პუბლიკაციები

პუტინის რუსეთის ომი უკრაინაში, საქართველოს ხელისუფლების შიშები და ორმაგი სტანდარტები

მიმდინარე წლის 24 თებერვალს რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო.  ომმა, რომელსაც რუსეთის ფედერაცია „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს, შეძრა ცივილიზებული მსოფლიო. აგრესორის მიერ უკრაინის მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ ჩადენილი სისასტიკის გამო, რუსეთი, ფაქტობრივად, სრულ იზოლაციაში მოექცა. დასავლური ქვეყნების მიერ დაწესებული ეკონომიკური სანქციების პარალელურად, რუსეთში მუშაობას აჩერებენ უცხოური კერძო კომპანიებიც.  რუსული აგრესიის შეკავების ოპტიმალურ გზად, ამ ეტაპზე, დასავლელი ლიდერები უკრაინისთვის შესაბამისი თავდაცვითი იარაღის მიწოდებას და რუსეთის სრულ იზოლაციაში მოქცევას მიიჩნევენ.

იმ ფონზე, როცა რუსეთის ფედერაცია იზოლაციაშია, რაც ქვეყანას ღრმა ეკონომიკურ კრიზისს უქადის, მისი მოქალაქეების ნაწილი გამოსავალს საზღვარგარეთ გაქცევაში ხედავს. ამ მხრივ, რუსეთის მოქალაქეთა ერთ-ერთ პირველ არჩევანს საქართველო წარმოადგენს, რადგან მათ საქართველოში დაბრკოლების გარეშე, უვიზოდ შეუძლიათ შემოსვლა.  აღნიშნული ტენდენციის გამო, ქართულ საზოგადოებაში გააქტიურდა დისკუსია იმაზე, თუ რა მიდგომა უნდა ჰქონდეს ხელისუფლებას საქართველოში ჩამოსულ რუსეთის მოქალაქეებთან მიმართებით. ერთი მხრივ, არსებობს მოსაზრებები, რომ პუტინის დიქტატურასა და ეკონომიკურ კრიზისს გამორიდებულ მოქალაქეთა არმიღება არაჰუმანური და გაუმართლებელია, მეორე მხრივ კი, რუსეთის მოქალაქეთა უკონტროლო შემოშვება საფრთხედ აღიქმება საქართველოს სუვერენიტეტისთვის. ამ უკანასკნელი მოსაზრების მომხრეებს აქვთ შესაბამისი არგუმენტები და მიიჩნევენ, რომ ქვეყანაში რუსეთის მოქალაქეებისა და კომპანიების რიცხვის ზრდა გამოყენებული იქნება როგორც  რუსული ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი მძლავრი ინსტრუმენტი. ამასთან, საგულისხმოა, რომ ისტორიულად, რუსეთის ფედერაცია ომებს „საკუთარი მოქალაქეების დაცვის“ საბაბით იწყებს და სამომავლოდ, მსგავსი მიზეზით, შესაძლოა საქართველოს სრული ოკუპაცია განახორციელოს.  მით უმეტეს, რომ ვლადიმერ პუტინის სენტიმენტები საბჭოთა კავშირის აღდგენის მიმართ, ყველასთვის ცნობილია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ისმის რუსეთის ფედერაციასთან სავიზო რეჟიმის შემოღების მოთხოვნაც,  რათა შეძლებისდაგვარად უკეთ მოხდეს ქვეყანაში შემომსვლელთა მიზნების გამოვლენა. საქართველოს მოქალაქეთა ნაწილის შეშფოთებას იწვევს ის ფაქტიც, რომ ქვეყნის ხელისუფლება ამ საკითხს სერიოზულად არ განიხილავს (ყოველ შემთხვევაში, საჯარო გამოსვლები ამაზე მეტყველებს) და აცხადებს, რომ ცნობები საქართველოში რუსეთის მოქალაქეების მასობრივ შემოსვლაზე მთავრობის წინააღმდეგ მიმართული დეზინფორმაციის ნაწილია. ამავდროულად, ხელისუფლება არ სცემს პასუხებს მნიშვნელოვან კითხვებზე - არ აწვდის საზოგადოებას დეტალურ სტატისტიკას იმის შესახებ, რუსეთის რამდენმა მოქალაქემ გადმოკვეთა საქართველოს საზღვარი ომის დაწყების შემდგომ და რა მიზნებით, რამდენმა მოითხოვა უძრავი ქონების ან ბიზნესის რეგისტრაცია და ა.შ. ხელისუფლების ქმედებებში ეჭვის შეტანის საფუძველს ისიც იძლევა, რომ მესაზღვრეებმა, გაურკვეველი მიზეზებით, ქვეყანაში შემოსვლაზე უარი უთხრეს რუსეთის ხელისუფლების მიერ დევნილ რამდენიმე დამოუკიდებელ ჟურნალისტს. 

