ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და რუსეთის 24 წლიანი ტოქსიკური ურთიერთობის "დასასრულის დასაწყისი"
ფოტო: EFE / EPA / Ronald Wittek
საბჭოთა კავშირის დაშლიდან მალევე, ტრანზიციის გზაზე რუსეთმა ევროპის საბჭოს კარზე დააკაკუნა და იმის მიუხედავად, რომ იმ დროისთვის ჩეჩნეთში მწვავე შიდა შეიარაღებულ კონფლიქტში იყო ჩართული, 1996 წლის 28 თებერვალს ევროპის საბჭოს სრულუფლებიანი წევრი გახდა. ხოლო ევროპულ კონვენციას 1998 წლიდან შეუერთდა და ამით ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს იურისდიქციის გავრცელებაზე და სასამართლოს მიერ რუსეთის წინააღმდეგ წარმოებულ საქმეებზე მიღებული გადაწყვეტილებების აღსასრულებლად სავალდებულო ბუნებაზე თანხმობა გამოხატა.
თავის მხრივ, რუსეთისთვის ევროსაბჭოს კარი, მიუხედავად მის მიერ გადადგმული რიგი ნაბიჯებისა, მათ შორის, 1993 წელს დემოკრატიული კონსტიტუციის მიღებისა, არა დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების კუთხით უკვე მიღწეული შედეგის გამო და წვერობისთვის გათვალისწინებული კრიტერიუმების დაკმაყოფილებისთვის გაიღო, არამედ უფრო მეტად რუსეთის მიერ აღებული სამომავლო ვალდებულებების გამო და იმ იმედით, რომ რუსეთი გამოიყენებდა შესაძლებლობას, ევროპული ინსტიტუტების მხარდაჭერით გამხდარიყო ევროპული ოჯახის ღირსეული წევრი. თუმცა, რუსეთმა იმედების გაცრუება და უკუსვლა მალევე დაიწყო, რამაც ადვილად განჭვრეტადი გახადა რომ რუსეთი არა თუ შანსის გამოყენებას არ აპირებდა, არამედ, მისი პოლიტიკა და მისგან გამომდინარე წნეხი, სხვა ახალგაწევრიანებული პოსტ-კომუნისტური ქვეყნებისთვისაც შეამცირებდა დემოკრატიზაციისკენ სწრაფ სვლას, როგორც მინიმუმ, შეაფერხებდა ამ პროცესში ვეროპის საბჭოს ორგანოების სრულყოფილად ჩართულობის შესაძლებლობას. მეტიც, 10 წლის თავზე გაჩნდა კითხვა, თუ რა გავლენა ჰქონდა ევროპის საბჭოს რუსეთზე და რა გავლენა ჰქონდა თავად რუსეთს საბჭოს ბუნების ცვლილებაზე?
ევროპის საბჭოს და რუსეთის დასაწყისიდანვე საკმაოდ რთული ურთიერთობა, სულ რამდენიმე წელიწადში, თამამად შეიძლება ითქვას, ტოქსიკურ ურთიერთობაში გადაიზარდა. ევროპის საბჭოს ასამბლეაში ხმის უფლების ზედიზედ ორჯერ შეჩერება (2000 და 2014 წლებში), რუსეთის მხრიდან საბჭოს დატოვებით გამუდმებული წარმატებული მანიპულირება, ზოგადად საბჭოს ორგანოების, განსაკუთრებით კი ევროპული სასამართლოს მიმართ უპატივცემულობა, რაც მისი გადაწყვეტილებების არ აღიარებასა და აღუსრულებლობაში გამოიხატებოდა, კრიზისში შესული ევროპული სასამართლოსთვის არაეფექტიანობის პრობლემაზე დროული რეაგირების მოსპობითა და უკიდურესად გადატვირთვით მისთვის საბოტაჟის მოწყობის მცდელობა, საბოლოოდ, ევროპის საბჭოდან რუსეთის გარიცხვით, ევროპული კონვენციის დენონსაციითა და მეტიც, საპარლამენტო ასამბლეის მიერ რუსეთის მოქმედი რეჟიმის "ტერორისტულ რეჟიმად" გამოცხადებით დასრულდა.
თუმცა, ისტორიული გამოცდილებიდან გამომდინარე და იმ რიგი გაურკვევლობების გათვალისწინებით, რომელიც, ერთი მხრივ, რუსეთისა და საბჭოს, ხოლო, მეორე მხრივ, რუსეთისა და ევროპული სასამართლოს ურთიერთობების შეწყვეტას ახლავს თან, მით უფრო კი ამ მოვლენის სამომავლო, როგორც მოკლევადიანი, ასევე გრძელვადიანი შედეგების განუჭვრეტელობის გათვალისწინებით, ისმის ლოგიკური კითხვა - ეს არის ურთიერთობის დასასრული თუ ყველაფერი მხოლოდ ახლა იწყება? წინამდებარე ნაშრომიც სწორედ რუსეთთან დაკავშირებით ამ გამოცდილების შეხსენებას, ევროპულ სასამართლოსთან მიმართებით არსებული მდგომარეობის და ამ მხრივ მიმდინარე თუ სამომავლო გამოწვევების განხილვას ისახავს მიზნად.
კვლევის სრულად გასაცნობად იხ. მიმაგრებული ფაილი.