პუბლიკაციები

მოსამართლეთა ვეტინგი და მისი პროპაგანდისტული კარიკატურა

შესავალი

„ქართული ოცნების“  პროპაგანდის არსენალს ახალი მტრის ხატი შეემატა. „ვეტინგის“ ქართული შესატყვისია თანამდებობასთან შესაბამისობის შემოწმება, თუმცა პროპაგანდის საჭიროებისთვის, რომლის მიზანიც საზოგადოების მაქსიმალურად გახლეჩაა, უცხო სიტყვის გამოყენება უფრო ხელსაყრელია.

ევროპის კავშირის მიერ საქართველოს მაღალი სასამართლო თანამდებობის პირების კეთილსინდისიერების შესამოწმებლად განსაკუთრებული მექანიზმის შექმნის მოთხოვნამდე, სასამართლოში პერსონალის რეფორმის საკითხი სამოქალაქო საზოგადოებაში განსჯას არ გასცდენია და საჯარო პოლიტიკის დღის წესრიგს მიღმა იყო. ამ დისკუსიაში ერთ-ერთი პირველი კონტრიბუცია იყო ჩვენ მიერ გამოქვეყნებული პოლიტიკის დოკუმენტი, რომელიც სასამართლოში პერსონალის რეფორმის აკადემიურ კვლევაზე დაფუძნებულ კონცეფციას წარმოგვიდგენს.

მიუხედავად იმისა, რომ ევროპული კომისიის მიერ კანდიდატის სტატუსთან ერთად დაწესებული პირობების შესრულების შიდა წნეხი, ბოლო თვეებში, მინიმალურია, „ქართული ოცნება“ პროაქტიულ კამპანიას აწარმოებს კომისიის ცალკეულ მოთხოვნათა წინააღმდეგ.

რეჟიმის მთავარი სამიზნე სამოსამართლო ელიტის წესიერების შემოწმების პირობაა. ამ რეფორმას „ქართული ოცნება“ სწორად მიიჩნევს სასამართლო შტოზე კონტროლის დაკარგვის საფრთხის შემცველად, რაც, თავის მხრივ, რეჟიმის სტაბილურობას ემუქრება. შესაბამისად, სრულიად კანონზომიერია „ქართული ოცნების“ პროაქტიული პროპაგანდისტული კამპანია, რომელიც მოიცავს ვეტინგის მექანიზმის კარიკატურის შექმნას და მის დისკრედიტაციას. ამით რეჟიმი საზოგადოებრივ ნიადაგს ამზადებს, რათა მომავალში მოსამართლეთა ელიტის წესიერების შემოწმების მოთხოვნის შეუსრულებლობა გაამართლოს.

„ქართული ოცნების“ პროპაგანდის მიერ შექმნილი ვეტინგის მექანიზმის კარიკატურა დგას ორ, არსებითად ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავ, მტკიცებაზე, რომლებიც შეიძლება ერთდროულად ჭეშმარიტი იყოს  ერთადერთ შემთხვევაში: თუ  ვირწმუნებთ რეჟიმის ანტიდასავლური პროპაგანდის ჩარჩო მონათხრობს იმაზე, რომ არსებობს „გლობალური ომის პარტია“, რომლის მიზანიც საქართველოს სუვერენიტეტის ხელყოფა და საქართველოს ომში ჩაბმაა.

