ახალ კორონავირუსთან ბრძოლის სტრატეგია
ფოტო: ecdc.europa.eu
ახალი კორონავირუსის გავრცელებისა და საგანგებო მდგომარეობის ფონზე, დისკუსია გააქტიურდა იმაზე, თუ რა შეიძლება იყოს ამ სიტუაციიდან გამოსავალი. მით უმეტეს, რომ მსგავსი გეგმა არც მთავრობას აქვს წარმოდგენილი. თუმცა, გამოსავალზე საუბარს მხოლოდ მაშინ აქვს აზრი, თუ პრობლემა ზუსტად არის იდენტიფიცირებული. ამისთვის, იტალიის მაგალითი დაგვეხმარება.
იტალიაში, სტატისტიკის მიხედვით, ყოველდღიურად რამდენიმე ასეული ადამიანი იღუპება. ლეტალური შემთხვევების დიდი უმრავლესობა კი ორ რეგიონში, ლომბარდიასა და ემილია-რომანიაში ფიქსირდება. ეს და მრავალი ტრაგიკული ადამიანური ისტორია, რომელსაც უმკაცრესი საკარანტინო ღონისძიებების ფონზე აქვს ადგილი, საფრთხის სერიოზულობაზე მიუთითებს, ადამიანებს აშინებს და მთავრობებს აქტიურობისკენ უბიძგებს.
თუმცა, ზუსტი სურათის მისაღებად, იტალიისთვის სპეციფიკური რამდენიმე ფაქტორია გასათვალისწინებელი.
1. აღრიცხვის უზუსტობა - სავარაუდოდ, გარდაცვალებათა მაჩვენებელი, რომელიც კორონავირუსზეა მიწერილი, იმ შემთხვევებსაც მოიცავს, როცა პაციენტი რაიმე სხვა ავადმყოფობის გამო გარდაიცვალა. უკვე დანამდვილებით ვიცით, რომ ბევრ შემთხვევაში კორონავირუსი უსიმპტომოდ ან ნაკლებად მკვეთრად გამოხატული სიმპტომატიკით ხასიათდება, ამიტომ ბევრი თუ არა, უმეტესობა ამ დაავადებას მარტივად გაუმკლავდება. ეს ნაკლებად ეხება მოხუც და სუსტი ჯანმრთელობის მქონე ადამიანებს, მაგრამ მაინც შესაძლებელია. მაგალითად, ამ მომენტისთვის ჩეხეთში გარდაცვლილი ერთადერთი პაციენტი 95 წლის ქალი იყო, რომელიც გულის პრობლემების გამო გარდაიცვალა, თუმცა მას ასევე კორონავირუსიც დაუდგინდა. შედეგად, ფორმალურად კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებლები უფრო მაღალია, ვიდრე რეალობაში. როგორც იტალიის ჯანდაცვის მინისტრის მრჩეველმა განმარტა, პაციენტების ისტორიების გადამოწმების შედეგად, კორონავირუსი, სიკვდილის უშუალო მიზეზი მხოლოდ შემთხვევათა 12%-ში აღმოჩნდა. დანარჩენი 88% მინიმუმ დამატებით შესწავლას საჭიროებს. აქედან გამომდინარე, სავარაუდოდ, სიკვდილიანობა უფრო დაბალია, ვიდრე სტატისტიკიდან ვხედავთ.
2. სტატისტიკური მანიპულირება - რამდენიმე კვირის წინ, Imperial College London -ის მკვლევარებმა მოდელი მოამზადეს, რომლის მიხედვითაც დიდ ბრიტანეთში აგვისტოსთვის 500 000 დამატებით გარდაცვლილს პროგნოზირებდნენ, თუ მთავრობა არაფერს გააკეთებდა. თუმცა, როგორც შემდგომ აღმოჩნდა, მოდელი არ ითვალისწინებს იმას, რომ კორონავირუსით გარდაცვლილი ადამიანების ნაწილი, კორონავირუსის არ არსებობის შემთხვევაში, მაინც გარდაიცვლება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, როცა დაავადების სიკვდილიანობაზე ვსაუბრობთ, ის შემთხვევები უნდა დავთვალოთ, რომლებიც: ა) უშუალოდ ამ დაავადებით არის გამოწვეული; ბ) არ მოხდებოდა, რომ არა ეს დაავადება.
