პუბლიკაციები

ირანის ბირთვული პროგრამის განვითარებიდან "12-დღიან ომამდე" - გამოწვევები ფართო რეგიონისთვის

შესავალი

ირანსა და ისრაელს შორის 2025 წლის ივნისში დაწყებულმა „12-დღიანმა ომმა“ ათწლეულების განმავლობაში მიმდინარე კონფლიქტი ესკალაციაში გადაზარდა. ორ ქვეყანას შორის მრავალწლიანი მტრობა მკვეთრად გამწვავდა 2023 წლის 7 ოქტომბერს, როდესაც ისრაელს თავს დაესხა ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰამასი. მხარეებს შორის კონფლიქტი ოფიციალურად 2025 წლის 12 ივნისს დაიწყო. ისრაელმა, ოპერაცია „აღმავალი ლომის“ სახელით, ნათანზის ბირთვულ ობიექტს შეუტია. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ირანის ბირთვული პროგრამის „გულში“ დარტყმა მიზნად ისახავდა ბირთვული იარაღის შექმნის პრევენციას. საპირისპიროდ, ირანი აცხადებდა, რომ მისი ბირთვული პროგრამა მხოლოდ მშვიდობიანი მიზნებისთვის იყო განკუთვნილი.

წინამდებარე სტატიაში აღწერილია ირანის ბირთვული პროგრამის განვითარების ეტაპები. ყურადღება გამახვილებულია დონალდ ტრამპის პირველი საპრეზიდენტო ვადის დროს, აშშ-ის მიერ „მოქმედების საერთო ყოვლისმომცველი გეგმის“ (JCPOA) დატოვებასა და მის შედეგებზე. სტატიაში გაანალიზებულია აშშ-სა და ირანს შორის ახალი ბირთვული შეთანხმების შესახებ გამართული მოლაპარაკებები და თანმხლები გამოწვევები. მასში ასევე აღწერილია „12-დღიანი ომის“ საკვანძო ეტაპები და ბირთვულ ობიექტებზე თავდასხმის შედეგად მიყენებული ზიანი. სტატიის დასასრულს, განხილულია შეერთებული შტატებისა და ისრაელის კონფლიქტში ჩართვის ინტერესები და მოტივები, რომელსაც მოჰყვება რუსეთსა და საქართველოზე „12-დღიანი“ ომის გავლენის ანალიზი.

 

ირანის ბირთვული პროგრამის განვითარების ეტაპები

1953 წელს აშშ-ის პრეზიდენტმა დუაიტ ეიზენჰაუერმა გაეროს გენერალურ ასამბლეას მიმართა სიტყვით, რომელიც ატომური ტექნოლოგიების მშვიდობიანი მიზნით გამოყენებას ეხებოდა. აღნიშნული გამოსვლა, ბირთვული მასალების ფართომასშტაბიანი გამოყენების ფონზე, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) შექმნის საფუძვლად იქცა. სააგენტოს მოვალეობად განისაზღვრა ბირთვული ტექნოლოგიების უსაფრთხო და მშვიდობიანი გამოყენების კონტროლი, რომელიც საერთაშორისო მშვიდობას, უსაფრთხოებასა და გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების შესრულებას ემსახურება.

IAEA-ს შექმნასთან ერთად, მნიშვნელოვანი მოვლენა იყო ის, რომ 1968 წელს ხელი მოეწერა „ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულებას“ (NPT), რომელიც სამ მთავარ მიზანს მოიცავდა: ბირთვული იარაღის გავრცელების პრევენციას, ბირთვული ენერგიის მშვიდობიანი მიზნით გამოყენების ხელშეწყობასა და ბირთვული განიარაღების მიმართულებით მუშაობას. ხელშეკრულებაში ხელმომწერი სახელმწიფოები დაყოფილია ორ კატეგორიად: ბირთვული იარაღის მქონე ხუთი ქვეყანა, რომლებსაც 1967 წლამდე იარაღი გაცხადებულად ჰქონდათ (აშშ,  სსრკ, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი და ჩინეთი) და გამოთქვამდნენ მზაობას, არ გაევრცელებინათ იარაღი; დანარჩენი ქვეყნები, რომლებსაც ბირთვული იარაღი არც იმ პერიოდისთვის არ ჰქონდათ და  არც მომავალში ქონის სურვილს არ გამოთქვამდნენ. IAEA „ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულების“ მხარეს არ წარმოადგენს, თუმცა, ხელშეკრულების მესამე მუხლით, ზედამხედველობისა და კონტროლის უფლება ენიჭება  და წევრი ქვეყნები ვალდებულნი არიან, მიაწოდონ მონიტორინგისთვის აუცილებელი ინფორმაცია, რომელიც IAEA-სთვის გადამოწმებადი იქნება.

რაც შეეხება ირანს, მის ბირთვულ პროგრამას საფუძველი 1967 წელს ჩაეყარა, როდესაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა თეირანს, კვლევითი მიზნებისთვის, ხუთი მეგავატის სიმძლავრის რეაქტორი გადასცა. 1970 წელს ირანი ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულებას შეუერთდა, 1974 წელს კი დაარსდა „ირანის ატომური ენერგიის ორგანიზაცია“, რომელიც, ენერგიის გამომუშავების მიზნით, 23 ატომური ელექტროსადგურის აშენებას ისახავდა ამოცანად. 1979 წლის ირანის რევოლუციამ აშშ-სთან მისი კავშირები გააუარესა და პროექტის განხორციელებაც შეფერხდა. მალევე აშშ-მა ირანი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოთა სიაში შეიყვანა, რის საფუძველზეც, არაერთი მძიმე სანქცია დაუწესა.

2000-ინი წლების დასაწყისიდან, მას შემდეგ, რაც ირანმა თავად განაცხადა, რომ ნათანზისა და არაქის მახლობლად ბირთვული ობიექტები ააშენა, საერთაშორისო საზოგადოებამ ირანის ბირთვული პროგრამისადმი განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინა. მიუხედავად  დაპირებისა, რომ მსგავს აქტივობებს შეაჩერებდა, ირანმა შეთანხმება არაერთხელ დაარღვია, რამაც გაერო, აშშ და ევროკავშირი თეირანის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტამდე მიიყვანა. 2009 წელს ცნობილი გახდა ინფორმაცია ირანის ფორდოს გამამდიდრებელი საიდუმლო ობიექტის არსებობის შესახებ, რასაც დამატებითი სანქციები მოჰყვა. 2012 წელს ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ საჯაროდ განაცხადა, რომ ირანის 20%-მდე გამდიდრებული ურანი ისრაელისთვის წითელი ხაზი იყო.

