ჯოზეფ რაზი და სამართლის უზენაესობის ღირებულება
შესავალი
სამართლის უზენაესობას, როგორც ყველა ფუძემდებლურ პოლიტიკურ იდეალს, არც აპოლოგეტები აკლია და არც მტრები. თუმცა, სამართლის უზენაესობას გამორჩეულად ჰყავს კეთილსინდისიერი კრიტიკოსები, რომელთა აზრის სიღრმე და თანმიმდევრულობა უფრო ნათლად წარმოაჩენს მას, ვიდრე თავგამოდებული დამცველის ხოტბა. ჯოზეფ რაზი სწორედ ამგვარი კრიტიკოსი იყო, რომელმაც, საბოლოოდ, სამართლის უზენაესობის ორიგინალური თეორია და მისი ფილოსოფიური დაცვა შემოგვთავაზა და რომლის წვლილიც სამართლის უზენაესობისადმი ფილოსოფიურ ინტერესს კიდევ დიდხანს შესძენს დროულობას და სიცოცხლეს.
გასული საუკუნის უკანასკნელი დიდი სამართლის ფილოსოფოსისა და მისი მემკვიდრეობისთვის იარლიყის მარტივად გამოძებნა წარუმატებლობისთვისაა განწირული. ერთადერთი მიკუთვნება, რომელსაც თავად რაზი მთელი ცხოვრება ამაყად ატარებდა, ანალიტიკური სამართლებრივი პოზიტივიზმისადმი ერთგულებაა, ფილოსოფიური სკოლისადმი სამართლის შესახებ, რომელიც რაზის მასწავლებელმა ჰერბერტ ჰარტმა შექმნა.
ჰარტის, მაშინ უკვე აღიარებული სამართლის ფილოსოფოსისა და რაზის, ახალგაზრდა იურისტი სტუდენტის შეხვედრამ ისრაელში, რაზის სამშობლოში, მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ინგლისურენოვან სამყაროში სამართლის ფილოსოფიის განვითარების ტრაექტორიაზე 1960-იანი წლებიდან (Lacey, 2006).
ჰერბერტ ჰარტს ნაკლებად უმართლებდა პროტეჟეების არჩევანში. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ასეთებად თავის მთავარ კრიტიკოსებს ირჩევდა. რონალდ დვორკინისთვის ოქსფორდის იურისპრუდენციის კათედრის ხელმძღვანელობის გადაცემამ ჰარტსა და დვორკინს შორის ადამიანური ურთიერთობებიც კი ვერ გამოასწორა, არათუ მათი შეურიგებელი ფილოსოფიური პოზიციები დააახლოვა (Lacey, 2006).
ამის საპირისპიროდ, რაზი ჰარტის მიერ შექმნილი სკოლის საკვანძო წევრი და ჰარტის გარდაცვალების შემდეგ მისი მემკვიდრე გახდება. მასწავლებლის მემკვიდრეობა რაზისთვის არ ყოფილა აზრის ჩამხშობი და ორიგინალობის წამრთმევი. პირიქით, რაზის სამართლებრივი პოზიტივიზმი ჰარტისეულ საფუძველზე დაშენებული ორიგინალური ფილოსოფიური თეორიაა, რომელიც მნიშვნელოვნად აფართოებს ანალიტიკური სამართლებრივი პოზიტივიზმის ჰორიზონტს. რაზის წვლილი იმდენად ფუნდამენტურია, რომ მის გარეშე ანალიტიკური სამართლებრივი პოზიტივიზმის ნებისმიერი განხილვა არასრულყოფილი და დეფექტური იქნება.
რაზმა შეძლო გამოსულიყო ჰარტის ჩრდილიდან, მაგრამ, ამავე დროს, საძირკვლის დონეებზე შეენარჩუნებინა მასწავლებლის აზრთან ბმა და განგრძობადობა. რაზი იშვიათად იმეორებს ჰარტს პირდაპირ და არგუმენტის განვრცობის გარეშე. ჰარტის ნააზრევთან ტექსტობრივი მსგავსება, ძირითადად, სამართლებრივი პოზიტივიზმის საბაზისო მტკიცებების გამეორებაშია, თუმცა რაზი არასდროს უჭერს მხარს ამ პრინციპებს იდენტური საბუთებით და დამოუკიდებელი ფილოსოფიური გამოკვლევის გარეშე.