ნაცვლად იმისა, რომ მთავრობამ საზოგადოებაში გაჩენილ კითხვებსა და შიშებს მაქსიმალურად გამჭვირვალედ უპასუხოს, ასევე განმარტოს საზღვარზე კონკრეტული ადამიანების არშემოშვების მიზეზები, ის სადამსჯელო ზომებზე საუბრობს. კერძოდ, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „აშკარაა, რომ დისკრიმინაციული კამპანია რუსი ეროვნების მოქალაქეების წინააღმდეგ ომის პარტიის, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ განიხილება როგორც ერთგვარი ბოლო შანსი, საქართველო ჩათრეულ იქნას სამხედრო კონფლიქტში, რასაც ხელისუფლება არ დაუშვებს... ამჟამად, უკვე ფიქსირდება შემთხვევები, როდესაც კერძო კომპანიები რუსი ეროვნების მოქალაქეებს მომსახურებაზე უარს ეუბნებიან, ან მომსახურების მისაღებად დისკრიმინაციულ დათქმებს უწესებენ. არის სერიოზული საფრთხე იმისა, რომ ამგვარმა მიდგომამ უფრო ფართო ტენდენციაც შეიძინოს და რუსი ეროვნების მოქალაქეების ფიზიკურ შეურაცხყოფაშიც გადაიზარდოს... საქართველოს პარლამენტმა უკვე დაიწყო მუშაობა კანონპროექტის გამკაცრებაზე, რომელიც ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციისა და ეთნიკური შუღლის გაღვივების წინააღმდეგ იქნება მიმართული“.  

ზემოაღნიშნული განცხადება და რუსეთის მოქალაქეების დაცვის სურვილი შეიძლება გულწრფელადაც ჩაგვეთვალა, რომ არა წარსული გამოცდილება და „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირველ წლებში გამკაცრებული სავიზო რეგულაციები კონკრეტული ქვეყნების წარმომადგენელთათვის. 2014 წელს, იუსტიციის იმდროინდელი მინისტრის, თეა წულუკიანის ინიციატივით, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონპროექტი შემუშავდა. აღნიშნული, პარლამენტმა კანონად აქცია. კანონის თანახმად, ვიზებს არა იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო, არამედ საზღვარგარეთ, საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები და საკონსულოები გასცემდნენ. საქართველოს საზღვარზე ვიზის გაცემა მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში გახდა შესაძლებელი. ამ ცვლილებამ უცხოელების საქართველოში შემოსვლა მნიშვნელოვნად გაართულა. ამასთან, საქართველოში უვიზოდ ყოფნის ვადა 360 დღის ნაცვლად, 180 დღიან პერიოდში, 90 დღით განისაზღვრა. ასევე, 24 ქვეყანას საქართველოსთან უვიზო რეჟიმი გაუუქმდა. 

აღნიშნული ცვლილებების გასამართლებლად თეა წულუკიანი აცხადებდა: „ყველა ბედნიერი მასშტაბური რეფორმით ვერ არის... ვერ არის, მაგალითად, ბედნიერი ტურიზმის სააგენტო... ამ სფეროში 1-ელ სექტემბერს, როცა ეს რეფორმა შევიდა ძალაში, ამან გამოიწვია ბოლო ოთხი თვის განმავლობაში 2014 წელს, ჩვენი ტურისტების ნაკადის 42 000 ადამიანით შემცირება: ჩინელების, ერაყელების, ირანელების და ეგვიპტელების... შევავიწროვეთ ეს და ჩვენ წარმატება მივიღეთ ბრიუსელში და ჩვენ ველოდებით რიგის სამიტზე რაღაცა ტიპის წარმატებას... მერე უკვე ჩვენ შეგვიძლია დადგენილ ჩარჩოში ვაკონტროლოთ და შემოვუშვათ ის, ვინც ჩვენი ქვეყნის კეთილმოსურნეა, ტურისტია ან რაც მთავარია, ინვესტორია“.  მინისტრის ამ პოზიციას მაშინ საკანონმდებლო ორგანოს უმრავლესობაც დაეთანხმა, როგორც კანონის მიღებით, ისე რიტორიკის დონეზე. მაგალითად, ცვლილებების კომენტირებისას, მაშინდელი საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ირაკლი სესიაშვილი აცხადებდა: „შემოდიოდნენ სხვა ინტერესების მატარებელი ჯგუფები, რომლებსაც სურვილი ჰქონდათ და ეძებდნენ გარკვეულ გზებს სხვა ქვეყნებში მოსახვედრად... უმუშევარი, არაფრისმქონე რომ შემოდის, ან უნდა მოიპაროს ან უნდა სამუშაო იპოვოს, ე.ი. ჩვენს თანამოქალაქეს უნდა წაართვას... ამის წინააღმდეგი არავინ არ არის, არავინ არ არის რასისტული მიდგომებით. ეს პროცესი არის სწორი, ემყარება საერთო რეგულაციას, რომელიც საერთო ჯამში ჩამოაყალიბებს იმ სტანდარტებს, რაც ევროკავშირს აქვს“.

