საქართველოს 1995 წლის კონსტიტუცია 26 წლის შემდეგ - კონსტიტუციური დოკუმენტი კონსტიტუციონალიზმის მიღწევების გარეშე
საქართველოს 1995 წლის კონსტიტუცია 26 წლისაა. ამრიგად, ის ყველაზე ხანგრძლივად მოქმედი მოდერნული კონსტიტუციური დოკუმენტია საქართველოს თანამედროვე ისტორიაში. საქართველოს კონსტიტუციური და პოლიტიკური ისტორიის საზომებით თუ შევაფასებთ, ეს ნამდვილად მიღწევაა. თუმცა, კონსტიტუციონალიზმის, როგორც საჯარო ხელისუფლების ლიბერალური ნორმატიული თეორიის მოთხოვნებს თუ გამოვიყენებთ შეფასების კრიტერიუმად, მაშინ 1995 წლის კონსტიტუციის მიერ შექმნილი საჯარო ხელისუფლების სისტემა და პოლიტიკური რეჟიმი არსებითად ჩამორჩება კონსტიტუციონალიზმის მიღწევებს.
სამწუხაროდ, ეს ჩამორჩენა იმდენად არსებითია, რომ მთავარი კითხვა, რომელიც მეოთხედი საუკუნის გზაგასაყარზე 1995 წლის კონსტიტუციის მიმართ დაისმის, არის მისი გამოსადეგობა ოდესმე შეასრულოს მოდერნული კონსტიტუციების უმთავრესი დაპირება და რეალობად აქციოს კონსტიტუციონალიზმის მიღწევები.
კონსტიტუციონალიზმის უმთავრესი მიღწევა არის საჯარო ხელისუფლების ყოვლისმომცველი მოწესრიგება და შეზღუდვა კონსტიტუციის, როგორც უზენაესი სამართლის მიერ. იქ, სადაც განხორციელებულია კონსტიტუციონალიზმის ეს მიღწევა, საჯარო ხელისუფლების ქმედება სრულად განჭვრეტადია, ექვემდებარება რა ასევე განჭვრეტად კონსტიტუციურ-სამართლებრივ მოთხოვნებს. კონსტიტუციონალიზმის მიღწევა არის მოუთვინიერებელი და არაპროგნოზირებადი ძალაუფლების პროგნოზირებადად და გამჭვირვალედ ქცევა.
1995 წლის კონსტიტუცია მრავალჯერ დამარცხდა ამ მიზნის მიღწევაში ისე, რომ შეიძლება ითქვას, სათანადოდ მცდელობაც კი ვერ მოახერხა. სამწუხაროდ, დღეს საქართველოში მცხოვრებ ადამიანს, მოქალაქეს თუ არამოქალაქეს, როდესაც ის ცდილობს განჭვრიტოს როგორ იმოქმედებს საჯარო ხელისუფლება, ყველაზე ნაკლებად კონსტიტუცია დაეხმარება. კონსტიტუცია ერგება და ექვემდებარება მის მიღმა არსებული ძალაუფლების პირამიდის ცვალებად მოთხოვნებსა და საჭიროებებს და არა პირიქით. 1995 წლის კონსტიტუციამ ვერც ამ ძალაუფლების პირამიდის მოშლა შეძლო, ვერც მისი საკუთარ ფარგლებში მოქცევა და მით უფრო, ვერც მისი მოწესრიგება და შეზღუდვა.
ძალაუფლების პირამიდა, რომელიც დღეს საქართველოს კონსტიტუციაზე მაღლა დგას, საქართველოს საზოგადოების მოწყობის ფორმაა. კონსტიტუციასა და საზოგადოებას შორის არ არსებობს ცალმხრივი მიმართება, ისეთივე როგორიც არსებობს კონსტიტუციასა და საჯარო ხელისუფლებას შორის. კონსტიტუციასა და საზოგადოებას შორის მიმართება ორმხრივი და რეფლექსურია. კონსტიტუცია გავლენას ახდენს საზოგადოების მოწყობაზე, თუმცა, ამავე დროს, ის თავადაც არის ამა თუ იმ საზოგადოების, მისი მოწყობის ანარეკლი და გამოხატულება.