2013 წელს ირანსა და P5+1-ს (ქვეყნები, რომლებიც ირანის ბირთვული შეთანხმების საკითხზე ერთობლივად მუშაობენ. მოიცავს გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთ წევრს: ჩინეთს, საფრანგეთს, რუსეთს, დიდ ბრიტანეთს, აშშ-სა და ასევე, გერმანიას) შორის მოლაპარაკებების შესაძლებლობა გააჩინა ახალი პრეზიდენტის, ჰასან რუჰანის, არჩევამ, რომელიც აშშ-ისთან ურთიერთობების აღდგენის მომხრე იყო. ამან შესაძლებელი გახადა 2013 წლის ნოემბერში „მოქმედების საერთო გეგმის“ (JPOA) ხელმოწერა. გეგმის მიხედვით, ირანმა ბირთვული პროგრამის განვითარება გარკვეული დროით შეაჩერა, სანაცვლოდ კი სანქციების შემსუბუქება მიიღო. მოლაპარაკებები კვლავ აქტიურად გაგრძელდა და 2015 წლის ოქტომბერში „მოქმედების საერთო ყოვლისმომცველი გეგმის“ (JCPOA) შეთანხმებამდე მივიდა. აღნიშნული შეთანხმება მიზნად ისახავდა საერთაშრისო სანქციების გაუქმებას, სანაცვლოდ კი ირანის მიერ ბირთვული პროგრამის გამოყენებას მხოლოდ მშვიდობიანი მიზნებისთვის.  JCPOA-ზე ხელმოწერით, ირანი IAEA-ს მხრიდან დამატებით შემოწმებასა და ურანის დამუშავების დამატებით ნებაყოფლობით შეზღუდვასაც დათანხმდა.

მიუხედავად მნიშვნელოვანი პროგრესისა, ირანს ეტაპობრივად ადანაშაულებდნენ ბირთვული მასალების შეთანხმების დარღვევით გამოყენებაში. თუმცა IAEA-ს 2015-2016 წლის ანგარიშების მიხედვით, სააგენტოს არ ჰქონდა რაიმე სანდო მანიშნებელი იმისა, რომ ირანი ბირთვულ შეთანხმებას არღვევდა. 2016 წლის იანვარში აშშ-მა 11 პირსა და ჯგუფს, რომლებიც დაკავშირებული იყვნენ ირანის რაკეტების პროგრამასთან, სანქციები კვლავ დაუწესა, რამაც ირანის გაღიზიანება გამოიწვია. მარტში ირანმა ორი რაკეტა დატესტა, რითაც, აშშ-ის თანახმად, შეთანხმების წესები ირღვეოდა. ირანის განცხადებით, რაკეტები ბირთვული მიზნით არ გამოიყენებოდა, შესაბამისად, მისი დატესტვის უფლება ჰქონდა.

ირანის ბირთვულ შეთანხმებასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით გაუარესდა ვითარება დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიისას. 2016 წლის 21 მარტს, ამერიკულ-ისრაელურ საზოგადოებრივ საქმეთა კომიტეტთან (AIPAC) შეხვედრისას, ტრამპმა ნომერ პირველ პრიორიტეტად ირანთან დადებული „კატასტროფული“ ბირთვული შეთანხმების დაშლა დაასახელა. მისი თქმით, მთავარი პრობლემა იყო არა ის, რომ შეიძლება ირანმა შეთანხმება დაარღვიოს, არამედ ის, რომ ირანს შეეძლო შეთანხმების პირობებს მიჰყოლოდა, მაგრამ, ამავდროულად, ბირთვული ბომბი მაინც შეექმნა. ტრამპის თანახმად, შეთანხმება ირანის სამხედრო ბირთვულ შესაძლებლობებზე გარკვეულ ზღვარს აწესებდა, თუმცა მას სრულად არ ზღუდავდა. აღნიშნული კი ირანს ბირთვული იარაღის შექმნის საშუალებას აძლევდა, რაც რთულ სიტუაციაში აყენებდა ყველას, მით უფრო, ისრაელს. ამასთან, ტრამპი განსაკუთრებით აკრიტიკებდა JCPOA-ს იმის გამო, რომ ის „თითქმის აბსოლუტურად ჩუმად იყო ირანის სარაკეტო პროგრამების შესახებ.“

საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, 2018 წლის 8 მაისს, ხელშეკრულებით უკმაყოფილო აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა JCPOA დატოვა. მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ  შეთანხმება იყო ცუდი, რადგან ის ვერ ზღუდავდა ირანის შესაძლებლობას, შეექმნა ბირთვული იარაღი ან ბირთვული ქობინების გადამტანი ბალისტიკური რაკეტები. შეთანხმებიდან გასვლას თან მოჰყვა ირანის წინააღმდეგ მძიმე სანქციების დაწესება. საინტერესოა, რომ IAEA-ის 2018 წელს გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, ირანი შეთანხმების პირობებთან თანხვედრაში იყო და სააგენტოსთანაც თანამშრომლობდა.

აშშ-ის მიერ JCPOA-ის დატოვების შემდეგ, IAEA-ს ცნობით, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ირანი შეთანხმების პირობებს კვლავ აკმაყოფილებდა და შეთანხმებაში დარჩენილ ქვეყნებს იმავესკენ მოუწოდებდა. თუმცა აშშ-ის მიერ დაწესებულმა სანქციებმა ეფექტი იქონია და ირანის ეკონომიკა საგრძნობლად შეასუსტა, თეირანმა კი ნელ-ნელა ხელი მიჰყო შეთანხმების პირობების დარღვევა.  კერძოდ, ტრამპის პრეზიდენტობის დროს, აშშ-მა დაიწყო „მაქსიმალური ზეწოლის“ კამპანია, რომლის ფარგლებშიც, ხელახლა დაუწესა სანქციები ირანის საბანკო, ნავთობისა და სხვა სექტორებს და ამასთანავე, შექმნა „ირანის სამოქმედო ჯგუფი“ - სტრატეგიის კოორდინაციისთვის. აშშ ირანს, სანქციების მოხსნისა და ურთიერთობების ნორმალიზაციის სანაცვლოდ, მკაცრ პირობებს უყენებდა, მათ შორის, ურანის გამდიდრებისა და ბალისტიკური რაკეტების შექმნის შეწყვეტას. თეირანმა, რომელიც, თავდაპირველად, IAEA-ის თანახმად, JCPOA-ის ბირთვულ შეზღუდვებს იცავდა, აშშ-ის სანქციები პროვოკაციად შეაფასა. საპასუხოდ ირანი ახალი ცენტრიფუგების მშენებლობას შეუდგა და ურანის მარაგისა და გამდიდრების ზღვრების გადაჭარბებით, შეთანხმების დარღვევა დაიწყო. 2020 წლის ბოლოსთვის ირანის პარლამენტმა მიიღო კანონმდებლობა, რომელიც ითვალისწინებდა ურანის გამდიდრების ზრდასა და IAEA-ს მონიტორინგის შეჩერებას, თუ მასზე დაწესებული სანქციები შენარჩუნდებოდა.

