საქართველოს მედიაგარემო საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებებში 2023 წელს
მედიის თავისუფლება, ჟურნალისტების პროფესიული საქმიანობის გარე ჩარევებისგან (განსაკუთრებით, ხელისუფლების მხრიდან) დაცვა და მოვლენების ხარისხიანი, ფაქტებზე დაფუძნებული გაშუქება რომ ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა, ეს მარტივი ჭეშმარიტებაა. ბუნებრივია, იგი ვრცელდება საქართველოზეც, რომელიც ამჟამად თავისი არსებობის ისეთ ეტაპზე იმყოფება, როცა ზემოაღნიშნულ პირობებს დამატებითი დატვირთვაც აქვთ. კერძოდ, საქართველომ, სხვა სფეროებთან ერთად, მედიის თავისუფლების კუთხითაც უნდა მიაღწიოს თვალსაჩინო პროგრესს, რათა ევროპის კავშირს მეტად დაუახლოვდეს და საბოლოოდ, გახდეს მისი წევრი. როგორც ცნობილია, 2023 წლის 8 ნოემბერს ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა. სტატუსის შესახებ საბოლოო, დადებითი გადაწყვეტილება კი 14 დეკემბერს მიიღეს. კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან ერთად, ევროკომისიამ საქართველოს განუსაზღვრა არაერთი დათქმა, რომელთა შეუსრულებლობის პირობებში, ქვეყანას ევროპულ სტანდარტებთან დაახლოება გაუჭირდება, რაც, თავის მხრივ, ევროპული კავშირის წევრობის პერსპექტივას ავადებს და რიგ შემთხვევებში, შეუძლებელს ხდის. დათქმებიდან ერთ-ერთი ეხება მედიის თავისუფლებას და მოუწოდებს საქართველოს სახელმწიფოს, უზრუნველყოს თავისუფალი, პროფესიული, პლურალისტური და დამოუკიდებელი მედიაგარემო, განსაკუთრებული სიფრთხილითა და მაღალი სამართლებრივი სტანდარტებით მიუდგეს მედიამფლობელების წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის საკითხებს. ასევე, დროულად, ეფექტიანად და მიუკერძოებლად გამოიძიოს საქმეები, რომლებიც ჟურნალისტებისა თუ მედიის სხვა პროფესიონალების უსაფრთხოების ხელყოფას ეხება.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია ქართული მედიის ზოგადი მდგომარეობისა და მის წინაშე არსებული გამოწვევების ანალიზი. ამასთან, ანგარიშგასაწევია ისიც, თუ როგორაა შეფასებული საქართველოს მედიაგარემო სხვადასხვა საერთაშორისო, ავტორიტეტული კვლევითი ორგანიზაციის შეფასებებში, რადგან, სხვა წყაროებთან ერთად, დასავლური ქვეყნებისა თუ პოლიტიკური გაერთიანებებისთვის ისინიც ინფორმაციის სანდო წყაროს წარმოადგენენ. ამდენად, ამ სტატიის მიზანია, ქართული მედიის მდგომარეობის შესახებ საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებული უახლესი ანგარიშების მიმოხილვა და იმ ძირითადი ხარვეზების წარმოჩენა, რომელთა აღმოფხვრის გარეშე, ქვეყნის დემოკრატიული განვითარება ძნელად წარმოსადგენია.
მედიის სფეროს ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ წყაროს წარმოადგენს საერთაშორისო კვლევებისა და გაცვლის საბჭო (IREX). IREX-ი მედიის მდგომარეობის შესაფასებლად „მედიის რეზონანსულობის ბარომეტრს“ (2021 წლამდე - „მედიის მდგრადობის ინდექსი“) აქვეყნებს. ბარომეტრის მეთოდოლოგიის თანახმად, მედიაგარემოში მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებს მიუწვდებოდეთ ხელი ხარისხიან ინფორმაციაზე და ამ ინფორმაციის უდიდესი ნაწილი სარედაქციო დამოუკიდებლობით უნდა იყოს წარმოებული. ადამიანებს აქვთ „უფლება, საშუალება და შესაძლებლობა“, ხელი მიუწვდებოდეთ სხვადასხვა სახის ინფორმაციაზე და თავიანთ საჯარო ცხოვრებაში, იღებდნენ ინფორმირებულ გადაწყვეტილებებს.
