პუბლიკაციები

სამოსამართლო კლანის სანქციები და არალიბერალური რეჟიმების გარე შეზღუდვები

ფოტო: Nairobi Law Monthly

2023 წლის 5 აპრილს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა პერსონალური სანქციები დაუწესა ოთხ ქართველ სასამართლო თანამდებობის პირს, რომლებიც  ფორმალური და არაფორმალური ძალაუფლების ინსტრუმენტების გამოყენებით იქვემდებარებენ საქართველოს სასამართლო ხელისუფლებას. „სამოსამართლო კლანად“ ცნობილი ეს ჯგუფი საჯარო და საზოგადოებრივი ინსტიტუტების მიტაცების უფრო ფართო სქემის ნაწილია, რომლისგანაც იქმნება ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის ძალაუფლების პირამიდა.

სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დასახელებული სანქციების დაწესების საფუძვლები ნათლად გამოკვეთს პრობლემის ცენტრალურ წახნაგებს. „მნიშვნელოვან კორუფციაში ჩართულობა“ და „უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება სამართლის უზენაესობისა და სასამართლო ხელისუფლებისადმი საზოგადოებრივი ნდობის“ დასაზიანებლად კლანის წევრთათვის პასუხისმგებლობის დაკისრების მთავარი საფუძვლებია.

რეჟიმის ცენტრალური ფიგურების რეაქცია და მათგან კლანის წევრთა პერსონალური აპოლოგისტობა ნათლად მიუთითებს სამოსამართლო კლანის ცენტრალურ ადგილზე რეჟიმის არქიტექტურაში. აღნიშნული მხოლოდ საქართველოს არალიბერალური რეჟიმისთვის დამახასიათებელი კონტექსტუალური მოცემულობა არ არის და ზოგადად ამ ტიპის რეჟიმების სტანდარტული მახასიათებელია.

აღნიშნულის გათვალისწინებით, დაისმის კითხვა თუ რა მნიშვნელობა აქვს მიტაცებული სასამართლო ხელისუფლების სამართლის უზენაესობის პრინციპებზე გადაწყობას არალიბერალური რეჟიმის დემონტაჟისა და კონსტიტუციური დემოკრატიის კონსოლიდაციის გზაზე. ამ მხრივ, განსაკუთრებით საინტერესოა კითხვა იმის შესახებ, თუ რა შედეგი შეიძლება ჰქონდეს პერსონალური სანქციების მსგავს ზომებს, როგორც გარე შემზღუდავ ზომას, არალიბერალური რეჟიმის სტაბილიზაციის იმ ეტაპზე, რაზეც ახლა ივანიშვილის რეჟიმი იმყოფება.

 

არალიბერალური რეჟიმი და მისი საყრდენები

დამოუკიდებლობის დაბრუნების შემდეგ საქართველო მუდმივად მოძრაობდა არალიბერალური რეჟიმის სტაბილიზაციის გზაზე. თუმცა რეჟიმის სტაბილიზაცია სრულად მხოლოდ „ქართული ოცნების“ ძალაუფლების პირობებში განხორციელდა. არალიბერალური რეჟიმებისთვის დამახასიათებელია კონსტიტუციური დემოკრატიის ჩარჩოს ბოროტად გამოყენება, სადაც პოპულისტი და შესაბამისად, სახალხო მხარდაჭერის მქონე ლიდერი პერსონალური ძალაუფლების კონსოლიდაციას ახერხებს. ძალაუფლების კონსოლიდაცია, პირველ რიგში, საჯარო ხელისუფლებისა და სახელმწიფო ინსტიტუტების მიტაცებით იწყება, თუმცა რეჟიმს სტაბილიზაციისა და ძალაუფლებაში მუდმივად დარჩენის უზრუნველსაყოფად საზოგადოებაზე ტოტალური კონტროლის დამყარებაც სჭირდება.

