ანაკლიის პორტის განუხორციელებელი პროექტი - სტრატეგიული მნიშვნელობა და გამოწვევები

ილუსტრაცია: GEOpolitics
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარება საქართველოსთვის წარმოადგენს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ ამოცანას, რომლის განხორციელებაც დადებითად შეცვლის ქვეყნის როლს რეგიონულ და საერთაშორისო ასპარეზზე. ეს პროექტი არა მხოლოდ ხელს შეუწყობს საქართველოს სატრანსპორტო-ლოგისტიკურ ჰაბად ჩამოყალიბებას, არამედ მნიშვნელოვან ბიძგს მისცემს ქვეყნის ეკონომიკის დივერსიფიკაციას და გლობალურ ვაჭრობაში მისი ჩართულობის ზრდას. ანაკლიის პორტის მშენებლობის იდეას ხანგრძლივი ისტორია აქვს. პროექტის კონცეფცია პირველად მე-20 საუკუნეში გაჩნდა, თუმცა მისი რეალიზაციის მცდელობებს მუდმივად აფერხებდა სხვადასხვა ფაქტორი, მათ შორის, პოლიტიკური არასტაბილურობა, შესაბამისი პოლიტიკური ნების არარსებობა, ეკონომიკური სირთულეები თუ გეოპოლიტიკური გამოწვევები.
წინამდებარე დოკუმენტში დეტალურად არის განხილული ანაკლიის პორტის პროექტის განვითარების ეტაპები და დღევანდელი ვითარება. დოკუმენტში, ასევე, გაანალიზებულია პროექტის ეკონომიკური და გეოპოლიტიკური მნიშვნელობა, დაინტერესებული მხარეების პოზიციები და ინტერესები, ასევე, არსებული დაბრკოლებები და გამოწვევები, რომლებიც დღემდე აფერხებს პორტის მშენებლობასა და განვითარებას. ნაშრომი ფოკუსირდება მთავარ კითხვაზე, თუ რატომ ვერ განხორციელდა საქართველოში ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი 2016 წლიდან დღემდე, მიუხედავად კერძო სექტორის მიერ გამოხატული მზაობისა, საწყის ეტაპზე - მასშტაბური საერთაშორისო მხარდაჭერისა და მოგვიანებით, პროექტის 51%-ის სახელმწიფოს მართვაში გადაცემისა.
დოკუმენტში გამოთქმული მოსაზრებები ეფუძნება საჯარო დოკუმენტების, ოფიციალური უწყებებისა და პოლიტიკოსების განცხადებების, საინვესტიციო პროცესის დეტალებისა და მედიაწყაროების ანალიზს. აღნიშნული ანალიზის მეშვეობით, აღიწერა იმ გადაწყვეტილებებისა და ქმედებების ლოგიკა, რომლებმაც, პირველ ეტაპზე, სახელმწიფოსა და კერძო ინვესტორებს შორის თანამშრომლობა აშკარად ჩაშალა, მეორე ეტაპზე კი საინვესტიციო კონკურსში ფაქტობრივ გამარჯვებულთან ხელმოწერა დააყოვნა და პროექტის განხორციელების შესაძლებლობა კვლავ გაურკვეველი დროით გადაავადა.
კვლევის სრულად გასაცნობად იხ. მიმაგრებული ფაილი.