ინფორმაციის რეზონანსულობის ბარომეტრი ოთხ ძირითად პრინციპზე დაყრდნობით გამოითვლება. ესენია: 1. ინფორმაციის ხარისხი; 2. ინფორმაციის წყაროების სიმრავლე; 3. ინფორმაციის მოხმარება და ჩართულობა; 4. ტრანსფორმაციული აქტივობები. თავის მხრივ, ეს პრინციპები ჩაშლილია 20 ინდიკატორად და მოიცავს ყველა იმ მნიშვნელოვან ასპექტს, რომლებიც მედიის თავისუფლად და გამართულად ფუნქციონირებისთვის არის საჭირო. ამ ინდექსის მინიმალური ქულაა 0, ხოლო მაქსიმალური - 40. 31-40 ქულის მქონე მედიაგარემო მიიჩნევა მაღალრეზონანსულად (Highly vibrant), რაც გულისხმობს, რომ სისტემა წარმატებულია, ხარისხიანი, ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაცია თავისუფლად ხელმისაწვდომია. 21-30 ქულის შუალედში ექცევა მეტ-ნაკლებად რეზონანსული (Somewhat vibrant), სტაბილური საინფორმაციო გარემო, გარკვეული ხარვეზებით. 11-20 ქულით ფასდება ქვეყნები, რომლებსაც აქვთ დაბალრეზონანსული (Slightly vibrant), სუსტი საინფორმაციო სისტემა. 0-10 ქულა ენიჭება ისეთ საინფორმაციო გარემოს, რომელიც სრულად არარეზონანსული (Not at all vibrant) და ჩამკვდარია. საქართველო მესამე, დაბალრეზონანსული (Slightly vibrant) სისტემების კატეგორიაშია. 2021 წლამდე ჩვენი ქვეყანა ერთი საფეხურით მაღალ, მეტ-ნაკლებად რეზონანსული საინფორმაციო სისტემის კრიტერიუმებს აკმაყოფილებდა. აღსანიშნავია, რომ კონკრეტული წლის მაჩვენებელი ასახავს წინა წელს ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს (მაგ. 2023 წლის ქულა მიღებულია 2022 წლის მოვლენების შეფასების შედეგად).
კონკრეტულ ინდიკატორებს ქულას ექსპერტთა პანელი ანიჭებს. პანელში, თითოეული ქვეყნის შემთხვევაში, თხუთმეტამდე წევრია, რომლებიც ქვეყანაში არსებულ მედიაგარემოს წინასწარ განსაზღვრული კითხვარის მიხედვით აფასებენ (5 კითხვა თითოეულ მიმართულებაზე). ამასთან, პანელის ექსპერტების მიერ მინიჭებული ქულების შესწავლა რედაქტორს შეუძლია და ქულების მინიჭების გარდა, ფასდება ისიც, რამდენად გამყარებულია მტკიცებულებებით ის შეფასება, რომელიც ექსპერტმა გააკეთა. რედაქტორი აკვირდება, რამდენად კონსესუალურია ექსპერტების შეფასება და ინდიკატორის შეფასების საშუალო მაჩვენებლიდან 15-ქულიანი გადახრის შემთხვევაში, უფლებამოსილია, კონკრეტულ ინდიკატორზე მოცემული ექსპერტის ქულა გააუქმოს. შესაბამისად, თითოეული ინდიკატორის შეფასებაზე ჩვენ ვხედავთ არა მარტო ქულას, რომელიც ამ ოთხიდან ერთ-ერთ მიმართულებაზე დააფიქსირა კონკრეტულმა ქვეყანამ, არამედ იმის შეფასებას, რამდენად მყარი იყო ამ შეფასებების უკან არსებული მტკიცებულებები.