კონსტიტუციონალიზმის თეორეტიკოსები და ისტორიკოსები მიუთითებენ იმ აუცილებელ სოციალურ წინაპირობებზე, რომლებიც კონსტიტუციონალიზმის პროექტის წარმატებას განაპირობებს. პირველ რიგში, ეს არის საზოგადოების ელიტების მიერ საკუთარი ძალაუფლების თვითშეზღუდვა და საზოგადოების შიგნით გაზიარება. ეს არის უარი იერარქიულად მოწყობილ საზოგადოებაზე და საზოგადოების მართვაზე ძალაუფლების პირამიდის მოდელით.
აღნიშნული უარი ფორმდება და მიიღწევა სამართლის უზენაესობის აღიარებითა და ინსტიტუციონალიზაციით, პირველ რიგში დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ სასამართლო ხელისუფლების ინსტიტუტებში. სამართლის უზენაესობის იდეალის ბირთვია სამართლებრივი თანასწორობა. მკაცრად აღსრულებული სამართლებრივი თანასწორობის იდეალი არღვევს სამართლებრივად ჩაბეტონებულ პრივილეგიებსა და ამ პრივილეგიებზე დაფუძნებულ იერარქიებს. ადამიანები,კანონით, თანასწორი უფლებებით სარგებლობენ, იმის მიუხედავად თუ სოციალური კიბის რომელ საფეხურზე არიან ისინი.
სამწუხაროდ, საქართველოს საზოგადოების ელიტებს არასდროს ეთმობოდათ არც ძალაუფლების იერარქიული პირამიდა და არც დაკანონებული პრივილეგიები, რომლებიც მათ სტატუსს განსაზღვრავს. ამიტომაც, მათთვის დღემდე უცხოდ რჩება როგორც სამართლის უზენაესობის იდეალი, ისე ამ იდეალის მთავარი დამცველი ინსტიტუტი, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს ხელისუფლების სახით.
შესაბამისად, სრულებით არ არის შემთხვევითი, რომ დღეს საქართველოს კონსტიტუციის მიერ კონსტიტუციონალიზმის მიღწევების შესრულების იმედისთვის ბრძოლის წინა ხაზი სწორედ დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოსთვის და მისი საფუძვლისთვის, სამართლის უზენაესობის იდეალისთვის ბრძოლაზე გადის. ასევე არ არის შემთხვევითი, რომ ძალაუფლების პირამიდას ყველაზე მეტად ამ დათმობაზე წასვლა არ უნდა.
ამ დათმობაზე არწასვლით, ბოლო 26 წელში, საქართველოს ელიტებმა არ შექმნეს აუცილებელი სოციალური პირობა კონსტიტუციონალიზმის მიღწევების რეალიზაციისთვის. შესაბამისად, 1995 წლის კონსტიტუციის ჩავარდნა არ არის მხოლოდ სამართლებრივი ტექსტის ჩავარდნა, არამედ საქართველოს საზოგადოების მარცხიც.
თუმცა, ეს მარცხი მანამ არ იქნება საბოლოო და შეუქცევადი, სანამ ქართული საზოგადოების შიგნით რჩებიან ადამიანები, რომლებიც იბრძვიან კონსტიტუციონალიზმის მიღწევების რეალიზაციისთვის აუცილებელი სოციალური ტრანსფორმაციისთვის - საქართველოს საზოგადოებაში სამართლის უზენაესობის იდეალის განხორციელებისთვის.
იმედი დავიტოვოთ, რომ ეს ბრძოლა მოიტანს შედეგს და საქართველოში შედგება კონსტიტუციური პროექტი, რომელიც შეძლებს წარმატებით განახორციელოს კონსტიტუციონალიზმის მიღწევები.