ეკონომიკური ზრდა, ინფლაცია და მოსახლეობის განწყობები
გასული წელი მაღალი ეკონომიკური ზრდით ხასიათდებოდა, რაც ბოლო წლებში საქართველოსთვის ნაკლებად დამახასიათებელია. ეკონომიკის სწრაფი ტემპით აღმასვლა არა მხოლოდ საქართველოს, არამედ რეგიონის ქვეყნებისთვისაც იყო დამახასიათებელი. მაგალითად, 2022 წელს საქართველოს ეკონომიკა 10.1%-ით გაიზარდა, ხოლო სომხეთის - 14.2%-ით.
მიუხედავად იმისა, რომ საბაზრო ეფექტის გარეშე ეკონომიკის ორნიშნა ზრდა დაფიქსირდა, საზოგადოებრივი აზრის გამოკვლევის შედეგებში ამ საკითხთან მიმართებით შეფასებები არსებითად არ შეცვლილა. ბოლო გამოკითხვებით, მოსახლეობის უმრავლესობა ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას უარყოფითად აფასებს. მოქალაქეთა აზრით, უმუშევრობის და სიღარიბის პრობლემა კვლავ აქტუალურია (CRRC, 2022; NDI, 2022). ამდენად, ერთია ეროვნულ ანგარიშებში ასახული მაკროეკონომიკური მაჩვენებლები და მეორეა მოსახლეობის უმრავლესობის შეფასება, რომელიც ვერ გრძნობს მაღალი ეკონომიკური ზრდის შედეგებს. წინამდებარე სტატიის მიზანია, ახსნას ამ ფენომენის გამომწვევი მიზეზები.
როგორც აღვნიშნეთ, 2022 წელს საქართველოს ეკონომიკა 10.1%-ით გაიზარდა. ზრდის ამგვარი ნიშნული 2008 წლის ომამდე პერიოდის შემდეგ არ ყოფილა. მართალია, ეკონომიკა წინა წელთან შედარებით 10.5%-ით 2021 წელსაც გაიზარდა, მაგრამ აღნიშნული დიდწილად საბაზისო ეფექტის შედეგია. კერძოდ, პანდემიის პერიოდში „დიდი ჩაკეტვის“ გამო, 2020 წელს ეკონომიკა 6.8%-ით იყო შემცირებული. ადრეულ პერიოდში, 2010-2019 წლებში, წლის პირველ ნახევრებში ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებელი 4.9%-ს აღწევდა (იხ. გრაფიკი 1).
საზოგადოებრივი აზრის გამოკვლევის შედეგებსა და ეკონომიკის ზრდის დინამიკას შორის სხვაობის მიზეზი მშპ-ის ზრდის ერთჯერადი ხასიათი, ეკონომიკის სტრუქტურა და ფასების დონის სწრაფი ზრდაა.
2022 წლის დასაწყისში, რუსეთის უკრაინაში შეჭრის პირველ პერიოდში, ეკონომიკის ზრდის პროგნოზები არასახარბიელო იყო. საერთაშორისო ორგანიზაციები 2022 წელს საქართველოს ეკონომიკის მხოლოდ 3.5%-იან ზრდას პროგნოზირებდნენ (IMF, 2022; WB, 2022). თუმცა, ომის გამო გაზრდილი მიგრაციული პროცესები და ამ მიზეზით კაპიტალის შემოდინება ეკონომიკური მდგომარეობაზე თვალსაჩინოდ აისახა. მეორე მხრივ, ეკონომიკის სექტორული განაწილებიდან გამომდინარე, ახალი რესურსები ყველა სექტორზე ჯერჯერობით არ ასახულა. მაგალითად, გასული წლის მეოთხე კვარტალში ეკონომიკა 8.0%-ით გაიზარდა, სადაც 3.3 პროცენტული პუნქტი ენერგიის მიწოდებას, ლოგისტიკასა (ტრანსპორტი) და ტელე-კომუნიკაციას უკავშირდება. აღნიშნული სექტორების წილი მთლიან დასაქმებაში 10.0%-მდე აღწევს, ხოლო სამუშაო ძალის დაახლოებით 7.0%-ს ასაქმებს (იხ. გრაფიკი 3, გრაფიკი 4). 2022 წლის მთლიანი ეკონომიკის 10.1%-იან ზრდაში ამ სექტორების კონტრიბუცია 1.3 პროცენტული პუნქტი იყო.