ვიდრე უშუალოდ IREX-ის 2023 წლის ანგარიშის განხილვაზე გადავალთ, მნიშვნელოვანია იმ ტენდენციის ჩვენება, თუ როგორ აფასებდა აღნიშნული ორგანიზაცია ქართულ მედიაგარემოს სხვადასხვა პერიოდში. ეს მაჩვენებლები წარმოდგენილია ქვემოთ მოცემულ გრაფიკზე.
გრაფიკი 1: საქართველოს მაჩვენებლები IREX-ის ინფორმაციის რეზონანსულობის ბარომეტრში (2001-2023)
წყარო: საერთაშორისო კვლევებისა და გაცვლის საბჭო (IREX)
როგორც გრაფიკიდან ჩანს, IREX-ის თანახმად, ბოლო წლებში ქართული მედიაგარემო უარესდება. 2023 წლისთვის, ქვეყანაში ინფორმაციის რეზონანსულობის დონე უპრეცედენტოდ დაბალი - 13 ქულით - შეფასდა. 2023 წლის ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2022 წელს რუსეთის უკრაინაში შეჭრამ, მისმა თანმდევმა პროცესებმა, კრიტიკული ტელევიზიის დირექტორის, ნიკა გვარამიას დაპატიმრებამ და ბრალდებებმა იმის შესახებ, რომ საქართველოს ხელისუფლება პროდასავლური კურსიდან დისტანცირდა, შეარყია ქართული მედიასივრცე. ანგარიშის მიხედვით, მდგომარეობა გაუარესდა ინფორმაციის რეზონანსულობის ოთხივე კომპონენტში. პირველი კომპონენტის - ინფორმაციის ხარისხის - გაუარესება გამოიწვია ე.წ. მალინფორმაციის დონის მატებამ, რაც, მეტწილად, მავნე ინფორმაციის გავრცელებაში საქართველოს მთავრობისა და რუსეთის როლის შედეგი იყო. ამასთან, ორგანიზაციის შეფასებით, ინფორმაციის ხარისხზე უარყოფითი გავლენა მოახდინა კრიტიკული და დამოუკიდებელი მედიასაშუალებების ფინანსურმა პრობლემებმა. საინფორმაციო წყაროების სიმრავლის კომპონენტზე ნეგატიურად აისახა კრიტიკული მედიის ხელმძღვანელთა წინააღმდეგ წარმოებული გამოძიებები და მედიასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებები. ინფორმაციის მოხმარებისა და ჩართულობის კომპონენტში მთავარ გამოწვევას წარმოადგენდა ფარული მიყურადების შესახებ საკანონმდებლო რეგულაციების გაუარესება და მედიაწიგნიერების მიმართულებით, მთავრობის მიერ გადადგმული არაეფექტური და პოლიტიკურად მოტივირებული ნაბიჯები. ინდექსის მეოთხე კომპონენტში - ტრანსფორმაციულ აქტივობებში - კვლევის პანელის მონაწილეებმა ყველაზე დაბალი ქულა მიანიჭეს მთავრობის მიერ საჯარო პოლიტიკის გადაწყვეტილებების მიღებისას ხარისხიანი ინფორმაციის გამოყენების ინდიკატორს.
