პუბლიკაციები

ცვლილებები "მაუწყებლობის შესახებ" კანონში - მედიაზე ზეწოლის მორიგი ინსტრუმენტი

ილუსტრაცია: Audrey Jaylo

2024 წლის 28 ნოემბერს, როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები შეაჩერა, დაწყებული სამოქალაქო პროტესტის პარალელურად, ერთპარტიულმა პარლამენტმა არაერთი რეპრესიული კანონი მიიღო. ეს პროცესი გრძელდება და ფაქტობრივად, ყოველ სასესიო კვირაში „ქართული ოცნება“ აინიცირებს ახალ რეპრესიულ საკანონმდებლო რეგულაციას, რომლითაც, პირველ რიგში, იზღუდება გამოხატვისა და შეკრება-მანიფესტაციების თავისუფლება. ფინანსურად და შინაარსობრივად შემზღუდავი საკანონმდებლო ცვლილებები ეხება მედიასაც, განსაკუთრებით კი, ტელე-რადიომაუწყებლებს. თუმცა აქვე ისმის მოწოდებები ონლაინ მედიის დარეგულირების აუცილებლობაზეც.

„ქართული ოცნების“ პარლამენტში 19 თებერვალს რეგისტრირებული საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად, იკრძალება „მაუწყებლის მიერ უცხოური ძალისგან პირდაპირი ან არაპირდაპირი დაფინანსების (ფულადი თანხის ან ქონებრივი ღირებულების სხვა სახის მატერიალური სიკეთის) მიღება (გარდა კომერციული რეკლამისა, ტელეშოპინგისა, სპონსორობისა და პროგრამაში პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსებისა). ამასთანავე, აკრძალულია უცხოური ძალის მიერ მაუწყებლის მომსახურების შესყიდვა (გარდა კომერციული რეკლამისა და პროდუქტის განთავსებისა) ან/და პროგრამის მომზადების ან/და ეთერში გადაცემის პირდაპირი ან ირიბი დაფინანსება ან თანადაფინანსება“. ამავე პროექტის მიხედვით, „უცხოური ძალა“ განმარტებულია, როგორც: ა) „უცხო სახელმწიფოს ხელისუფლების სისტემის შემადგენელი სუბიექტი; ბ) ფიზიკური პირი, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე; გ) იურიდიული პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე არ არის დაფუძნებული; დ) ისეთი ორგანიზაციული წარმონაქმნი (მათ შორის, ფონდი, ასოციაცია, კორპორაცია, კავშირი, სხვა სახის ორგანიზაცია) ან პირთა სხვა სახის ისეთი გაერთიანება, რომელიც უცხო სახელმწიფოს სამართლის ან/და საერთაშორისო სამართლის საფუძველზეა დაფუძნებული“. კანონპროექტის განმარტებით ბარათში, ამ ცვლილების მიღების მთავარ საფუძვლად აღნიშნულია, რომ „საჭიროა საკანონმდებლო დონეზე შეიზღუდოს მაუწყებლის მიერ უცხოური ძალისგან დაფინანსების მიღება, რაც უზრუნველყოფს უცხოური ძალის მიერ მაუწყებლის საშუალებით საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე ზეგავლენის შემცირებას“.

ამდენად, კანონის მიღების შემთხვევაში, მაუწყებლებს (ტელევიზია, რადიო) აღარ ექნებათ უცხოური დაფინანსების, მათ შორის, გრანტების მიღების შესაძლებლობა, რაც, ისედაც მწირი შემოსავლებისა და პატარა სარეკლამო ბაზრის ფონზე, შესაძლოა მათი ფუნქციონირებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საშუალება ყოფილიყო.