ამ გადმოსახედიდან თუ შევაფასებთ, იტალიის სტატისტიკა კიდევ უფრო არაზუსტი გამოდის. იტალიაში გარდაცვლილი პაციენტების საშუალო ასაკი 79 წელია და მას 1 ან რამდენიმე თანხვედრი დაავადება აქვს. ასეთ ასაკში 2-2.5 ათასი ადამიანი კვდება ამა თუ იმ მიზეზით. თუკი მთლიან რისკ-ჯგუფს ავიღებთ, ანუ 65 წელზე მეტი ასაკის მქონე ადამიანებს, ყოველწლიურად დაახლოებით 90 000 ასეთი იტალიელი იღუპება, ანუ საშუალოდ 250 ადამიანი ყოველდღიურად.
აქედან გამომდინარე, კორონავირუსით გამოწვეული დამატებითი სიკვდილიანობა, მინიმუმ ამ მაჩვენებლით უნდა დავაკორექტიროთ.
3. სხვა დაავადებებთან შედარება - როგორც აღვნიშნეთ, დაავადების რისკების შესაფასებლად დამატებითი სიკვდილიანობაა (excess mortality) გასათვალისწინებელი. მაგრამ, ეს პარამეტრი რომ შეფასდეს, სხვა დაავადებით გამოწვეული სიკვდილიანობის რაოდენობას უნდა შევადაროთ. მაგალითად, იტალიაში ყოველწლიურად 5 მილიონზე მეტი სეზონური გრიპის შემთხვევა ფიქსირდება, რომლის შედეგად საშუალოდ 12-24 ათასი ადამიანი კვდება და მათი უმრავლესობა ზამთრის პერიოდზე მოდის. ამდენად, გრიპის გავრცელების პერიოდს 4 თვეს თუ ავიღებთ, ყოველთვიურად 3-6 ათასი ადამიანი კვდება ეპიდემიის დროს და საშუალოდ 100-200 ადამიანი ყოველდღიურად. ამ და ზემოთ მოყვანილ მონაცემებს (აღრიცხვის სიზუსტესთან დაკავშირებით) თუ გავითვალისწინებთ, კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილთა პიკური რაოდენობა (600-700 ადამიანი), რომლითაც მთელი სამყაროა დაშინებული, არ გამოიყურება ფორს-მაჟორად.
4. ტესტირების სპეციფიკა - ყველა იმ ქვეყანაში, სადაც მასობრივი ტესტირებაა ჩატარებული, სიკვდილიანობის მაჩვენებელი დაბალია. ეს, გარდა სუფთა სტატისტიკური ეფექტისა, ორი მიზეზით არის განპირობებული: 1. ვირუსის უფრო სწრაფი გამოვლენა და შედეგად გართულებების პრევენცია; 2. კარანტინის რესურსების ოპტიმიზაცია, რომ იქ ჯანმრთელი ადამიანი არ იყოს განთავსებული. იტალიაში კი ტესტირება ძალიან გვიან დაიწყო. მაგალითად, საწყის ეტაპზე, იქ ოფიციალურად არავის ჰქონდა ვირუსი დადგენილი, როცა ის რამდენიმე იტალიიდან ჩამოსულ ადამიანს აღმოუჩინეს. შედეგად, საკმაოდ დიდი პერიოდის განმავლობაში ვირუსი იტალიის ქალაქებში ვრცელდებოდა რაიმე კონტროლის, პრევენციის თუ სათანადო ინფორმირების გარეშე. ამდენად, მასობრივი და დროული ტესტირება უმნიშვნელოვანესია სიტუაციაზე კონტროლის შესანარჩუნებლად.
ასევე, იმის ნაცვლად, რომ იტალიაში მხოლოდ რისკ-ჯგუფში მყოფ და მძიმე პაციენტებზე მომხდარიყო ფოკუსირება, საწყის ეტაპზე სტაციონარში ყველა ინფიცირებული ხვდებოდა. ამან ჰოსპიტლების გადატვირთვა და რესურსების არაეფექტიანი გამოყენება გამოიწვია, რის გამოც არა მხოლოდ კორონავირუსით, არამედ ყველა სხვა დაავადებით გამოწვეული სიკვდილიანობა გაიზარდა.
5. ქვეყნის სპეციფიკა - იტალია ევროპაში მესამე და დიდ ქვეყნებს შორის პირველ ადგილზეა იმ ახალგაზრდების რაოდენობით, რომლებიც მოხუც მშობლებთან ცხოვრობენ. ამავდროულად, იტალიაში ჰიგიენის ძალიან დაბალი სტანდარტებია და როგორც ვიცით, კულტურულად ძალიან პატარა სოციალური და ფიზიკური დისტანცია, რაც მათ შორის, მისალმების და კომუნიკაციის სტილში გამოიხატება. ამით მარტივად გასაგები ხდება, თუ რატომ ვრცელდება ასე სწრაფად ვირუსი, მათ შორის მოხუც ადამიანებს შორის და რატომ არიან დაინფიცირებული ადამიანები კონცენტრირებულნი ცალკეულ ქალაქებში. ეს გარემოება ასევე გვიჩვენებს, რომ ფიზიკური და სოციალური დისტანციის ზრდა, რაზეც უკვე დიდი ხანია საუბარი მიდის, კრიტიკულად მნიშვნელოვანია ვირუსის გავრცელების შეჩერებისთვის.