როგორც ვხედავთ, ხელისუფლების პოზიციით, რუსეთის მოქალაქეებისგან განსხვავებით, ჩინელების, ერაყელების, ირანელების და ეგვიპტელების ფილტრაცია აუცილებელ ზომად მიიჩნეოდა. სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ 2015 წელს აღნიშნული შეზღუდვები გაუქმდა,  თუმცა, არა იმის გამო, რომ ხელისუფლებამ მისი დისკრიმინაციული ხასიათი აღიარა, არამედ იმიტომ, რომ ამ კანონის ამოქმედების შემდეგ, ტურიზმის სექტორი მნიშვნელოვნად დაზარალდა.  ამ კონკრეტულ მაგალითზე ნათლად ვლინდება „ქართული ოცნების“ ორმაგი სტანდარტები უცხო ქვეყნის მოქალაქეებთან მიმართებით - ახლა ისინი კერძო სექტორს დასჯით ემუქრებიან იმ საქციელისთვის, რისი მსგავსიც რამდენიმე წლის წინ თავად დააკანონეს.

რუსეთის უკრაინაში შეჭრამ საქართველოს ხელისუფლების ორმაგი სტანდარტები უკრაინისადმი მხარდაჭერის საკითხშიც გამოავლინა. ერთი მხრივ, საქართველო, თავისი პოზიციით დგას ცივილიზებული მსოფლიოს გვერდით და მხარს უჭერს გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციას  (სახელწოდებით, „აგრესია უკრაინის წინააღმდეგ“, სადაც მკაცრად არის დაგმობილი რუსეთის ქმედებები), მეორე მხრივ კი, მთავრობა ხელს უშლის უკრაინისთვის ომში დახმარების მსურველი ქართველი მოხალისეების უკრაინაში გამგზავრებას და საზოგადოებას ატყუებს  იმის თაობაზე, რომ მსგავსი ქმედება საქართველოს ომში ჩართვას ნიშნავს. ამასთან, რბილად რომ ვთქვათ, მიუღებელია ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებები (და ზოგჯერ სიჩუმეც) უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე. 

25 თებერვალს ირაკლი ღარიბაშვილმა, ისე რომ ეს მისთვის არც უკითხავთ,  აღნიშნა, რომ „საქართველოს ეროვნული ინტერესების“ გათვალისწინებით, არ აპირებს უკრაინაში განხორციელებული ქმედებების გამო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ საერთაშორისო სანქციებს საქართველოც მიუერთდეს. მას ჰკითხეს, გეგმავს თუ არა კიევში ჩასვლას მხარდაჭერისა და სოლიდარობის გამოსახატად - ისევე, როგორც ეს უკრაინის პრეზიდენტმა გააკეთა საქართველოს მხარდასაჭერად 2008 წლის აგვისტოს ომის დროს. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველომ გამოხატა მხარდაჭერა ისე, როგორც გამოხატა. „უკრაინაში ჩასვლა - ჩასვლისთვის არაფრის მომცემი არ არის... სოლიდარობის გამოხატვა ჩვენს ქვეყანას შეგვიძლია და გამოვხატეთ ისე, როგორც გამოვხატეთ და ამის თაობაზე მოგახსენეთ. კითხვაზე, ვაპირებ თუ არა კიევში ჩასვლას, თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ დაკეტილია საჰაერო სივრცე. არათუ მე, არამედ მსოფლიოს ყველაზე ძლიერი სახელმწიფოს ლიდერებიც ვერ ჩადიან უკრაინაში. პასუხი შესაბამისია, სამწუხაროა და მე კიდევ მინდა გავიმეორო, რომ ძალიან დიდი გულისტკივილით ვუყურებ იმ სცენებს, რაც უკრაინაში ხდება და როგორ იჩაგრება უკრაინელი ხალხი. ამ სიტუაციაში საჭიროა საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობა იმისთვის, რომ ეს ტრაგედია შევაჩეროთ“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.  ასევე, პრემიერის თქმით, უკრაინის საკითხის შესახებ პარლამენტში გამართულ დისკუსიაზე არ მივა, რადგან მას თავის საქმე აქვს, პარლამენტს თავისი, ომი კი უკრაინაში მიმდინარეობს.  

