მულტისავალუტო რეჟიმი - ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კომენტარის ანალიზი
საქართველოს ეროვნული ბანკი - ერთ-ერთი ყველაზე დიდი ძალაუფლების მქონე და ამავდროულად დესტრუქციული ინსტიტუტია, რომლის აქტივობა - ჩვენი ქვეყნის სიღარიბის უმნიშვნელოვანესი მიზეზია. მოსახლეობის უმრავლესობა ამის თაობაზე არც კი დაფიქრებულა, და ამის დამტკიცება, ერთი სტატიით ვერც მოხდება, თუმცა მულტისავალუტო სისტემაზე, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის ბოლო კომენტარი, საზოგადოებაში ეროვნული ბანკის როლზე ფართო დისკუსიის დასაწყებად კარგ საბაბს წარმოადგენს.
პირველ რიგში აღსანიშნავია, რომ მულტისავალუტო სისტემა ისეთი სისტემაა, როცა ქვეყანაში ორი ან მეტი განსხვავებული ვალუტის გამოყენებაა დაშვებული და ადამიანებს აქვთ თავისუფლება აირჩიონ თუ რომელი ვალუტა გამოიყენონ ამა თუ იმ ტრანზაქციის დროს. თავისი არსით, ეს სისტემა ყველაზე მეტად არის ინდივიდების კონკრეტულ საჭიროებებზე მორგებული, რადგან ყველას აქვს შესაძლებლობა იმ ვალუტაში განახორციელოს ანგარიშსწორება, რომელიც მისთვის კონკრეტულ სიტუაციაში უფრო მომგებიანია.
ამ სისტემის მეორე მნიშვნელოვანი დადებითი მხარე - ვალუტებს შორის კონკურენციაა. თუ მულტისავალუტო სისტემის ფარგლებში ეროვნული ბანკის მმართველების გადაწყვეტილებების შედეგად ლარი გაუფასურდა (რაც ფასების, მათ შორის დოლარის ფასის, ზრდაში გამოვლინდება), მოქალაქეები სხვა ვალუტაზე გადაერთვებიან, ხოლო ლარებს მთავრობას დაუბრუნებენ (გადასახადების სახით). თუ კი მსგავსი სიტუაცია რამდენჯერმე განმეორდება, ლარზე მოთხოვნა საერთოდ გაქრება, შედეგად კი ეროვნული ბანკის არსებობის აუცილებლობაც აღარ დარჩება. შესაბამისად, სავარაუდოდ, აღნიშნული რისკი, საკმარისი იქნება, რომ ეროვნული ბანკის მმართველები მეტი პასუხისმგებლობით მიუდგნენ თავიანთ საქმიანობას და უზრუნველყონ ლარის კონკურენტუნარიანობა სხვა ვალუტებთან შედარებით, რაც დღევანდელ პირობებში რთულად წარმოსადგენია.
გარდა ზემოთ მოყვანილი დადებითი მხარეებისა, მულტისავალუტო სისტემა ეკონომიკური აქტივობისათვის უფრო პროგნოზირებად გარემოს ქმნის, მათ შორის სავალუტო რისკების ელიმინაციის ხარჯზე. ასევე, ის სტიმულებს უჩენს მთავრობას რომ არ მიმართოს ბიუჯეტის დეფიციტს, რადგან მას აღარ ექნება საშუალება, ირიბად, ემისიის მეშვეობით ბიუჯეტის დეფიციტი დააფინანსოს.
თუმცა, მიუხედავად ამ უპირატესობებისა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა რამდენიმე თეზისი ჩამოაყალიბა, რომლებიც, მისი აზრით, მულტისავალუტო სისტემის უარყოფით მხარეებს ასახავს. გავარჩიოთ თითოეული ეს თეზისი.