„ქართული ოცნება“ ერთდროულად ამტკიცებს, რომ ვეტინგის მიზანია, სასამართლოზე  კონტროლი დაამყარონ მისმა შიდა პოლიტიკურმა ოპონენტებმა. ამავე დროს, ისინი აკრიტიკებენ და სუვერენიტეტის ხელყოფად აფასებენ ევროპული კომისიის მოთხოვნას, რომ პროცესში წამყვანი როლი საერთაშორისო ექსპერტებს ჰქონდეთ, რისი მიზანიც, თავის მხრივ, სწორედ შიდა პოლიტიკური აქტორების მიერ პროცესის საბოტაჟისა და მიტაცების თავიდან აცილებაა. შესაბამისად, რეჟიმის პროპაგანდა ერთი შეთქმულების ნაწილად წარმოაჩენს ევროპის კომისიას, საერთაშორისო ექსპერტებს, რომლებმაც ვეტინგი უნდა განახორციელონ და „ქართული ოცნების“ შიდა პოლიტიკურ ოპონენტებს. ვეტინგის წინააღმდეგ კამპანია  ღრმადაა ჩაქსოვილი პროპაგანდის ობობას ფართო ქსელში, თუმცა მისი გამოცალკევება და მხილება სავსებით შესაძლებელია.

 

რას და რატომ ითხოვს ევროპული კომისია მოსამართლეთა ელიტასთან მიმართებით?

ევროპული კომისია ითხოვს, საქართველომ შექმნას წესიერების (კეთილსინდისიერების) შემოწმების განსაკუთრებული მექანიზმი მაღალი რანგის შემდეგი სასამართლო თანამდებობის პირების მიმართ: იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები, სასამართლოს თავმჯდომარეები ყველა დონეზე.

რა საფუძველი აქვს ევროპის კავშირში საქართველოს შემდგომი ინტეგრაციის აუცილებელ პირობად, სასამართლოს ხელმძღვანელობის დონეზე, პერსონალის რეფორმის ჩატარების მოთხოვნას?

საქართველოს ევროპის კავშირის წევრობისთვის სჭირდება, რომ მისი მართლმსაჯულების ინსტიტუტები, ცენტრალური კონსტიტუციური ღირებულებების, განსაკუთრებით, სამართლის უზენაესობის განხორციელების ხარისხით, კავშირის სხვა წევრების სამართლის სისტემებს დაუახლოვდეს. ამ მიზნის მისაღწევად აუცილებელი პირობაა დამოუკიდებელი და სისტემურად მიუკერძოებელი სასამართლოს ქონა.

ევროპული კომისია, წევრობის გზაზე განსახორციელებელი რეფორმების რეკომენდაციების გაცემისას, ეყრდნობა მისთვის მისაწვდომ, სანდო და ავტორიტეტულ შეფასებებს საქართველოს სასამართლოს მდგომარეობის შესახებ. კომისია წყაროდ იყენებს როგორც თავად კავშირის ინსტიტუტების მიერ მოპოვებულ და გაანალიზებულ ინფორმაციას, ისე ევროპის კავშირის წევრი სახელმწიფოების, სხვა ევროპული, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დამუშავებულ ინფორმაციასა და გამოტანილ დასკვნებს.

ამ წყაროებში, საქართველოსთან მიმართებით, მოიპოვება შეფასებები იმის შესახებ, რომ აქ პოლიტიზებული მართლმსაჯულება რუტინულია და პოლიტიკური ოპონენტებისა და კრიტიკული მედიის პოლიტიზებული სისხლისსამართლებრივი დევნა განგრძობად პრობლემად რჩება. ცნობადაა მიღებული, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს აქვს საზოგადოებრივი ნდობის დეფიციტი. ასევე, სასამართლო ინსტიტუტებისადმი ნდობის ეროზია პირდაპირ უკავშირდება სამოსამართლო ელიტის მოქმედ და ყოფილ წევრებს და მათ ჩართულობას მნიშვნელოვან კორუფციაში, რაც მათ მიმართ პერსონალური სანქციების საფუძვლად არის მოხმობილი.

ევროპული ინსტიტუტების შეფასებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოქმედი შემადგენლობის უმრავლესობა 2019-2021 წლებში თანამდებობაზე გამწესდა ევროპულ სტანდარტებთან არსებითად შეუსაბამო პროცედურებით. 2021 წელს უზენაეს სასამართლოში მოსამართლეები გამწესდნენ ევროპის კავშირის მოწოდების მიუხედავად, შეეჩერებინათ პროცესი მანამ, სანამ ის შესაბამისობაში არ მოვიდოდა ევროპულ სტანდარტებთან.