ამ მოკლე წერილში ერთ ასეთ შემთხვევას განვავრცობთ. კერძოდ, რაზის ერთგულებას სამართლის უზენაესობის ღირებულების შესახებ ჰარტის პრინციპული პოზიციისადმი, რომელიც მან ლონ ფულერის კრიტიკის საპასუხოდ წარმოადგინა. რაზის მიერ აღნიშნული პოზიციისადმი მკაფიოდ გამოხატული ერთგულება მზარდ შინაგან წინააღმდეგობაში მოდის სამართლის უზენაესობაზე რაზისვე ნააზრევთან, რომელიც ათწლეულების განმავლობაში ვითარდება და მწიფდება.
ეს შინაგანი წინააღმდეგობა არ არის წინააღმდეგობა მხოლოდ რაზის სამართლის ფილოსოფიაში, არამედ სამართლებრივი პოზიტივიზმის, როგორც ფილოსოფიური თეორიის, ცენტრშიცაა. ეს წინააღმდეგობა განსაკუთრებით მწვავდება, როდესაც ანალიტიკური სამართლებრივი პოზიტივიზმი ცდილობს გასცდეს ფილოსოფიური თეორიის შინაგანი ლოგიკური თანმიმდევრულობის ობსესიას და სამართლებრივი რეალობის დაფუძნებას -მოწესრიგებას განიზრახავს.
სამართლის უზენაესობა როგორც ბოროტების შესაძლო ინსტრუმენტი
ჰარტის მიერ დაფუძნებული ანალიტიკური სამართლებრივი პოზიტივიზმის მთავარი საყრდენი არის მტკიცება, რომლის მიხედვითაც: „არ არსებობს აუცილებელი კავშირი სამართალსა და მორალს შორის (Hart, 1958, 601). ამ მტკიცებაში სიტყვა: „აუცილებელი“ ლოგიკურად იწვევს ანალიტიკური პოზიტივიზმის ორი მიმდინარეობის განვითარებას.
„ინკლუზიური“ ანალიტიკური პოზიტივისტები შესაძლებლად მიიჩნევენ მორალური კრიტერიუმების დაწესებას სამართლის სავალდებულო ძალის დასაფუძნებლად და ასეთ გადაწყვეტას სრულ შემთხვევითობად და კონტექსტით განპირობებულად არ მიიჩნევენ (Greene, 2003, 2019).
„ექსკლუზივისტური“ ანალიტიკური პოზიტივიზმის მომხრეები კი სამართლის ვალიდურობისთვის მორალური კრიტერიუმის დადგენას ყოველთვის გამონაკლისად და ხდომილებად მიიჩნევენ. ჰარტისთვის სამართლებრივი ვალდებულების წყარო ყოველთვის არის სამართლებრივი წესი, რომლის ვალიდურობაც (და არა ლეგიტიმურობა) აღიარების წესთან“ (‘rule of recognition’) მისი შესაბამისობიდან მოდის (Greene, 2003, 2019).
ჰარტი აღიარებს, რომ სამართლებრივი წესით დადგენილი ვალდებულების სავალდებულოობა ადამიანისთვის შესაძლოა სხვა წყაროებიდან, მათ შორის, მორალური ვალდებულებებიდანაც იყოს ნაწარმოები, თუმცა სამართლებრივად რელევანტური მხოლოდ აღნიშნული ვალდებულების სამართლებრივი წესით (rule) დადგენაა.
რაზი კიდევ უფრო ამკაცრებს ჰარტის მიდგომას, რითაც ექსკლუზივისტური ანალიტიკური პოზიტივიზმის წინამძღოლად ყალიბდება. რაზი ამტკიცებს, რომ სამართლებრივ წესს მიღმა, ამ წესით დადგენილი ვალდებულების ალტერნატიული (მორალური) წყაროები არა მხოლოდ რელევანტური არ არის სამართლებრივი ვალდებულების დასადგენად, არამედ სამართლებრივ წესს ვალდებულების ყველა ალტერნატიული წყაროს გამორიცხვის ეფექტი აქვს. სამართლებრივი წესი, რაზის მტკიცებით, არის სამართლებრივი ვალდებულების „ექსკლუზიური გონივრული საბუთი“, ის გამორიცხავს ყველა სხვა საბუთს ამ ვალდებულების არსებობის დასადგენად (Raz, 1979).
