პუბლიკაციები

საჯარო სექტორის როლი დასაქმებაში

პანდემიიდან მოყოლებული შრომის ბაზრის მდგომარეობის დადებითი დინამიკა გასულ წელს შეიცვალა. 2025 წელს შემცირდა როგორც დასაქმების, ისე სამუშაო ძალაში მონაწილეობის დონე. ეს კლება შრომისუნარიანი მოსახლეობის შემცირებასა და ამავდროულად, სამუშაო ძალიდან ასეთი ადამიანების გასვლას უკავშირდება. გასულ წელს შრომისუნარიანი მოსახლეობა 12.2 ათასით შემცირდა, ხოლო  სამუშაო ძალის გარეთ მყოფი მოსახლეობა 3.6 ათასით გაიზარდა. საერთო ჯამში, დასაქმებულთა რაოდენობა 12.8 ათასი ადამიანით შემცირდა, რაც დასაქმების დონის 0.2 პროცენტული პუნქტით კლებაში აისახა. გასულ წელს დასაქმების დონემ - 46.9%, ხოლო უმუშევრობის მაჩვენებელმა 13.9% შეადგინა.

საკუთრების ფორმის მიხედვით დასაქმებულთა დინამიკის სურათი განსხვავებულია. კერძო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა 24.7 ათასი შრომისუნარიანი ადამიანით, 2.3%-ით შემცირდა, ხოლო ამ პერიოდში საჯარო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა 3.6%-ით გაიზარდა.  გასულ წელს საჯარო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობამ 334.7 ათასი ადამიანი შეადგინა, რაც მთლიანი დასაქმების 24.1%-ია. 

გრაფიკი 1: დასაქმებულთა განაწილება საკუთრების ფორმის მიხედვით (ათასი პირი)

წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

შრომისუნარიანი ადამიანების დასაქმებაში მთავრობის წვლილი, პანდემიის შემდეგ პერიოდში, გაზრდილია. ამ პერიოდიდან შრომის ბაზარზე მთავრობის კონტრიბუციის მატება  არის საჯარო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობის ყოველწლიური ზრდის შედეგი.

დროის ამავე მონაკვეთში გაფართოებულია სამთავრობო სექტორის დანახარჯებიც.  ბოლო წლებში, დასაქმების ზრდასთან ერთად, ერთ დასაქმებულზე განაწილებული ერთიანი ბიუჯეტის რეალური დანახარჯებიც გაზრდილი იყო. ეს კი ნიშნავს, რომ პანდემიის შემდეგ მთავრობის რეალური დანახარჯები უფრო სწრაფად გაიზარდა, ვიდრე ასეთი ხარჯების უზრუნველსაყოფად გამოყენებული შრომითი რესურსი. პოსტპანდემიურ პერიოდში საჯარო სექტორმა საქონლისა და მომსახურების მიწოდებაში ნაკლები მუშახელი გამოიყენა, მაგრამ, სხვა ქვეყნებთან შედარებით, ეს მაჩვენებელი მაღალია. საქართველოს საჯარო სექტორის მიერ უფრო მეტი ადამიანური რესურსია გამოყენებული, ვიდრე შესადარებლად შერჩეულ ტრანზიციულ ქვეყნებში - საშუალოდ.

გრაფიკი 2: საჯარო სექტორის ერთ დასაქმებულზე ერთიანი ბიუჯეტის რეალური ხარჯები  (2010 =100, ათასი ლარი)

წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური, ფინანსთა სამინისტრო, ავტორის გამოთვლები

თუმცა პანდემიის პერიოდიდან მოყოლებული დინამიკა გასულ წელს შეიცვალა. 2025 წელს ერთ დასაქმებულზე განაწილებული რეალური დანახარჯების დონე 3.8%-ით შემცირდა, რაც ამ პერიოდში საჯარო სექტორის უფრო მაღალი ტემპით დასაქმების შედეგია.

 

***

ამრიგად, პოსტპანდემიური პერიოდიდან მოყოლებული, მთავრობა არა დასაქმების ხელშემწყობი იყო, არამედ თავად  დამსაქმებელი. მართალია, მოკლევადიან პერიოდში საჯარო დასაქმების ზრდა ამცირებს უმუშევრობას, მაგრამ გრძელვადიან პერიოდში ასეთი პოლიტიკა ბაზრიდან კერძო სექტორის გამოდევნას იწვევს. მაგალითად, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის წევრი ქვეყნების შრომის ბაზრის ორმოცწლიანი პერიოდის მონაცემებზე დაფუძნებულმა  ემპირიულმა კვლევამ აჩვენა, რომ მთავრობის მიერ საჯარო სექტორში ასი სამუშაო ადგილის შექმნას კერძო სექტორში ას ორმოცდაათი ადგილის მოსპობა შეუძლია. გარდა ამისა, საჯარო სექტორში დასაქმების ზრდამ შეიძლება მთლიანი ეკონომიკის პროდუქტიულობა შეამციროს, რესურსების არაეფექტიანი განაწილების გზით. სამთავრობო სექტორში დასაქმებისა და რეალური დანახარჯების ზრდა იწვევს  რესურსების ხელახლა განაწილებას კერძოდან საჯარო სექტორში, მაღალპროდუქტიული სექტორიდან - ნაკლებად პროდუქტიულში. შესაბამისად, ბოლო წლებში საჯარო სექტორის წვლილის მატება შრომის ბაზარზე, მომავალში მასზე უარყოფით გავლენას მოახდენს.

 

სრული დოკუმენტი, შესაბამისი წყაროებით, ბმულებითა და განმარტებებით, იხ. მიმაგრებულ ფაილში.


ავტორ(ებ)ი

ეგნატე შამუგია