პუბლიკაციები

არჩევნები, პოპულიზმი და საბჭოთა ფაბრიკა-ქარხნები

ფოტო: Andrew Garn

არასამართლიანი და დაძაბული გარემო, სიძულვილის ენა და უხვი დაპირებები არჩევნებისთვის ძირითადი დამახასიათებელი ნიშან-თვისებებია. თუმცა, მიმდინარე წლის 2 ოქტომბერს გასამართი ადგილობრივი არჩევნების წინა პერიოდი დაპირებების მხრივ გამონაკლისია. სიძულვილის ენისა და წარსულის ხშირი შეხსენების გარდა, მმართველ პარტიას ბოლო სამი არჩევნებია კონკრეტული საარჩევნო პროგრამა და დაპირებები არ გააჩნია. ამჯერად, საარჩევნო დაპირებებით, ფაქტობრივად, არც ოპოზიციურ პარტიები გამოირჩევიან. ოპოზიციის ძირითადი ნაწილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს არსებითად განსხვავებულ მნიშვნელობას ანიჭებს და მას არა ადგილობრივი ორგანოების არჩევის, არამედ რეფერენდუმის დატვირთვას სძენს - რეფერენდუმისა, რომლის მნიშვნელობასაც შესაძლოა ამომრჩეველს სათანადოდ ვერც უხსნის. სინამდვილეში, ადგილობრივი არჩევნები იმდენადვე მნიშვნელოვანია, რამდენადაც თავად ადგილობრივი თვითმმართველობა. თუმცა, ადრეული პერიოდიდან, ადგილობრივი თვითმმართველობა და, შესაბამისად, ადგილობრივი ორგანოების არჩევნები მეორეხარისხოვანი საკითხია. მას პოლიტიკური პარტიებისგან უფრო ნაკლები ყურადღება ეთმობა, ვიდრე საპარლამენტო არჩევნებს. ამის მიზეზი კი, თავად ცენტრალიზებული პარტიები და პოლიტიკური ელიტების თავისებურებებია. თუმცა, ამჯერად, ამ საკითხს და თვითმმართველობის მნიშვნელობის ახსნას დეტალურად არ ჩავუღრმავდებით, არამედ წინასაარჩევნო პერიოდის პოპულიზმს შევეხებით. პოპულიზმს, რომელშიც საბჭოთა კავშირისადმი სენტიმენტები იგრძნობა და ადამიანთა ნაწილისთვის საბჭოთა ნოსტალგიის აღძვრას ცდილობს... ამის ნათელი მაგალითია ცაგერში, საარჩევნო შეხვედრაზე პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლა, სადაც მან საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ფაბრიკა-ქარხნების დანგრევასა და „იმპორტზე დამოკიდებულებაზე“ გაამახვილა ყურადღება.

„ჩვენ აღვიდგინეთ დამოუკიდებლობა და დაინგრა საბჭოთა კავშირი, ასევე დაინგრა და ხშირ შემთხვევაში ჩვენი უგუნური პოლიტიკით და ჩვენი ყოფილი მმართველების უგუნური პოლიტიკით, თავად დაანგრიეს და დაშალეს ფაბრიკები, საწარმოები, ქარხნები. აუცილებელია ამ ყველაფრის აღდგენა, რომ მეტი დასაქმება მოვახდინოთ ჩვენი მოსახლეობის, მეტი დოვლათი შეიქმნას, რომ ეტაპობრივად ჩავანაცვლოთ იმპორტირებული საქონელი. არ შეიძლება და მიუღებელია, არასწორია, რომ ქვეყანა იყოს დამოკიდებული იმპორტირებულ პროდუქციაზე“.