ჰარტი მთელი კარიერის მანძილზე ამბივალენტურად ტოვებდა თავის პოზიციას ექსკლუზივისტურ და ინკლუზიურ მიმდინარეობებს შორის არჩევანზე. გარდაცვალების შემდგომ გამოქვეყნებული მისი magnum opus-ის „სამართლის ცნების“ (‘The Concept of Law’) მეორე გამოცემის ბოლოთქმას ხშირად კითხულობენ როგორც ჰარტის გადახრას ინკლუზიური სკოლისკენ. თუმცა, ეს ინტერპრეტაცია მაინც არასაკმარისად დამაჯერებელია ექსკლუზივისტურ მიმდინარეობასთან ჰარტის კავშირის სრულად გასაწყვეტად.
ასეთი წყვეტის დასაბუთება უფრო რთულდება თუ გავითვალისწინებთ ჰარტის მოდერნული ბუნებითი სამართლის სკოლასთან პოლემიკის მეორე, უფრო ფუნდამენტურ, დონეს, კერძოდ, მის დებატს ლონ ფულერთან. ამ დაპირისპირების საგანი არ არის სამართლებრივი ვალდებულების მორალურ წყაროზე დაფუძნების საკითხი, არამედ თავად ადამიანების საზოგადოებაში თანაცხოვრების სამართლებრივი წესების საფუძველზე მოწესრიგების სიკეთის საკითხი.
ჰარტი საზოგადოებაში ადამიანთა თანაცხოვრების სამართლებრივ მოწესრიგებაში მხოლოდ სოციალური კონტროლის ტექნიკას ხედავს. იგი იმასაც აღიარებს, რომ სოციალური კონტროლის ამ ფორმამ [სამართლებრივი წესების მეშვეობით განხორციელებულმა] რომ იმუშაოს, ის სპეციფიკურ მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს.
„ამ სახის სოციალურმა კონტროლმა რომ იმუშაოს, სამართლებრივმა წესებმა განსაზღვრული პირობები უნდა დააკმაყოფილონ: ისინი გასაგები უნდა იყონ, ზოგადად უმეტესობას უნდა შეეძლოს მათდამი დამორჩილება და რეტროსპექტული არ უნდა იყონ გარდა გამონაკლისებისა. ეს ნიშნავს, რომ მეტწილად მათ ვისაც ამ წესების შეუსრულებლობისთვის დასჯიან ექნებოდათ უნარი და შესაძლებლობა რომ მათ დამორჩილებოდნენ.“ [‘If social control of this sort is to function, the rules must satisfy certain conditions: they must be intelligible and within the capacity of most to obey, and in general they must not be retrospective, though exceptionally they may be. This means that, for the most part , those who are eventually punished for breach of the rules will have had the ability and opportunity to obey.’] (Hart, 1994, 207) [ორიგინალიდან მოხმობილი ყველა ციტატის თარგმანი ეკუთვნის ავტორს.]
ჰარტი ასკვნის, რომ „წესების საფუძველზე განხორციელებული [სოციალური] კონტროლის ეს მახასიათებლები „მჭიდროდ უკვავშირდებიან სამართლიანობის მოთხოვნებს, რომლებსაც იურისტები კანონიერების პრინციპებს უწოდებენ.“ [‘Plainly these features of control by rule are closely related to the requirements of justice which lawyers term principles of legality’] (Hart, 1994, 207). ჰარტი მოიხმობს ლონ ფულერს, როგორც „პოზიტივიზმის ერთ კრიტიკოსს“, რომელიც წესებით კონტროლის ამ ასპექტებში სამართალსა და მორალს შორის აუცილებელ კავშირს ხედავს და კანონიერების პრინციპებს „სამართლის შიდა მორალს უწოდებს“. [Indeed one critic of positivism has seen in these aspects of control by rules , something amounting to a necessary connection between law and morality, and suggested that they be called 'the inner morality of law'] (Hart, 1994,207).
