ მცირე ფორმალურ და ინსტიტუციურ დონეებზე საქმე  გვაქვს კონსტიტუციური დემოკრატიისგან განსხვავებულ რეჟიმის ტიპთან. ამ სისტემებში კონსტიტუციური დემოკრატიის ფორმები გამოიყენება განსხვავებული მიზნების მისაღწევად და განსხვავებული შინაარსით. დემოკრატიული ფორმა ემსახურება და აძლიერებს ანტიდემოკრატიულ შინაარსს.

აკადემიურ ლიტერატურაში, ასევე დემოკრატიის სარეიტინგო სააგენტოების მიერ ასეთი პოლიტიკური რეჟიმები  ხასიათდებიან როგორც ჰიბრიდები. თუმცა კატეგორიზაციის მიღმა, ჰიბრიდული პოლიტიკური რეჟიმები საინტერესოა იმითაც, რომ ისინი დემოკრატიული ინსტიტუტებისა და პრაქტიკების ინსტრუმენტალიზაციით გამოირჩევიან არადემოკრატიული მიზნებისთვის.

ავტოკრატიული მიზნებით ბოროტად გამოყენება კონსტიტუციური დემოკრატიის ინსტიტუტებს შინაარსს აცლის. ისინი გარეგნული ფორმით გვანან კონსტიტუციური დემოკრატიის ცოცხალ ინსტიტუტებს, სინამდვილეში კი მათში კონსტიტუციური დემოკრატიის შინაარსი სრულად მკვდარია. სწორედ ამ დაკვირვებიდან იღებს შთაგონებას ზომბი დემოკრატიის მეტაფორაც. ზომბი დემოკრატიები კლავენ კონსტიტუციური დემოკრატიის ინსტიტუტებს იმისათვის, რომ მათ უკვე მონსტრებად გააგრძელონ ცოცხალმკვდარი ყოფნა.

იგივე შთაგონებითაა შექმნილი სახელმწიფო-ფრანკენშტეინის (Frankenstate) მეტაფორაც. სახელმწიფო-ფრანკენშტეინიც კონსტიტუციური დემოკრატიის სხეულიდან მოკვეთილი ჯანსაღი ნაწილებით არის აწყობილი, გარეგნულად კონსტიტუციურ დემოკრატიას ჰგავს, თუმცა რეალობაში ავტოკრატიული მონსტრია.

ზომბი დემოკრატიებს დაეშენება სახელმწიფო-ფრანკენშტეინები. მიღებული ჰიბრიდული რეჟიმი კი სისტემურ სიყალბეს ეფუძნება. ისინი თავს აჩვენებენ იმად (კონსტიტუციურ დემოკრატიად) რისი საწინააღმდეგო შინაარსიც (არალიბერალური/ავტოკრატიული) სინამდვილეში აქვთ. შროდინგერის ოლიგარქები პოსტსაბჭოთა ზომბი დემოკრატიების ამ სისტემურ სიყალბეში, ორგანულად იკავებენ ცენტრალურ ადგილს.

ხალხის ძალაუფლებასა და სამართლის უზენაესობის ფასადს ამოფარებულები, ისინი ერთდროულად არიან ძალაუფლების პირამიდის წვერზე და იმავდროულად არ არიან. შროდინგერის ოლიგარქები ზომბი დემოკრატიაში ძალაუფლების დაპატრონებით იტაცებენ სახელმწიფოს და ქმნიან სახელმწიფო-ფრანკენშტეინს, როგორც საკუთარი ძალაუფლების სტაბილურობისა და ხანგძლივობის ინსტრუმენტებს.

შროდინგერის ოლიგარქის ფენომენის მეტყველი სიმბოლო საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ევროპის კავშირის ინსტიტუტებისთვის გაგზავნილი წერილია. წერილის მიზანია უარყოს ბიძინა ივანიშვილის მიერ საქართველოს სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინსტიტუტების მიტაცება. ამის მიუხედავად, წერილში ყველაზე ხშირად სწორედ ბიძინა ივანიშვილის სახელი, მისი ღვაწლი, დამსახურება და მნიშვნელობაა ნახსენები. წერილი, რომელიც გარეგნული ფორმით პრეტენზიას აცხადებს ივანიშვილის ძალაუფლების რეალურობის უარყოფაზე, ნამდვილი შინაარსით მისი ძალაუფლების რიტუალური ხოტბა და პერფორმატიული განმტკიცებაა.