საბჭოთა კავშირის დაშლაზე და წარმოების ჩამოშლაზე ხაზგასმა ფართო ელექტორატზე გათვლილი საარჩევნო გზავნილი იყო. თუკი საქართველოში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის შესწავლის შედეგებს გადავხედავთ, ვნახავთ, რომ წინასაარჩევნოდ პრემიერის მიერ ერთ-ერთ ყველაზე ნაკლებად ურბანიზებულ დასახლებაში ასეთი განცხადება მოულოდნელი არ არის. 2019 წელს ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის შესწავლის შედეგების მიხედვით, მოსახლეობის 41% -სთვის საბჭოთა კავშირის დაშლა ცუდი მოვლენა იყო, ხოლო 10% -მა კი არ იცოდა ან პასუხზე უარს აცხადებდა. ეს მაჩვენებელი სასოფლო ტიპის დასახლებაში კიდევ უფრო მაღალია, რადგან მხოლოდ 29% თვლის, რომ საბჭოთა კავშირის დაშლა საქართველოსთვის კარგი მოვლენაა, 52% კი - მას ცუდ მოვლენად მიიჩნევს. ასაკის ზრდასთან ერთად, ასეთი პოზიციის მქონე ადამიანების წილი იზრდება. ელექტორატის საარჩევნო აქტივობის დონეც თითქმის ასეთ ტენდენციას იზიარებს. საარჩევნო აქტივობის დონე მაღალ ასაკობრივ კატეგორიაში უფრო მაღალია. თუმცა, ცალსახად ვერ ვიტყვით, რომ იმ ადამიანთა ნაწილს, რომელიც მიიჩნევს საბჭოთა კავშირის დაშლას როგორც ცუდ მოვლენას, აუცილებლად სურთ საბჭოთა კავშირის აღდგენა. ამის დასტური კი ამავე გამოკითხვის სხვა შედეგებია (მაგალითად, დასავლურ სახელმწიფოთაშორის თანამეგობრობებში გაერთიანების მაღალი მხარდაჭერა, დემოკრატიის, როგორც საუკეთესო მმართველობის ფორმის მიჩნევა და სხვა).

საბჭოთა კავშირისადმი ასეთი დამოკიდებულება ძირითადად სწორედ ეკონომიკური მდგომარეობითაა გამოწვეული, რაც „გარანტირებულ სამუშაო ადგილებსა და ყველასთვის საარსებო მინიმუმის“ არარსებობას უკავშირდება (Chkhvimiani, 2019). ასეთი ასოციაციები კი სწორედ ფაბრიკა-ქარხნებთანაა, რომელიც ყველა რაიონში (დღევანდელი მუნიციპალიტეტი) იყო. მსგავს ასოციაციებზე ზემოთ ხსენებული საზოგადოებრივი აზრის შესწავლის შედეგებიც მიუთითებს. კერძოდ, მოსახლეობის იმ ნაწილში, ვინც საბჭოთა კავშირის დაშლას ცუდ მოვლენად მიიჩნევს, 64% თვლის, რომ „გაუარესდა მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობა“ და ესაა მისთვის მიზეზი. ასეთი პოზიცია ძირითადად იმ ადამიანებს აქვთ, რომელებიც თავს უმუშევრად თვლიან. ადამიანთა ჯგუფში, რომელებიც თავს უმუშევრად მიიჩნევენ, მხოლოდ 36% თვლის საბჭოთა კავშირის დაშლას, როგორც კარგ მოვლენას. ამ სტატუსის მქონე მოსახლეობის 46% -სთვის ცუდი მოვლენაა, ხოლო 16% -მა არ იცის. განსხვავებული განაწილებაა დასაქმებულებში, სადაც 13 პ.პ. -ით მეტი, 49% თვლის საბჭოთა კავშირის დაშლას დადებით მოვლენად, ხოლო უარყოფითი - დასაქმებულთა შორის მხოლოდ 35% -სთვისაა. ერთია დასაქმება და მეორე - ცხოვრების დონე. უფრო მეტიც, საბჭოთა კავშირში ყველა შრომისუნარიანი პირისთვის შრომა სავალდებულო და ღირსების საქმე, ხოლო უმუშევრობა ლიკვიდირებული იყო. 1961 წლიდან უმუშევრობა სისხლის სამართლებრივ პასუხიმგებლობას ითვალისწინებდა. შესაბამისად, ფაბრიკა-ქარხნების აშენებისა და საწარმოო პროცესის საფუძველს უპირველესად არა მომხმარებლისთვის საჭირო პროდუქცია და მისი მოთხოვნის დაკმაყოფილება, არამედ სამუშაო ადგილის ხელოვნურად შექმნა წარმოადგენდა. საბჭოთა კავშირში უკეთესი ცხოვრების აღქმის საფუძველი თავად სიღარიბის სუბიექტურ და შედარებით კატეგორიაშია. ერთი მხრივ, იზოლირებულ სახელმწიფოში ცხოვრება და მეორე მხრივ პროპაგანდა საბჭოთა ეკონომიკურ მიღწევებზე, ადამიანებს გარე სამყაროში არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობაზე და ცხოვრების დონეზე ინფორმაციის მიღმა ტოვებდა. შესაბამისად, აღქმა იმისა, რომ კაპიტალისტურ ქვეყნებთან შედარებით ღარიბები იყვნენ, ნაკლებად (თითქმის არ) არსებობდა. შეუძლებელია რაიმე შეაფასო (თუ რამდენად ცუდია ან კარგია), როცა უკეთესზე ან უარესზე ინფორმაცია არ გაქვს. იზოლირებულ საზოგადოებაში კი, თითქმის არ არსებობდა ინფორმაცია ცხოვრების უკეთეს დონეზე.

