უმაღლესი განათლების ავტორიზაციის სტანდარტები საქართველოში - განათლების ხარისხის განვითარება?
სხვადასხვა სახელმწიფოში, განსაკუთრებით ნაკლებ განვითარებულ ქვეყნებში, უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის/განვითარების საკითხი სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს. პრობლემის ერთ-ერთი მთავარი გამომწვევი შესაძლოა იყოს ის, რომ მათ უწევთ სხვაგან დაფუძნებული და მოქმედი სისტემების საკუთარ პრაქტიკაში ასახვა. აშკარაა, რომ ამერიკულმა და ჩრდილო-დასავლეთ ევროპულმა საგანმანათლებლო სისტემებმა და იქ არსებულმა სტანდარტებმა მე-20 საუკუნის ბოლო დეკადიდან საერთაშორისო დომინირება მოიპოვეს და ბევრი ქვეყანა, მათი მიბაძვით, არსებული პრაქტიკის „კოპირებას“ და საკუთარ რეალობაში დამკვიდრებას ცდილობს (Harvey and Williams 2010). ასეთ ქვეყნებში, როგორც წესი, აღნიშნული პროცესი „უხეშად“ მიმდინარეობს, ერთი მხრივ, სახელმწიფოს/საზოგადოების უნიკალური ნიშან-თვისებების, გამოცდილების და არსებული საგანმანათლებლო პრაქტიკის გათვალისწინების (Lemaitre 2002), ხოლო მეორე მხრივ, „მისაბაძ“ ქვეყნებში ამ სისტემის ხარვეზებისა და მისით გამოწვეული პრობლემების ანალიზის გარეშე (Idrus 2003), რამაც, თავის მხრივ, შესაძლოა, არა განათლების ხარისხის განვითარებასთან, არამედ მის იმიტაციამდე მიგვიყვანოს (Harvey and Williams 2010). ამ კუთხით გამონაკლისი შესაძლოა არც საქართველო იყოს, სადაც უმაღლესი საგანმანათლებლო სისტემის სტანდარტიზაციის პროცესი, როგორც წესი, დასავლური „საუკეთესო პრაქტიკის“ გათვალისწინებით ხორციელდება.
საქართველოს მოქმედი კანონის „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ მიხედვით, „განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობა ხდება შიდა და გარე მექანიზმების საშუალებით. განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის გარე მექანიზმებია ავტორიზაცია და აკრედიტაცია, ხოლო შიდა მექანიზმები ხორციელდება საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით“. წინამდებარე ნაშრომში ყურადღებას ვამახვილებთ საქართველოში განათლების ხარისხის განვითარების ერთ-ერთ გარე მექანიზმზე - ავტორიზაციის სტანდარტებზე, გარდა ამისა, ფართო კონტექსტში, ვეხებით ზოგადად განათლების ხარისხის სტანდარტიზაციის საკითხს და აკადემიურ სივრცეში კარგად ცნობილ დებატებს - უმაღლესი განათლების სტანდარტიზაცია განათლების აუდიტია თუ ხარისხის განვითარება. ამასთანავე, მიმოვიხილავთ განათლების სტანდარტიზაციის პროცესის უარყოფით ე.წ. გვერდით მოვლენებს, როგორიც არის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ჰომოგენიზაცია, უნივერსიტეტების ავტონომიის დაკარგვა, აკადემიური პერსონალის დემოტივაცია და სტანდარტები, როგორც სახელმწიფოს ხელში არსებული ინსტრუმენტი საკუთარი ინტერესების გასატარებლად.
მიგვაჩნია, რომ: უსდ-ს ავტორიზაციის სტანდარტები უნივერსიტეტებს ჰომოგენურს ხდის, უზღუდავს ავტონომიას, ურთულებს საქმის წარმოების პროცესს და ზოგიერთ შემთხვევაში, სახელმწიფოს მხრიდან, ავტორიზაციის სტანდარტები გამოიყენება, როგორც საკუთარი, ვიწრო ინტერესების გატარების ინსტრუმენტი.
აღნიშნული დაშვების შემოწმება ხდება ქეისის შესწავლის მეთოდით, კერძოდ, საქართველოში არსებული ავტორიზაციის სტანდარტების ანალიზით და 2018 წლიდან (ახალი სტანდარტების დანერგვიდან) - 2020 წლის სექტემბრამდე, საქართველოში განხორციელებული ყველა უნივერსიტეტის ავტორიზაციის პროცესის და ავტორიზაციის საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესწავლის გზით.
კვლევის სრულად გასაცნობად იხ. მიმაგრებული ფაილი.
ფოტო: Awantha Artigala