ამრიგად, ცხადია, რომ ევროპული კომისიის რეკომენდაცია ეფუძნება ავტორიტეტული აქტორების მიერ საჯაროდ მისაწვდომ ფაქტებზე დაყრდნობით გამოტანილ დასკვნებს საქართველოს სასამართლოს მდგომარეობის შესახებ. „ქართული ოცნება“, რა თქმა უნდა, კატეგორიულად არ ეთანხმება არც ამ ფაქტებს და არც მათზე დაფუძნებულ შეფასებებს. თუმცა, პროპაგანდისტული სტრატეგიების გარდა, რეჟიმს საკუთარი პოზიციების დასაბუთება სხვაგვარად არ შეუძლია. სხვა შემთხვევაში, „ქართული ოცნება“ შეძლებდა ევროპული კომისიის დარწმუნებას საქართველოს სასამართლოს მდგომარეობის თავისეული შეფასების სისწორეში.

საბოლოოდ, ევროპული კომისიის მიერ შემოთავაზებული საშუალება, სრულად შეესატყვისება იმ პრობლემებს, რომლებიც, საქართველოს სასამართლოსთან მიმართებით, აშკარაა, მკაფიოდაა გამოხატული და ზედაპირზევე მოჩანს. წესიერების შემოწმება არის თანაზომიერი და პრობლემაზე მჭიდროდ მორგებული საშუალება სასამართლო ინსტიტუტების იმ ნაკლოვანებების აღმოსაფხვრელად, რომლებიც მაღალი დონის სამოსამართლო პერსონალის წესიერების დეფიციტით არის გამოწვეული.

ევროპული კომისიის ეს მოთხოვნა არ შეეხება საქართველოს სასამართლოს სხვა სიღრმისეულ პრობლემებს, როგორებიცაა ინდივიდუალური მოსამართლეების ანგარიშვალდებულება სამოსამართლო კლანის მიმართ და ინსტიტუციური მოწყობისა და მოსამართლეთა ანგარიშვალდებულების მექანიზმების ბოროტად გამოყენება სამოსამართლო კლანის ძალაუფლების განსამტკიცებლად. ამ ეტაპზე, ევროპული კომისია არ ითხოვს ყველა მოსამართლის წესიერების შემოწმებას და ინსტიტუციური რეფორმების მხრივაც, მხოლოდ ზოგად რეკომენდაციას იძლევა.

წესიერების შემოწმების განსაკუთრებული მექანიზმის მიმართ, ევროპულ კომისიას აქვს ერთი სპეციფიკური მოთხოვნა: მასში საერთაშორისო ექსპერტების გადამწყვეტი მონაწილეობა. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ევროპის კომისია ამ მექანიზმს გვთავაზობს პროცესის შიდა პოლიტიკური გავლენისგან დასაცავად.

ევროპულ ინსტიტუტებს კარგად აქვთ გააზრებული, რომ მოსამართლეთა ელიტის წესიერების დეფიციტი არის მათი პოლიტიკური დაქვემდებარების როგორც საფუძველი, ისე სიმპტომი. ასევე, ცხადია ისიც, რომ საქართველოში პოლიტიკური ძალაუფლების დემოკრატიზაციისა და ანგარიშვალდებულების ნაკლებობა ზრდის რისკს, რომ შემოწმების პროცესი პოლიტიკურად მიიტაცონ და გამოიყენონ. შემოწმების პროცესში საერთაშორისო ექსპერტებისთვის გადამწყვეტი ძალაუფლების მინდობას სწორედ ამ რისკის დაზღვევა შეუძლია და ამის წარმატებული საერთაშორისო გამოცდილებაც არსებობს.