სინამდვილეში, საბჭოთა კავშირში გაცილებით დაბალი ცხოვრების დონე იყო, ვიდრე იმ დროისთვის საბაზრო ეკონომიკის პრინციპების მქონე ქვეყნებში. 1980 -იანი წლების შუა პერიოდში საბჭოთა კავშირში ერთ სულ მოსახლეზე მოხმარების დონე 3.5 -ჯერ უფრო ნაკლები იყო, ვიდრე აშშ -ის ერთ სულ მოსახლეზე საშუალო მოხმარება. ამავე პერიოდში, საბჭოთა კავშირის მოხმარება, OCED -ის წევრი ქვეყნებიდან მხოლოდ თურქეთის დონეს აღემატებოდა (Bergson, 1991). ასეთივე სურათი იყო შრომის პროდუქტიულობის კუთხითაც, რადგან ერთ მუშახელზე განაწილებული გამოშვება ბევრად დაბალი იყო, ვიდრე დასავლურ ქვეყნებში (Bergson, 1987). თავად ქვეყნის შიგნით კი, სოციალიზმი ცდილობდა უთანასწორობა ფორმალურად მაინც არ დაეშვა. მაგალითად, 1981 წელს საქართველოში უთანასწორობის მაჩვენებელი 24.8-იან ნიშნულს შეადგენდა, რომლის ზრდა ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის პერიოდში დაიწყო. მაქსიმალურ ნიშნულს კი, 53.3 -ს უთანასწორობამ 1997 წელს მიაღწია, რაც მომდევნო წლებში 36.4 -მდე შემცირდა.

ფიგურა 1: საქართველოს ჯინის კოეფიციენტი - WIID

შენიშვნა* 0-100 შუალედში, სადაც 0 სრულ თანასწორობას ასახავს, ხოლო 100 სრულ უთანასწორობას.

 

არსებობს მეორე აღქმა, თითქოს ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესება საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დაიწყო. პრემიერ-მინისტრის განცხადება სწორედ ამ დამახინჯებული პოზიციიდან ცდილობს მოვლენების ინტერპრეტაციას. სინამდვილეში, საბჭოთა ეკონომიკის ჩამოშალა ბევრად უფრო ადრინდელი პროცესია, ვიდრე 1989-91 წლების მოვლენა. სწორედ საბჭოთა ეკონომიკის ჩამოშლა გახდა ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი საბჭოთა იმპერიის დაშლის, რასაც ე.წ. „პერესტროიკის“ და „გლასნოსტის“ პოლიტიკამ ვერ უშველა. საბჭოთა კავშირის ეკონომიკის ზრდის ტემპის შემცირება ჯერ კიდევ 1980 -იანი წლების დასაწყისიდან იწყება, როცა შრომის და კაპიტალის პროდუქტიულობა შემცირდა. აღნიშნული ჯერ კიდევ 1970 -იან წლებში ზრდის ტემპის შემცირებით იყო გამოწვეული, უკვე 1980-87 წლებში კი, მთლიანი პროდუქტიულობა, ყოველწიურად, საშუალოდ 0.2% -ით მცირდებოდა (Easterly, 1995). შემცირება შეეხო როგორც სოფლის მეურნეობის, ასევე ინდუსტრიულ დარგსაც. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო ადრეული პერიოდიდან სოფლის მეურნეობაში ინვესტიციის მოცულობას ზრდიდა, სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობა მცირდებოდა.

