პუბლიკაციები

ომის გავლენა საინფორმაციო ტექნოლოგიების სექტორზე

საქართველოში, საქონლით ვაჭრობისგან განსხვავებით, მომსახურების ექსპორტი უფრო მეტია, ვიდრე იმპორტი. 2024 წელს საქართველოდან 7 699.9 მლნ აშშ დოლარის ღირებულების მომსახურების ექსპორტი (წლიურად 9.2%-იანი ზრდა) განხორციელდა, როცა იმავე პერიოდში იმპორტი 3 822.9 მლნ აშშ დოლარის ღირებულების (წლიურად 5.6%-იანი ზრდა) იყო.

მომსახურებით ვაჭრობის პროფიციტი ტურიზმს უკავშირდება. მომსახურების ექსპორტში ტურიზმის როლი მაღალია, რადგან ამ უკანასკნელის კონტრიბუცია ½ -ს აღემატება. თუმცა ექსპორტში არანაკლები მნიშვნელობის როლი კომპიუტერული და საინფორმაციო მომსახურების სექტორს აქვს. კომპიუტერული და საინფორმაციო მომსახურება  საინფორმაციო ტექნოლოგიების ძირითადი ნაწილია.

საქართველოში საინფორმაციო ტექნოლოგიების დარგი, ეკონომიკის სხვა მიმართულებებთან შედარებით, სწრაფად მზარდი სექტორია. ბოლო ათწლეულში ეკონომიკის უმეტესი დარგი თითქმის გაორმაგდა, მაგრამ საინფორმაციო ტექნოლოგიების სექტორში რეალური ეკონომიკის ზომა 4.7-ჯერ გაიზარდა.

გრაფიკი 1: ეკონომიკის სექტორების რეალური ზრდა 2015-2024 წლებში (-ჯერ ზრდა) 

წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

ამ პერიოდში საინფორმაციო ტექნოლოგიების სექტორი დაახლოებით 30 ათას შრომისუნარიან ადამიანს ასაქმებს. რიგი შეფასებებით, სექტორში დასაქმებულთა 70-75% უცხო ქვეყნის მოქალაქეა, ხოლო 80%-ზე მეტი კი - უცხოური კაპიტალი. სექტორში შექმნილი დოვლათის მნიშვნელოვანი ნაწილი კი ექსპორტია.

ბოლო ათწლეულში საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ექსპორტი თვალსაჩინოდ გაზრდილია. ამის მიზეზი, განვითარებულ ეკონომიკებთან შედარებით, საქართველოში დაბალი საგადასახადო წნეხი და იაფი მუშახელია. ასეთ პირობებში, განვითარებული ქვეყნის კომპანიისთვის მეტად ხელსაყრელია საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების მიღება საქართველოდან.

გრაფიკი 2: კომპიუტერული და საინფორმაციო მომსახურების ექსპორტი

წყარო: ეროვნული ბანკი; საერთაშორისო სავალუტო ფონდი

უფრო მეტიც, 2020 წლიდან ექსპორტზე ორიენტირებული საინფორმაციო პრივილეგირებული საგადასახადო რეჟიმი და უცხოური ინვესტიციების მხარდაჭერის პროგრამა ამოქმედდა. ამგვარმა ფისკალურმა პოლიტიკამ უფრო მეტად ხელსაყრელი გახადა საქართველოში ოპერირება ექსპორტზე ორიენტირებული კომპიუტერული და საინფორმაციო მომსახურების კომპანიებისა და სამუშაო ძალისთვის.

მოგვიანებით, 2022 წლიდან,  კომპიუტერულ და საინფორმაციო მომსახურებაში წარმოებისა და ექსპორტის მკვეთრი გაფართოების მნიშვნელოვანი მიზეზი გახდა საქართველოში მიგრაცია რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ, რასაც მოჰყვა საქართველოში კვალიფიციური მუშახელის შემოდინება, განსაკუთრებით, რუსეთიდან. რუსეთიდან შემოსულ მიგრანტთა უმეტესობა დასაქმებული იყო საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში.