 

მოსამართლეთა წესიერების შემოწმების მექანიზმის ყალბი კონფლიქტი  სუვერენიტეტთან, კონსტიტუციურ წესრიგთან და ადამიანის უფლებებთან

საერთაშორისო ექსპერტების გადამწყვეტი მონაწილეობით მოსამართლეთა ელიტის წესიერების შემოწმების კონფლიქტი სუვერენიტეტთან არის პროპაგანდისტული მიზნებისთვის გამოყენებული ყალბი წინააღმდეგობა. ჩვენს პოლიტიკის დოკუმენტში განხილული საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკით, სპეციალური ინსტიტუტები, რომლებიც შემოწმებას ატარებენ, იქმნება საკონსტიტუციო შესწორების საფუძველზე და მასში საერთაშორისო მონაწილეობის ლეგიტიმაცია დამატებით გამყარებულია შესაბამის ორგანიზაციასთან (მაგ. ევროპის კავშირი) დადებული საერთაშორისო ხელშეკრულებით, რომელიც ექვემდებარება საკანონმდებლო ორგანოს მიერ რატიფიკაციას.

მოსამართლეთა შემოწმების განსაკუთრებული მექანიზმის ამ გზებით ლეგიტიმაცია გამორიცხავს როგორც სუვერენიტეტთან, ისე კონსტიტუციასთან ფორმალური თვალსაზრისით კონფლიქტს. მეტიც,  შემოწმების მიზანი სასამართლო შტოს კონსტიტუციურ ღირებულებებთან შესაბამისობაში მოყვანაა, ხოლო თანამდებობასთან შესაბამისობის შემოწმება - ამ მიზნის მისაღწევი თანაზომიერი საშუალება. შესაბამისად, არც კონსტიტუციურ წესრიგთან შინაარსობრივი კონფლიქტი არ გვექნება, როგორც ამის წარმოჩენა რეჟიმის პროპაგანდას სურს.

„ქართული ოცნების“ პროპაგანდა ასევე იყენებს მცდარ ფაქტობრივ მტკიცებებს ევროპის კავშირის იმ კანდიდატ სახელმწიფოთა მიმართ (ალბანეთი, უკრაინა, მოლოდვა), რომლებიც, ევროპული ინტეგრაციის ფარგლებში, მოსამართლეთა წესიერების შემოწმების პროცესს ატარებენ. რეჟიმი ამტკიცებს, რომ ვეტინგმა ამ ქვეყნის მართლმსაჯულების სისტემები ხარისხობრივად გააუარესა და ისინი ხარისხობრივად ჩამოუვარდებიან საქართველოს მართლმსაჯულების სისტემას. ორივე ამ მტკიცების სიცრუეს ნათლად აჩვენებს კავშირის წევრობისთვის საქართველოსა და ამ ქვეყნების მზაობის შესახებ ევროპული კომისიის ანგარიშები. ყველა ამ ქვეყანაში მართლმსაჯულების ინსტიტუტების მდგომარეობა და კავშირის წევრობისთვის მზაობა საქართველოზე მაღალ შეფასებას იმსახურებს.

როგორც ჩვენ მიერ წარმოდგენილ პოლიტიკის დოკუმენტში ვაჩვენეთ, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა გულისხმობს მოსამართლეთა შესაბამისობის შემოწმებას სასამართლო ინსტიტუტის მიერ, რომელიც იცავს შესამოწმებელ მოსამართლეთა პროცესუალურ და არსებით უფლებებს.

ცხადია, ნების არსებობის პირობებში, „ქართულ ოცნებას“ არაფერი უშლის ხელს, გაითვალისწინოს ეს ცოდნა და გამოცდილება ისეთი შემოწმების ინსტიტუტების შესაქმნელად, რომლებიც ყველა კონსტიტუციურ და საერთაშორისო სტანდარტს დააკმაყოფილებს.  ეს რომ სრულიად შესაძლებელია, ნათლადაა დასაბუთებული ჩვენს პოლიტიკის დოკუმენტში. ევროპული კომისიის რეკომენდაციაც სწორედ ამ დაშვებას ეფუძნება.