ჰარტის თქმით, თუ სამართალსა და მორალს შორის აუცილებელ კავშირში მხოლოდ ეს იგულისხმება, მაშინ ამას თავადაც იზიარებს. თუმცა, ამ რიტორიკული თანხმობის მიღმა ჰარტი ერთი წინადადებით კიდევ უფრო აღრმავებს ფულერის თეორიასთან წინააღმდეგობას. „სამწუხაროდ, წერს ჰარტი, ეს [სამართალსა და მორალს შორის კავშირი კანონიერების პრინციპების მეშვეობით] თავსებადია ძალზე დიდ უსამართლობასთან.“ [‘Again, if this is what the necessary connection of law and morality means, we may accept it. It is unfortunately compatible with very great iniquity’] (Hart, 1994,207).
მიუხედავად ფულერის დაჟინებისა, რომ ჰარტმა წარმოადგინოს უფრო დეტალური არგუმენტი თუ რას გულისხმობს „ძალზე დიდ უსამართლობასთან“ თავსებადობაში (Fuller, 1969), ჰარტი მთელი შემდგომი კარიერის მანძილზე უარს ამბობს თავისი პოზიციის ერთი წინადადების მიღმა დაკონკრეტებაზე.
ფულერის ამ გამოწვევას პოზიტივისტების ბანაკიდან სერიოზულად მხოლოდ რაზი მიიღებს. თუმცა რაზიც თავის კონფრონტაციას ფულერთან (და ფრიდრიხ ჰაიეკთან) ისე წარმართავს, რომ ფულერის ცენტრალური მტკიცება სამართლის უზენაესობის პრინციპებზე („სამართლის შიდა მორალზე“) ფულერისვე პოზიციის საპირისპიროდ მიმართავს (Raz, 1979).
ფულერი არ ამტკიცებს, რომ სამართლის უზენაესობის დაცვით ყველა არსებითად ბოროტი მიზნის მიღწევა შეუძლებელია. სამართლის შიდა მორალთან შესაბამისობით, შესაძლებელია, ბოროტი მიზნების განხორციელებაც, თუმცა ფულერის მტკიცებითვე არსებობს იმგვარი ბოროტი მიზნებიც, რომელთა სამართლებრივი განსაზღვრება და სამართლებრივი გზით მიღწევა, შეუძლებელია.
ჰარტისა და ფულერის პოლემიკა კონცენტრირდება ნაცისტურ გერმანულ სამართლის სისტემაზე, რომელიც ორივეს საკუთარი თეორიის საუკეთესო ვალიდაციად წარმოუდგენია. ჰარტისთვის ნაცისტური სამართლის სისტემა გვიჩვენებს, როგორ ინარჩუნებენ სამართლებრივ ძალას ყველაზე უფრო უსამართლო კანონებიც კი. ფულერისთვის ნაცისტური კანონები ასეთივე ცხადი დემონსტრაციაა იმისა, თუ როგორ უკარგავს სამართლის შიდა მორალთან ღია კონფლიქტი კანონს სამართლებრივ ძალას.
სამართლის უზენაესობა და კარგი სამართლის უზენაესობა
რაზის პირველი ფუნდამენტური ნაშრომი სამართლის უზენაესობაზე 1970-იან წლებში გამოქვეყნდა და დღემდე რჩება სამართლებრივი პოზიტივიზმის საკვანძო ტექსტად ამ თემაზე (Raz, 1979). ესეიში რაზის პოლემიკას სამართლის უზენაესობის ორ მთავარ თეორეტიკოსთან ლონ ფულერთან და ფრიდრიხ ჰაიეკთან ორი მიზანი აქვს - კრიტიკული და კონსტრუქციული. რაზის მიზანი არ არის მხოლოდ მათი ფილოსოფიური თეორიების გამცდარება, არამედ ამ თეორიების კრიტიკის საფუძველზე, სამართლის უზენაესობის შესახებ, საკუთარი ფილოსოფიური თეორიის ჩამოყალიბებაც.
რაზი აღნიშნულ ტექსტში გამოკვეთს საკუთარი თეორიის ძირითად საყრდენებს, თუმცა სამართლის უზენაესობის შესახებ სრული ფილოსოფიური თეორიის დაცვას ის მხოლოდ კარიერის მიწურულს, 2019 წელს გამოქვეყნებულ ესეიში დაასრულებს (Raz, 2019).
