პუბლიკაციები

რატომ ვერ გრძნობს მოსახლეობის უმრავლესობა ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას

ფოტო: GETTY IMAGES

მიმდინარე წელი შედარებით მაღალი ეკონომიკური ზრდით გამოირჩევა, მაგრამ საზოგადოებრივი აზრის გამოკვლევის შედეგებში მდგომარეობა არსებითად არ შეცვლილა. ბოლო გამოკითხვებით, მოსახლეობის უმრავლესობა ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას უარყოფითად ახასიათებს და მათი შეფასებით, უმუშევრობის და სიღარიბის პრობლემა კვლავ მაღალ ნიშნულზე რჩება (CRRC, 2022; NDI, 2022). ამდენად, ერთია ეროვნულ ანგარიშებში ასახული მაკროეკონომიკური მაჩვენებლები და მეორეა მოსახლეობის უმრავლესობის შეფასება, რომელიც ვერ გრძნობს მაღალი ეკონომიკური ზრდის შედეგებს. წინამდებარე სტატიის მიზანია, ახსნას ამ ფენომენის გამომწვევი მიზეზები.

2022 წლის პირველ ნახევარში საქართველოს ეკონომიკა 10.5%-ით გაიზარდა. ზრდის ამგვარი ნიშნული 2008 წლის ომამდე პერიოდის შემდეგ არ ყოფილა. მართალია, 2021 წლის პირველი ნახევრის ეკონომიკა წინა წელთან შედარებით 12.0%-ით იყო გაზრდილი, მაგრამ აღნიშნული საბაზისო ეფექტის შედეგია. კერძოდ, პანდემიის პერიოდში „დიდი ჩაკეტვის“ გამო, 2020 წლის პირველ ნახევარში ეკონომიკა 6.2%-ით იყო შემცირებული.  ადრეულ პერიოდში, 2010-2019 წლებში, წლის პირველ ნახევრებში ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებელი 5.6%-ს აღწევდა.

საზოგადოებრივი აზრის გამოკვლევის შედეგებსა და ეკონომიკის ზრდის დინამიკას შორის სხვაობის მიზეზი მშპ-ის ზრდის ერთჯერადი ხასიათი, ეკონომიკის სტრუქტურა და ფასების დონის სწრაფი ზრდაა.

ჯერ კიდევ რუსეთის უკრაინაში შეჭრის პირველ პერიოდში ეკონომიკის ზრდის პროგნოზები არასახარბიელო იყო. საერთაშორისო ორგანიზაციები 2022 წელს საქართველოს ეკონომიკის მხოლოდ 3.5%-იან ზრდას პროგნოზირებდნენ (IMF, 2022; WB, 2022). თუმცა, ომის გამო გაზრდილი მიგრაციული პროცესები და ამ მიზეზით კაპიტალის შემოდინება ეკონომიკური მდგომარეობაზე თვალსაჩინოდ აისახა. მეორე მხრივ, ეკონომიკის სექტორული განაწილებიდან გამომდინარე, ახალი რესურსები ყველა სექტორზე ჯერჯერობით არ ასახულა.  მაგალითად, მიმდინარე წლის მეორე კვარტალში ეკონომიკა 5.9%-ით გაიზარდა, სადაც 3.8 პროცენტული პუნქტი ენერგიის მიწოდებას, ლოგისტიკასა (ტრანსპორტი) და ტელე-კომუნიკაციას უკავშირდება.  აღნიშნული სექტორების წილი მთლიან დასაქმებაში 10.0%-მდე აღწევს, ხოლო სამუშაო ძალის დაახლოებით 7.0%-ს ასაქმებს.

სექტორული კუთხით, სამუშაო ძალის ყველაზე მსხვილი დამსაქმებელი სოფლის მეურნეობაა.  2021 წლის მონაცემებით, ეს სექტორი, საშუალოდ, 230.3 ათას შრომისუნარიან პირს ასაქმებდა, რომელიც მთლიანი სამუშაო ძალის 15.0%-ია, ხოლო დასაქმებულთა საერთო რაოდენობის - 18.9%. მიმდინარე წლის პირველ ნახევარში სოფლის მეურნეობის სექტორის რეალური ზრდის მაჩვენებელი 7.7%-ია, რაც მთლიანი ეკონომიკის ზრდას 2.8 პროცენტული პუნქტით ჩამორჩება.  მაშინ, როცა 2022 წლის პირველ კვარტალში ეკონომიკის 14.7%-იანი ზრდა იყო, სოფლის მეურნეობის კონტრიბუცია მხოლოდ 0.1 პროცენტულ პუნქტს აღწევდა. ანალოგიური მონაცემი მეორე კვარტალში 0.9 პროცენტულ პუნქტს შეადგენს.