მიუხედავად იმისა, რომ შემდეგ წელს მოსახლეობის დიდ უმრავლესობას იმუნიტეტი ექნება გამომუშავებული, ხოლო დანარჩენებისთვის ვაქცინა გაჩნდება, ამ გარემოების გათვალისწინება სასარგებლოა მსგავსი სიტუაციების მომავალში თავიდან ასაცილებლად. ამიტომ, რამდენიმე რეკომენდაციას ჩამოვაყალიბებთ, რომლებიც ამ და მომავალ კრიზისთან ბრძოლაში დაგვეხმარება.
1. მაქსიმალური ინფორმირება - ფაქტობრივად ყველა მთავრობამ, ამა თუ იმ დოზით, მოსახლეობა მოატყუა. პირველი და ყველაზე დიდი წვლილი ამაში ჩინეთის მთავრობას აქვს, რომელმაც მხოლოდ 20 იანვარს შეატყობინა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას ვირუსის შესახებ, როცა უკვე ნოემბერში იყო ამის თაობაზე ცნობილი. ეს რომ არა (და ასევე ჭორებით გამოწვეული პანიკა), ტრაგედიის მასშტაბი მცირე იქნებოდა. აგრეთვე დიდ როლს თამაშობს მოსახლეობის ინფორმირება, მათ შორის სოციალური დისტანციის დაცვის აუცილებლობის შესახებ. ეს საქართველოსთვის იტალიის მსგავსად განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ფიზიკური კონტაქტი მისალმებისა თუ კომუნიკაციის დროს ძალიან გავრცელებულია.
2. მასშტაბური ტესტირება - დანაშაულია, როცა ეპიდემიასთან ბრძოლაში პასუხისმგებელი პირი ითხოვს ტესტირების კომერციალიზაციის აკრძალვას. პირიქით, ყველაზე კარგი, რაც შეიძლება მთავრობებმა გააკეთონ, მაქსიმალური თავისუფლება მისცენ კერძო კლინიკებს და ლაბორატორიებს ტესტირების ჩატარებისას. მათი ტესტები უარესი ხარისხისაც რომ აღმოჩნდეს, შედარებით არაეფექტიანი ტესტის 2-3 ჯერ ჩატარება მის ნაკლოვანებას აღმოფხვრის. ხოლო, დროულად ჩატარებული დამატებითი 100-200 ტესტი, მაგალითად საქართველოსთვის, შეიძლება კრიტიკული აღმოჩნდეს და მთლიანად შეცვალოს ეპიდემიის დინამიკა. აღნიშნული, მსოფლიო ტენდენციებთან თანხვედრაშია. ევროპის ქვეყნებსა და აშშ-ს მრავალი პრობლემა შეექმნა, რადგან თითქმის ნებისმიერი მედიცინასთან დაკავშირებული აქტივობა ლიცენზირებას ექვემდებარება, მათ შორის პირბადეების წარმოება. ამ ბარიერების მოხსნა ბევრ შემთხვევაში გვიან მოხდა, რამაც ვირუსთან ბრძოლა გაართულა.
ასევე, მთავრობის აქტიურობაა საჭირო საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობისას, რომ ტესტირების ახალი მეთოდებისა და ინსტრუმენტების დროული იმპორტი განხორციელდეს. ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს მასშტაბური ტესტირების დაწყებას და ვირუსთან ბრძოლაში დროის მოგებას.
3. რისკ-ჯგუფის იდენტიფიცირება - სეზონური გრიპისგან განსხვავებით, კორონავირუსი ადამიანების ვიწრო ჯგუფისთვის არის საშიში. ამიტომ, ამ ჯგუფის იდენტიფიცირება და მაქსიმალური იზოლირება ძალიან მნიშვნელოვანია. ასეთ შემთხვევაში, მოხალისეების მხარდაჭერით მოხუცებისთვის პროდუქტების და მომსახურების სახლში მიწოდების სერვისის აწყობაა შესაძლებელი, ხოლო არსებული ტესტები პრიორიტეტულად ამ ჯგუფზე უნდა გადანაწილდეს, რომ ვირუსის იდენტიფიცირება მაქსიმალურად ადრე მოხდეს. მსგავსი პროგრამები შეიძლება გავრცელდეს სხვა რისკ-ჯგუფებზეც. ამავდროულად, თუ ახალგაზრდა და ჯანმრთელი ადამიანები მუშაობას განაგრძობენ, ისედაც ღარიბ ქვეყანაში ხალხი კიდევ უფრო არ გაღარიბდება.