 

შროდინგერის ოლიგარქის მოხელთება

დეოლიგარქიზაციის მიზნის მიღწევა შეუძლებლია, თუ შროდინგერის ოლიგარქი ვერ მოვიხელთეთ, კვანტური მექანიკიდან ნიუტონის მექანიკაში არ გადავინაცლეთ. ამისთვის აუცილებელია, რომ ზომბი დემოკრატია და მასზე დაშენებული სახელმწიფო-ფრანკენშტეინი მოვშალოთ. ევროპული კომისიის რეკომენდაციები ძირითადად ზომბი დემოკრატიისა და სახელმწიფო-ფრანკენშტეინის მოშლის  სახელმძღვანელო მითითებებია სპეციფიკური ფოკუსებით. შედარებით ნაკლებად სპეციფიკურია მითითება სოციალურ წყობასთან მიმართებით, რომელიც ოლიგარქებს ქმნის. მოკლედ განვიხილოთ თითოეული ეს ასპექტი.

 

საზოგადოების წყობა: პატრონალიზმი, ნეოპატრიმონიალიზმი, პატრონ-კლიენტელიზმი - 

პოსტსაბჭოთა რეჟიმების მკვლევარებს შორის ფართო თანხმობა არსებობს პატრონალიზმის ლოგიკის დომინანტურობაზე პოსტსაბჭოთა ევრაზიის ქვეყნების სოციალურ წყობაში (საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას ჩათვლით). ამ ლოგიკის მიხედვით, საზოგადოება და მისი სიმდიდრე ძალაუფლების პირამიდის სათავეში მდგომი პატრონების მიერ განიხილება როგორც პირადი სიმდიდრე. სახელმწიფო ძალაუფლების კონტროლი მიიჩნევა როგორც ექსკლუზიური გზა ამ სიმდიდრის მოსაპოვებლად და შესანარჩუნებლად. ზომბი დემოკრატიის პირობებში, რაც უფრო დიდია სახელმწიფო-ფრანკენშტაინზე კონტროლი, მით მეტია პატრონის სიმდიდრე, შესაბამისად უფრო ფართოა კლიენტების ქსელიც, რომელიც უზრუნველყოფს ბელადის შესარჩევ სანახაობად ქცეულ არჩევნებში უმრავლესობის მხარდაჭერის შენარჩუნებას.

ევროპის კომისიის რეკომენდაციებში მხოლოდ ზოგადადაა აღნიშნული, რომ დეოლიგარქიზაცია უნდა შეეხოს კერძო ინტერესების ჭარბ გავლენას არა მხოლოდ საჯარო ხელისუფლებაზე, არამედ ეკონომიკასა და საზოგადოებაზეც.

საქართველო ამ მიზნების მიღწევას პატრონალიზმის აღმოფხვრის გარეშე ვერ შეძლებს. ამისთვის კი საჭიროა არა მხოლოდ საზოგადოების სტრუქტურის გარდაქმნა, არამედ ეკონომიკისაც. ამ მიზნის მისაღწევად სახელმწიფოს წვდომა და უფლებამოსილებები საზოგადოების სიმდიდრესა და რესურსებზე არსებითად არის გადასახედი, სხვაგვარად შეუძლებელი იქნება ძალაუფლების მაძიებელი პატრონების, იგივე ოლიგარქების ძალაუფლების სისტემურად შერყევა.

 

ზომბი დემოკრატიის საყრდენები: საზოგადოების გახლეჩა „ნამდვილ ხალხად“ და სხვებად და მანიპულირებული არჩევნები - 

პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირების მოთხოვნა ევროპული კომისიის რეკომენდაციებში „დეოლოგარქიზაციის“ შემდეგ ყველაზე დამაბნეველი და უხერხული ფორმულირება აღმოჩნდა. განზრახ თუ უნებლიე შეცდომით, პოლიტიკური პოლარიზაცია წაკითხული იქნა როგორც კონსტიტუციურ დემოკრატიებში არსებული ფენომენის მსგავსი. საქართველოში არსებული პოლიტიკური პოლარიზაცია ისევე არ არის კონსტიტუციურ დემოკრატიებში დაკვირვებადი პოლარიზაციის მსგავსი, როგორც საქართველო არ არის კონსტიტუციური დემოკრატია.