რაზის მიზანი არის სამართლის უზენაესობის იმგვარი თეორიის ჩამოყალიბება, რომელიც თავსებადი იქნება სამართლებრივი პოზიტივიზმის მთავარ მტკიცებასთან სამართალსა და მორალს შორის აუცილებელი კავშირის არარსებობაზე. ეს წინააღმდეგობრივი ამოცანაა, რამდენადაც სამართლის უზენაესობის ღირებულების სრულად უარყოფა შეუძლებელია. ამისათვის არა მხოლოდ საკმარისი გონივრული საბუთი არ არსებობს, არამედ სამართლის უზენაესობის ღირებულების აღიარების გარეშე შეუძლებელი იქნება მისი ფილოსოფიური დაცვაც.
რაზის სტრატეგია ამ მხრივ რამდენიმე საყრდენზე დგას. პირველ რიგში, ეს სამართლის უზენაესობის ღირებულების კალიბრაციაა. როგორც რაზი წერს, ერთ-ერთი უპირატესობა რომელიც სამართლის უზენაესობის მისეულ დოქტრინას აქვს, არის ის, რომ „ძალიან ბევრია ისეთი ღირებულება, რომელსაც ის არ ემსახურება (Raz, 1979, 219).“ ამ მიდგომის ნაწილია, სამართლის უზენაესობის ღირებულების დახასიათება ნეგატიურ ღირებულებად. რაზის მტკიცებით, სამართლის უზენაესობის ღირებულება ნეგატიურია იმდენად, რამდენადაც მისი სიკეთე მხოლოდ მის მიერ თავიდან აცილებული ბოროტებით განისაზღვრება.
რაზის აზრით, ნეგატიური ღირებულება ასევე გულისხმობს იმასაც, რომ სამართლის უზენაესობას მხოლოდ იმ ბოროტების აცილება შეუძლია თავიდან, რომელიც მხოლოდ თავად სამართლით მიიღწევა. აღნიშნული თვისება, რაზის აზრით, სამართლის უზენაესობის ღირებულების ნაკლოვანება კი არა, მისი განსაკუთრებულობაა - სამართლის უზენაესობა სამართლის საკუთარი სიქველეა [law’s own virtue], რომელიც მხოლოდ სამართალს ახასიათებს (Raz, 2019).
თუმცა მისი ღირებულების კალიბრაცია და ნეგატიურ ღირებულებად წარმოჩენა, ჯერ კიდევ არ არის საკმარისი იმისთვის, რომ სამართლის უზენაესობის დაცვა სამართალსა და მორალს შორის აუცილებელი კავშირის არარსებობის პოზიტივისტური პოსტულატის უარყოფაში არ გადაიზარდოს.
იმისათვის რომ პოზიტივიზმის მთავარ თეზისთან ბმა არ დაკარგოს, რაზი ამტკიცებს, რომ მიუხედავად სამართლის უზენაესობის ცხადი ღირებულებისა, სამართლის უზენაესობა არ არის კარგი სამართლის უზენაესობა, რომ ის არ უზრუნველყოფს სამართალსა და მორალს შორის აუცილებელ კავშირს.
„თუ სამართლის უზენაესობა კარგი სამართლის უზენაესობაა, მაშინ მისი ბუნების ასახსნელად სრულყოფილი სოციალური ფილოსოფიის ჩამოყალიბებაა აუცილებელი, მაგრამ ასეთ შემთხვევაში ეს ცნება ყოველგვარ სასარგებლო დანიშნულებას მოკლებული იქნებოდა.“ - წერს რაზი (Raz,1979,211). თუმცა, ამის მიუხედავად, ის მაინც მნიშვნელოვან ინტელექტუალურ ძალისხმევას ხარჯავს სამართლის უზენაესობის დასაცავად.
რაზის უთანხმოებები სამართლის უზენაესობების დამცველებთან წარმოდგენილია როგორც მცდელობა ეს მნიშვნელოვანი პოლიტიკური იდეალი იხსნას იდეოლოგიზებული გადაჭარბებისგან და მისგან მომდინარე ფუჭი და არარეალისტური მოლოდინებისგან. თუმცა რაც არ უნდა რადიკალური იყოს რაზისეული გამიჯვნები სამართლის უზენაესობის „სქელტანიანი“ თეორიების დამცველებთან, მათთან მნიშვნელოვანი თანხმობის წერტილები მაინც რჩება, რომლის ხაზგასმასაც რაზი პირდაპირ ყოველთვის თავს არიდებს.