4. ნებაყოფლობითი კარანტინი - ოჯახებს, სადაც ახალგაზრდები მოხუც მშობლებთან ერთად ცხოვრობენ, მათი კარანტინში გადაყვანა შეიძლება შევთავაზოთ. სასტუმროებში მოხუცების განთავსება ჯანმრთელობასაც დაიცავს და ტურისტული ბიზნესის მხარდაჭერის სხვა მექანიზმებს ჩაანაცვლებს.[i]
5. ეკონომიკური თავისუფლება - რაც უფრო შემცირდება რეგულაციები და გადასახადები, მით უფრო ეფექტიანი გახდება ბიზნესი, მით უფრო მეტი სამუშაო ადგილი შენარჩუნდება და უფრო ადვილად გავუმკლავდებით კრიზისს. ეს ასევე პანიკას შეამცირებს, რადგან სახლში გამოკეტილი ადამიანები მეტ სტრესს განიცდიან, ხოლო სტრესი კი ადამიანის ორგანიზმის თავდაცვის რესურსს ამცირებს. ამის გარეგანი ეფექტი კი, მაგალითად, ოჯახის წევრებს შორის კონფლიქტების სიხშირეს ზრდაა. იგივე უჰანში, მკაცრი საკარანტინო ზომების მოხსნის შემდეგ, განქორწინებათა რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა.
და ბოლოს, ყოველდღიურ ცხოვრებაში და მით უმეტეს კრიტიკულ მდგომარეობაში, მთავრობის მიმართ მაქსიმალურად ფრთხილი და კრიტიკული უნდა ვიყოთ. თუ მთავრობა ჩვეულებრივ პრობლემებს ვერ უმკლავდება, როგორია ალბათობა, რომ კრიტიკულ სიტუაციაში ის ეფექტიანი იქნება? თუ მცირე ძალაუფლებას ის ბოროტად იყენებს, მეტ ძალაუფლებას როგორ გამოიყენებს? მსოფლიო მასშტაბითაც კი, ეს აქტუალური თემაა. მაგალითად, გერმანიის მთავრობამ კერძო კომპანიის საკუთრებაში არსებული და იტალიისთვის განკუთვნილი ჯერ კიდევ დეკემბერში შეკვეთილი პირბადეების პარტია შეაჩერა საზღვარზე ექსპროპრიაციის მიზნით და მხოლოდ მარტის ბოლოს, დიდი ძალისხმევის შედეგად, იტალიის მთავრობამ შეძლო ამ პირბადეების გერმანიიდან გატანა. ეს პრობლემა შვეიცარიასა და ავსტრიასაც შეეხო. ჩეხეთის მთავრობამ კი, როგორც ჩანს, იტალიას პირბადეები უბრალოდ მოპარა. რამდენიმე გამონაკლისის გარდა (მაგალითად ტაივანის), პოლიტიკოსებმა და ბიუროკრატებმა კიდევ ერთხელ აჩვენეს, რომ დაბალ ეთიკურ სტანდარტებსაც კი არ აკმაყოფილებენ. თუმცა, ყველაზე არაადამიანურად ჩვენთან ძალიან ავტორიტეტულად მიჩნეული მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ბიუროკრატია მოიქცა. მათ ტაივანის მთავრობის შეტყობინება (დეკემბერში) კორონავირუსზე მხოლოდ იმიტომ დააიგნორეს და მთელი მსოფლიო მეტი რისკის ქვეშ დააყენეს, რომ ჩინეთის მთავრობასთან არ გაეფუჭებინათ ურთიერთობა. ამიტომ, ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, სანამ ასეთი მორალის მქონე ადამიანებს ვენდობით და საგანგებო მდგომარეობის ნაცვლად, ეკონომიკის ეფექტიანობაზე, მთავრობის კონტროლსა და რისკ-ჯგუფში მყოფი ადამიანების მიზნობრივ დახმარებაზე უნდა ვკონცენტრირდეთ.
[i] ეს პროცესი ნაწილობრივ მიმდინარეობს, მაგრამ ტესტირების პროცესი კარგად რომ იყოს აწყობილი, კარანტინის სიმძლავრეების მეტი ეფექტიანობით გამოყენება შეიძლება.