პუბლიკაციები

სიღარიბესთან ბრძოლის ილუზია - აქციზები

ფოტო: intheblack.com

საქართველოს ნებისმიერი მთავრობა ყოველ თავის პროგრამასა თუ გეგმაში, პირდაპირ თუ ირიბად, სიღარიბესთან ბრძოლას გვპირდებოდა და გვპირდება, თუმცა, თითქმის ყველა თავისი ქმედებით, მხოლოდ და მხოლოდ, ადამიანებს სიღარიბის ჭაობიდან ამოსვლას ურთულებს. ეკონომიკის, ფაქტობრივად ყველა სფეროში, შეგვიძლია ვიპოვოთ ისეთი წესრიგი, რომელიც ღარიბებს შედარებით მდიდარი ადამიანების სასარგებლოდ ბეგრავს. სწორედ ასეთი წესრიგის ელემენტებზე ვისაუბრებ რამდენიმე მცირე სტატიის ფარგლებში. დასაწყისისთვის კი, აქციზებზე გავამახვილებ ყურადღებას.

აქციზი თავისი არსით რეგრესიული გადასახადია, რომლის ტვირთი შედარებით ღარიბ ადამიანებზე მეტად ნაწილდება. მაგალითად, თამბაქოზე აქციზი სიგარეტს აძვირებს, რაც თამბაქოს მომხმარებელთა შემოსავალზე ნეგატიურად აისახება. თუმცა მდიდარმა ადამიანმა ფასების ზრდა შესაძლოა ვერც კი შეამჩნიოს, რადგან მის მთლიან დანახარჯებში თამბაქოზე ხარჯების წილი მცირეა, მაგრამ ღარიბი ადამიანი ფასების ზრდას პირველივე დღეს იგრძნობს. მაგალითად, საშუალო მწეველი თუ დღეში, აქციზის გამო, 1 ლარით მეტს იხდის, დამატებითი 30 ლარი თვეში, 300 ლარის ხელფასის მქონე ადამიანისთვის დიდი ფულია, 3 000-ლარიანი ხელფასის მქონესთვის კი - ნაკლებად მნიშვნელოვანი. ხოლო ის, ვინც თვეში 300 000 ლარს იღებს, სავარაუდოდ ვერც კი იგრძნობს გაზრდილ ხარჯს. იგივე შეიძლება სხვა პროდუქციაზე დაწესებულ აქციზზე ითქვას. რაც უფრო ღარიბია მძღოლი, მით უფრო მტკივნეულია მისთვის აქციზის განაკვეთის ზრდით გამოწვეული ბენზინის ფასის ზრდა. თუმცა აქციზის ნეგატიური მხარე მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება.

ჯანმრთელობაზე, ხოლო ბენზინზე აქციზი - ეკოლოგიაზე ზრუნვითაა შემოღებული, სინამდვილეში, მთავარი მიზანი - ბიუჯეტის შემოსავლის ზრდაა. ისტორიულად, აქციზით ზუსტად ის საქონელი და მომსახურება იბეგრება, რომლის სხვა პროდუქციით ჩანაცვლება მარტივი არ არის. ამის საუკეთესო მაგალითი თამბაქოა, რომლის მოთხოვნის სიდიდე ფასის ზრდის შემდეგ, ან არ იცვლება, ან უმნიშვნელოდ იკლებს. ვინაიდან, მოთხოვნის ასეთი დაბალი ელასტიურობის გამო ბიუჯეტში მეტი ფული შედის, თამბაქოს დაბეგვრას მთავრობა სწორედ ამ მიზნით მიმართავს. იგივე შეიძლება ითქვას ლუდზე და ბევრ სხვა პროდუქტსა თუ მომსახურებაზე. 

თუმცა განსხვავებული შემოსავლის მქონე ადამიანები, მაგალითისთვის, თამბაქოს ფასების ზრდაზე განსხვავებულად რეაგირებენ. მდიდრები თავის ქცევას არ ცვლიან ან/და ცვლილება უმნიშვნელოა, მაგრამ ღარიბები ნაკლებად ხარისხიან და უფრო იაფ პროდუქციაზე გადადიან. მარტივად რომ ვთქვათ, სიგარეტის გაძვირება სიგარეტის მოხმარებას კი არ ამცირებს, არამედ შედარებით ძვირადღირებული სიგარეტების მოხმარების შემცირებას და უფრო იაფი თამბაქოს ნაწარმის მოხმარების ზრდას იწვევს. მაშინ, როცა ეს გზაც ამოიწურება, თავს არალეგალური ვაჭრობა იჩენს. არავისთვის არ არის საიდუმლო, რომ საქართველოში სიგარეტის არალეგალური ბაზარი ბოლო აქციზების ზრდამ მნიშვნელოვნად წაახალისა. ეს კი ნიშნავს, რომ მომხმარებელი დაბალხარისხიან პროდუქციას ყიდულობს. შედეგად იზრდება კორუფცია, რადგან ნებისმიერ არალეგალურ ბიზნესს თავისი მფარველები ჰყავს ხელისუფლებაში, რადგან საწინააღმდეგო შემთხვევაში ასეთი ბიზნესი უბრალოდ არ იარსებებდა. თუმცა, კიდევ უფრო საგანგაშოა, რომ საჩვენებელი „დასჯითი“ ოპერაციების შედეგად, თავისუფლების აღკვეთით ისჯება ის, ვინც სიგარეტი გაყიდა. მას კი ცუდი არაფერი არ ჩაუდენია და არც არავისთვის ზიანი მიუყენებია. მეტიც, დიდწილად, არალეგალური სიგარეტის გამყიდველები ეკონომიკურად ყველაზე გაჭირვებული ხალხია, რომელთაც სხვა უკეთესი და ლეგალური შემოსავლების წყარო არ გააჩნიათ. ამდენად, აქციზის ზრდამ ღარიბების დაბეგვრასთან ერთად, ამ ღარიბი მოსახლეობის ნაწილი კრიმინალებად აქცია და ზოგი უკვე ციხეში მოათავსა, ხოლო დანარჩენს კი ციხით ემუქრება.