ციტატა 1: „მულტისავალუტო რეჟიმი, მისი ზედაპირული მიმზიდველობის მიღმა, არაერთ პრობლემასთანაა დაკავშირებული. მულტისავალუტო რეჟიმის შემოღება მნიშვნელოვნად გაზრდის უცხოურ ვალუტაზე დამოკიდებულებას, რაც, ქვეყანაში მიმდინარე ანგარიშის მუდმივი დეფიციტით, სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს.“
მულტისავალუტო სისტემა პირველ რიგში ეკონომიკურ აგენტებს მეტ თავისუფლებას ანიჭებს, აირჩიონ ის ვალუტა, რომელიც მათთვის მეტად მომგებიანია, ამიტომ მულტისავალუტო სისტემაზე გადასვლისას არა მხოლოდ არ გაიზრდება უცხოურ ვალუტაზე დამოკიდებულება, არამედ შემცირდება ლარსა და ეროვნული ბანკის პოლიტიკაზე დამოკიდებულება. პრობლემას არ წარმოადგენს „მიმდინარე ანგარიშის დეფიციტიც,“ რადგან ის მიუთითებს, რომ ჩვენი ქვეყანა კაპიტალისათვის მიმზიდველია და ის, კაპიტალი, ჩვენთან სხვადასხვა ფორმით შემოდის (პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, სესხები და ა.შ.). არიან ქვეყნები, რომლებიდანაც კაპიტალის სუფთა გადინება ხდება, მაგალითად, ჩინეთი, რუსეთი, ნიგერია, გერმანია, იაპონია და ა.შ. და ქვეყნები, რომლებიც ამ კაპიტალს იზიდავენ - აშშ, დიდი ბრიტანეთი, კანადა, ესპანეთი, ჩილე და ა.შ. ქვეყანათა პირველ ჯგუფში, მიმდინარე ანგარიშის პროფიციტი ფიქსირდება, ხოლო მეორეში - დეფიციტი და არც არაფერი ცუდი ამაში არ არის. ამიტომ რაც უფრო მიმზიდველი იქნება ჩვენი ეკონომიკა უცხოური ინვესტორებისთვის, მით უფრო მეტი გვექნება მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი.
ციტატა 2: „...ასევე, მულტისავალუტო რეჟიმის პირობებში ქვეყანაში მიმოქცევაში არსებული ვალუტების მერყეობა ერთმანეთის მიმართ მნიშვნელოვნად გაზრდის ეკონომიკაში რისკებს, დასაქმებას და შემოსავლების ზრდას უფრო მერყევს გახდის, რითაც გრძელვადიან ეკონომიკურ ზრდას შეამცირებს.“
2020 წლის 12 ივნისს 1 ევრო 1.12845 დოლარი ღირდა, ხოლო ერთი წლის წინ, 2019 წლის 14 ივნისს, 1.12802. ანუ, ერთი წლის მანძილზე ევრო დოლართან მიმართებით 0.03%-ით გაუფასურდა, ხოლო იგივე პერიოდში ლარის დოლარის მიმართ 11.2%-ით გაიაფდა. ამიტომ კურსის მერყეობა ლარის საწინააღმდეგო არგუმენტია და დამატებით ამყარებს მულტისავალუტო სისტემაზე გადასვლის აუცილებლობას.
ციტატა 3: „რაც შეეხება პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს, მისი მნიშვნელოვანი მახასიათებელი არის გრძელვადიანობა. ხოლო, როდესაც ინვესტორი გრძელ ვადას უყურებს, მისთვის უფრო მნიშვნელოვანია ადგილობრივი ეკონომიკური ზრდის რისკები, ვიდრე კურსის მოკლევადიანი რყევების რისკები. ამდენად, თუნდაც მხოლოდ უცხოელი ინვესტორის თვალთახედვითაც რომ შევხედოთ, ეკონომიკური მერყეობის რისკების ზრდა, ბუნებრივია, მიმზიდველი ვერ იქნება.“
თუ ინვესტორი ნორმალური სასამართლო სისტემის არარსებობამ, კერძო საკუთრების დაუცველობამ, პოლიტიკურმა და გეოპოლიტიკურმა რისკებმა არ შეაშინა და ეკონომიკის ფაქტორებიღა დარჩა ინვესტიციური გადაწყვეტილების მისაღებად, მას, რა თქმა უნდა, უფრო დააინტერესებს ეროვნული ვალუტის კურსის სტაბილურობა გრძელ და არა მოკლევადიან პერიოდში, ასევე ინფლაციის დაბალი ტემპები, რეგულაციებისადმი ეროვნული ბანკის გონივრული და პროგნოზირებადი დამოკიდებულება, ანუ ყველაფერი ის, რაც ჩვენ ეროვნული ბანკის მენეჯმენტის წყალობით არ გაგვაჩნია, არ გაგვაჩნდა არასდროს და როგორც ჩანს, არც უნდა გვქონდეს იმედი, რომ გვექნება.
