პუბლიკაციები

"ქართული ოცნების" რეპრესიული მექანიზმების მორიგი "გაახლება"

"ქართული ოცნების" პარლამენტმა დაჩქარებული წესით, რეპრესიული პოლიტიკის კიდევ უფრო გამკაცრების მიზნით, მორიგი ცვლილებები შეიტანა სხვადასხვა კანონში, მათ შორის, რეპრესიების მთავარ დასაყრდენში - საბჭოთა კავშირისდროინდელ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში.

ცვლილებების მიზნად სახელდება საზოგადოებრივი უსაფრთხოების თვალსაზრისით არსებულ გამოწვევებზე სახელმწიფოს ადეკვატური რეაგირების შესაძლებლობის გაჩენა. სწორედ აქ ჩნდება პირველივე კითხვა: რომელ გამოწვევებზე საუბრობს რეჟიმი და რატომ მიიჩნევს, რომ ამ გამოწვევებს არსებული მექანიზმები ეფექტურად ვერ პასუხობს? კითხვა რიტორიკულია. ცხადია, მთავარი გამოწვევა არის რეჟიმის წინააღმდეგ უწყვეტი პროტესტის შეჩერება, საბოლოოდ ჩახშობა კრიტიკული აზრისა, რომელიც, ამ დრომდე, უმკაცრესი ღონისძიებების მიმართაც კი რეზისტენტულია.

მეტიც, ამ პროცესში, როგორც ჩანს, თავად რეჟიმი დადგა რესურსების ამოწურვის საფრთხის ქვეშ და მოუწია სხვადასხვა ნაბიჯის გადადგმა, რასაც, ერთი მხრივ, მოქალაქეებზე კიდევ უფრო დამაშინებელი ეფექტი უნდა ჰქონდეს, მეორე მხრივ, მოქალაქეთა უმკაცრესად დასჯის პროცესი მაქსიმალურად უნდა გაამარტივოს. ყოველ შემთხვევაში, ჩანაფიქრი ასეთია. თუმცა, მიიღწევა, თუ - არა მიზანი, დასჭირდება, თუ - არა რეჟიმს დამატებითი მექანიზმების შემოღება და რეპრესიული მანქანის კიდევ უფრო გამკაცრება, ასევე, ვისი რესურსი უფრო შეეწირება ამ პროცესს, ამას დრო გვანახებს. მიზნის მიღწევის საშუალებების ზოგადი შეფასება კი ამ ეტაპზეც მეტ-ნაკლებად შესაძლებელია.

ამასთან საინტერესოა, რომ ამ ერთ-ერთ ყველაზე მძიმე პროცესში, თავისი წარმოდგენით, თავისსავე სასარგებლოდ, რეჟიმმა ნაწილობრივ აღიარა ის, რის იგნორირებასაც მრავალი წლის განმავლობაში ცდილობდა -  ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში სისხლისსამართლებრივი ბუნების მქონე ნორმების არსებობა და მათზე სათანადო სამართლებრივი სტანდარტის გაუვრცელებლობა.

„პრაქტიკაში ნორმის ეფექტიან აღსრულებას, ხშირ შემთხვევაში, პასუხისმგებლობის ადეკვატური ზომების არსებობა განაპირობებს. ამ კუთხით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი ითვალისწინებს იმგვარ დარღვევებს, რომლებიც, თავისი ბუნებით, წვრილმან სამართალდარღვევას არ წარმოადგენს და საჭიროებს მკაცრ მიდგომას“, - ვკითხულობთ განმარტებით ბარათში.

კანონპროექტის დასაბუთებაში ასევე მოხმობილია საქმე „მაქარაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“. ამ საქმეზე მსჯელობისას, ევროპულმა სასამართლომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ, მართალია, საქართველოს კანონმდებლობით, სამართალდარღვევა, რომლის ჩადენასაც მოსარჩელეებს ედავებოდნენ, ადმინისტრაციულად კლასიფიცირდებოდა, თუმცა, მის კარგად ჩამოყალიბებულ პრეცედენტულ სამართალზე დაყრდნობით, მოსარჩელეთათვის დაკისრებული ადმინისტრაციული სახდელის (ადმინისტრაციული პატიმრობა) - რომელიც იწვევს თავისუფლების აღკვეთას და წმინდად სადამსჯელო ხასიათისაა - გათვალისწინებით, კონვენციის მიზნებისთვის, სასამართლომ სისხლის სამართლებრივი ბუნების დარღვევად მიიჩნია და შესაბამისად, იმ სტანდარტით მიუდგა, რომლითაც ჩვეულებრივ სისხლის სამართლის ბრალდების საქმეს განიხილავდა.

შესაბამისად, ეს ნამდვილად აღიარებაა იმისა, რომ საბჭოთა კავშირის დროს მიღებული და დღემდე მოქმედი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი მართლაც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი ბუნების მქონე სამართალდარღვევებს. ამ უკანასკნელს კი საკმაოდ წარმატებით და მოქნილად იყენებენ პრაქტიკაში. აღიარებასთან ერთად, ეს ერთგვარი ანონსიც არის, რომ ამ სახის სამართალდარღვევები კიდევ უფრო გამრავლდება და ზომები კიდევ უფრო მეტად გამკაცრდება, მაგალითად, ადმინისტრაციული პატიმრობის 60 დღემდე გაზრდით და სხვა მკაცრი სანქციების შემოღებით.

თავის მხრივ, ამაში პრობლემას ვერ ხედავს ინიციატორი და იმოწმებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკასაც, რომლის მიხედვითაც, ადმინისტრაციული პატიმრობის არსებობა აპრიორი არ წარმოადგენს ევროპული კონვენციით დაცული უფლებების დარღვევას, თუკი დაცულია დაკავებული პირის სამართლებრივი მდგომარეობა და საპროცესო გარანტიები.

მართალია, განმარტებითი ბარათი, პროცედურული გარანტიების თვალსაზრისით, არსებულ მდგომარეობაზე ბევრს არაფერს ამბობს, თუმცა გამკაცრებული ნორმების სისხლისსამართლებრივი ბუნებიდან გამომდინარე, საქმის განხილვის სტანდარტის დახვეწასა და სტანდარტებისა და მტკიცების ტვირთის სისხლისსამართლებრივთან მიახლოებაზე აპელირებს.

წინამდებარე სტატიის მიზანია, აჩვენეოს ამ მექანიზმების უკიდურესად რეპრესიული ბუნება, გააანალიზოს მათთან მიმართებით გამოყენებული საქმის განხილვის მექანიზმები და დაგანახოთ ცვლილებების რეალური მიზეზები.

 

სრული დოკუმენტი, შესაბამისი წყაროებით, ბმულებითა და განმარტებებით, იხ. მიმაგრებულ ფაილში.


ავტორ(ებ)ი

თამარ ქეცბაია