2021 წელს აშშ-ის პრეზიდენტი გახდა ჯო ბაიდენი, რომელიც, წინასაარჩევნო კამპანიის დროს, ტრამპის გადაწყვეტილებას აკრიტიკებდა და JCPOA-სთან კვლავ შეერთებას განიხილავდა. მიუხედავად ამისა, ბაიდენის ადმინისტრაცია შეთანხმებას არ დაბრუნებია. ირანი, პირველ რიგში, სანქციების გაუქმებასა და IAEA-ს გამოძიების დახურვას ითხოვდა, პარალელურად კი ბირთვულ პროგრამას კიდევ უფრო ავითარებდა - ურანს 20%-მდე ამდიდრებდა, დაამონტაჟა ახალი ცენტრიფუგები და ურანის ლითონის წარმოება დაიწყო, რაც JCPOA-ს პირობების დარღვევა იყო. IAEA, ირანის ქმედებების გამო, შეშფოთებას გამოხატავდა. ირანთან  მოლაპარაკებები უფრო და უფრო რთულდებოდა, რაც დამატებით გაამწვავა ირანის ახალი პრეზიდენტის, ებრაჰიმ რაისის, არჩევამ. რაისი ორიენტირებული იყო საქნციებით მიყენებული ეკონომიკური ზიანის აღდგენაზე და ითხოვდა დაწესებული სანქციების მოხსნას. მისი ადმინისტრაციის დროს ურანის გამდიდრებამ 60%-ს მიაღწია. ამავე პერიოდში ირანმა რუსეთს დრონები მიჰყიდა, რამაც JCPOA-სთან დაკავშირებული მოლაპარაკებები კიდევ უფრო შეუძლებელი გახადა. 2023 წლის 7 დეკემბერს ბაიდენის ადმინისტრაციის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს კოორდინატორმა კურტ კემპბელმა JCPOA-ს შეთანხმებას „მკვდარი“ უწოდა.

 

ირან-ამერიკის ახალი ბირთვული შეთანხმების მცდელობები ტრამპის მეორე ვადის დროს

2025 წლის 4 თებერვალს დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა ეროვნული უსაფრთხოების საპრეზიდენტო მემორანდუმს (NSPM), რომელიც ირანის მთავრობაზე „მაქსიმალური ზეწოლის“ პოლიტიკის აღდგენას, ბირთვული იარაღის შექმნის ყველა გზის გადაკეტვასა და ირანის მავნე საგარეო გავლენების შემცირებას შეეხებოდა. მემორანდუმის თანახმად,

  • ირანს უნდა აეკრძალოს ბირთვული იარაღისა და კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტების ფლობა;
  • უნდა განეიტრალდეს ირანის ტერორისტული ქსელი;
  • უნდა შეიზღუდოს ირანის მიერ რაკეტების, ასევე სხვა ასიმეტრიული და კონვენციური იარაღის შესაძლებლობების აგრესიული განვითარება.

NSPM-მა მითითება მისცა ხაზინის მდივანს, განახორციელოს მაქსიმალური ეკონომიკური ზეწოლა ირანის მთავრობაზე, მათ შორის, სანქციების ან აღსრულების მექანიზმების დაწესებით მათთვის, ვინც არღვევს არსებულ სანქციებს. ტრამპის მემორანდუმი ასევე მოიცავდა ირანისგან სამშობლოს დაცვის პუნქტს: „ახლა დასრულდა ამერიკის მოქალაქეებისა და კომპანიების მიმართ ირანის მუქარისადმი წინა ადმინისტრაციის ტოლერანტობა.“მემორანდუმის მნიშვნელოვანი ნაწილი შეეხებოდა პირობას ირანის ბირთვული პროგრამის  გაუქმების შესახებ: „ძალიან დიდი ხნის განმავლობაში - ზუსტად 1979 წლიდან - ერმა აიტანა ირანის დამანგრეველი და დესტაბილიზაციის გამომწვევი ქცევა ახლო აღმოსავლეთში და მის ფარგლებს გარეთ. ეს დღეები დასრულდა. ირანი იყო ტერორიზმის წამყვანი სპონსორი და ბირთვული იარაღისკენ მისი სწრაფვა საფრთხეს უქმნის ცივილიზებულ სამყაროს. ჩვენ ამას არასოდეს დავუშვებთ.“

2025 წლის 3 მარტს IAEA-ს გენერალურმა დირექტორმა რაფაელ მარიო გროსიმ განაცხადა, რომ სააგენტო სერიოზულად იყო შეშფოთებული ირანის ბირთული პროგრამით. კერძოდ, ირანის მიერ 60%-მდე გამდიდრებული ურანი-235-ის მარაგი არსებითად გაიზარდა და 275 კილოგრამს მიაღწია. განცხადების თანახმად, ეს ფაქტი სერიოზულ შეშფოთებას იწვევს, რადგან ირანი ერთადერთი არაატომური სახელმწიფოა, რომელიც ურანს ამ დონეზე ამდიდრებს. გროსის თანახმად, ირანი, უკვე მეოთხე წელია, არ ასრულებს JCPOA-თი დაკისრებულ ვალდებულებებს, მათ შორის, არ აძლევს IAEA-ს მონიტორინგის უფლებას. ამასთან, ირანი ამტკიცებს, რომ IAEA-სთვის მიწოდებული აქვს ინფორმაცია ყველა იმ ადგილის შესახებ, სადაც ბირთვულ აქტივობებს ახორციელებს. მიუხედავად ამისა, სააგენტომ ანთროპოგენული ურანის ნაწილაკები აღმოაჩინა ტერიტორიაზე, რომელიც ირანის მიერ გაცხადებულ ლოკაციაზე არ მდებარეობდა. ირანს არ წარმოუდგენია დამაკმაყოფილებელი ახსნა-განმარტება არც ამ ნაწილაკებისა და არც ურანის ნივთიერებათა ბალანსში არსებული შეუსაბამობის თაობაზე. აღნიშნული გადაუჭრელი პრობლემები სერიოზულად აფერხებს IAEA-ს შესაძლებლობას, უზრუნველყოს გარანტია, რომ ირანის ბირთვული პროგრამა ექსკლუზიურად მშვიდობიანი მიზნებისთვის გამოიყენება.

