კავკასიის ეკონომიკის კვარტალური მიმოხილვა (მე - 4 კვარტალი, 2025 წელი)
კავკასიის ეკონომიკის ყოველთვიური მიმოხილვის რამდენიმეწლიანი გამოცდილების შემდეგ, Gnomon Wise იწყებს სამხრეთ კავკასიის ყოველკვარტალურ მიმოხილვას. კერძოდ, ახალი პერიოდიკა მოიცავს ორი მნიშვნელოვანი მაკროეკონომიკური პარამეტრის - ეკონომიკური ზრდისა და ინფლაციის - მიმოხილვას. რეგიონის ეკონომიკებში წამყვანი როლისა და მეთოდოლოგიური შესაძლებლობებიდან გამომდინარე, დამატებით განხილულია საგარეო ვაჭრობა და დაკრედიტება. ამასთან, ინფლაციური მდგომარეობის საპასუხოდ, გამოკვეთილია მონეტარული პოლიტიკის დინამიკა.
სამხრეთ კავკასიაში პოსტპანდემიურ პერიოდში არსებული მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპი შენელდა. 2025 წლის მეოთხე კვარტალში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რეგიონის ეკონომიკა 4.3%-ით გაფართოვდა. შედარებისთვის, 2024 წლის ბოლო კვარტალში სამხრეთ კავკასიის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 5.2% იყო. ამ პერიოდში რეგიონის ეკონომიკის გაფართოების ტემპის შენელება დიდწილად უკავშირდება აზერბაიჯანში დაბალ ეკონომიკურ ზრდას, რაც კავკასიის ეკონომიკის ½ -ზე მეტია. ამ უკანასკნელში ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესება, მეტწილად, ნავთობის ფასების ვარდნაა, რაც, თავის მხრივ, ეკონომიკის მესამედს შეადგენს.
საგარეო ვაჭრობა ზრდის მამოძრავებელი ფაქტორია. რეგიონის ეკონომიკები ღიაა, რაც ეკონომიკურ განვითარებაში საგარეო ვაჭრობის მნიშველოვან როლს განაპირობებს. 2025 წლის მეოთხე კვარტალში კავკასიის სავაჭრო ბრუნვამ 27 340.2 მლნ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდს 5.8%- ით აღემატება. ამ კუთხით, გასული წლის ბოლოს ვაჭრობის დინამიკა გაუმჯობესებულია. ამ პერიოდში ზრდის დინამიკა საქონლის იმპორტს ახასიათებს. 2025 წლის მეოთხე კვარტალში, წინა წელთან შედარებით, იმპორტის ღირებულება 12.3%-ით გაიზარდა. თუმცა, ამვდროულად, ექსპორტი 2.9%-ით შემცირდა, რაც, ნავთობის ფასების კლების გამო, აზერბაიჯანიდან ექსპორტის ღირებულების შეკუმშვას უკავშირდება.
კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხები მნიშველოვანი წყაროა კავკასიაში (განსაკუთრებით - საქართველოში) ადგილობრივი მოხმარებისა და ინვესტიციების დასაფინანსებლად. 2025 წლის მეოთხე კვარტლის ბოლოს რეგიონის კომერციული ბანკების მიერ გაცემული მთლიანი სესხების მოცულობა 65 291.4 მლნ დოლარს შეადგენდა, რაც წლიურად 18.1%-ით გაზრდილია. სესხების მოცულობის წლიური ზრდის დინამიკა ამ პერიოდში შედარებით გაუმჯობესებულია, რადგან გასული წლის მესამე კვარტალში ეს მაჩვენებელი 16.8% იყო.
ინფლაცია რეგიონის ცენტრალური ბანკების გამოწვევად რჩებოდა, რადგან 2025 წლის მეოთხე კვარტალში ფასების საერთო დონის ზრდა მეტწილად სამიზნე მაჩვენებელს აღემატებოდა. სამომხმარებლო ფასების ზრდის კუთხით, შედარებით პოზიტიური მდგომარეობა სომხეთში იყო, ხოლო ნეგატიური - აზერბაიჯანში. წლის ბოლოს კავკასიის წლიური ინფლაციის საშუალო მაჩვენებელი 4.5%-ია, რაც წინა პერიოდებთან შედარებით, აჩქარებულია. მიუხედავად ამისა, ცენტრალური ბანკების მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უმეტესად შერბილებისკენ არის მიმართული.
სრული დოკუმენტი იხ. მიმაგრებულ ფაილში.