მაგალითისთვის, რაზი ერთი მხრივ, ამტკიცებს, რომ სამართლის უზენაესობის დაცვით ადამიანის ღირსებისა და ადამიანის უფლებების ყველაზე უფრო სასტიკი დარღვევებია შესაძლებელი, მეორე მხრივ, კი ასევე ამტკიცებს, რომ სამართლის უზენაესობის განზრახ დარღვევა ყოველთვის არღვევს ადამიანის ღირსების პატივისცემის მოთხოვნას და თვით სამართლის უზენაესობის საწინააღმდეგო კანონების აღსრულებას სჭირდება სამართლის სისტემა და მისი ინსტიტუტები, რომლებიც სულ მცირე ნაწილობრივ მაინც აკმაყოფილებენ სამართლის უზენაესობის მოთხოვნებს.
მეტიც, რამდენადაც რაზის აზრით სამართლის უზენაესობა სამართლის ეფექტურობის განმაპირობებელი მთავარი ღირებულებაა, იმისათვის რომ რაიმე სიკეთეს მიაღწიოს, კანონმა, პირველ რიგში, სამართლის უზენაესობის მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილოს. აქ რაზი თითქმის სიტყვა-სიტყვით იმეორებს ლონ ფულერს, თუმცა თავად ზედაპირულადაც კი არ შენიშნავს ამ თანხვედრას.
იმავეს თქმა შეიძლება რაზის პოლემიკაზე ფრიდრიხ ჰაიეკთან. მასთანაც, რაზს იმაზე მეტი თანხვედრა აქვს, ვიდრე ამის აღიარება სურს. რაზი ერთი მხრივ, ეთანხმება ჰაიეკს მტკიცებაში, რომ სამართლის უზენაესობის დაცვას მნიშვნელოვანი კავშირი აქვს ინდივიდუალური თავისუფლების დაცვასთან. თუმცა, რაზი აკრიტიკებს ჰაიეკს, რომ მას ეს კავშირი ზედმეტად ფართოდ ესმის და სამართლის უზენაესობის დაცვა არათუ პოლიტიკური თავისუფლების ფილოსოფიური ცნების დაცვას ვერ უზრუნველყოფს სრულად, არამედ ნეგატიური თავისუფლებისაც ბერლინისეული გაგებით (როგორც ჩარევისგან თავისუფალი ადამიანური საქმიანობის სფეროების) (Raz, 1979).
რაზი ამტკიცებს, რომ ჰაიეკის ფორმალური თანასწორობის კონცეფცია, რომელსაც ის სამართლის უზენაესობის პრინციპებში ჩააშენებს და სამართლის ფარგლებში თავისუფლების აუცილებელ პირობად წარმოგვიდგენს, ასევე დეფექტურია, რადგან საბოლოოდ „თანხმობაზე დაფუძნებული ხელისუფლების“ კონცეფციაში გარდაიქმნება და სამართლის უზენაესობის კარგი სამართლის უზენაესობასთან გათანაბრებამდე მივყავართ (Raz,1979).
ჰაიეკთან ამ პოლემიკის მიუხედავად, რაზი ჯერ კიდევ სამართლის უზენაესობის შესახებ პირველ ტექსტში ამტკიცებს, რომ სამართლის უზენაესობა შესაძლოა თავიდან ვერ გვარიდებდეს თვითნებობის ყველა ფორმას, თუმცა ის მაქსიმალურად ზღუდავს თვითნებობის ერთ-ერთ ყველაზე უფრო გავრცელებულ ფორმას - ძალაუფლების გამოყენებას პირადი ინტერესებისთვის და საზოგადოების წევრთა ინტერესების საზიანოდ (Raz, 1979).