მარიო გროსის განცხადებიდან რამდენიმე დღეში, 7 მარტს, დონალდ ტრამპმა გაასაჯაროა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ირანის უმაღლეს ლიდერ ალი ხამენეის გაუგზავნა წერილი, რომელიც ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ ახალი შეთანხმების დადებას შეეხებოდა. გავრცელებული ცნობებით, წერილი ირანისგან ითხოვდა ბირთული პროგრამის სრულ გაუქმებას, ურანის გამდიდრების შეჩერებასა და პროქსი ჯგუფების, როგორებიც არიან ჰეზბოლა და ჰუტსი, მხარდაჭერის შეწყვეტას. თავდაპირველად, ხამენეიმ უარყო ტრამპის შეთავაზება და აშშ მოლაპარაკებებისადმი არაგულწრფელ სურვილსა და ირანზე დომინაციისკენ სწრაფვაში დაადანაშაულა. მარტის ბოლოს კი გამოთქვა მზაობა, მოლაპარაკებებში ჩართულიყო. სავარაუდოა, რომ მოლაპარაკებებზე დათანხმება ხომენეის აშშ-ის სანქციებით გამოწვეულმა ეკონომიკურმა ზიანმა გადააწყვეტინა.

12 აპრილს ომანში დაიწყო აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებების სერია, რომელსაც აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი სტივ ვიტკოფი და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბბას არაღჩი უძღვებოდნენ. ომანში გაიმართა აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებების სამი რაუნდი, ორი კი - რომში. მოლაპარაკებების სერია ხელშესახები შედეგით არ დასრულებულა, თუმცა მას ორივე მხარე კონსტრუქციულად აფასებდა. მთავარი შეუთანხმებელი საკითხი იყო აშშ-ის მოთხოვნაა, ირანს სრულად შეეჩერებინა ურანის გამდიდრება, რასაც, ცხადია, თეირანი ეწინააღდმეგებოდა.

ამერიკა-ირანის პოტენციური ბირთვული შეთანხმებით უკმაყოფილო იყო ისრაელი, რადგან ის შიშობდა, რომ ამ შეთანხმებით, ირანი მაინც შეძლებდა ურანის გამდიდრებას, რაც საფრთხეს შეუქმნიდა ისრაელის უსაფრთხოებას. ის ირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებებზეც საუბრობდა, რის გამოც, ტრამპი აფრთხილებდა, რომ შეთანხმებასთან ახლოს მყოფი მოლაპარაკებების პროცესი რისკის ქვეშ არ დაეყენებინა. გავრცელებული  ინფორმაციით, ირანმა, რომელიც, მოლაპარაკებების ჩაშლის შემთხვევაში, აშშ-ისა და ისრაელისგან თავდასხმას ელოდებოდა, საჰაერო თავდაცვის სისტემა  გააძლიერა და  სამხედრო ინვესტიციები გაზარდა. იმავეს მოწმობს ცნობა იმის შესახებ, რომ ირანმა, ბალისტიკური რაკეტებისთვის, დიდი რაოდენობით შეუკვეთა მყარ საწვავზე მომუშავე ჩინური კომპონენტები. 26 მაისს ავსტრიის შიდა სადაზვერვო სამსახურმა განაცხადა, რომ ირანი აწარმოებს რაკეტებს, რომლებსაც ბირთვული ქობინების დიდ მანძილზე გადატანა შეუძლია. ირანმა აღნიშნულ ინფორმაციას სიცრუე უწოდა.

2 ივნისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ირანი აშშ-ის შეთავაზების უარყოფისთვის ემზადებოდა, რადგან ტრამპის მიერ წამოყენებული წინადადებები ირანის ინტერესებს არ შეესაბამებოდა. ძირითად სადავო საკითხად კვლავ რჩებოდა აშშ-ის მოთხოვნა, რომ ირანს ურანის გამდიდრება შეეწყვიტა და მისი მარაგი საზღვარგარეთ გაეტანა. ირანი, საპირისპიროდ, ითხოვდა სამშვიდობო მიზნებისთვის  ურანის გამდიდრების უფლებას და გარანტიას, რომ აშშ შეთანხმების წესებს მოგვიანებით არ შეცვლიდა. 9 ივნისს ირანმა საბოლოოდ უარყო ტრამპის ადმინისტრაციის წინადადება და განაცხადა, რომ პასუხად წარადგენდა თავის ინიციატივას, რომელიც მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდებზე განიხილებოდა.

უარის შემდეგ, აშშ-სა და ირანს შორის რიტორიკა გამწვავდა. 10 ივნისს პრეზიდენტმა ტრამპმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ირანი მოლაპარაკებებში „ბევრად უფრო აგრესიული“ ხდებოდა. მეორე დღეს ირანის თავდაცვის მინისტრმა აზიზ ნასირზადემ გააფრთხილა, რომ მოლაპარაკებების ჩაშლისა და კონფლიქტის დაწყების შემთხვევაში, ირანი რეგიონში ამერიკულ ბაზებს შეუტევდა. ტრამპი ასევე არაერთხელ დაემუქრა ირანს სამხედრო მოქმედებით, თუ შეთანხმება არ მიიღწეოდა.

ესკალაციის ფონზე, 2025 წლის 12 ივნისს IAEA-ს ბორდმა ირანი, ბირთვული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, დაუმორჩილებლად ცნო, რაც, 20 წლის განმავლობაში, პირველი შემთხვევაა იყო. IAEA-ის ბორდის რეზოლუციის თანახმად, ირანის გამდიდრებული ურანის მარაგების გამოყენება შეიძლებოდა როგორც რეაქტორის საწვავისთვის, ისე ბირთვული იარაღისთვის. ირანმა დადგენილება პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნია და განაცხადა, რომ ბირთვულ აქტივობებს გააგრძელებდა და კიდევ უფრო მეტ გამამდიდრებელ ობიექტსა და ცენტრიფუგას ააშენებდა.