ზემოაღნიშნულის გარდა, IREX-ის 2023 წლის ანგარიშში გამოკვეთილია შემდეგი გამოწვევები: უკრაინის ომის პარალელურად, ქართულ საინფორმაციო სივრცეში მისინფორმაციისა და დეზინფორმაციის სიჭარბე როგორც სოციალურ ქსელებში, ისე მეინსტრიმულ მედიაში; კრიტიკული მედიის მუშაობა მთავრობის მზარდი ზეწოლის ფონზე, მათ შორის, ფინანსური კუთხით [მაღალი ფულადი ჯარიმები], რაც საფრთხეს უქმნის სექტორის სტაბილურობას; მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან შეუთანხმებელი ცვლილებები „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში; კრიტიკულ და დამოუკიდებელ მედიასაშუალებებსა და ჟურნალისტებზე სამართლებირივი თუ ფინანსური ზეწოლის შემთხვევები; კითხვები კომუნიკაციის კომისიის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით; მზარდი პოლარიზაცია მედიასა და საზოგადოებაში; მედიასაშუალებების ნაკლები ძალისხმევა ფაქტებზე დაფუძნებული პროდუქციის შექმნისთვის და მოსაზრებებით გაჯერებული, მიკერძოებული ჟურნალისტიკის უპრეცედენტოდ მაღალი დონე; პროფესიონალების ნაკლებობა მედიაში, ჟურნალისტიკის კურსდამთავრებულთა მწირი მულტიმედია უნარები და მედიასაშუალებების ფინანსური პრობლემები.
რეპორტიორები საზღვრებს გარეშე (RSF) 1985 წელს დაარსებული არაკომერციული საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომლის მიზანია, მსოფლიოში მედიის თავისუფლების, პლურალიზმისა და დამოუკიდებლობის გაძლიერება. RSF-ი პრესის თავისუფლებას შემდეგნაირად განმარტავს: „ჟურნალისტების, როგორც ინდივიდების, ისე კოლექტივის შესაძლებლობა, შეარჩიონ, მოამზადონ და გაავრცელონ საჯარო ინტერესის ინფორმაცია პოლიტიკური, საკანონმდებლო, ეკონომიკური თუ სოციალური ჩარევისგან დამოუკიდებლად, მათი მენტალური და ფიზიკური უსაფრთხოებისთვის გამოწვევების გარეშე“.
პრესის თავისუფლების შესაფასებლად, ორგანიზაცია კითხვარს ხუთ ძირითად მიმართულებად - ინდიკატორად ჰყოფს: პოლიტიკური კონტექსტი, საკანონმდებლო ჩარჩო, ეკონომიკური კონტექსტი, სოციო-კულტურული კონტექსტი და უსაფრთხოება. ექსპერტთა ჯგუფი შვიდი წევრისგან შედგება და დღეს მოქმედი ჯგუფი 2020 წლიდან მუშაობს. ამ ჯგუფში შედიან როგორც ორგანიზაციის წარმომადგენლები, ისე მედიაში მომუშავე პროფესიონალები როგორც პრაქტიკული, ისე აკადემიური წრიდან.
ქვეყნების შეფასებისთვის, საანგარიშო პერიოდად იანვარ-დეკემბერია განსაზღვრული, თუმცა აღნიშნულია, რომ თუ შეფასებიდან გამოქვეყნებამდე პერიოდში დაფიქსირდება მედიის თავისუფლებაში მოულოდნელი ჩარევა ან/და მძიმედ რეპრესიული ნაბიჯები, რომლებიც შეიძლება უკავშირდებოდეს ახალ ომს, სახელმწიფო გადატრიალებას, ჟურნალისტებზე თავდასხმას ან სხვა მსგავს მნიშვნელოვან მოვლენას, მაშინ გამოქვეყნებამდე (თუ უკვე გამოქვეყნებულია - გამოქვეყნების შემდგომ) კონკრეტული მაჩვენებელი ახალ გარემოებათა შესაბამისად გაახლდება. 2023 წლის ინდექსისთვის, აღნიშნულ საანგარიშო პერიოდს 2022 წლის იანვარ-დეკემბერი წარმოადგენს. შესაბამისად, 2023 წლის ქულები 2022 წლის მოვლენების შეფასების შედეგია.