მორიგი მნიშვნელოვანი საკითხია განსაკუთრებული შემოწმების მექანიზმის აუცილებლობა. მისი საჭიროება განპირობებულია იმით, რომ მოსამართლეთა წესიერების გარანტორი  ინსტიტუტები არ მუშაობენ, თუნდაც მათი მიტაცებისა და პოლიტიკური დაქვემდებარების გამო. ამასთანავე, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის სამართლებრივი ჩარჩო, მაშინაც კი, როდესაც სრულყოფილად მუშაობს, საქართველოს მსგავს კონტექსტში ვერ შეძლებს სასამართლოს პოლიტიკური მიტაცების შემთხვევების პრევენციას.

მიკერძოებული სასამართლო მუშაობს სამოსამართლო კლიენტელიზმის არაფორმალური ლოგიკით, რომლის თანახმადაც, სამოსამართლო ელიტა (კლანი) სასამართლოზე სრულ ფორმალურ ძალაუფლებას იღებს, პოლიტიკური პატრონების ერთგულების სანაცვლოდ, ხოლო სხვა მოსამართლეები თანამდებობებსა და პრივილეგიებს კლანისადმი ერთგულების სანაცვლოდ ინარჩუნებენ. პირადი სარგებლის ნაცვალგებაზე დაფუძნებული ეს არაფორმალური მექანიზმი გაცილებით უფრო ფართოა, ვიდრე კორუფციის განსაზღვრების ქვეშ მოქცეული, კანონმდებლობით აკრძალული, ქმედებები და შესაბამისად, უფრო რთული გამოსავლენი და აღსაკვეთია.

იმისათვის, რომ დასახულ მიზანს მიაღწიოს, ევროპული კომისიის მიერ მოთხოვნილმა შემოწმების მექანიზმმა უნდა გამოავლინოს მოსამართლეთა მმართველი ელიტის პირადი სარგებლის ნაცვალგებაზე დაფუძნებული დამოკიდებულება პოლიტიკური პატრონებისადმი, მათდამი კლანის ანგარიშვალდებულება. ასეთი არაფორმალური ნაცვალგების გამოსავლენად, კორუფციისა და დაუსაბუთებელი ქონების გამოკვლევა საკმარისი ვერ იქნება.

შესამოწმებელი მოსამართლის კარიერის ფრთხილი გამოკვლევის, მათ შორის, მის მიმართ წამახალისებელი და სადამსჯელო მექანიზმების გამოყენების სრული ისტორიის გაანალიზების გარეშე, შეუძლებელი იქნება, ობიექტური დამკვირვებლის გონივრული ეჭვის სტანდარტით დადგინდეს პოლიტიკური პატრონების მიმართ მისი ანგარიშვალდებულება, რამაც სასამართლოს სისტემური მიკერძოება გამოიწვია. 

 

რეჟიმი პანდორას ყუთის პირისპირ

საქართველოს სასამართლოში პერსონალის წესიერების პრობლემა იმაზე გაცილებით ღრმაა, ვიდრე ევროპული კომისიის მიერ შემოთავაზებულ, შემოწმების შეზღუდულ მექანიზმს პოტენციურად შეუძლია გადაჭრას. მეტიც, „ქართულ ოცნებას“, სანამ ის ძალაუფლებას მყარად ფლობს, ნებისმიერი სამართლებრივი ინსტრუმენტის ბოროტად და თვითნებურად გამოყენების ფართო შესაძლებლობები აქვს. ეს ხელოვნება რეჟიმმა, ძალაუფლებაში ათ წელზე მეტი ვადით ყოფნის პირობებში, კიდევ უფრო დახვეწა.

მაშინ რით შეიძლება აიხსნას „ქართული ოცნების“ განსაკუთრებული წინააღმდეგობა მოსამართლეთა წესიერების შემოწმების მოთხოვნის მიმართ? რეჟიმის მესვეურებს, სავარაუდოდ, ესმით ვეტინგის, როგორც გარდამავალი პერიოდის მართლმსაჯულების ინსტრუმენტის, შინაგანი ლოგიკა. წესიერების შემოწმება უმიზნებს კონსტიტუციურ ღირებულებებთან შეუსაბამო სტატუს-კვოს და მის ტრანსფორმაციას ცდილობს. ესწრაფვის ინსტიტუტების ლპობის გარდაქმნას ინსტიტუტების შენებად, შეუსაბამო ადამიანების სათანადო ადამიანებით ჩანაცვლების გზით.