საზოგადოებაზე კონტროლის დამყარება იწყება მატერიალურ რესურსებზე და ეკონომიკაზე სრული კონტროლის დამყარებით. სახელმწიფო, სოციალური და ეკონომიკური ძალაუფლებები ერთმანეთს ერწყმის და პირამიდის სათავეში მდგომი ლიდერის ხელში იყრის თავს. რამდენადაც მატერიალურ სიკეთეებზე წვდომის გასაღები ლიდერის ხელშია და ის წყვეტს ყველა სიკეთის განაწილებას, დაწყებული საჯარო თანამდებობიდან, დასრულებული სახელმწიფო ტენდერის მოგებითა და ამ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიებში დასაქმებით.

სარგებლის ძიება მოსახლეობის დიდ მასებს უბიძგებს ბელადის კლიენტი გახდეს. პატრონ-კლიენტელისტური პირამიდა ამ რეჟიმების საზოგადოებრივი წყობაა, სადაც ლიდერი პირამიდის თავში მდგომი დიდი პატრონია. დიდი პატრონის კლიენტები თავის მხრივ, ქვე-პატრონები არიან, რომლებიც ინაწილებენ საკვანძო პოზიციებს მიტაცებულ სახელმწიფო, ეკონომიკურ და სხვა საზოგადოებრივ ინსტიტუტებში და თავის  კლიენტებს უნაწილებენ სარგებლს.

თავისი შინაარსით ეს კორუფციული სქემაა, თუმცა კორუფცია ვერ ამოწურავს ამ სისტემის უფრო ფართო ბოროტებას. პატრონ-კლიენტელისტური პირამიდა დაქვემდებარებისა და დამოკიდებულების ქსელში გამოამწყვდევს ადამიანებს, არწმუნებს მათ სისტემის მსახურების აუცილებლობაში და სისტემის შენარჩუნების უალტერნატივობაში საკუთარი კეთილდღეობის დასაცავად.

პატრონ-კლიენტელისტურ ობობას ქსელში მომწყვდეული ადამიანები კარგავენ ავტონომიური მოქმედების უნარს, დამოკიდებულების ჯაჭვებით მიებმებიან რეჟიმს და ძალაუფლების პირამიდაზე მათი განსხვავებული ადგილის მიხედვით, უწევთ შეასრულონ რეჟიმის ბრძანებები ამ სისტემის გადასარჩენად.

ამ ბრძანებებში საბაზისოა თეატრალურ სანახაობად ქცეულ პერიოდულ არჩევნებზე ბელადისთვის ან მისი ინსტრუმენტებისთვის ხმის მიცემა. ასე ხდება რეჟიმის პლებისციტარული დემოკრატიული ლეგიტიმაციის კვლავწარმოება, რეჟიმის დემოკრატიულობის ფასადის შენარჩუნება. დემოკრატიის გაუკუღმართების მიუხედავად, ამ რეჟიმების წარმატების გასაღები სწორედ იმაშია, რომ ახერხებენ ადამიანთა ფარდობითი უმრავლესობის მათზე იმგვარი დამოკიდებულების შექმნას, რომ ამ ადამიანებმა საჯაროდ და არჩევნებზე გამოხატონ რეჟიმისადმი მხარდაჭერა.

ფარდობითი უმრავლესობა, თუნდაც ის რეალურ რიცხვებში საზოგადოების უმცირესობა იყოს, საკმარისია რეჟიმისთვის ძალაუფლებაში დასარჩენად. დანარჩენს საარჩევნო მანიპულაცია და პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი ოპოზიციის შერჩევითი რეპრესია მიაღწევს. თუმცა, დღევანდელი საქართველოს მსგავსი არალიბერალური რეჟიმები იმით განსხვავდებიან სრულფასოვანი ავტორიტარული რეჟიმებისგან, რომ ძალადობა და რეპრესია ჯერ კიდევ არ ქცეულა ძალაუფლების შენარჩუნების მთავარ იარაღად და რეჟიმს საზოგადოების ნაწილის მხარდაჭერა აქვს, მეტიც, ის ცდილობს, რომ საკუთარი ძალაუფლება უპირველესად ამ ფარდობით სახალხო მხარდაჭერას დააფუძნოს.