ინდექსის ფარგლებში, მდგომარეობა ფასდება ქულებით 0-დან 100-მდე (სადაც 0 ყველაზე დაბალი მაჩვენებელია). შესაფასებლად გამოიყენება რაოდენობრივი ინდიკატორები (მაგალითად: ჟურნალისტებზე თავდასხმა, დაშავებულ ჟურნალისტთა რაოდენობა, თავისუფლებაშეზღუდულ ჟურნალისტთა რაოდენობა და სხვა). ასევე, თითოეულ ქვეყანასა და ტერიტორიაზე ფასდება არსებული ვითარების შინაარსობრივი მხარეც, ოცდაოთხ ენაზე ხელმისაწვდომი კითხვარის საშუალებით. კვლევის თვისობრივ ნაწილში, აღნიშნული კითხვარის შევსებაში მონაწილეობენ მედიის თავისუფლების სპეციალისტები (ჟურნალისტების, მკვლევრების, აკადემიური პერსონალისა და უფლებადამცველების ჩათვლით). კითხვარი თითეულ ინდიკატორთან დაკავშირებით ცალ-ცალკე ივსება და ჯამში, 100-ზე მეტ კითხვას მოიცავს.
სანამ პრესის თავისუფლების ინდექსის 2023 წლის ანგარიშს მიმოვიხილავთ, აქაც მნიშვნელოვანია იმ ტენდენციის ჩვენება, თუ როგორ აფასებდა RSF-ი ქართულ მედიაგარემოს სხვადასხვა პერიოდში. შესაბამისი ქულები და საქართველოს ადგილი მსოფლიოს 180 ქვეყანას/ტერიტორიას შორის, წარმოდგენილია ქვემოთ მოცემულ გრაფიკზე.
გრაფიკი 2: საქართველო RSF-ის პრესის თავისუფლების ინდექსში (2013-2023 წლები)
წყარო: რეპორტიორები საზღვრებს გარეშე (RSF)
როგორც გრაფიკიდან ჩანს, RSF-ის ინდექსში საქართველოს 2022 წლის ქულა მკვეთრად დაეცა, რაც, ძირითადად, 2021 წლის 5-6 ივლისის მოვლენებს უკავშირდება, როცა პრორუსული დაჯგუფება „ალტ-ინფოს“ მიერ ორგანიზებულ აქციაზე ფიზიკურად იძალადეს ათობით ჟურნალისტზე. 2023 წლის ინდექსში კი, რომელიც 2022 წლის მოვლენებს ასახავს, საქართველოს ქულა და ადგილი მსოფლიოს სხვა ქვეყნებს შორის, გაუმჯობესდა.
საქართველოში მედიის თავისუფლების შეფასებისას, RSF-ი აქცენტს რამდენიმე მნიშვნელოვან გამოწვევაზე აკეთებს. კერძოდ, ესაა მედიის თავისუფლებაში გარე ჩარევის მცდელობები, რომლებიც ხელს უშლის მედიაგარემოს გაუმჯობესებას. ასევე, აღნიშნულია, რომ დამოუკიდებელი და ოპოზიციური მედიისთვის, ქვეყანაში გარემო სულ უფრო მტრული ხდება. ამის მაგალითად კი კვლავაც ნახსენებია მასშტაბური ფიზიკური თავდასხმა ჟურნალისტებზე 2021 წელს. ამასთან, ნათქვამია, რომ ქვეყანაში მედიაგარემო მრავალფეროვანია, თუმცა, იმავე დროს, ძალზედ პოლარიზებული და იმის მიუხედავად, რომ ქართული კანონმდებლობა პოლიტიკურ პარტიებს მედიის ფლობას უკრძალავს, დიდი მედიასაშუალებები კვლავაც ატარებენ თავიანთი მფლობელების ინტერესებს, რომლებიც, თავის მხრივ, მჭიდროდ არიან დაკავშირებული პოლიტიკასთან. ამავდროულად, ხელისუფლება, ხშირ შემთხვევაში, არ თანამშრომლობს მისდამი კრიტიკულ მედიასაშუალებებთან და ზოგჯერ მიმართავს ცენზურას, ცილისწამების კამპანიებსა და დაშინებას მათ წინააღმდეგ. ასევე, პრობლემურ საკითხთა შორისაა 2021 წლის ივლისში ჟურნალისტებზე ძალადობის ფაქტების ნაკლებად გამჭვირვალე და არასათანადო გამოძიება; ოპოზიციური ტელევიზიის დირექტორის, ნიკა გვარამიას, დაპატიმრება; მედიის ფინანსური პრობლემები და ე.წ. „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონპროექტი, რომელიც მასობრივი სახალხო პროტესტისა და საერთაშორისო ზეწოლის შემდეგ, უკან გაიწვიეს.
საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House ყოველწლიურად აქვეყნებს დემოკრატიის ინდექსს სახელწოდებით: Nations in Transit. იგი აფასებს დემოკრატიის მდგომარეობას ტრანზიციის ეტაპზე მყოფ 29 ქვეყანაში, ცენტრალური ევროპიდან ცენტრალური აზიის ჩათვლით. აქაც, ისევე, როგორც ზემოთ განხილულ კვლევებში, კონკრეტულ წელს გამოქვეყნებული ანგარიში წინა წლის მდგომარეობას ასახავს. კერძოდ, კონკრეტული ქვეყნის შესახებ 2023 წლის ანგარიში 2022 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრამდე განვითარებულ მოვლენებს ეხება. დემოკრატიის დონე ფასდება შემდეგი ინდიკატორების მიხედვით: 1. ეროვნული დემოკრატიული მმართველობა; 2. საარჩევნო პროცესი; 3. სამოქალაქო საზოგადოება; 4. დამოუკიდებელი მედია; 5. ადგილობრივი დემოკრატიული მმართველობა; 6. სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა; 7. კორუფცია.
ქვეყნები ქულათა შკალაზე ფასდებიან 1-დან 7-მდე. ამდენად, რაც უფრო მაღალია ქვეყნის საბოლოო ქულა, მით უფრო კონსოლიდირებულია დემოკრატია. იგივე მიდგომაა კონკრეტულ კომპონენტებთან მიმართებით - 1 ქულა აჩვენებს ამა თუ იმ სფეროს (მაგ. მედიის) არასახარბიელო, ხოლო 7 - საუკეთესო მდგომარეობას. მედიის დამოუკიდებლობის კომპონენტი ფასდება შესაბამისი კითხვარის მეშვეობით (დეტალურად, იხ. ინდექსის მეთოდოლოგია). რაც შეეხება უშუალოდ ქართული მედიის დამოუკიდებლობის ქულას, 2015, 2016 და 2017 წლებში იგი უცვლელი იყო (4 ქულა), ხოლო 2018 წლიდან მოყოლებული, კლების ტენდენცია იკვეთება (იხ. გრაფიკი 3).
გრაფიკი 3: საქართველო Freedom House-ის დემოკრატიის ინდექსში (მედიის დამოუკიდებლობის ქულა) 2015-2023 წლები
წყარო: Freedom House
რაც შეეხება Freedom House-ის მიერ ქართული მედიაგარემოს შეფასებას უშუალოდ 2023 წლისთვის: ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2022 წელს ქართული მედიაგარემო რეზონანსული, მრავალფეროვანი, თუმცა პოლიტიკურად პოლარიზებული იყო. უკრაინაში ომის პარალელურად, დეზინფორმაციის გავრცელების დონე გაიზარდა როგორც ონლაინ, ისე ტრადიციულ მედიაში [მაგალითად დასახელებულია „ალტ-ინფო“]. ამასთან, ორგანიზაცია ხაზს უსვამს 2022 წლის განმავლობაში მთავრობისადმი კრიტიკული და რეგიონული მედიის წარმომადგენლებზე სიტყვიერი თუ ფიზიკური თავდასხმის შემთხვევებს. მედიის სფეროში ცალსახა ნეგატიურ მოვლენად დასახელდა „მთავარი არხის“ დირექტორის, ნიკა გვარამიას, დაპატიმრება. ასევე, ხაზგასმულია, რომ 2021 წლის 5 ივლისის მოვლენების შედეგად გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას, საქმე შეუერთდა UNESCO-ს სიას მოკლული ჟურნალისტების შესახებ. ანგარიშში აგრეთვე საუბარია ხელისუფლების უმოქმედობაზე ამ საქმის სამართლიანი გამოძიების კონტექსტში. ზემოაღნიშნულის გარდა, 2022 წლის მიმოხილვისას, Freedom House ყურადღებას ამახვილებს საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკაში სახელისუფლებო პარტიის შესაძლო ჩარევის შესახებ; ოფიციალური უწყებების მხრიდან საჯარო ინფორმაციის დამალვის სისტემურ ტენდენციასა და ჟურნალისტებზე ფარული მიყურადების სავარაუდო ფაქტებზე.