 

„12-დღიანი ომი“

ირან-ისრაელის კონფლიქტი ათწლეულების წინ იღებს სათავეს. ამ ორ ქვეყანას, 1979 წლის ისლამურ რევოლუციამდე, მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა, რევოლუციის შემდეგ კი ირანმა ისრაელის საწინააღმდეგო პოზიცია დაიკავა და აქტიურად უჭერდა მხარს ჰეზბოლას, ჰამასსა და პალესტინის ისლამურ ჯიჰადს. 2023 წლის 7 ოქტომბერს, ჰამასის ისრაელზე თავდასხმის შემდეგ, ირან-ისრაელის ურთიერთობა მკვეთრად დაიძაბა. 2025 წლის ივნისში კი ორ ქვეყანას შორის დაპირისპირება გადაიზარდა სრულმასშტაბიან ომში, რომელსაც "12-დღიან ომად" მოიხსენიებენ.

12 ივნისს ისრაელმა დაარტყა ნათანზის ბირთვულ ობიექტს, რომელიც დედაქალაქიდან დაახლოებით 225 კმ-ის მანძილზე მდებარეობს.

წყარო: USA Today. თარგმნილია ავტორის მიერ

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ სამხედრო ოპერაცია სახელწოდებით „აღმავალი ლომი“ (Rising Lion) ირანის ბირთვული პროგრამის „გულისკენ“ იყო მიმართული და ირანის შეჩერება აუცილებელი იყო მოკლე დროში, რათა ბირთვული იარაღის წარმოება აღეკვეთათ. ამის საპირისპიროდ, ირანი კვლავ ამტკიცებდა, რომ მისი ბირთვული პროგრამა მხოლოდ მშვიდობიან მიზნებს ემსახურებოდა. ირანის უზენაესმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ განაცხადა, რომ ისრაელს „მკაცრი სასჯელი“ ელოდა, ხოლო ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა საჰაერო დარტყმები „ომის გამოცხადებად“ შეაფასა. 

საპასუხო იერიშები ირანმა რამდენიმე საათში განახორციელა, ოპერაცია „ჭეშმარიტი დაპირება 3-ის“ (True Promise 3) ფარგლებში, ბალისტიკური რაკეტებით დაარტყა ისრაელში მდებარე ათეულობით დასახლებულ სამიზნეს, სამხედრო ცენტრებსა და ავიაბაზებს. ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ქვეყანაში გაუშვეს დაახლოებით 100 რაკეტა, რომელთაგან უმეტესობა რკინის გუმბათის ანტისაჰაერო სისტემამ გაანეიტრალა. ისრაელმა, ირანის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ, შეტევები გაამკაცრა, რითაც სამხედრო კამპანია კიდევ უფრო გააფართოვა. დრონებმა ბუშერის პროვინციაში სამხრეთ პარსის გაზის საბადოს შეუტიეს - ეს მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი გაზის საბადოა და წარმოადგენს ირანის ენერგეტიკული წარმოების უმნიშვნელოვანეს სეგმენტს. მოგვიანებით, ისრაელმა თეირანში ორი  ძირითადი ენერგეტიკული ობიექტი გაანადგურა: შაჰრანის საწვავისა და ბენზინის საცავი და შაჰრ რეი, ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი ნავთობის გადამამუშავებელი ქარხანა.

ისრაელის დარტყმების შედეგად მიყენებული ზარალი შემდეგნაირად გამოიყურება: 2025 წლის 13 ივნისს „მეცნიერებისა და საერთაშორისო უსაფრთხოების ინსტიტუტმა“ (Institute for Science and Internatioal Security) გაავრცელა ინფორმაცია ნათანზის ბირთვულ ობიექტზე ისრაელის დარტყმების შესახებ, რომელმაც საპილოტე საწვავის გამდიდრების ქარხანა (PFEP) და მისი ელექტროინფრასტრუქტურა გაანადგურა. ინსტიტუტის შეფასებით, ელექტროენერგიის დაკარგვამ, სავარაუდოდ, ცენტრიფუგების დაზიანება გამოიწვია. 2025 წლის 14 ივნისის სატელიტური გამოსახულებების შემდგომმა მიმოხილვამ ინსტიტუტის პირველადი შეფასება შეცვალა. თუმცა, რადგან ზიანი მიწისქვეშაა და სატელიტურ გამოსახულებებში ზუსტი შედეგი არ ჩანს, კითხვები გაჩნდა ისრაელის ოფიციალური პირების მხრიდანაც, თუ რამდენად ეფექტური იყო აღნიშნული შეტევა. ინსტიტუტის თანახმად, თუ ცენტრიფუგები, ელექტროენერგიის გათიშვის გამო უკონტროლო გაჩერების გარდა, ფიზიკურადაც დაზიანდა, მაშინ თავდასხმა წარმატებული იყო.

ინსტიტუტის შეფასება შეესაბამება მომდევნო დღეს IAEA-ს გენერალური დირექტორის, რაფაელ მარიანო გროსის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ „თავდასხმის დღეს, როგორც ჩანს, მთავარი კასკადური დარბაზი დაზიანდა მიწაში... მიწისქვეშა კასკადურ დარბაზებზე დარტყმები კი სერიოზულად დამაზიანებელი იყო.“ 

ისრაელის თავდასხმას ემსხვერპლა რამდენიმე მნიშვნელოვანი სამხედრო ფიგურა, ბირთვული მეცნიერი და პოლიტიკოსი. ირანის ცნობით, დაიღუპა ათი სამხედრო გენერალი, რომელთაგანაც აღსანიშნავია: მოჰამედ ბაგერი - ირანის სამხედრო ძალების მთავარსარდალი, ალი ხამენეის შემდეგ, მეორე უმაღლესი მეთაური; გოლამალი რაშიდი - შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის მოადგილე; ჰოსეინ სალამი - ისლამური რევოლუციური გვარდიის კორპუსის მეთაური. მიუხედავად მაღალი რანგის სამხედრო მეთაურების დანაკარგისა, მათი მკვლელობა არ ყოფილა ისეთივე მასშტაბის, როგორიც იყო აიათოლა ხამენეის შემდეგ ყველაზე დიდი ძალაუფლების მქონე ფიგურის, ყასენ სოლეიმანის, მკვლელობა და ისინი მათივე მოადგილეებმა მალევე ჩაანაცვლეს.