ამ მექანიზმის თუნდაც შეზღუდულ ვერსიაზე მოჩვენებითი თანხმობა იქნება რეჟიმის მიერ მისი ბუნების, სულ მცირე, არაპირდაპირი აღიარება. ასეთი აღიარება შეძლებს, ტრანსფორმაციის (ანუ დემოკრატიზაციისა და კონსტიტუციურ დემოკრატიად კონსოლიდაციის)  ნამდვილი მიზნის გარეშეც გააღოს პანდორას ყუთი და რეჟიმი შეუქცევადი დაშლისკენ წაიყვანოს: „პერესტროიკამ“ გარდაქმნა ვერ მოიტანა, მაგრამ რეჟიმი ჩამოშალა.

 

დასკვნა

„ქართული ოცნების“ პროპაგანდისტული კამპანია მოსამართლეთა ელიტის წესიერების შემოწმების წინააღმდეგ, აჩვენებს რეჟიმის ნამდვილ ნებას, სერიოზულად არ მოეკიდოს საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას და ამ მიზნის მისაღწევად საჭირო სისტემურ ტრანსფორმაციას, განსაკუთრებით, მართლმსაჯულების ინსტიტუტებში.

მოსამართლეთა ვეტინგის ინტეგრირება რეჟიმის ანტიდასავლური პროპაგანდისტული ჩარჩო ნარატივის შიგნით, ასევე, აჩვენებს მის მზადყოფნას, საქართველოს ევროპული ინტეგრაციისთვის საჭირო სასიცოცხლო მნიშვნელობის საკითხები შესწიროს შიდა პოლიტიკური დომინაციის განმტკიცებისა და პლებისციტური მხარდაჭერის მოპოვების მიზნებს.

საგულისხმოა, რომ კამპანიას მოსამართლეთა ვეტინგის წინააღმდეგ, რეჟიმი იყენებს ევროკავშირის ინსტიტუტების დისკრედიტაციის კამპანიისთვის. კერძოდ, აწარმოებს პარალელურ პროპაგანდისტულ კამპანიას იმაზე პირდაპირი აქცენტით, რომ ევროპის კავშირის ინსტიტუტები თავად არ იცავენ სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპს და მათ საქართველოს მიმართ „ორმაგ სტანდარტებში“ ამხელს. ამისთვის რეჟიმი იყენებს საქართველოში მსჯავრდებული, ყოფილი იუსტიციის მინისტრის ვიზიტებს ევროპის კავშირის ინსტიტუტებსა და წევრ სახელმწიფოებში, უკრაინის გენერალური პროკურატურის დელეგაციის ფარგლებში.

რეჟიმის გზავნილი, ამ ორი პროპაგანდისტული ხაზის შეერთებით, ასე გამოიყურება: ევროპის კავშირი თავად არ სცემს პატივს სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპს, თუმცა „ორმაგი სტანდარტების“ საფუძველზე, ჩვენგან ითხოვს მის ზედმიწევნით დაცვას. აქაც, კიდევ ერთხელ, მკაფიოდ ჩნდება, რომ „ქართულ ოცნებას“ ევროპული ინტეგრაციის ნამდვილი ნება არ გააჩნია და რეჟიმის შესანარჩუნებლად, გამოყენებს ყველა ხერხს, ევროპის კავშირის წინააღმდეგ დისკრედიტაციის კამპანიის ჩათვლით.

 

სრული დოკუმენტი, შესაბამისი წყაროებით, ბმულებითა და განმარტებებით, იხ. მიმაგრებულ ფაილში.


ავტორ(ებ)ი

დავით ზედელაშვილი