საქართველოში არსებული პოლარიზაცია არ იქმნება დემოკრატიული პროცესის თანასწორი მონაწილეების მიერ, რომელთა თანასწორუფლებიანობაც დაცულია. პოლარიზაცია საქართველოს მსგავს ზომბი დემოკრატიებში ძალაუფლების საყრდენი ინსტრუმენტია. პოლარიზაცია გამოიყენება როგორც სუსტ დემოკრატიებში ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად, ისე მის გასახანგძლივებლად.

ზომბი დემოკრატიების ეს მეთოდი პოპულისტურია. ზომბი ბელადები და მათი პოლიტიკური ძალები იყენებენ ყველა მეთოდს, მათ შორის, საკუთარი კონტროლის ქვეშ მყოფ მედიის პროპაგანდისტულ ორგანოებს იმისათვის, რომ საზოგადოება გახლიჩონ „ნამდვილ ხალხად“, რომელსაც ექსკლუზიურად თავად უნდა წარმოადგენდნენ ძალაუფლებაში და დანარჩენებად, რომლებიც არაფრად უნდა ჩავაგდოთ, რადგან მათ ბოროტების ძალებთან აქვთ კავშირი და მათი ძალაუფლებაში დაბრუნება სურთ.

პოლარიზაციის/გახლეჩის ეს მეთოდი მორალისტურია, რამდენადაც პრიმიტიულ მორალისტურ წარმოსახვაზე არის დაშენებული. „ნამდვილი ხალხი“ ყოველთვის მორალურად წმინდაა და სიკეთის განსხეულებაა, მათი ექსკლუზიური წარმომადგენელი რეჟიმი და მისი ბელადია, რომელიც სიკეთის გამარჯვების გარანტორია. ბელადისა და რეჟიმის სიკეთე არა იმდენად მისი აბსოლუტური ბოროტებით, არამედ ნეგატიურად, მისი დემონიზებული მოწინააღმდეგეების აბსოლუტური ბოროტებით განისაზღვრება. ბელადი და რეჟიმი შესაძლოა უნაკლო არაა, მაგრამ მხოლოდ მას შეუძლია აბსოლუტური ბოროტების ძალაუფლებაში დაბრუნება არ დაუშვას (ამიტომ ძალაუფლებაში უნდა დარჩეს მანამ, სანამ ეს საფრთხე არსებობს. მუდმივადაც, თუ ეს საფრთხე მუდმივად შენარჩუნებულია).

მორალისტური გახლეჩის ეს მატრიცა მთელს საჯარო დისკურსზე განმტკიცდება. რეჟიმის მოწინააღმდეგეები ხშირად ვერ უძლებენ ცდუნებას რეჟიმთან წინააღმდეგობა იდენტურ მორალისტურ დიქოტომიაზე ააგონ და ამით რეჟიმს შეუწყონ ხელი  ელექტორალური საყრდენის „ნამდვილი ხალხის“ წარმოებაში და კონსოლიდაციაში.

ასეთი პოლარიზაციის დასრულება მხოლოდ რეჟიმის არსებითი ცვლილებითაა შესაძლებელი. პოლარიზაციის მეორე მხარემ თავი რომ გაიუქმოს ან სხვაგვარად გაქრეს, რეჟიმის მის ჩამნაცვლებელს აუცილებლად მონახავს, რამდენადაც რეჟიმის არსებობის ერთადერთი გამართლება „ბოროტი ძალების“ ძალაუფლებაში დაბრუნების არდაშვებაა.

პოლარიზაციის ამ მასშტაბების შენარჩუნება შეუძლებელია მედიაზე კონტროლის კონსოლიდაციისა და ოპონენტების სამართლებრივი თუ ექსტრალეგალური რეპრესიების გარეშე. ესეც მიუთითებს ზომბი დემოკრატიაში პოლარიზაციის ვერტიკალურ და არა ჰორიზონტალურ ბუნებაზე. პოლარიზაცია რეჟიმის ინსტრუმენტია და მასთან ერთად სრულდება.