სამართლის უზენაესობის თეორიის საბოლოო დაცვისთვის კი რაზს არ ჰყოფნის მხოლოდ თვითნებობის ამ ფორმის თავიდან არიდებიდან ნაწარმოები ნეგატიური ღირებულება და სამართლის უზენაესობას უკავშირებს „ხელისუფლების როგორც მეურვის“ კონცეფციას. რაზის აზრით, ხელისუფლება არა მხოლოდ არ უნდა გამოიყენებოდეს ხელისუფალთა კერძო ინტერესებისთვის, არამედ ცხადად უნდა გამოიყენებოდეს ხელისუფლების სუბიექტთა ინტერესებისთვის.
„ხელისუფლებები ასრულებენ სამართლის უზენაესობის მოთხოვნებს, როდესაც ისინი მოქმედებენ და ძალაუფლებას ახორციელებენ კანონის შესაბამისად. ხელისუფლებებს პრეტენზია აქვთ მორალურ ლეგიტიმაციაზე ნაწილობრივ იმიტომ, რომ ისინი სამართლის სისტემის საფუძველზე არიან დაფუძნებულნი და სამართალი იძლევა გონივრულ საბუთებს რომლებიც ავალდებულებენ ხელისუფლებებს რომლებსაც ისინი აფუძნებენ. ხელისუფლება თვითნებურად იქცევა, როდესაც არ ცდილობს კანონის შესაბამისად მოქმედებას. სამართლის უზენაესობის მოთხოვნებთან შესაბამისობის ტესტი არის ხელისუფლების ცხადი განზრახვის მიხედვით მოქმედება, რომ მოემსახუროს ხელისუფლების სუბიექტების ინტერესებს, როგორც ისინი გამოხატულნი არიან კანონით და ამ კანონის მორალურად სათანადო განმარტებითა და აღსრულებით. აღნიშნულს ვუწოდებ [სამართლის უზენაესობის] იდეა-ბირთვს.“ [‘Governments conform to the rule of law when they act and exercise their power according to law. Governments claim to be morally legitimate in part because they are constituted by a legitimate system of law, and that law provides reasons that bind the government that it constitutes. The government acts arbitrarily when not trying to follow the law. The test of conformity to the rule of law is acting with manifest intention to serve the interests of the governed, as expressed by the law and its morally proper interpretation and implementation. I will call that the core idea’] (Raz, 2019, 7-8).
სამართლის უზენაესობის ამგვარი იდენტიფიკაცია კარგი სამართლის უზენაესობასთან, როგორც რაზიდან ციტირებულ ამ მონაკვეთშია, არ გვხვდება არც ფულერთან და არც ჰაიეკთან. თუმცა, უნდა ითქვას, რომ რაზს თანმიმდევრულობისადმი ანალიტიკური ფილოსოფოსის ობსესია აიძულებს, რომ ყველაფერი რაც ნაგულისხმევია მის მიერ თუნდაც ნაწილობრივ გაზიარებულ თეზისებში ნათლად და მკაფიოდ ჩამოაყალიბოს.
რაზი კვლავ ინარჩუნებს პოლემიკურ გამიჯვნებს ბუნებითი სამართლის პოზიციებთან. თუმცა მისი ყველაზე რადიკალური მტკიცებებიც კი, საბოლოოდ, ვერ მიჯნავს სამართლის უზენაესობის შესახებ მათი თეორიებისგან. „სულელური იქნება, წერს რაზი, იმის მტკიცება, რომ სამართლის უზენაესობასთან შესაბამისობას შეუძლია სრულად აღმოფხვრას ძალაუფლების თვითნებურად გამოყენება ან სამართლებრივი ძალაუფლების ბოროტად გამოყენების სხვა ფორმები. ის უბრალოდ ეხმარება ამის მიღწევას.“ [It would be foolish to claim that conformity to the rule of law can completely eliminate arbitrary use of power, or other forms of abuse of legal power. It merely helps to do so] (Raz, 2019, 14).
ამ მტკიცებაში რაზს ბუნებითი სამართლის სკოლის ყველა ავტორი დაეთანხმებოდა ვისთანაც მას პოლემიკა აქვს. მეტიც, ისინი რაზს იმაშიც დაეთანხმებიან, რომ ზოგჯერ სამართლის უზენაესობის დარღვევა ადამიანების ინტერესებს ყველაზე უკეთ ემსახურება და მიუხედავად სამართლის უზენაესობის დაცვის დიდი მორალური ღირებულებისა, მისი დარღვევა შეიძლება, ცალკეულ შემთხვევებში, მორალურად გამართლებული იყოს.