ციტატა 4: „დამატებით, მულტისავალუტო რეჟიმის დროს, ასევე, იზრდება ტრანზაქციული ხარჯებიც (წარმოიდგინეთ, რამდენად ხშირი შეიძლება იყოს სიტუაცია, როდესაც მარტივი ტრანზაქცია დაკავშირებული იქნება ვალუტების გადაცვლასთან, რადგან ტრანზაქციის მონაწილეები სხვადასხვა ვალუტით ოპერირებენ).“
აქ ჩანს, თუ როგორ ზრუნავს ეროვნული ბანკი ჩვენზე. კერძოდ, ეს არგუმენტი ასე გამოიყურება: „არ მოგცემთ სხვა ვალუტების გამოყენების უფლებას, რადგან თქვენ მათ ისე არაგონივრულად გამოიყენებთ, რომ ხარჯები გაგეზრდებათ. ამიტომ, გამოიყენეთ ლარი, ნამდვილი, ეროვნული, სტაბილური ვალუტა.“
ციტატა 5: „გარდა ამისა, ამ დროს ფული კარგავს მის ერთ-ერთ ძირითად ფუნქციას - აღრიცხვის საშუალებას, ვინაიდან საჭირო გახდება ყველა ფასის ყველა ვალუტაში მითითება“.
საქართველოში ყველა, ოდნავ მაინც მნიშვნელოვან პროდუქტზე ფასები დოლარშია დაწესებული და რომ არა რეგულაციები, არავინ მიაწერდა გვერდით ლარს, იმიტომ რომ არავინ არ აღიქვამს ლარს, როგორც ნამდვილ ფულს - მისი გამოყენება მთავრობის და ეროვნული ბანკის იძულების შედეგია და არა ადამიანთა თავისუფალი არჩევანის.
ეკონომიკაში არის ასეთი კანონი „გრეშემის კანონი“. მარტივად რომ ვთქვათ, ის ეყრდნობა ადამიანის ბუნებრივ ქცევას, თავისთვის მეტად ღირებული ნივთი დაიტოვოს და ნაკლებად ღირებული გაცვალოს. იგივე შეიძლება ითქვას ფულზე. თუ ადამიანებს მივცემთ არჩევანს, „უკეთესს“ ფულს ისინი დაიტოვებენ, ხოლო „უარესს“ დახარჯავენ. ეს კანონი მარტივ მექანიზმს გვაძლევს, რომ შევადაროთ, თუ რომელი ფული მართლა ფულია, და რომელი მხოლოდ ქაღალდი. თქვენც შეგიძლიათ ეს ტესტი ჩაატაროთ. წარმოიდგინეთ, მიდიხართ პურის საყიდლად და უფლება გაქვთ, როგორც ლარი გამოიყენოთ, ისევე დოლარი. თუ პირველიც გაქვთ ჯიბეში, და მეორეც, რომელს გამოიყენებდით? ლარით იყიდიდით პურს, თუ დოლარით? მე პირადად, არასდროს მინახავს ადამიანი, ვინც ამ სიტუაციაში ლარს დაიტოვებდა და დოლარს დახარჯავდა, რადგან არასდროს მინახავს ადამიანი, რომელიც ლარს უკეთეს ფულად მიიჩნევდა, ვიდრე დოლარს. ასე რომ, ეროვნული ბანკი თავის დაბალხარისხიანი პროდუქტის გამოყენებას გვაიძულებს და გვარწმუნებს, რომ ეს ჩვენსავე ინტერესებშია.