ამავე პროექტით, კერძო მაუწყებლებს აეკრძალებათ დაფინანსების მიღება სოციალური რეკლამის განთავსების სანაცვლოდ და რჩებათ მხოლოდ ვალდებულება, სამ საათში არანაკლებ 90 წამი დაუთმონ უფასო სოციალურ რეკლამას. კანონპროექტის განმარტებით ბარათში, ამ შეზღუდვის დაწესების აუცილებლობა ფორმალურადაც კი არ არის განმარტებული. შესაბამისად, აქედანაც ჩანს „ქართული ოცნების“ მიზანი - გარდა კომერციული რეკლამისა, გადაუკეტოს ალტრენატიული დაფინანსების ყველა წყარო კერძო მაუწყებლებს, ხოლო შემდგომში, კომერციული რეკლამის თანხები, ბიზნესთან გარიგებისა თუ სხვა უფრო ხისტი  გზებით, მხოლოდ მის მიმართ ლოიალური მაუწყებლებისკენ მიმართოს. აქვე აღსანიშნავია, რომ ეს აკრძალვა დიდ გამოწვევას უქმნის რეგიონულ მაუწყებლებს. „რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის“ დირექტორის, ნათია კუპრაშვილის განცხადებით, მსგავსი მაუწყებლებისთვის შემოსავლის მნიშვნელოვანი წყაროა სოციალური რეკლამიდან მიღებული თანხები.

„მაუწყებლობის შესახებ“ კანონში „ქართულ ოცნებას“ შეაქვს ისეთი ცვლილებებიც, რომლებიც მედიის შინაარსს არეგულირებს. კერძოდ, აქამდე მედიის თვითრეგულირებაში არსებული საკითხები სრულად ექცევა კომუნიკაციების კომისიის რეგულირების ქვეშ. კომუნიკაციების კომისია არაერთგზის არის მხილებული მაუწყებლების მიმართ შერჩევით მიდგომაში, ხელისუფლებისადმი კრიტიკული მედიასაშუალებების შინაარსში ჩარევასა და მათ მიმართ არაპროპორციულად მაღალი ჯარიმების დაწესებაში. კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაური სანქცირებულია უკრაინისა და ლიეტუვის მიერ. ასევე, იგი ევროპარლამენტის ბოლო რეზოლუციაში მოხსენიებულია იმ პირთა სიაში, რომლებზეც სანქციების დაკისრების რეკომენდაცია გაიცა, იმ დასაბუთებით, რომ ისინი ხელს უწყობენ ქვეყანაში მოქმედ რეპრესიულ სახელმწიფო აპარატს. ეს ყველაფერი კი აჩენს მოლოდინს, რომ ახალი რეგულაციები სწორედ „ქართული ოცნებისადმი“ კრიტიკული მედიის წინააღმდეგ იქნება მიმართული.

როგორც აღვნიშნეთ, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონს ემატება და კომუნიკაციის კომისიის რეგულირების სფეროში გადადის ვალდებულებები ტელე- და რადიომაუწყებლობის სტანდარტებთან დაკავშირებით, მათ შორის, ფაქტის ჯეროვანი სიზუსტე და პასუხის უფლება, სამართლიანობა და მიუკერძოებლობა, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, ფარული მეთოდის გამოყენებით ინფორმაციის მოპოვება და გადაცემა, შეიარაღებული დაპირისპირების, უბედური შემთხვევისა და სხვა საგანგებო ვითარების გაშუქება და არასრულწლოვან პირთა დაცვის ცალკეული საკითხები. გარდა ამისა, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის ცვლილების პროექტი შესაძლებლობას იძლევა, დაინტერესებულმა პირმა მაუწყებელს ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივლოს.