წყარო: აშშ-ის თავდაცვის დაზვერვის სააგენტო. თარგმნილია ავტორის მიერ

თავდასხმის შედეგად, ასევე დაიღუპა რვა ბირთვული მეცნიერი, მათგან ერთ-ერთი, ფერეიდონ აბასი, ირანის ატომური ენერგიის ორგანიზაციის ყოფილი თავმჯდომარე იყო, მოჰამედ მეჰდი თეჰრანჩი კი - თეირანის აზადის ისლამური უნივერსიტეტის ყოფილი პრეზიდენტი. ისრაელის შეტევას ასევე ემსხვერპლა ალი შამხანი, ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ირანელი პოლიტიკოსი და აიათოლა ხამენეისთან დაახლოებული პირი, რომელიც ზედამხედველობდა აშშ-სთან მოლაპარაკებებს ბირთვული პროგრამის შესახებ.

ირანზე ისრაელის თავდასხმას გამოხმაურება მოჰყვა „წინააღმდეგობის ღერძისგან“ - ახლო აღმოსავლეთის რეგიონში ისლამისტური სამხედრო ჯგუფების ქსელი, რომელიც მოიცავს ლიბანის ჰესბოლას, პალესტინის ჰამასსა და სხვა ჯიჰადისტურ დანაყოფებს, იემენის ჰუსიტებს, სირიისა და ერაყის სხვადასხვა შიიტურ სამხედრო ჯგუფს. ჰესბოლამ დაგმო ისრაელის თავდასხმა ირანზე და მას საშიში ესკალაცია უწოდა, თუმცა ოფიციალურად განაცხადა, რომ საპასუხოდ, ისრაელს თავს არ დაესხმებოდა. ჰესბოლას მხრიდან, ისრაელზე შეტევისგან თავის შეკავება ლოგიკურიც იყო, გამომდინარე 2024 წელს მათი ორთვიანი დაპირისპირებიდან, რომელშიც ისრაელს აშკარა უპირატესობა ჰქონდა. 2023 წლის ოქტომბრიდან, ჰამასი ისრაელთან პირისპირ ბრძოლაშია ჩართული. შესაბამისად, ირანზე თავდასხმის საპასუხოდ, რესურსები ცალკე არ გამოუყვია.  რაც შეეხება ჰუსიტებს, მას შემდეგ, რაც ღაზაში ომი დაიწყო, ისრაელის წინააღმდეგ ცეცხლი არაერთხელ გახსნეს. გამონაკლისი არ ყოფილა არც 2025 წლის ივნისი, როდესაც ირანზე თავდასხმის საპასუხოდ, ჰუსიტებმა ოფიციალურად განაცხადეს, რომ ისრაელს შეუტიეს. „წინააღმდეგობის ღერძის“ მხრიდან თავშეკავება ომში მასშტაბურად ჩართვისგან ადასტურებს, რომ აღნიშნული ქსელი, ისრაელთან რამდენიმეწლიანი ბრძოლების გამო, დასუსტებულია.

22 ივნისს კონფლიქტში აშშ ჩაერთო. თავდაპირველად, ტრამპმა აქცენტი ბირთვული შეთანხმების მიღწევის მნიშვნელობაზე გააკეთა და ისრაელს თავდასხმისგან თავშეკავებისკენ მოუწოდა. თუმცა ისრაელის თავდასხმა ირანზე მან შეაფასა, როგორც „არაჩვეულებრივი“ და „ძალიან წარმატებული“, რაც მის პირვანდელ პოზიციას ეწინააღმდეგება. 21 ივნისს, თავდასხმის წინა დღეს, ტრამპმა განაცხადა, რომ ირანს, გონივრული გადაწყვეტილების მისაღებად, გარკვეულ დროს, მაქსიმუმ, ორ კვირას აძლევდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მასზე საჰაერო იერიშს მიიტანდა. მან ასევე თქვა, რომ შესაძლოა გადაწყვეტილება უფრო ადრე მიეღო, თუმცა ამ განცხადებიდან ერთ დღეში ირანზე თავდასხმა მაინც მოულოდნელი იყო. ამერიკამ იერიში მიიტანა ირანის მთავარ ბირთვულ ობიექტებზე ფორდოში, ნატანზსა და ისპაჰანში.

წყარო: The New York Times. ქართულად თარგმნილია ავტორის მიერ

ირანმა საპასუხოდ, დაპირებისამებრ, იერიში მიიტანა აშშ-ის სამხედრო ბაზაზე, ალ-უდეიდზე, რომელიც კატარში მდებარეობს. კატარის ოფიციალურმა პირებმა დაგმეს თავდასხმა და განაცხადეს, რომ კატარის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა წარმატებით მოიგერია ირანული რაკეტები. აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია. ირანის სამმა ოფიციალურმა პირმა, რომლებიც სამხედრო გეგმებს იცნობდნენ, თქვა, რომ ირანმა თავდასხმების შესახებ წინასწარ შეატყობინა კატარის ოფიციალურ პირებს, რათა მსხვერპლი მინიმალური ყოფილიყო.

23 ივნისის საღამოს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Truth Social პლატფორმაზე გამოაქვეყნა განცხადება, რომლის მიხედვითაც, ისრაელმა და ირანმა მიაღწიეს ფორმალურ შეთანხმებას, ცეცხლის სრულად შეწყვეტის თაობაზე. თუმცა, აღნიშნული განცხადების შემდეგ, ორივე მხარე აჟღერებდა ურთიერთბრალდებებს, ამ შეთანხმების დარღვევის შესახებ. ოფიციალურად, ომის დასრულების თარიღად 24 ივნისი სახელდება. 

ტრამპის თავდაპირველი განცხადებით, ირანზე თავდასხმამ სრულად გაანადგურა მისი ბირთვული შესაძლებლობები. თუმცა აშშ-ის დაზვერვამ მალევე განაცხადა, რომ ირანის ბირთვული აქტივობები მხოლოდ რამდენიმე თვით შეფერხდა. პენტაგონის მიერ 2 ივლისს  გაკეთებული განცხადება ეწინააღმდეგება დაზვერვის მიერ რამდენიმე დღის წინ გავრცელებულ ინფორმაციას - პენტაგონის თანახმად, აშშ-ის თავდასხმამ ირანის ბირთვული პროგრამის ორი წლით შეფერხება გამოიწვია. IAEA-ს გენერალურ დირექტორ  მარიო გროსიზე დაყრდნობით კი,  ირანს გამდიდრებული ურანის წარმოების დაწყება რამდენიმე თვეში შეუძლია, რადგან აშშ-სა და ისრაელის თავდასხმა იყო „მძიმე,“ მაგრამ არა - „აბსოლუტური.“ თავად ირანმა 25 ივნისს განაცხადა, რომ ირანის ბირთვული ობიექტები „ძლიერად დაზიანდა,“ თუმცა მეტი დეტალი არ გაუსაჯაროებია. გარდა ამისა, უცვლელია მისი პოზიცია, რომ ირანი ბირთვულ მასალებს მშვიდობიანი მიზნით იყენებს და მის წარმოებას აუცილებლად გააგრძელებს. ცნობები ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ, დღემდე განსხვავებულია და ზუსტი ზიანი, ინფორმაციის სიმწირიდან გამომდინარე, რთული დასადგენია. 