ფიგურა 2: სსრკ -ის მთლიანი ეკონომიკის და ინდუსტრიული დარგის მთლიანი პროდუქტიულობის ზრდა (საშუალო წლიური, %)

შენიშვნა* მონაცემები მოპოვებულია Easterly (1995) -ს პუბლიკაციიდან.

 

ასეთივე სურათი იყო საქართველოშიც, რადგან 1981-90 წლებში პროდუქტიულობის საშუალო კლება 1.6% -ს შეადგენდა (Campos and Coricellim, 2002). მსოფლიო ბანკის მონაცემებით, ჯერ კიდევ 1986 წელს საქართველოს ეკონომიკა 8.2% -ით შემცირდა, ხოლო 1990 წლის კლება უკვე 14.8% -ს შეადგენდა. ხუთწლიან პერიოდში (1981-90 წლები) ეკონომიკა 22.4% -ით შემცირდა. საბჭოთა კავშირზე და მათ შორის საქართველოზე 1985 წლიდან ნავთობის ფასის ვარდნა მძიმედ აისახა, რადგან საბჭოთა ეკონომიკის მთლიანი ექსპორტის დაახლოებით 2/3 ნავთობისა და გაზის ინდუსტრია იყო. შედეგად, ეკონომიკა მცირდებოდა და პირველადი მოხმარების საქონელზე დეფიციტი იზრდებოდა. 1989 წელს საბჭოთა მოქალაქე სურსათის რიგში დღეში დაახლოებით 4 საათს ხარჯავდა. დეფიციტის უმთავრესი მიზეზი კი ფასების კონტროლი იყო. ყველა ნივთის ფასი წინასწარ, ცენტრალიზებული ბიუროკრატიის მიერ იყო განსაზღვრული. თავისუფალი ფასწარმოქმნის პირობებში დეფიციტი უბრალოდ არ არსებობს.

ფიგურა 3: საქართველოს მშპ ერთ სულ მოსახლეზე და ეკონომიკური ზრდა (ლარი, 2010=100; %)

შენიშვნა* ავტორი გამოთვლები, რომელიც ეყრდნობ მსოფლიო ბანკის და სტატისტის ეროვნული სამსახურის მონაცემებს.

 

სწორედ მკაცრად ცენტრალიზებული, იერარქიული პარტიული ბიუროკრატია წყვეტდა საქართველოს მოქმედი პრემიერ-მინისტრის მიერ ხსენებული ფაბრიკა-ქარხნების აშენებას, რომლის ძირითადი პრინციპი სისტემის საჭიროებიდან გამომდინარეობდა და არა მომხმარებელთა ინტერესიდან. საწარმო იხსნებოდა იქ და იმ დროს, სადაც და როცა ეს მთავრობას სჭირდებოდა (Frank, 1957). საწარმოს საქმიანობის ძირითადი და აუცილებელი პრინციპი კი ხარჯების შემცირება და „დაუგეგმავი“ მოგების გაზრდა იყო. სწორედ ამას მოითხოვდა „ხაზრაშიოტის“ პირველადი წესების დაცვა, ხოლო საწარმოს ხელმძღვანელის საქმიანობა კი დადგენილი წესების და „გოსპლანის“ მიერ დაგეგმილის შესრულება იყო. ასეთი გეგმები, უმეტეს შემთხვევაში, მხოლოდ ქაღალდზე და ზოგჯერ გადაჭარბებითაც კი სრულდებოდა. თუმცა, ამავდროულად არსებობდა ე.წ. გეგმიურად წამგებიანი საწარმოები, რომელთა ოპერირების ხარჯები მის შემოსავლებს აღემატებოდა. შესაბამისად, ასეთი საწარმოები სუბსიდიის საშუალებით განაგრძობდნენ არსებობას. მაგალითად, ასეთი იყო ფართომასშტაბიანი რუსთავის მეტალურგიული კომბინატი, ზუგდიდის ენგურ-ქაღალდ კომბინატი და სხვა.