სექტორული კუთხით, სამუშაო ძალის ყველაზე მსხვილი დამსაქმებელი სოფლის მეურნეობაა. 2021 წლის მონაცემებით, ეს სექტორი, საშუალოდ, 230.3 ათას შრომისუნარიან პირს ასაქმებდა, რომელიც მთლიანი სამუშაო ძალის 15.0%-ია, ხოლო დასაქმებულთა საერთო რაოდენობის - 18.9%. გასული წლის პირველ ნახევარში სოფლის მეურნეობის სექტორის რეალური ზრდის მაჩვენებელი 7.7%-ია, რაც მთლიანი ეკონომიკის ზრდას 2.8 პროცენტული პუნქტით ჩამორჩება. მთლიანი წლის ზრდა კი 2.9%-ია, რაც ამავე პერიოდის ეკონომიკურ ზრდას უფრო მეტით, 7.2%-ით ჩამორჩება. მაშინ, როცა 2022 წლის პირველ კვარტალში ეკონომიკის 14.7%-იანი ზრდა იყო, სოფლის მეურნეობის კონტრიბუცია მხოლოდ 0.1 პროცენტულ პუნქტს აღწევდა. ანალოგიური მონაცემი მეორე კვარტალში 0.9 პროცენტულ პუნქტს შეადგენს. მომდევნო კვარტლებში, ზრდაში წვლილი უფრო დაბალი, 0.4 პროცენტული პუნქტი იყო. საბოლოოდ, გასული წლის ეკონომიკურ ზრდაში სოფლის მეურნეობის წვლილი 0.8 პროცენტულ პუნქტს არ აღემატებოდა.
სოფლის მეურნეობის მსგავსი სურათია საბითუმო და საცალო ვაჭრობის სექტორში, რომელიც სამუშაო ძალის 11.8%-ს ასაქმებს, ხოლო მთლიან დასაქმებაში 14.8%-იანი წილი გააჩნია. 2021 წლის მდგომარეობით, აღნიშნული სექტორი 180.7 ათას შრომისუნარიან პირს ასაქმებდა და პანდემიამდე მზარდი დინამიკით ხასიათდებოდა. მაგალითად, 2019 წელს საცალო და საბითუმო ვაჭრობის სექტორში დასაქმებულთა საშუალო მაჩვენებელი 195.9 ათასი შრომისუნარიანი პირი იყო. 2022 წლის პირველ ნახევარში აღნიშნული სექტორის ზრდა 5.5% იყო, ხოლო წლის მანძილზე სექტორის რეალურმა ზრდამ 6.1% შეადგინა. აღნიშნული მაჩვენებელი ამავე პერიოდში მთლიანი ეკონომიკის 10.1%-იან ზრდაში 1.4 პროცენტული პუნქტია და წლის პირველ ნახევარში გაცილებით დაბალი იყო.
საქართველოს ეკონომიკაში კიდევ ერთი ასეთი მასშტაბური დამსაქმებელი მშენებლობის სექტორია. 2021 წლის მონაცემებით, მშენებლობის სექტორი 94.4 ათასი შრომისუნარიან პირს ასაქმებს, რაც მთლიანი დასაქმების 7.8%-ია, ხოლო სამუშაო ძალის 6.2%. გასული წლის პირველ ნახევარში მშენებლობის სექტორი 1.3%-ით იყო გაზრდილი, ხოლო მთლიანი წლის მანძილზე ზრდამ 14.8% შეადგინა. აღნიშნული კი საბაზო ეფექტთანაა დაკავშირებული, რადგან სექტორი 2018 წლიდან მოყოლებული იკლებს. 2021 წელს მშენებლობის სექტორის რეალური შემცირება 23.9% იყო. რაც შეეხება სექტორის კონტრიბუციას, 2022 წლის მთლიან ზრდაში ამ უკანასკნელის წვლილი 0.5% იყო.