აშშ-ისა და ისრაელის თავდასხმის შემდეგ, ირანის პრეზიდენტმა მასუდ ფეზეშქიანმა IAEA დატოვა და განაცხადა, რომ სააგენტოს ინსპექტორებს ირანში შესვლის უფლება არ ექნებათ, რადგან არ არის დაცული ქვეყნის ბირთვული ობიექტების უსაფრთხოება და მათი მშვიდობიანი ბირთვული საქმიანობა. მიუხედავად იმისა, რომ ირანი IAEA-ს პირობებს, უკვე წლებია, აღარ ასრულებდა და მონიტორინგისთვის საჭირო სრულ ინფორმაციასაც არ აწვდიდა, სააგენტოს დატოვება უარყოფითი მოვლენაა - IAEA დაკარგავს წვდომას იმ ლოკაციებზე, რომლებზეც აქამდე შედიოდა და იმ ინფორმაციის განგრძნობითობაზე, რომელიც აქამდე საშუალებას აძლევდა, ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ შეფასება გაეკეთებინა. ამასთან IAEA-ს დატოვებამ შეიძლება წაახალისოს სხვა ქვეყნები, დაიწყონ ბირთვული მასალების უკონტროლოდ წარმოება, ან გამოვიდნენ არსებული შეთანხმებებიდან თუ სააგენტოებიდან, რაც სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის საერთაშორისო წესრიგსა და უსაფრთხოებას.

 

ისრაელისა და აშშ-ის ინტერესები

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ირანის ბირთვულ ობიექტებზე განხორციელებული დარტყმები შემდეგი მიზეზებით გაამართლა:

  1. ირანის ბირთვული შეიარაღების თავიდან აცილება: აშშ ამტკიცებდა, რომ ირანი ბირთვული იარაღის შექმნის ზღვარზე იყო, რასაც ადასტურებდა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) 2025 წლის 12 ივნისის ანგარიში, რომლის მიხედვითაც, ირანის გამდიდრებული ურანის მარაგი „ცხრა ბირთვული ბომბისთვის" იყო საკმარისი. დარტყმების მიზანი იყო საკვანძო ობიექტების (ფორდო, ნატანზი, ისპაჰანი) განადგურება, რათა ირანს აღარ ჰქონოდა ბირთვული იარაღისთვის საჭირო ურანის, განსაკუთრებით, ფორდოს ღრმად ჩამარხულ გამდიდრების ობიექტზე, წარმოების შესაძლებლობა.
  2. ისრაელის უსაფრთხოების მხარდაჭერა: ტრამპის ადმინისტრაციამ, ირანის საპასუხო სარაკეტო თავდასხმების ფონზე, ირანზე თავდასხმა ისრაელის მხარდაჭერისთვის აუცილებელ ნაბიჯად შეაფასა. ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის ბირთვულ პროგრამაზე შეტევა ამერიკის ინტერესების წინ წაწევასა და მათი მოკავშირეების, მათ შორის, ისრაელის, კოლექტიურ თავდაცვას ემსახურებოდა.
  3. ირანის შეკავება: პენტაგონმა და თეთრმა სახლმა დარტყმები აღწერეს, როგორც პასუხი ირანის მიერ IAEA-ს ბირთვული ვალდებულებების შეუსრულებლობასა და მის აგრესიულ პოზიციაზე, მათ შორის, ბირთვული გაუვრცელებლობის ხელშეკრულებიდან გასვლის მუქარასა და სარაკეტო გამოცდებზე. აშშ-ის მიზანი იყო ირანის შეკავება, შემდგომი ესკალაციისგან თავის ასარიდებლად.

მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური მიზეზები უსაფრთხოებასა და მოკავშირეთა თავდაცვის ვალდებულებებზეა ორიენტირებული, აშშ-ის გადაწყვეტილება შეიძლება რამდენიმე ნაკლებად გაჟღერებული მოტივაციითაც იყო განპირობებული.

  1. ტრამპის შიდა პოლიტიკური მიზნები: დარტყმები შეესაბამებოდა ტრამპის საარჩევნო დაპირებას, რომ მკაცრი პოზიცია დაეკავებინა ირანის მიმართ, განსხვავებით ბაიდენის დიპლომატიური მიდგომისგან. მაღალი დონის ოპერაციის წამოწყებით, ტრამპს შესაძლოა სურდა, განემტკიცებინა შიდა იმიჯი, როგორც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიმღები ლიდერისა. 
  2. ჩინეთისა და რუსეთის გავლენასთან შეწინააღმდეგება: ირანის მზარდი კავშირები ჩინეთთან და რუსეთთან საფრთხეს უქმნის აშშ-ის გავლენას ახლო აღმოსავლეთში. დარტყმები შესაძლოა მიზნად ისახავდა ირანის, როგორც რეგიონული ძალის, დასუსტებასა და მისი როლის მინიმიზებას, ჩინეთის „ერთი სარტყლის, ერთი გზის" ინიციატივაში.  
  3. ირანის „წინააღმდეგობის ღერძისა“ და პროქსი ქსელის ტესტირება: აშშ შესაძლოა იყენებდეს ირანის დასუსტებულ მდგომარეობას (გაუარესებული საჰაერო თავდაცვა და ეკონომიკა, შესუსტებული პროქსები, როგორიცაა 2024 წელს ისრაელის მიერ დაზარალებული ჰესბოლა), რათა გამოსცადოს მისი კონფლიქტებში წინააღდმეგობის გაწევის უნარი. ბირთვულ ობიექტებზე დარტყმით, აშშ შესაძლოა ამოწმებდეს, შეუძლია, თუ - არა ირანის „წინააღმდეგობის ღერძს“ ეფექტურად ფუნქციონირება. ამით აშშ შეძლებს, რეგიონის მასშტაბით გავლენის მოპოვებაში, ირანს სტრატეგიული წინააღმდეგობა გაუწიოს.