ასეთ რეჟიმებს, საქართველოს ჩათვლით, აქვთ დესპოტური ელემენტები, მიმართავენ შერჩევით რეპრესიებს და ჰყავთ პოლიტიკური პატიმრები. სასამართლო ხელისუფლების მიტაცება ამ მხრივ საკვანძო ფაქტორია. თუმცა, არალიბერალური რეჟიმისთვის ცენტრალური არ არის სასამართლოს როგორც რეპრესიის ინსტრუმენტის ფუნქცია.

ცენტრალური ფუნქცია, რომელსაც რეჟიმისთვის მიტაცებული სასამართლო ასრულებს არის საზოგადოებაში აღდგენილი იერარქიული, ბატონყმური ურთიერთობების სამართლებრივად გაფორმება. არალიბერალური რეჟიმები, მათ შორის საქართველოშიც, აცხადებენ რომ ისინი სამართლის უზენაესობას იცავენ. სინამდვილეში მიტაცებული სახელმწიფო ინსტიტუტების, განსაკუთრებით კი სასამართლოს გზით, ისინი ძირს უთხრიან სამართლის უზენაესობის ბირთვს - სამართლებრივი თანასწორობის იდეალს.

ადამიანის რეალური უფლებრივი მდგომარეობა განისაზღვრება იმის მიხედვით თუ რა ადგილი უჭირავს პატრონ-კლიენტელისტურ პირამიდაში, რეჟიმის მეგობარია თუ რეჟიმის მტერი. რეჟიმის მეგობრები იღებენ კანონისა და კანონით მინიჭებული უფლებების ყველა სარგებელს, ხოლო რეჟიმის მტრების მიმართ კანონის მთელი სადამსჯელო და შემზღუდავი რისხვა მიემართება.

რეჟიმს მიტაცებული სასამართლო მხოლოდ იმისთვის არ სჭირდება, რომ საჭიროების შემთხვევაში განსაკუთრებით უხერხული მტრები სამართლის უზენაესობის დარღვევით ციხეში გამოკეტოს. ეს ერთ-ერთი, თუმცა არა ცენტრალური ფუნქციაა. მთავარი სიკეთე რაც მიტაცებულ სასამართლოს რეჟიმისთვის მოაქვს, არის დიდი პატრონის მიერ განსაზღვრული საზოგადოებრივი იერარქიის შენარჩუნება, მისთვის სამართლებრივი სტატუსისა და ლეგიტიმაციის მინიჭება.

აქ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მატერიალური სიკეთეების განაწილება, რომელსაც საბოლოოდ ლიდერი წყვეტს. მიტაცებულმა სასამართლომ ლიდერის გადაწყვეტილებები ქონების განაწილებაზე სამართლებრივად უნდა გააფორმოს. რეფეოდალიზაციის ანუ ახალი ფორმით აღდგენილი ფეოდალური საზოგადოებრივი ურთიერთობების პირობებში, საკუთრება იბრუნებს შუა საუკუნეობრივ შინაარსს. ვასალებს საკუთრება მხოლოდ ფეოდალისადმი სამსახურის პირობითა და ამ სამსახურის ერთგულად შესრულების ფარგლებში და ვადით აქვთ. თანამედროვე საკუთრების უფლება ფორმალური საფარველია, რომელშიც ეს ნეოფეოდალური შინაარსი არის განხორციელებული.

მიტაცებული სასამართლო უზრუნველყოფს, რომ მხოლოდ მათი საკუთრებაა დაცული ვინც პატრონის ერთგულების პირობას ასრულებს, ყველა დანარჩენისთვის კი ვინც პატრონის წყალობა დაკარგა, საკუთრების უფლების დაცვის დაკარგვა სამართლებრივი ტექნიკის საქმეა. საკუთრების დაკარგვაში მოიაზრება ისეთი მატერიალური სიკეთეების დაკარგვაც როგორიცაა მაგალითად, სახელმწიფო სოციალურ დახმარებასა და სერვისებზე წვდომის დაკარგვა. „სამართლის ტექნიკოსობა“ სერვისია, რომელსაც ბელადს მისი ძალაუფლების პირამიდის ნაწილად ქცეული სასამართლო აწვდის.