სხვა არაერთ ბუნდოვან დათქმასთან ერთად, რომლებიც კომუნიკაციების კომისიას მაუწყებლების შინაარსში ჩარევის ფართო უფლებამოსილებას აძლევს, გამოსარჩევია „სამართლიანობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად“ გამიზნული რეგულაციები. კანონპროექტის თანახმად, „დაუშვებელია მაუწყებლის მიერ ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამაში პოლიტიკური ან სხვა სახის დაპირისპირების ამსახველი ინფორმაციის ან საჯარო პოლიტიკის მიმდინარე საკითხების გაშუქება, მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე. დაუშვებელია მაუწყებლის მიერ ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამაში რომელიმე პოლიტიკური პარტიის, საზოგადოებრივი, რელიგიური გაერთიანების ან სხვა ინტერესთა ჯგუფის მხარდამჭერი ან საწინააღმდეგო პოზიციის გამოხატვა“. გარდა ამისა, საავტორო პროგრამის ჟურნალისტებს კანონი დაავალდებულებს, თავიდან აიცილონ ფაქტების დამახინჯება და განსხვავებული აზრის არასწორი ინტერპრეტირება. აღნიშნული ნორმები, მათი ბუნდოვნებიდან და განუსაზღვრელობიდან გამომდინარე, შესაძლებლობას მისცემს კომუნიკაციების კომისიას, ედავოს მაუწყებელს, ფაქტებისა და მოსაზრებების დამახინჯების გამო, რაც, საბოლოოდ, შეიძლება მივიდეს ჯარიმების დაკისრებამდე ან სამაუწყებლო ლიცენზიის შეჩერებამდეც კი. გარდა ამისა, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის საბაბით, რეგულირდება ფარული ჩანაწერის გაკეთება, რაც ზოგიერთ შემთხვევაში, საგამოძიებო ჟურნალისტიკის მნიშვნელოვანი ხელსაწყოა. გამართლებული იყო, თუ - არა კონკრეტულ შემთხვევაში ფარული ჩაწერა საზოგადოებრივი ინტერესით, ამასაც კომუნიკაციების კომისია გადაწყვეტს.

მაუწყებლის მიერ მომზადებული მასალის შინაარსთან დაკავშირებული საკითხების მედიის თვითრეგულირებიდან კომუნიკაციების კომისიის რეგულირებაში გადატანა, გარდა ცენზურის უდიდესი საფრთხისა, წარმოშობს თვითცენზურის რისკსაც, რადგან ჟურნალისტებს ეცოდინებათ, რომ მათ მიერ წარმოთქმული ნებისმიერი ფრაზა შეიძლება სადავო გახდეს კომისიასა თუ სასამართლოში.

აღსანიშნავია, რომ მაუწყებლების შინაარსობრივი რეგულირების კონტექსტში ნახსენებ არაერთ შემზღუდავ ნორმას, კანონპროექტის მეორე მოსმენის შემდეგ, დაემატა დათქმა, რომ ინიციირებული შინაარსობრივი რეგულაციები გავრცელდება არა მხოლოდ სამაუწყებლო საშუალებებზე, არამედ მათ ვებგვერდებსა და სოციალური ქსელების პლატფორმების გვერდებზეც.

ცვლილებების ინიციატორები - ერთპარტიული პარლამენტის წარმომადგენლები - აცხადებენ, რომ მათ გადმოაქვთ მედიის ბრიტანული რეგულირების მოდელი. თუმცა, „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ კვლევის თანახმად, ეს ცვლილებები არსებითად განსხვავდება ბრიტანული სტანდარტებისგან და შემოაქვს არაერთი ბუნდოვანი დათქმა, როგორებიცაა, მაგალითად, „განსხვავებული აზრის არასწორი ინტერპრეტირება“, „ჯეროვანი მიუკერძოებლობისა“ და „ბალანსის დაცვის“ ბრიტანული ვერსიისგან განსხვავებული განმარტება და ა.შ. „ქართული ოცნების“ მიერ ინიციირებული ცვლილებები სრულად ბრიტანულის იდენტურიც რომ იყოს, გასათვალისწინებელია ის კონტექსტი, რომელიც ამ ნორმების ფუნქციონირებას თან ახლავს. კერძოდ, ბრიტანეთისგან განსხვავებით, საქართველოში არ არსებობს არავითარი საშუალება, რომ მაუწყებელმა თუ კონკრეტულმა ჟურნალისტმა საკუთარი ინტერესები და თავისუფალი სიტყვა სასამართლოს მეშვეობით დაიცვას, რადგანაც საქართველოში სასამართლო სისტემა სრულად ემსახურება მოქმედი რეჟიმის ინტერესებს. მეტიც, ბრიტანული სასამართლოს პირობებშიც კი, მაუწყებელთა რეგულირების ბრიტანულ მოდელს მედიისა და შესაბამის აკადემიურ სფეროში არაერთი კრიტიკოსი ჰყავს, რომელთა თანახმადაც, ბრიტანეთში დღეს არსებული კანონმდებლობა რეგულატორს საშუალებას აძლევს, უხეშად ჩაერიოს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებაში. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების ბრიტანულ მოდელთან სრულიად უკონტექსტო აფილირება სხვა არაფერია, თუ არა რეპრესიების დაკანონების დემოკრატიული ფასადით შეფუთვის მცდელობა.