„ნამდვილი ხალხი“ რეჟიმის დასაყრდენია, რომელიც ქმნის რეჟიმის ელექტორალური ლეგიტიმაციის ღერძს. „ნამდვილი ხალხის“ შემადგენლობაში მხოლოდ ისინი არ არიან ვინც საკუთარ თავს აიდენტიფიცირებს ასეთად. საარჩევნო ლეგიტიმაციის მისაღებად რეჟიმს ფართო არსენალი აქვს საარჩევნო მანიპულაციისა დაწყებული მასზე მატერიალურად დამოკიდებული კლიენტების მობილიზაციით არჩევნებზე, გაგრძელებული ამომრჩეველთა მოსყიდვითა და დასრულებული საარჩევნო სისტემისა და წესების მორგებით.

ევროპის კომისიის რეკომენდაცია საარჩევნო სისტემის დამატებით რეფორმაზე მხოლოდ აისბერგის წვერს მიემართება, რამდენადაც რეჟიმის საარჩევნო მანიპულაციის მენიუ გაცილებით მრავალფეროვანია, ვიდრე მხოლოდ საარჩევნო წესების საკუთარ თავზე მორგება.

 

სახელმწიფო-ფრანკენშტაინის საყრდენები - სამართლის უზენაესობის ბოროტად გამოყენება და მიტაცებული სასამართლო - 

სახელმწიფო ფრანკენშტაინი იქმნება ზომბი დემოკრატიების მიერ სამართლის უზენაესობის ბოროტად გამოყენებით. ზომბი დემოკრატიები ფართოდ სარგებლობენ ლეგალისტური ლეგიტიმაციით და სამართალს საკუთარი მიზნების ინსტრუმენტად აქცევენ. სასამართლოს მიტაცება არსებითად აუცილებელი ინსტიტუციური კომპონენტია ამ სქემაში.

სამართლის უზენაესობის ბოროტად გამოყენებაში იგულისხმება, რომ კანონები, რომლებიც ზედმიწევნით იცავენ ან არსებითად არ ეწინააღმდეგებიან სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებს, რეჟიმის მიზნების მისაღწევად გამოიყენება. „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონის პროექტი, კანონად მიღების შემთხვევაში, ამის კარგი მაგალითი იქნება.

თუმცა, ამ ჰიპოთეტურ შემთხვევის მიღმაც, სასამართლო ხელისუფლების მიტაცების მაგალითიც გამოდგება. როგორც საერთო სასამართლოებზე ისე საკონსტიტუციო სასამართლოზე კონტროლი დამყარებულ იქნა საკანონმდებლო რეფორმების გზით, რომლებიც მეტწილად შეესაბამებოდნენ სამართლის უზენაესობის მოთხოვნებს და ზოგ შემთხვევაში ეფუძნებოდნენ ისეთ მიდგომებს, რომლებიც სხვა სათანადო კონტექსტებში კარგ საჯარო პოლიტიკებადაც კი შეგვეძლო მიგვეჩნია.

ევროპული კომისიის რეკომენდაციები სასამართლოს და მართლმსაჯულების რეფორმაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია სახელმწიფო-ფრანკენშტეინის მოსაშლელად, თუმცა სამართლის უზენაესობის ბოროტად გამოყენების დასრულებისთვის არასაკმარისი, რის გარეშეც თავის მხრივ, სახელმწიფო-ფრანკეშტეინი მუდმივად ახლიდან შექმნის საკუთარ თავს.

 

ეპილოგი

მიუხედავად იმისა, რომ 2022 წელს საქართველოში შროდინგერის ოლიგარქი ვერ მოვიხელთეთ, ამას აუცილებლად შევძლებთ, თუ მოვშლით პატრონალისტურ საზოგადოებრივ წყობას, ზომბი დემოკრატიასა და სახელმწიფო-ფრანკენშტეინს.

 

სრული დოკუმენტი, შესაბამისი წყაროებით, ბმულებითა და განმარტებებით, იხ. მიმაგრებულ ფაილში.


ავტორ(ებ)ი

დავით ზედელაშვილი