პუბლიკაციები

სტრატეგიული კომუნიკაცია დეზინფორმაციისა და პროპაგანდის წინააღმდეგ - რეკომენდაციები სახელმწიფო პოლიტიკისთვის

თანამედროვე, ე.წ. ინფორმაციულ ეპოქაში, ახალი ამბების გავრცელების არეალისა და სისწრაფის ზრდასთან ერთად, ინფორმაციული ოპერაციები საომარი მოქმედებების ნაწილიც კი გახდა. მტრულად განწყობილი სახელმწიფოები, ხშირად, ღია საომარი მოქმედებების ნაცვლად, ინფორმაციის საშუალებით მოქალაქეების შეხედულებებზე გავლენის მოხდენას და სხვა სახელმწიფოს საქმეებში ამ ფორმით ინტერვენციას ცდილობენ. ამდენად, 21-ე საუკუნეში სწორ, კოორდინირებულ კომუნიკაციას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ბოლო წლების ანგარიშებში აღნიშნულია,  რომ საქართველოს წინააღმდეგ წარმოებულია დეზინფორმაციული კამპანიები, რომელთა მთავარი მიზანია საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე ზეგავლენა, მათ შორის, საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციის შელახვისა და ქვეყნის შიგნით დეზინფორმაციის კოორდინირებული გავრცელების გამოყენებით.

ინფორმაციისა და სწორი კომუნიკაციის მნიშვნელობა განსაკუთრებით ცხადი გახადა კოვიდ 19-ის პანდემიამ. ნათლად გამოჩნდა, რომ ინფორმაცია აღარ არის უბრალოდ ინფორმაცია და სწორმა კომუნიკაციამ, კონკრეტულ შემთხვევებში, შესაძლოა მოქალაქეთა სიცოცხლე გადაარჩინოს. თუ აქამდე დემოკრატიული პროცესების არამართლზომიერ შეფერხებაზე ან, მტრული სახელმწიფოს მხრიდან, საზოგადოების პოლარიზებაზე საუბარი შეგვეძლო, პანდემიამ გამოაჩინა, რომ სწორი კომუნიკაცია პირდაპირ დაკავშირებულია ადამიანების სიცოცხლესთან.

ზემოთ აღწერილი საფრთხეების გათვალისწინებით, დღის წესრიგში დგება კარგად გააზრებული სტრატეგიული კომუნიკაციის საჭიროება და ამ გზით, საზოგადოების ცნობიერების ამაღლება მავნე, მტრულ საინფორმაციო კამპანიებთან დაკავშირებით.

ზოგადად, სტრატეგიული კომუნიკაციები (შემოკლებით - სტრატკომი), როგორც დისციპლინა, ჯერ კიდევ შესწავლის პროცესშია. აკადემიურ ლიტერატურაში მისი დეფინიციაც კი არაერთგვაროვანია. Hallahan et al. (2007) გამოყოფენ სტრატეგიული კომუნიკაციის ფუნდამენტურ ასპექტებს. კერძოდ, ამ პროცესში ნებისმიერი აქტივობა სტრატეგიულია, ანუ არ არის შემთხვევითი ან უნებლიე. ამასთან, ტერმინი „სტრატეგიული“ არ უნდა განიმარტოს ვიწროდ, არამედ ის არის კომპლექსური და მრავალმხრივი კონცეფცია. კომუნიკაციის ნაწილში კი ავტორები აღნიშნავენ, რომ იგი უნდა განვიხილოთ, როგორც პროცესის მართვის მთავარი საყრდენი. ამასთან, ავტორთა განმარტებით, სტრატეგიული კომუნიკაცია „გულისხმობს, რომ ადამიანები, ორგანიზაციების სახელით, ერთვებიან გაცნობიერებულ და მიზანდასახულ საკომუნიკაციო ღონისძიებებში, საზოგადოებრივ მოძრაობებსა თუ პროცესებში“.