გარდა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებებისა, 2025 წლის 17 მარტს ასევე ცნობილი გახდა, რომ „ქართული ოცნების“ პარლამენტი განიხილავს იურისტისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილი პროფესორის, ავთანდილ კახნიაშვილის, საკანონმდებლო წინადადებას, რომლის თანახმადაც, უნდა აიკრძალოს ფოტო- და ვიდეოგადაღება საქართველოს სასამართლოებში სისხლის სამართლის საქმეთა განხილვისას. შესაბამისად, აკრძალვა შეეხება მედიასაც. „ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილისადმი მიწერილ წერილში კახნიაშვილი აცხადებს, რომ სისხლის სამართლის საქმეების შეუზღუდავი გამჭვირვალობა ბრალდებულებს სასამართლო დარბაზების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების საშუალებას აძლევს. ცალსახაა, რომ, დამტკიცების შემთხვევაში, აღნიშნული საკანონმდებლო წინადადებაც გამოყენებული იქნება სახელმწიფოს რეპრესიული აპარატის გასაძლიერებლად, რომელსაც „მასობრივი რეპრესიების გამართლებაში ხელს უშლის რეპრესირებული ადამიანების პროცესების საჯარო ჩვენება და თავისი უსამართლობისა და თვითნებობის მასშტაბის საჯარო დემონსტრაცია“.

 

***

„მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის ქართულ მედიაგარემოს, მედიის დამოუკიდებლობასა და სიტყვის თავისუფლებას. უცხოური დაფინანსების აკრძალვა, კომუნიკაციების კომისიის უფლებამოსილების გაზრდა და მაუწყებლების შინაარსობრივ რეგულირებაში სახელმწიფოს ჩარევა ქმნის წინაპირობას, მედიის კონტროლის გაძლიერებისთვის. გარდა ამისა, სოციალური რეკლამისგან შემოსავლის მიღების აკრძალვა, სავარაუდოდ, მძიმე გავლენას მოახდენს მაუწყებლებზე, განსაკუთრებით კი, რეგიონულ მედიასაშუალებებზე. ამასთან, კომუნიკაციების კომისიისთვის გადაცემული ამდენად ფართო უფლებები ქმნის არა მხოლოდ ცენზურის, არამედ თვითცენზურის გაძლიერების რისკსაც. აღნიშნული ცვლილებები, სასამართლოსა და ფაქტობრივად, ყველა საჯარო ინსტიტუტის პოლიტიკური კონტროლის ფონზე, მედიის თავისუფლების შეზღუდვას ემსახურება და კრიტიკული ჟურნალისტიკის ჩახშობას შეუწყობს ხელს.

საბოლოო ჯამში, მედიასთან დაკავშირებული ყველა ეს რეგულაცია საქართველოში ავტორიტარიზმის საერთო სურათის ნაწილია და კიდევ ერთხელ წარმოაჩენს მოქმედი რეჟიმის მისწრაფებას - „უცხო ძალებისგან“ თუ ე.წ. „დიფ სთეითისგან“ ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვის პროპაგანდისტული მოტივით, საკუთარი ძალაუფლება გაიმყაროს.

 

სრული დოკუმენტი, შესაბამისი წყაროებით, ბმულებითა და განმარტებებით, იხ. მიმაგრებულ ფაილში.


ავტორ(ებ)ი

დავით ქუტიძე