ბუნებრივია, ამ სისტემაში, ზემოთ ხსენებული პრინციპით აშენებული როგორც გეგმიურად წამგებიანი, ასევე გეგმიურად მომგებიანი ფაბრიკა-ქარხნები დაიშალა. ნაწილს პოსტ-საბჭოთა პერიოდში საქმიანობა არ შეუწყვეტია ან მოგვიანებით განაახლა. ამას ორი - ხელოვნური და ბუნებრივი მიზეზი აქვს. კერძო მფლობელის პირობებში ზოგიერთი საწარმო მოდერნიზდა და ოპერირება განაგრძო, ხოლო ზოგიერთი - სახელმწიფოს საკუთრებაში ხელოვნურად იყო შენარჩუნებული, რაც ერთგვარად საბჭოთა ეკონომიკური სისტემის გაგრძელებაა. ასეთი საწარმოები კვლავ სუბსიდიის პირობებში განაგრძობდნენ საქმიანობას, რათა მათ დახურვას დასაქმებულთა პროტესტი არ მოჰყოლოდა და პოლიტიკურ ელიტას ძალაუფლება განემტკიცებინა. დამოუკიდებლობის აღდგენისა და საბაზრო ეკონომიკის მშენებლობის დაწყებიდან სამი ათწლეულის შემდეგაც, პირდაპირ სუბსიდიაზე მყოფი საწარმოები კვლავ არსებობს, ან კერძო მფლობელობაშია, მაგრამ არაპირდაპირ სუბსიდიებს იღებს. ეს კი არასწორი პოლიტიკაა, რადგან ასეთი საწარმოები ვერ უზრუნველყოფენ მომხმარებელთა მოთხოვნის საუკეთესო დაკმაყოფილებას. სწორედ ასეთი საწარმოების - საბჭოთა ფაბრიკა-ქარხნების შენარჩუნება იქნებოდა უგუნური პოლიტიკა და არა პირიქით. ამ ფაბრიკა-ქარხნების ხელოვნურ შენარჩუნებას ექნებოდა გაცილებით დიდი კეთილდღეობის (სოციალური) დანაკარგი, ვიდრე ნებისმიერ სხვა შემთხვევას.

საბჭოურ კეთილდღეობაზე და „აგუგუნებულ“ ფაბრიკა-ქარხნებზე მითების კულტივირება და ასეთივე წარმოების აშენების დაპირება პოპულიზმის კლასიკური მაგალითია, რადგან წარმოადგენს დემაგოგიას, ვიწრო პოლიტიკური მიზნებისთვის. პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი ცდილობს, ელექტორატს შეუქმნას განცდა იმისა, რომ მათი პრობლემები ადვილად მოგვარებადია და ამ უკანასკნელის მოგვარების საშუალება საბჭოთა კავშირთან ერთად დანგრეული ფაბრიკა-ქარხნების აღდგენაა. თუმცა, მთავრობის ხელმძღვანელი ამით არ შემოიფარგლა, რადგან ადგილობრივი წარმოების გაზრდასა და „იმპორტზე დამოკიდებულების“ შემცირებაზე ნათქვამს, უკვე მომდევნო კვირას კონკრეტული დაპირება დაამატა. ბორჯომში გამართულ შეხვედრაზე პრემიერმა განაცხადა, რომ ადგილობრივ წარმოებაში 2.5 მლრდ ლარის ინვესტირებას გეგმავს და ამისთვის დავალება გაცემულია, რომ რაც შეიძლება მალე, ქვეყანა გახდეს „თვითკმარი“ და „თვითუზრუნველყოფილი“. ეს კი, უფრო საზიანო პოპულიზმის ნიშნებია, რომლის შესახებ საუბარს შემდგომ მოსაზრებაში გავაგრძელებთ.


ავტორ(ებ)ი

ეგნატე შამუგია