სოფლის მეურნეობის მსგავსი სურათია საბითუმო და საცალო ვაჭრობის სექტორში, რომელიც სამუშაო ძალის 11.8%-ს ასაქმებს, ხოლო მთლიან დასაქმებაში 14.8%-იანი წილი გააჩნია.  2021 წლის მდგომარეობით, აღნიშნული სექტორი 180.7 ათას შრომისუნარიან პირს ასაქმებდა და პანდემიამდე მზარდი დინამიკით ხასიათდებოდა. მაგალითად, 2019 წელს საცალო და საბითუმო ვაჭრობის სექტორში დასაქმებულთა საშუალო მაჩვენებელი 195.9 ათასი შრომისუნარიანი პირი იყო.  მიმდინარე წლის პირველ ნახევარში აღნიშნული სექტორის ზრდა 5.5%-ია. 2022 წლის მეორე კვარტალში საცალო და საბითუმო სექტორის რეალური ზრდა უფრო ნაკლები, 3.0%-ია. აღნიშნული მაჩვენებელი ამავე პერიოდში მთლიანი ეკონომიკის 5.9%-იან ზრდაში 0.4 პროცენტული პუნქტია.

საქართველოს ეკონომიკაში კიდევ ერთი ასეთი მასშტაბური დამსაქმებელი მშენებლობის სექტორია.  2021 წლის მონაცემებით, მშენებლობის სექტორი 94.4 ათასი შრომისუნარიან პირს ასაქმებს, რაც მთლიანი დასაქმების 7.8%-ია, ხოლო სამუშაო ძალის 6.2%. მიმდინარე წლის პირველ ნახევარში მშენებლობის სექტორი 1.3%-ითაა გაზრდილი, ხოლო კონკრეტულად მეორე კვარტალში 3.2%-ითაა შემცირებული. ამ პერიოდის ზრდაში სექტორს წვლილი უარყოფითი 0.2 პროცენტული პუნქტია. მთლიან ეკონომიკაში ასეთივე უარყოფითი კონტრიბუცია გააჩნდა ჯანდაცვას და სოციალურ მომსახურებას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ საქმიანობებს, პროფესიულ, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობებს და მრეწველობას. მიმდინარე წლის მეორე კვარტლის 5.9%-იან ეკონომიკურ ზრდაში აღნიშნული სექტორების უარყოფითი კონტრიბუცია 1.4 პროცენტული პუნქტია. მაგალითად, ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების სექტორი 12.7%-ით შემცირდა. პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების სექტორში კლება 9.2%-ია.  ორივე სექტორი ჯამში 87.8 შრომისუნარიან პირს ასაქმებს, რომელიც მთლიანი დასაქმების 7.2%-ია, ხოლო სამუშაო ძალის - 5.7%. მრეწველობის სექტორიც ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელია, რომელიც, 2021 წლის მონაცემებით, სამუშაო ძალის 8.9%-ს ასაქმებს, რაც მთლიანი დასაქმების 11.3%-ია.

ერთი მხრივ, ეკონომიკის ის სექტორები, სადაც შემცირება დაფიქსირდა ჯამში 324.5 ათას შრომისუნარიან პირს ასაქმებს, რაც მთლიანი დასაქმების 26.7%-ია. რაც შეეხება სხვა დანარჩენს, სექტორები რომელთა ზრდა მთლიანი ეკონომიკის ზრდაზე დაბალია მთლიანი დასაქმების 41.4%-ს იკავებს, რაც აბსოლუტურ მაჩვენებელში 503.4 ათასი შრომისუნარიანი პირია. მეორე მხრივ, არსებული ზრდის ძირითადი მიზეზი სტრუქტურული ცვლილებები არ არის. სექტორებში სადაც ორნიშნა ზრდაა, ის ერთჯერად ფაქტორებს უკავშირდება, ხოლო ამ უკანასკნელის ზრდა მთლიან ეკონომიკაზე მყისიერად არ აისახება.  მართალია, ეკონომიკური ზრდა მთლიანი საზოგადოების კეთილდღეობას აუმჯობესებს, მაგრამ  ეს დროის გარკვეულ პერიოდს საჭიროებს (Ram, 2006). გარდა ამისა,  Adams (2004) აჩვენა, რომ თუ ეკონომიკური ზრდა გამოხატულია მთლიანი შიდა პროდუქტით, ამ უკანასკნელის გავლენა სიღარიბის მაჩვენებლებზე შედარებით სუსტია, ვიდრე მაშინ, როცა ზრდას ასახავს ადამიანების მოხმარებაში ცვლილება.

ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, მიმდინარე ეტაპზე მიგრაციული ნაკადების გამო გაზრდილი მოხმარებით და რესურსებით ისარგებლა ეკონომიკის ვიწრო სექტორმა, რომელიც სამუშაო ძალის შედარებით მცირე ნაწილს ასაქმებს. შესაბამისად, გასაკვირი არ არის, რომ საზოგადოებრივი აზრის გამოკვლევის მიხედვით, მოსახლეობის 79% მიიჩნევს, რომ მისი ფინანსური მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა (NDI, 2022). ამაში არსებითი როლი ინფლაციას გააჩნია, რომელიც უკვე მე-15 თვეა ორნიშნაა, ხოლო ზედიზედ 43-ე თვეა სამიზნე (3.0%) მაჩვენებელს აღემატება. 1999 წლის შემდეგ, ამ ხანგრძლივობით სამომხმარებლო ფასების ორნიშნა ზრდა პირველად დაფიქსირდა.