ციტატა 6: „და ბოლოს, ფულს აქვს ძალზედ ძლიერი ქსელური ეფექტები (network externalities): ეკონომიკური აგენტები იყენებენ იმ ვალუტას, რომელსაც სხვებიც იყენებენ - არცერთი რაციონალური ეკონომიკური აგენტი არ დაადგენს მისი პროდუქტის ფასს ან ხელფასს ისეთ ვალუტაში (თუნდაც უცხოურში), რომელსაც ყველა დანარჩენი არ იყენებს. შესაბამისად, თუკი ჩვენ მულტისავალუტო რეჟიმს დავუშვებთ, საბოლოო ჯამში (საკმაოდ მნიშვნელოვანი ტრანზაქციული დანახარჯების შემდეგ), ქვეყანაში ისევ ჩამოყალიბდება სიტუაცია, სადაც ერთი ვალუტა ძირითადია, ხოლო 2-3 - დამხმარე.
უდავოდ რაციონალურია, როცა იმ ვალუტას ვიყენებთ, რომელსაც მეტი ადამიანი ენდობა და ამ პარამეტრით ლარის გამოყენება ვერაფრით შეიძლება გავამართლოთ. პირიქით, დოლარის და ევროს აშკარად მეტი უპირატესობა აქვთ ქსელური ეფექტების კუთხით, ამიტომ, თუ ჩვენ მოქალაქეებს თავისუფლება ექნებათ, თვითონ აირჩიონ ვალუტა, სავარაუდოდ ეს ორი ვალუტა დაიკავებს დომინირებულ მდგომარეობას.
ციტატა 7: „ხოლო ძირითად ვალუტად, როგორც წესი, ქვეყანაში ყალიბდება ის, რომელშიც მთავრობა აგროვებს გადასახადებს - ანუ ლარი. ჩვენ, უბრალოდ, დავუბრუნდებით დღევანდელობას, ოღონდ ძვირი და არასაჭირო ექსპერიმენტის ხარჯზე.“
მულტისავალუტო რეჟიმი გულისხმობს, რომ ბიზნესმენები და არა მთავრობა იღებენ გადაწყვეტილებას, თუ რომელ ვალუტაში გადაიხადონ გადასახადები. თუმცა თუ ფინანსთა მინისტრს სურვილი ექნება მეტი შემოსავალი ქონდეს სახელმწიფო ბიუჯეტს, ის რაიმე დამატებითი მითითების გარეშე უპირატესობას უკეთეს ვალუტას, ანუ დოლარს ან ევროს, მიანიჭებს.
ციტატა 8: „ზემოთჩამოთვლილი პრობლემების გამო, მულტისავალუტო რეჟიმები ძალიან იშვიათად გვხდება. იშვიათ გამონაკლისს წარმოადგენს, მაგალითად, ზიმბაბვე, სადაც ეს რეჟიმი შარშან ივნისში გაუქმებულა.”
ზიმბაბვის მაგალითი ზუსტად რომ კარგი ილუსტრაციაა მულტისავალუტო რეჟიმის ეფექტიანობისა. როცა იქაურმა ცენტრალურმა ბანკა ჰიპერინფლაცია დაუშვა, ადგილობრივი მოსახლეობა მეზობელი ქვეყნების ვალუტაზე გადავიდა, რითიც თავი დაიცვა სრული გაღატაკებისგან. ამდენად, მულტისავალუტო სისტემის ჩამოყალიბება ზიმბაბვეში ცენტრალური ბანკის უპასუხისმგებლო პოლიტიკაზე პასუხი იყო. საბედნიეროდ, საქართველოში მონეტარული პოლიტიკა ნაკლებად დესტრუქციულია, თუმცა მაინც შორს არის სასურველი მდგომარეობისგან. მარტო ის ფაქტი, რომ ეროვნული ბანკი პერმანენტულად ვერ ასრულებს თავის თავზე დაკისრებულ ვალდებულებას, უზრუნველყოს ინფლაციის შედარებით დაბალი ტემპები, მიუთითებს ცვლილებების აუცილებლობაზე, ხოლო დოლარის და ევროს მიმოქცევაში დაშვება, ტექნიკურად ყველაზე მარტივი და ამავდროულად ეფექტიანი გზაა, განვათავისუფლოთ მოსახლეობა ეროვნული ბანკის შეცდომების წნეხისგან და თვითონ ეროვნული ბანკის მმართველებს სტიმული შევუქმნათ, რომ თავიანთ მოვალეობებს მეტი პასუხისმგებლობით მიუდგნენ.