სამართლის უზენაესობა თავის თავშივე მოიცავს ბოროტად გამოყენების შესაძლებლობას და მის უნივერსალურ გავრცელებასთან ერთად, სამართლის უზენაესობაც ყოველთვის კეთილი ძალების ხელში არ ხვდება და მას ბოროტი მიზნებითაც იყენებენ. თუმცა, თავად რაზიც შენიშნავს რომ, როგორც მჭრელი დანის ბოროტად გამოყენების შესაძლებლობა არ ნიშნავს, რომ სიმჭრელე დანის თავისთავად ღირსებად არ უნდა ჩაითვალოს, ასევე სამართლის უზენაესობის ბოროტად გამოყენების შესაძლებლობა არ აუქმებს მის ღირებულებას (Raz, 1979).
სამართლის უზენაესობას ნეგატიური ღირებულება აქვს არა მხოლოდ იმიტომ, რომ მას მხოლოდ სამართლებრივი გზით განხორციელებადი ბოროტებების თავიდან არიდებით შეუძლია სიკეთის მოტანა, არამედ იმიტომაც, რომ ამ ბოროტებების აცილებაც ყოველთვის არ შეუძლია.
ჰიუმისადმი მიძღვნილ წერილში, რომელსაც ის სამართლის უზენაესობის ინგლისური ტრადიციული დოქტრინის ადრეულ მამამთავრად მიიჩნევს, ჰაიეკი ერთმანეთს უპირისპირებს ჰიუმისა და რუსოს იდეებს და კითხულობს თუ როგორ მოიპოვა რუსოს იდეებმა ჰიუმისაზე უფრო ფართო პოლიტიკური აღიარება (Hayek, 1966). ჰაიეკი მიიჩნევს, რომ პასუხი ამ კითხვაზე სამართლის უზენაესობის დოქტრინის ნეგატიურ ღირებულებაში უნდა ვეძიოთ, რომელიც სიკეთეს მხოლოდ ბოროტების თავიდან არიდებით გვპირდება. გრანდიოზულ რაციონალისტურ კონსტრუქციებთან შედარებით, სამართლიან საზოგადოებაზე სამართლის უზენაესობის დაპირებები მოკრძალებულად მოჩანს.
რაზმაც იცის, რომ მის მიერ დაცული სამართლის უზენაესობის დოქტრინა ყველას მხარდაჭერას ვერ მოიპოვებს, თუმცა მისი ფილოსოფიური დაცვა ყველას მიერ აღიარებას ვერ დაეფუძნება. სამართლის უზენაესობა ყველას აღიარებას ვერ მოიპოვებს, თუმცა მისი აღსრულება მოემსახურება მათ ინტერესებსაც ვინც მას არ იზიარებენ (Raz, 2019).
ბიბლიოგრაფია
1. Green, Leslie and Thomas Adams, "Legal Positivism", The Stanford Encyclopedia of Philosophy (Winter 2019 Edition), Edward N. Zalta (ed.), URL = <https://plato.stanford.edu/archives/win2019/entries/legal-positivism/>.
2. Fuller, Lon L. (Lon Luvois), 1964. The Morality of Law. New Haven :Yale University Press.
3. Hart, H. L. A. “Positivism and the Separation of Law and Morals.” Harvard Law Review 71, no. 4 (1958): 593–629.
4. Hart, H. L. A. 1994. The concept of law. Oxford: Clarendon Press.
5. Hayek, F. A. 1966. The Legal and Political Philosophy of David Hume. In V. C. Chappell (ed.), Hume. A Collection of Critical Essays. Macmillan. pp. 335--360.
6. Lacey, Nicola. 2006. A Life of H.L.A. Hart: The Nightmare and the Noble Dream. Oxford: Oxford University Press.
7. Raz, Joseph. 1979. "The Rule of Law and its Virtue *." In The authority of law: Essays on law and morality. Oxford: Oxford University Press.
8. Raz, Joseph, “The Law’s Own Virtue”, Oxford Journal of Legal Studies, 39, 1, 2019, Pages 1–15.