პუბლიკაციები

ხელფასების სტატისტიკასთან მიმართებით არსებული გაუგებრობები

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ 17 ივნისს გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2024 წელს საქართველოში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 13%-ით გაიზარდა და 1943 ლარი შეადგინა. თუმცა საშუალო ნომინალური მაჩვენებლის მიხედვით შეფასებების გაკეთება ხშირად სპეკულაციისა და გაუგებრობის საგანია.

პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ, როდესაც ოფიციალურად გამოქვეყნებულ შრომის ანაზღაურებაზეა საუბარი, ის არა - ხელზე ასაღებ თანხას, არამედ დარიცხულ ხელფასს წარმოადგენს. მაგალითად, თუ დარიცხული ხელფასი 1000 ლარია, დასაქმებული ხელზე მხოლოდ 800 ლარს აიღებს, ხოლო თუ ის, იმავდროულად, სახელმწიფო სავალდებულო საპენსიო ფონდშია გაწევრიანებული, დამატებით სულ მცირე 20 ლარით ნაკლები ხელფასის აღება მოუწევს. შესაბამისად, როდესაც საქმე 1943 ლარს ეხება, დასაქმებული ხელზე, საშუალოდ, 427 ლარით ნაკლებს - 1516 ლარს აიღებს.

მეორე მნიშვნელოვანი საკითხი კი ისაა, რომ ხელფასები განსხვავდება საქმიანობების მიხედვით. მაგალითად, თუ 2022 წელს საშუალო დარიცხული ხელფასი 1543 ლარი იყო, განათლების სექტორში ის მხოლოდ 942 ლარს, ხოლო, ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორში სამჯერ და მეტჯერ მეტს - 3033 ლარს - წარმოადგენდა. სწორედ ამიტომ, აუცილებელია გავითვალისწინოთ, რომ საქართველოში არის ძალიან დაბალანაზღაურებადი და მაღალანაზღაურებადი სექტორები, ხოლო მათი საშუალო მაჩვენებელი სრულებით განსხვავებულ სურათს იძლევა.

გრაფიკი 1: საშუალო ნომინალური ხელფასი საქმიანობის სახეების მიხედვით. 2022 წელი (ლარი)

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი კი ხელფასების ინფლაციით კორექტირებაა. ერთი წლის წინანდელი 100 ლარით ხშირად უფრო მეტი საქონელი და სერვისი მოგვდიოდა, ვიდრე მიმდინარე წლის 100 ლარით. სწორედ ამიტომ, არ შეიძლება სხვადასხვა წელი ერთმანეთს შევადაროთ, თუ არ მოხდება მისი ინფლაციით კორექტირება.

გრაფიკი 2: საშუალო ნომინალური ხელფასი და საშუალო ხელფასი 2003 წლის ფასებში (ლარი)

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, ავტორის გამოთვლები

აღსანიშნავია, რომ, მაგალითად, 2018 წელს ინფლაციით გათვალისწინებული საშუალო ხელფასი (2003 წლის ფასებში) 513 ლარი იყო, ხოლო ოთხი წლის შემდეგ, 2021 წელს, მხოლოდ 5 ლარით გაიზარდა მაშინ, როცა ნომინალური მაჩვენებლის 237-ლარიანი ზრდა დაფიქსირდა.

მესამე გაუგებრობა ეხება იმას, თუ რამდენად სწორია ქვეყანაში ხელფასების საშუალო არითმეტიკული წესით დათვლა, რადგან ზოგ ადამიანს ძალიან მაღალი ხელფასი აქვს, ზოგს -ძალიან დაბალი, ხოლო საშუალო მაჩვენებელი შეიძლება რეალობას არ შეესაბამებოდეს. სწორედ ამიტომ, განვითარებული ქვეყნების უდიდეს ნაწილში, შრომის ანაზღაურებას არა საშუალო არითმეტიკულით, არამედ საშუალო მედიანური მეთოდოლოგიით ითვლიან. ის გულისხმობს პოპულაციაში რიგითობით ცენტრალური რიცხვის ამორჩევას და მის საშუალო მაჩვენებლად გამოყენებას. მასზე არ ახდენს გავლენას ის ფაქტი, რომ ქვეყანაში არსებობს ძალიან დაბალი და ძალიან მაღალი ხელფასები.

საქართველოში საშუალო მედიანურ ხელფასზე სტატისტიკა მხოლოდ 2018 წლიდანაა ხელმისაწვდომი. 2022 წელს ის 1040 ლარი იყო - 503 ლარით ნაკლები, ვიდრე საშუალო ნომინალური შრომის ანაზღაურება.

გრაფიკი 3: მედიანური ნომინალური და 2003 წლის ფასებში გამოსახული დაქირავებით დასაქმებულთა ხელფასები (ლარი)

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, ავტორის გამოთვლები

აღსანიშნავია ისიც, რომ მედიანური ხელფასის სტატისტიკა მეტად სანდოა და სტაბილური სტატისტიკური ტენდენციით გამოირჩევა. ინფლაციით გათვალისწინებული მონაცემების მიხედვით, 2019 წელთან შედარებით, რეალური შრომის ანაზღაურება ქვეყანაში ჯერ შემცირდა, ხოლო 2022 წელს უმნიშვნელოდ,  მხოლოდ 6 ლარით გაიზარდა.

ხელფასების სტატისტიკის გამოქვეყნებას თითქმის ყოველთვის თან ახლავს კიდევ ერთი გაუგებრობა - ხშირად დაქირავებით დასაქმებულთა ნომინალური ხელფასი მოსახლეობის შემოსავლებში ერევათ. მოცემული მაჩვენებლები ითვლება მხოლოდ დაქირავებით დასაქმებული მოსახლეობის შემოსავლების მიხედვით. ასეთი კი 2023 წელს 1.3 მლნ ადამიანი იყო, რაც სამუშაო ძალის (15+ ასაკის მოსახლეობა) 44%, ხოლო მოსახლეობის მხოლოდ 35%-ია.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ერთ სულზე ფულად შემოსავლებს ცალკე სტატისტიკად აქვეყნებს. მასში მოცემული რიცხვები ხელფასებთან დაკავშირებით არსებულ ნებისმიერ გაუგებრობას გამორიცხავს. მაგალითად, 2023 წელს საშუალო მოსახლეზე ფულადი შემოსავალი 457 ლარი იყო, ხოლო 2003 წლის ფასებში იგივე მაჩვენებელი მხოლოდ 158 ლარია.

გრაფიკი 4: ერთ მოსახლეზე არსებული საშუალო თვიური ფულადი შემოსავალი და იგივე მაჩვენებელი 2003 წლის ფასებში (ლარი)

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, ავტორის გამოთვლები

დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ საშუალო ნომინალური ხელფასის სტატისტიკა არაზუსტად ასახავს მოსახლეობაში შემოსავლებს და მათ განაწილებას. უფრო ზუსტი საზომი მედიანური ხელფასია, რომელიც გაცილებით ნაკლებია. აგრეთვე, შრომის ანაზღაურების დათვლისას, არასწორია სხვადასხვა წლის შედარება, რადგან ინფლაცია თითოეულ წელს განსხვავებულია. ამიტომ, ხელფასების გასაზომად, უფრო მართებული მეთოდი ინფლაციით კორექტირებული რიცხვების გამოყენებაა. ამ ყველაფერთან ერთად კი აუცილებელია განვასხვავოთ საშუალო ნომინალური ხელფასი და მოსახლეობის საშუალო შემოსავალი, რომლებიც ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება.


ავტორ(ებ)ი

ზვიად ხორგუაშვილი