მთლიან ეკონომიკაში ასეთივე დაბალი კონტრიბუცია გააჩნდა ჯანდაცვას და სოციალურ მომსახურებას, განათლებას, წყალმომარაგებას და ნარჩენების მართვას, სამთო მრეწველობას და პროფესიულ, სამეცნიერო და ტექნიკურ საქმიანობებს, ასევე ადმინისტრაციულ საქმიანობას. ჯამში, ეკონომიკის 10.1%-იანი ზრდაში აღნიშნული სექტორების კონტრიბუცია მხოლოდ 1.7 პროცენტული პუნქტი იყო, როცა აღნიშნული სექტორები 2021 წელს 408.3 ათას შრომის უნარიან პირს ასაქმებდა. ეს მაჩვენებელი კი მთლიანი დასაქმების 33.5%-ია. ამასთან, ჩამოთვლილ სექტორებში ზრდა უფრო დაბალია, ვიდრე მთლიანი ეკონომიკის, მაგრამ რამდენიმე შემთხვევაში, პირიქით, კლებაა. მაგალითად, 2022 წელს ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების სექტორი 5.7%-ით შემცირდა, რომელიც 66.3 ათას ადამიანს ასაქმებდა.
ერთი მხრივ, ეკონომიკის ის სექტორები, სადაც შემცირება დაფიქსირდა ჯამში 93.0 ათას შრომისუნარიან პირს ასაქმებს, რაც 2022 წლის პირველი ნახევრის მონაცემებით 324.5 ათასი იყო. რაც შეეხება სხვა დანარჩენს, სექტორები რომელთა ზრდა მთლიანი ეკონომიკის ზრდაზე დაბალია მთლიანი დასაქმების 65.1%-ს იკავებს, რაც აბსოლუტურ მაჩვენებელში 791.9 ათასი შრომისუნარიანი პირია. მეორე მხრივ, არსებული ზრდის ძირითადი მიზეზი სტრუქტურული ცვლილებები არ არის. სექტორებში სადაც ორნიშნა ზრდაა, ის ერთჯერად ფაქტორებს უკავშირდება, ხოლო ამ უკანასკნელის ზრდა მთლიან ეკონომიკაზე მყისიერად არ აისახება. მართალია, ეკონომიკური ზრდა მთლიანი საზოგადოების კეთილდღეობას აუმჯობესებს, მაგრამ ეს დროის გარკვეულ პერიოდს საჭიროებს (Ram, 2006). მოსახლეობის მდგომარეობაზე ფართოდ ასახვისთვის საჭიროა გრძელვადიან პერიოდში სტაბილური ზრდა. გარდა ამისა, Adams-მა (2004) აჩვენა, რომ თუ ეკონომიკური ზრდა გამოხატულია მთლიანი შიდა პროდუქტით, ამ უკანასკნელის გავლენა სიღარიბის მაჩვენებლებზე შედარებით სუსტია, ვიდრე მაშინ, როცა ზრდას ასახავს ადამიანების მოხმარებაში ცვლილება.
ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე, მიგრაციული ნაკადების გამო გაზრდილი მოხმარებით და რესურსებით ისარგებლა ეკონომიკის ვიწრო სექტორმა, რომელიც სამუშაო ძალის შედარებით მცირე ნაწილს ასაქმებს. შესაბამისად, გასაკვირი არ არის, რომ საზოგადოებრივი აზრის გამოკვლევის მიხედვით, მოსახლეობის 76.0% მიიჩნევს, რომ მისი ფინანსური მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა (NDI, 2022). ამაში არსებითი როლი ინფლაციას გააჩნია, რომელიც ზედიზედ 17 თვის მანძილზე ორნიშნა იყო და 48-ე თვეა სამიზნე (3.0%) მაჩვენებელს აღემატება. 1999 წლის შემდეგ, ამ ხანგრძლივობით სამომხმარებლო ფასების ორნიშნა ზრდა პირველად დაფიქსირდა (იხ. გრაფიკი 2).