***
როგორც სამი საერთაშორისო ორგანიზაციის (IREX, RSF, Freedom House) მედიის თავისუფლების ინდექსების მიმოხილვა აჩვენებს, ბოლო წლებში ქართული მედიაგარემო უარესდება. ნეგატიური ტენდენცია განსაკუთრებით შესამჩნევია 2020-2021 წლებიდან. ამ ტენდენციის ერთადერთი გამონაკლისია ორგანიზაციის „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ (RSF) 2023 წლის ინდექსი, რომელშიც, წინა წელთან შედარებით, ქვეყნის ჯამური ქულა და ადგილი მსოფლიოში გაუმჯობესდა. რაც შეეხება 2023 წლისთვის არსებულ კონკრეტულ გამოწვევებს, ზემოაღნიშნული ორგანიზაციების ანგარიშების თანახმად, ქართული მედია მეტ-ნაკლებად მრავალფროვანი, მაგრამ მკვეთრად პოლარიზებულია. ამასთან, იკვეთება მედიის სარედაქციო დამოუკიდებლობაში ხელისუფლების ჩარევის მცდელობები და ამ მიზნით მიღებული სხვადასხვა საკანონმდებლო რეგულაცია; კითხვები ისმის კომუნიკაციების კომისიის დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის შესახებ; ხაზგასმულია ჟურნალისტების ფიზიკური უსაფრთხოების ხელყოფის ფაქტები, რაც განსაკუთრებით აქტუალური გახდა 2021 წლის ივლისის მოვლენების შემდგომ; ხელისუფლების წარმომადგენელთა აგრესიული რიტორიკა კრიტიკული და დამოუკიდებელი მედიასაშუალებების ჟურნალისტების მიმართ; სახელმწიფო უწყებების მიერ საჯარო ინფორმაციის დამალვის ტენდენცია და ნაკლები თანამშრომლობა მედიასთან; უკრაინაში ომის კვალდაკვალ, ტრადიციულ თუ სოციალურ მედიაში დეზინფორმაციის დონის ზრდა; მედიასაშუალებების მწირი ფინანსური რესურსები; შესაბამისი უნარების მქონე მედიაპროფესიონალების ნაკლებობა და მიდრეკილება მოსაზრებებით გაჯერებული (ფაქტებზე დაფუძნებული ჟურნალისტიკის ნაცვლად) მედიაპროდუქტების შექმნისკენ.
რთული სათქმელია, როგორი იქნება ზემოთ განხილული ორგანიზაციების შეფასებები 2023-2024 წლებისთვის. თუმცა, აღწერილი რეალობის, ასევე, იმის გათვალისწინებით, რომ 2024 წელს დაგეგმილი არჩევნები, სავარაუდოდ, კიდევ უფრო გაზრდის დაძაბულობასა და პოლარიზაციას, ქართული მედიაგარემოს მკვეთრ გაუმჯობესებას არ უნდა ველოდოთ.
სრული დოკუმენტი, შესაბამისი წყაროებით, ბმულებითა და განმარტებებით, იხ. მიმაგრებულ ფაილში.