ინფლაცია შემოსავლების  თვითნებურ გადანაწილებას იწვევს (Romer and Romer, 1998; Dolmas et al., 2000; Bagchi et al., 2019; Mumtaz and Theophilopoulou, 2020), სადაც უცნობი უმრავლესობა ცნობილ უმცირესობას ასუბსიდირებს, რომელიც ყველაზე დიდ ტვირთად შედარებით ღარიბ მოსახლეობას აწვება, რადგან ამ ადამიანთა ჯგუფის შემოსავლები - სოციალური ტრანსფერები თუ ხელფასები, დიდწილად, ფიქსირებულია (Kahn, 1997; Campbell and Kamlani, 1997; Smith, 2000)  და უფრო ნელა იზრდება, ვიდრე ფასები. მაგალითად, საქართველოში სოციალური ტრანსფერის მიმღებთა რაოდენობა 2020 წლის მდგომარეობით 958.3 ათასი ადამიანია, საშუალო სტატისტიკური შინამეურნეობის ფულადი შემოსავლების 21.8% კი - სოციალური ტრანსფერი. ხელფასი ფულადი შემოსავლების საშუალოდ 44.4%-ია.  აქედან გამომდინარე, გასაკვირი არ არის, რომ ასაკობრივი კატეგორიის ზრდასთან ერთად იზრდება იმ ადამიანთა წილი, რომელიც ფასების ზრდას ყველაზე მნიშვნელოვან ეროვნულ პრობლემად მიიჩნევს. ასევე, ბუნებრივია, რომ იზრდება იმ ადამიანების წილიც, რომელთა შეფასებითაც, ბოლო ხუთი წლის მანძილზე ფინანსური შესაძლებლობა გაუუარესდათ. ამასთან, პატარა ქალაქებსა და სოფლებში მოსახლეობის წუხილი ფასების ზრდაზე უფრო გამოკვეთილია, ვიდრე ურბანულ ცენტრებში.

 

ბიბლიოგრაფია:

Adams, R. H. (2004). Economic Growth, Inequality and Poverty: Estimating the Growth Elasticity of Poverty. World Development, 32(12), 1989–2014. https://doi.org/10.1016/j.worlddev.2004.08.006 

Bagchi, S., Curran, M. and Fagerstrom, M. J. (2019). Monetary growth and wealth inequality. Economics Letters, 182, 23–25. https://doi.org/10.1016/j.econlet.2019.05.036 

Campbell, C. M. and Kamlani, K. S. (1997). The Reasons for Wage Rigidity: Evidence from a Survey of Firms. The Quarterly Journal of Economics, 112(3), 759–789. https://doi.org/10.1162/003355397555343 

CRRC. (2022). Public attitudes in Georgia [Dataset]. The Caucasus Research Resource Centers. https://caucasusbarometer.org/en/ndi-ge/codebook/  

Dolmas, J., Huffman, G. W. and Wynne, M. A. (2000). Inequality, inflation, and central bank independence. Canadian Journal of Economics/Revue Canadienne D`Economique, 33(1), 271–287. https://doi.org/10.1111/0008-4085.00015 

Kahn, S. (1997). Evidence of Nominal Wage Stickiness from Microdata. The American Economic Review, 87(5), 993–1008. http://www.jstor.org/stable/2951337 

Mumtaz, H. and Theophilopoulou, A. (2020). Monetary policy and wealth inequality over the great recession in the UK. An empirical analysis. European Economic Review, 130, 103598. https://doi.org/10.1016/j.euroecorev.2020.103598 

National Democratic Institute. (2022). Library of NDI Georgia Public Opinion Research. https://www.ndi.org/georgia-polls 

Ram, R. (2006). Growth Elasticity of Poverty: Alternative Estimates and a Note of Caution. Kyklos, 59(4), 601–610. https://doi.org/10.1111/j.1467-6435.2006.00351.x 

Romer, C. and Romer, D. (1998). Monetary Policy and the Well-Being of the Poor. NBER Working Paper. https://doi.org/10.3386/w6793 

Smith, J. C. (2000). Nominal wage rigidity in the United Kingdom. The Economic Journal, 110(462), 176- 195. https://doi.org/10.1111/1468-0297.00528 

World Bank. 2022. Global Economic Prospects, January 2022. Washington, DC: World Bank. World Bank. https://openknowledge.worldbank.org/handle/10986/36519 

World Economic Outlook, October 2021: Recovery During A Pandemic. (2021). IMF. https://www.imf.org/en/Publications/WEO/Issues/2021/10/12/world-economic-outlook-october-2021

 

სრული დოკუმენტი, შესაბამისი გრაფიკებით, ბმულებითა და განმარტებებით, იხ. მიმაგრებულ ფაილში.


ავტორ(ებ)ი

ეგნატე შამუგია