პასუხი საერთოდ ვერ მოვისმინეთ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარისგან კითხვაზე, თუ ვინ დაიწყო ომი უკრაინაში. თორნიკე რიჟვაძის თქმით,  ამ საკითხზე ჟურნალისტებმა „დარგის ექსპერტებს“ უნდა მიმართონ. ამავე კონტექსტში აღსანიშნავია საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი პარლამენტში მიმდინარე წლის 14 მარტს, როცა ის, უკრაინისადმი მხარდაჭერის გამოსახატად, სხდომათა დარბაზში უკრაინის დროებით რწმუნებულთან ერთად მივიდა. როგორც აღმოჩნდა, „ქართული ოცნება“ ამ სიმბოლურმა ჟესტმა გააღიზიანა და როგორც თავად აღნიშნეს, შიდა-პროცედურული წესების გამო ამ ფაქტმა „უხერხულობა“ შექმნა.  არადა, უკრაინისადმი სიმბოლური მხარდაჭერა ბიუროკრატიული წესების „დარღვევის“ გამო, კრიტიკის საგანი თითქოს არ უნდა ხდებოდეს.

ნათელია, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება უკრაინის მხარდასაჭერ სიმბოლურ ჟესტებსა და მკაფიო განცხადებებს ერიდება. მეტიც, შეიძლება ითქვას, მსგავსი სიმბოლოების მიმართ პანიკურ შიშს ავლენს. ისეთ ვითარებაში კი, როგორიც დღესაა, სიმბოლოებსა და განცხადებებს დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ამდენად, სამწუხაროა, რომ საქართველოს ხელისუფლება, რუსეთის შიშით, ვერ აფიქსირებს მკაციო პოზიციას პუტინის რეჟიმის აგრესიის წინააღმდეგ. ბუნებრივია, აგრესიული რუსული რეჟიმის მიმართ შიში რაციონალურია, თუმცა საქართველოს ხელისუფლების რიტორიკაში პანიკა უფრო შეინიშნება, რაც სწორედ იმ „სახელმწიფო ინტერესებისთვის“ არის დამაზიანებელი, რაზეც თავად მთავრობა აპელირებს. როგორც ცნობილია, საქართველოს ხელისუფლებას რუსეთის „არგაღიზიანების“ პოლიტიკა აქვს არჩეული, თუმცა თუ პუტინის რეჟიმი საქართველოს მისი გავლენის სფეროში მოქცევას ან სრულ ოკუპაციას გადაწყვეტს, ძნელად სავარაუდოა, რომ ირაკლი ღარიბაშვილის, თორნიკე რიჟვაძის და სხვების „მოზომილმა“ განცხადებებმა გადააფიქრებინოს. ამავდროულად, აღნიშნული პოზიციების გამო, საქართველო არცთუ ღირსეულ და სანდო პარტნიორად გამოიყურება უკრაინელებისა და დასავლური სამყაროს თვალში, რაც ნამდვილად არ წაადგება ჩვენი ქვეყნის უმრავლესობის სურვილის (საქართველოს დასავლური სამყაროს სრულუფლებიან წევრად ქცევას) ასრულებას. ამასთან, შესაძლოა მალე დადგეს გარდამტეხი მომენტი, სადაც „ქართული ოცნების“ ორმაგი სტანდარტები ვეღარ იმუშავებს და ცალსახა პოზიცია იქნება დასაფიქსირებელი. ასეთ დროს კი, პანიკით ნაკარნახევი გადაწყვეტილება დიდი ხნით დაგვაშორებს ცივილიზებულ სამყაროს.


ავტორ(ებ)ი

დავით ქუტიძე