ხსენებული მიზეზებიდან გამომდინარე, 2022 წელს კომპიუტერული და საინფორმაციო მომსახურების ექსპორტი 235.2%-ით გაიზარდა, ხოლო 2023 წელს - 53.2%-ით. ასეთი ზრდის შედეგად, 2023 წლისთვის, ექსპორტის ღირებულებამ 784.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

გრაფიკი 3: სატელეკომუნიკაციო, კომპიუტერული და საინფორმაციო მომსახურების ექსპორტი, 2023 წელი

წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

საქართველოდან საინფორმაციო ტექნოლოგიების სექტორის მიერ მომსახურების მიწოდების დანიშნულების მთავარი ადგილი ამერიკული ბაზარია. 2023 წელს აშშ-ში ექსპორტის ღირებულებამ 303.3 მლნ დოლარი შეადგინა. ეს კი მთლიანი ექსპორტის 34%-ია. არა მხოლოდ მომსახურებით, არამედ მთლიანად, ყველა კატეგორიის ვაჭრობაში, საქართველოდან ამერიკაში ძირითადი საექსპორტო სეგმენტი კომპიუტერული მომსახურებაა.

კომპიუტერული მომსახურების ექსპორტი, ომის შემდგომ პერიოდში,  დიდწილად, მკვეთრად გაიზარდა ერთი კომპანიის („ეპამ სისტემს საქართველო“, რომლის შემოსავლები კომპიუტერული მომსახურების ექსპორტის ღირებულების 35.2% იყო) ხარჯზე.

თუმცა 2023 წლის მეორე ნახევრიდან ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორის რეალური ზრდის ტემპი შენელდა, ხოლო 2024 წელს  კომპიუტერული და ინფორმაციის მომსახურების ექსპორტი 12.3%-ით შემცირდა. ამის ძირითადი მიზეზი იყო ის, რომ ომის შემდეგ შემოსული მიგრანტების ნაწილმა საქართველო დატოვა. მიგრანტების გადინება  2023 წლის მეორე ნახევრიდან დაიწყო. 2024 წლის დასაწყისისთვის კი, შემოსული მიგრანტების მინიმუმ ნახევარი საქართველოდან გავიდა. სწორედ ამაზე მიუთითებს საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტი მიგრანტების მსხვილი დამსაქმებელი და კომპიუტერული მომსახურების ძირითადი ექსპორტიორი  „ეპამ სისტემს საქართველოც“. თუკი კომპანია 2022 წლის ბოლოს 5 ათასზე მეტ ადამიანს ასაქმებდა, 2023 წლის ბოლოს ეს მაჩვენებელი 3.5 ათასამდე იყო შემცირებული. კომპანიის მმართველობითი ანგარიშის მიხედვით, დასაქმებულთა შემცირების მიზეზი გახდა ის, რომ მომდევნო პერიოდში მოხდა რუსეთ-უკრაინის ომის გამო შემოსული და კომპანიაში დასაქმებული ადამიანების ნაწილის რეემიგრაცია სხვა რეგიონებში.

 

***

რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, საქართველოდან კომპიუტერული და საინფორმაციო მომსახურების ექსპორტი მკვეთრად გაიზარდა. ზრდის მიზეზია ომის გამო შემოსული მიგრანტები, რომელთა დიდი ნაწილი საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტი იყო. სექტორის გაფართოება პირდაპირ უკავშირდება საქართველოში მათ ჩამოსვლასა და საქმიანობის გაგრძელებას. ამ პროცესს კი წინ უძღოდა ექსპორტზე ორიენტირებული საინფორმაციო ტექნოლოგიების კომპანიებისა და მათში დასაქმებულთათვის არსებითი საგადასახადო შეღავათების დაწესება. შესაბამისად, საგადასახადო კუთხით მიმზიდველ გარემოს მალევე ომის ეფექტი დაემთხვა.

თუმცა მომდევნო პერიოდში მიგრანტთა ნაწილმა საქართველო დატოვა, რამაც გავლენა მოახდინა საინფორმაციო ტექნოლოგიების სექტორში წარმოებისა და მომსახურების ექსპორტის შემცირებაზე. ამრიგად, თუ შემოსული კვალიფიციური მუშახელის რეემიგრაცია გაგრძელდა, საინფორმაციო ტექნოლოგიების გაფართოების წყარო გაქრება. ეს კი კომპიუტერული და საინფორმაციო მომსახურების ექსპორტის დინამიკის გაუარესებაში აისახება.

 

სრული დოკუმენტი, შესაბამისი წყაროებით, ბმულებითა და განმარტებებით, იხ. მიმაგრებულ ფაილში.


ავტორ(ებ)ი

ეგნატე შამუგია