 

არალიბერალური რეჟიმების გარე შეზღუდვები

სტაბილიზაციის პირობებში, როდესაც არალიბერალური რეჟიმი სრულად აკონტროლებს სახელმწიფო ინსტიტუტებს, ქვეყნის მატერიალური რესურსების დიდ ნაწილს, არარელევანტურად ჰყავს გადაქცეული პოლიტიკური და საზოგადოებრივი ოპოზიცია, მნიშვნელოვანი ხდება რეჟიმის გარე შეზღუდვების ამოქმედება. ასეთ პირობებში, რეჟიმისადმი საზოგადოების წინააღმდეგობა ვერ დაძლევს მის დომინანტურ მდგომარეობას, თუ გარე შეზღუდვებმა არ გააღრმავა რეჟიმის შიდა წინააღმდეგობები. ამ მხრივ ყველაზე მნიშვნელოვანია რეჟიმის კლიენტებში რეჟიმის დღეგრძელობისა და სიცოცხლისუნარიანობის რწმენის შერყევა.

მიტაცებული ინსტიტუტების მმართველები ძალაუფლების პირამიდის თავში მდგომი ლიდერის ერთგულებას ინარჩუნებენ იმის რწმენით, რომ ბელადი მათ ერთგულებისთვის დააჯილდოვებს და ფართო გაგებით სასჯელისგან (ყველა სახის ფორმალური თუ არაფორმალური პასუხისმგებლობის მნიშვნელობით) დაიცავს. ამ რწმენის შერყევას შეიძლება დომინოს ეფექტი ჰქონდეს. ახალი ფეოდალიზმი თანამედროვე ერაში უმეტესად ადამიანების ნებით მყარდება და არა უხეში ძალით და ადამიანებისვე ნებით შეიძლება მოიშალოს.

აღნიშნულის გათვალისწინებით, პერსონალური სანქციები მსოფლიოს ყველაზე ძლიერი კონსტიტუციური დემოკრატიის მხრიდან არის ზუსტ სამიზნეზე განხორციელებული დარტყმა. შეიძლება ის არ იყოს საკმარისი რეჟიმის საყრდენებში რწმენის შესარყევად, თუმცა მისი საპირწონე დარტყმის რესურსის მობილიზაცია რეჟიმის მიერ დასუსტებულ საზოგადოებაში ადვილად ვერ მოხერხდებოდა.

თუ ყურადღებას გავამახვილებთ იმ ცენტრალურ ადგილზე, რაც მიტაცებულ სასამართლოს რეჟიმის არქიტექტურაში უკავია, მის უზურპატორებში რეჟიმისადმი რწმენის შესუსტება სისტემის რღვევის მნიშვნელოვანი ბიძგი შეიძლება გახდეს. გამოცხადებული პერსონალური სანქციები არის სწორი ნაბიჯი ამ მიმართულებით, თუმცა არასაკმარისი.

გარე შეზღუდვებმა შესაძლოა მხოლოდ ხელი შეუწყოს რეჟიმის დეზინტეგრაციის პროცესს, მისი შიდა წინააღმდეგობების წახალისებით. თუმცა ეს პროცესი მხოლოდ ქართული საზოგადოების მიერ შეიძლება წარიმართოს და წარმატებით განხორციელდეს. ეს რეჟიმი შეიქმნა საქართველოს საზოგადოების თანხმობითა და მონაწილეობით და მისი დემონტაჟი შესაძლებელია მხოლოდ ამავე საზოგადოების მიერ.


ავტორ(ებ)ი

დავით ზედელაშვილი