სტრატეგიული კომუნიკაციების პრაქტიკული პერსპექტივა, რომელიც მეტად აქტუალური გახდა რუსული საინფორმაციო ომის გაძლიერების კვალდაკვალ (განსაკუთრებით კი - 2014 წელს, უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული „ჰიბრიდული ომის“ შემდეგ), გულისხმობს, რომ სახელმწიფოები მზად უნდა იყვნენ ისეთი გამოწვევებისთვის, როგორებიცაა ინფორმაციის იარაღად გამოყენება, პროპაგანდა და რეალობის დამახინჯება. ამ მიზნისთვის და ზოგადად, სახელმწიფოს მშენებლობის პროცესში, სწორი კომუნიკაცია და ამ კომუნიკაციის სტრატეგიული დაგეგმარება ეროვნული ინტერესების განხორციელების ერთ-ერთი წინაპირობაა.

ზემოთ აღწერილი საჭიროებების კვალდაკვალ, საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით, საქართველოში სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტების ჩამოყალიბება დაიწყო. საქართველოს მთავრობის 2018 წლის 2 ნოემბრის გადაწყვეტილებით, ყველა სამინისტროში სტრატეგიული კომუნიკაციების სტრუქტურული ერთეულები შეიქმნა. ამ სამსახურების გაცხადებულ მიზანს სწორედ ანტიდასავლური პროპაგანდის ზეგავლენის შემცირება და ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ მოსახლეობის ინფორმირების გაზრდა, აგრეთვე, ქვეყანაში ეფექტიანი, კოორდინირებული და პროაქტიული სტრატეგიული კომუნიკაციების სისტემის ჩამოყალიბება წარმოადგენდა. ამდენად, როგორი კომპლექსურიც უნდა იყოს სტრატეგიული კომუნიკაციების თეორიული გაგება, საქართველოს შემთხვევაში, პრაქტიკაში, სტრატკომების შექმნის მიზანი ნათლად გამოიკვეთა.

სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტების შექმნიდან რამდენიმე წლის შემდეგ, განსაკუთრებით, რეგიონში მიმდინარე სრულმასშტაბიანი ომისა და რუსეთის ფედერაციიდან მომდინარე საფრთხეების ფონზე, მნიშვნელოვანია იმის შეფასება, თუ როგორ სრულდება მთავრობის სტრატკომების ზემოთ აღწერილი მიზნები. ამავდროულად, სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტების როლი კიდევ უფრო იზრდება იმ კონტექსტშიც, რომ ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის მიცემული რეკომენდაციებიდან (რომლებიც ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ახლდა თან და რომელთა შესრულებაც ევროკავშირთან შემდგომი დაახლოებისთვის მნიშვნელოვანი პირობაა), ერთ-ერთი სწორედ დეზინფორმაციისა და ანტიდასავლური რიტორიკის წინააღმდეგ სახელმწიფოს მხრიდან გადასადგმელ ნაბიჯებზე მიუთითებს.

წინამდებარე დოკუმენტში მიმოხილულია საქართველოში სტრატეგიული კომუნიკაციების მიმართულებით სახელმწიფო პოლიტიკის ფორმირების ისტორია, მისი სამართლებრივი და სტრუქტურული ჩარჩოები და პრაქტიკაში მათი განხორციელების პროცესში გამოვლენილი ხარვეზები. ამასთან, ჩვენი მიზანია, ვიპოვოთ ის გზები, რომლებიც საქართველოს სახელმწიფოს სტრატეგიული კომუნიკაციების მიმართულებით არსებული ჩავარდნების მოგვარებაში დაეხმარება. ამისათვის, მოცემულ დოკუმენტში, მიმოვიხილავთ საუკეთესო, მათ შორის, საქართველოს პარტნიორი დასავლური სახელმწიფოების პრაქტიკებს.

დოკუმენტის სრულად გასაცნობად იხ. მიმაგრებული ფაილი.


ავტორ(ებ)ი

დავით ქუტიძე, მალხაზ რეხვიაშვილი