ირანის ბირთვულ ობიექტებზე იერიშის დაწყებისთვის, ისრაელის მთავარი გაცხადებული მოტივი ირანის მიერ ბირთვული იარაღის შემუშავების პრევენცია იყო. პრემიერ-მინისტრმა ნეთანიაჰუმ ცალსახად განაცხადა, რომ ნათანზის ბირთვულ ობიექტზე, ირანის ბირთვული პროგრამის „გულზე“, თავდასხმა აუცილებელი იყო ირანის მოკლე დროში შესაჩერებლად, რათა თავიდან აეცილებინა ბირთვული იარაღის წარმოება. აღნიშნული თანხვედრილია ისრაელის ხანგრძლივ შეშფოთებასთან, რაც გამოწვეულია ირანის ბირთვული ამბიციებით, განსაკუთრებით, ირანის მიერ ურანის მაღალ დონეზე გამდიდრების გაგრძელებისა და IAEA-ს პირობების შეუსრულებლობის გათვალისწინებით. გარდა ბირთვული იარაღის შექმნის პრევენციისა, ისრაელის ქმედებები, შესაძლოა, მიმართული ყოფილიყო ირანის ბირთვული ინფრასტრუქტურის ფუნდამენტური დემონტაჟისა და მისი რეგიონული გავლენის შემცირებისაკენ. 

ერთ-ერთი მიზანი, რომელიც ისრაელს ოფიციალურად არ განუცხადებია, დიდი ალბათობით, არის დასუსტება ირანის „წინააღმდეგობის ღერძისა“ და მისი პროქსი ჯგუფებისა, რომლებიც უშუალო საფრთხეს უქმნიან ისრაელის თავდაცვასა და უსაფრთხოებას. მიუხედავად იმისა, რომ პირდაპირი სამხედრო მოქმედებები ფოკუსირებული იყო ბირთვულ ობიექტებსა და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე, ირანის საერთო შესაძლებლობების შესუსტებამ შეიძლება ასევე შეამციროს მისი უნარი, დააფინანსოს და შეაიარაღოს აღნიშნული პროქსი ქსელები. 

 

„12-დღიანი ომის“ გავლენა რუსეთსა და საქართველოზე

2001 წელს ირანის პარლამენტმა რუსეთთან ყოველისმომცველი თანამშრომლობის შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა. ეს დოკუმენტი ძალაშია 2026 წლამდე. თუმცა მხარეებმა, იმის გათვალისწინებით, რომ შეთანხმება მოძველებულია და არ მოიცავს ამჟამინდელი ურთიერთობების ასპექტებს, ახალი შეთანხმების მომზადება გადაწყვიტეს. 2025 წლის იანვარში ირანმა და რუსეთმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას „ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის“ შესახებ, რომელიც „თავდაცვას, კონტრტერორიზმს, ენერგეტიკას, ფინანსებს, ტრანსპორტს, მრეწველობას, სოფლის მეურნეობას, კულტურას, მეცნიერებასა და ტექნოლოგიას“ მოიცავს.  მიუხედავად იმისა, რომ გარკვეულ წრეებში არსებობდა მოლოდინი, რომ რუსეთი ირანს, აღნიშნული ხელშეკრულებიდან გამომდინარე, სამხედრო დახმარებას გაუწევდა, რეალურად, შეთანხმება არ მოიცავს პუნქტს თავდასხმის მოგერიებაში ჩართულობის შესახებ. შესაბამისად, რუსეთს, გარდა იმისა, რომ მეორე ფრონტზე ბრძოლის რესურსები არ გააჩნია, ირანისთვის დახმარების გაწევას არც რომელიმე შეთანხმება არ აიძულებდა.

ომმა, შეიძლება ითქვას, რუსეთზე დიდი გავლენა ვერ მოახდინა, თუმცა მის იმიჯს, სტრატეგიული პარტნიორების დასუსტებით, ზიანი მაინც მიადგა. რაც შეეხება უშუალოდ რუსეთ-უკრაინის ომს, ირანზე თავდასხმას (უდიდესი ნაწილი იყო ბირთვულ ინფრასტრუქტურაზე შეტევა) რუსეთისთვის შაჰიდის დრონების მიწოდება არ შეუმცირებია, გამომდინარე იქიდან, რომ რუსეთი თათრეთის რეგიონის საწარმოში თავად აწყობს ირანული ტიპის შაჰიდებს. რუსეთისთვის ამ ომის დადებითი მხარე იყო დასავლეთისა და განსაკუთრებით, ამერიკის ყურადღების გადატანა რუსეთ-უკრაინის ომიდან.

გეოგრაფიული დისტანციისა და ომის ხანგრძლივობიდან გამომდიარე, ირანში მიმდინარე მოვლენებს საქართველოზე მნიშვნელოვანი ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენა არ მოუხდენია. თუმცა აღსანიშნავია „ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე ხვთისიაშვილის, დასწრება ირანის საელჩოში გამართულ ღონისძიებაზე, რომელიც „ირანის ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ ისრაელის რეჟიმის მიერ განხორციელებული შეიარაღებული თავდასხმის დროს დაღუპულ მოწამეთა ხსოვნას“ მიეძღვნა. აღნიშნულმა განცხადებამ უკმაყოფილება გამოიწვია საქართველოში ისრაელის საელჩოში. „ქართული ოცნება“, ანტიდასავლური პოლიტიკის ფონზე, ორჯერ ესტუმრა ირანს, რაც კიდევ უფრო აშორებს მას ევროპული პერსპექტივისგან. იმ შემთხვევაში, თუ რეგიონში ომი ისევ და უფრო დიდი მასშტაბებით გაგრძელდა, საქართველო შესაძლებელია მიგრანტების ნაკადების მიმღებად იქცეს, თუმცა არა იმ რაოდენობით, რამდენსაც ირანის ახლო მოკავშირე და მოსაზღვრე სომხეთი მიიღებს. აზერბაიჯანს, რომელიც ირანის უშუალო მეზობელია, მეზობლებთან სახმელეთო საზღვრები დახურული აქვს.

 

სრული დოკუმენტი, შესაბამისი წყაროებით, ბმულებითა და განმარტებებით, იხ. მიმაგრებულ ფაილში.


ავტორ(ებ)ი

ლიკა ხუციბერიძე