აქციზი კიდევ უფრო მეტად ღარიბების დაბეგვრას ნიშნავს, იმის გათვალისწინებით, რომ ზოგადად ღარიბებს შორის სიგარეტის თუ ალკოჰოლის მოხმარება მეტად გავრცელებულია. მაგალითად, აშშ-ში, მშრალი კანონის პერიოდში, როცა ალკოჰოლი მხოლოდ შავ ბაზარზე და ძალიან მაღალ ფასად იყიდებოდა, მისი მოხმარება ღარიბ მოსახლეობას შორის მნიშვნელოვნად შემცირდა კანაფის მოხმარების ზრდის ფონზე, რადგან ალკოჰოლი, როგორც კანაფი, დროის გატარებისა და ფსიქოლოგიური დისკომფორტის და სტრესის მოხსნის ერთერთი ინსტრუმენტია. თუმცა, მსგავსი საჭიროების დაკმაყოფილება ბევრი განსხვავებული გზით შეიძლება და რაც უფრო მდიდარია ადამიანი, მით მეტი მსგავსი ალტერნატივა ხდება მისთვის ხელმისაწვდომი, რის გამოც ალკოჰოლი, სიგარეტი თუ კანაფი ვერ იკავებს დომინირებულ პოზიციას გართობის საშუალებებს შორის. ეს არ ნიშნავს, რომ მდიდარი ადამიანი ნაკლებს სვამს მხოლოდ იმიტომ, რომ მდიდარია. მდიდარს შესაძლებლობა აქვს, სურვილისამებრ სხვა ალტერნატივებზე გადაერთოს, ხოლო ღარიბისთვის ალკოჰოლი თუ სიგარეტი შეიძლება გართობის ერთადერთი შესაძლებლობა აღმოჩნდეს. ამიტომ, მაგალითად, სიგარეტის მოხმარების შემცირება განვითარებულ ქვეყნებში არა აქციზის ზრდის, არამედ ზოგადი კეთილდღეობის ზრდის და ამით გამოწვეული ქცევის ცვლილებით ხდება. ეს დასტურდება, მათ შორის იმით, რომ ღარიბი ადამიანების მიერ თამბაქოს მოხმარება კვლავ მაღალ ნიშნულზეა, მათ შორის მდიდარ ქვეყნებშიც.

ამრიგად, ის პროდუქტები, რომლებიც, როგორც წესი, აქციზით იბეგრება, შედარებით მეტად ღარიბი ადამიანების მიერაა მოთხოვნადი, ხოლო თუ აქციზის ზრდის შედეგად ღარიბები რომელიმე მისი შემცვლელი პროდუქტის მოხმარებას იწყებენ, მთავრობა ამ უკანასკნელის აკრძალვა/დაბეგვრას ცდილობს. ასეთი რამ მოხდა აშშ-ში, კანაფის შემთხვევაში. მაგალითისთვის, საქართველოში მთავრობამ იმავე მოტივით თხევადი აირის აქციზით დამატებითი დაბეგვრა გადაწყვიტა, რომელიც შედარებით ძვირი ბენზინის ალტერნატივა იყო.

 

***

აქციზის გადასახადები სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების 10%-ს შეადგენს, რაც დაახლოებით 1.5 მლრდ ლარია და ის, დიდწილად, ღარიბი მოსახლეობის გადახდილია. თუ დაამატებთ უფრო დაბალი ხარისხის პროდუქციის გამოყენებით გამოწვეული ღარიბების ცხოვრების დონის გაუარესებას და ბევრი ასეთი ადამიანის კრიმინალურ ბიზნესში იძულებით ჩართულობას, დაინახავთ აქციზის გადასახადების ნამდვილ სახეს და მის უკიდურეს ამორალურობას.

სამწუხაროდ, გადასახადებისადმი მსგავსი მიდგომა, თითქმის ყველა ქვეყანაშია და ხშირად ნორმალურ პრაქტიკადაა აღქმული, რაც მაგალითად, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით დაკისრებულ ვალდებულებებში გამოიხატება. ამიტომ ყველა აქციზის გაუქმება პოლიტიკურად რთულია, მაგრამ არავინ სთხოვს ჩვენს მთავრობას რომის პაპზე მეტი კათოლიკე იყოს. ყველა აქციზის შემცირება და აქციზების ნაწილის გაუქმება, არსებულ პირობებშიც სრულიად შესაძლებელია და რაც უფრო მალე მოხდება ეს, მით უფრო ნაკლები ბარიერები და გამდიდრების მით უფრო მაღალი ალბათობა ექნებათ ღარიბებს ჩვენს ქვეყანაში.


ავტორ(ებ)ი

ალექსანდრე რაქვიაშვილი