ინფლაცია შემოსავლების თვითნებურ გადანაწილებას იწვევს (Romer and Romer, 1998; Dolmas et al., 2000; Bagchi et al., 2019; Mumtaz and Theophilopoulou, 2020), სადაც უცნობი უმრავლესობა ცნობილ უმცირესობას ასუბსიდირებს, რომელიც ყველაზე დიდ ტვირთად შედარებით ღარიბ მოსახლეობას აწვება, რადგან ამ ადამიანთა ჯგუფის შემოსავლები - სოციალური ტრანსფერები თუ ხელფასები, დიდწილად, ფიქსირებულია (Kahn, 1997; Campbell and Kamlani, 1997; Smith, 2000) და უფრო ნელა იზრდება, ვიდრე ფასები. მაგალითად, 2023 წლის თებერვლის მდგომარეობით, პენსიის მიმღები 813.2 ათასი პირია, ხოლო სოციალური პაკეტის მიმღები - 179.1 ათასი. 2021 წლის მდგომარეობით, საშუალო სტატისტიკური შინამეურნეობის ფულადი შემოსავლების 20.8% სოციალური ტრანსფერია. ხელფასი ფულადი შემოსავლების საშუალოდ 44.2%-ია. აქედან გამომდინარე, გასაკვირი არ არის, რომ ასაკობრივი კატეგორიის ზრდასთან ერთად იზრდება იმ ადამიანთა წილი, რომელიც ფასების ზრდას ყველაზე მნიშვნელოვან ეროვნულ პრობლემად მიიჩნევს. ასევე, ბუნებრივია, რომ იზრდება იმ ადამიანების წილიც (იხ. გრაფიკი 6), რომელთა შეფასებითაც, ბოლო ხუთი წლის მანძილზე ფინანსური შესაძლებლობა გაუუარესდათ (იხ. გრაფიკი 7). ამასთან, პატარა ქალაქებსა და სოფლებში მოსახლეობის წუხილი ფასების ზრდაზე უფრო გამოკვეთილია, ვიდრე ურბანულ ცენტრებში (იხ. გრაფიკი 5).
გრაფიკები:
გრაფიკი 1: საქართველოს ეკონომიკური ზრდა, წლის პირველი ნახევარი (%)
წყარო: სტატისტის ეროვნული სამსახური, ავტორის გამოთვლები
გრაფიკი 2: საქართველოს წლიური ინფლაცია (%)
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი
გრაფიკი 3: საქართველოს ეკონომიკის სექტორული ზრდა (%)
წყარო: სტატისტის ეროვნული სამსახური, ავტორის გამოთვლები
გრაფიკი 4: საქართველოს ეკონომიკურ ზრდაში სექტორების წვლილი (პ.პ.)
წყარო: სტატისტის ეროვნული სამსახური, ავტორის გამოთვლები
გრაფიკი 5: ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული საკითხები, გეოგრაფიული განაწილება (%)
წყარო: კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი, საზოგადოების განწყობა საქართველოში, 2022 წელი
გრაფიკი 6: ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული საკითხები, ასაკობრივი განაწილება (%)
წყარო: კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი, საზოგადოების განწყობა საქართველოში, 2022 წელი
გრაფიკი 7: ხუთი წლის წინანდელთან შედარებით ფინანსური შესაძლებლობა, ასაკობრივი განაწილება (%)
წყარო: კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი, საზოგადოების განწყობა საქართველოში, 2022 წელი
სრული დოკუმენტი, შესაბამისი წყაროებით, ბმულებითა და განმარტებებით, იხ. მიმაგრებულ ფაილში.