საზოგადოებრივი აზრის კვლევები: პარტიების შესაძლებლობა
ფოტო: Piece of mind. Arithmedes
2023 წლის თებერვლის პირველ კვირას ეროვნულ დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) საზოგადოებრივი აზრის შესწავლის შედეგები გამოაქვეყნა. შედეგები, მათ შორის, პოლიტიკური პარტიების არასახარბიელო მდგომარეობას ასახავს, განსაკუთრებით ოპოზიციაში მყოფი პოლიტიკური გაერთიანებების, მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობის მიერ გამოვლენილ ძირითად წუხილებზე პასუხისმგებლობა მთავრობას ეკისრება. აღნიშნული კვლევით ვლინდება, რომ მოსახლეობისთვის ყველაზე პრობლემური საკითხები ფასების ზრდა (39.0%), სამუშაო ადგილები (38.0%) და სიღარიბეა (30%).
ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის დაკვეთით კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის (CRRC) მიერ ჩატარებული კვლევის პოლიტიკურ ნაწილში პოლიტიკური პარტიებისთვის და არამარტო მათთვის, ცენტრალური კითხვა იყო თუ რომელი პარტია დგას ამომრჩეველთან ყველაზე ახლოს. კითხვაზე - რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს? - გამოკითხულთა 55.5%-ის მიერ, სამი სხვადასხვა მიზეზით, კონკრეტული პარტია არ დასახელებულა (2022 წლის ივლის-აგვისტოში ჩატარებული გამოკითხვით ეს მაჩვენებელი 46.0% იყო). კერძოდ, რესპონდენტთა 38.0% ამბობს, რომ ასეთი პარტია არ არსებობს, ხოლო პასუხზე უარი 10.8%-მა განაცხადა. რესპონდენტთა 6.7%-მა არ იცის თუ რომელი პარტია დგას მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს (იხ. გრაფიკი1).
გამოკითხულთა მხოლოდ 44.5% ასახელებს კონკრეტულ პარტიას, რომელიც მიაჩნია, რომ მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს დგას. ამასთან, 26.0%-სთვის ყველაზე ახლოს მდგომი მმართველი პარტია - „ქართული ოცნებაა“, ხოლო ოპოზიციაში მყოფი, ყველაზე დიდი საპარლამენტო წარმომადგენლობის მქონე „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ მათ შეხედულებებთან ახლოს გამოკითხულთა 6.3% მიიჩნევს. სხვა პარტიების შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 2.0%-ს არ აღემატება. 2022 წლის ივლის-აგვისტოს გამოკითხვის შედეგებთან შედარებით, დეკემბრის მონაცემები აჩვენებს, რომ მოსახლეობის უფრო ნაკლები რაოდენობა მიიჩნევს პოლიტიკურ ასპარეზზე წარმოდგენილ პარტიებს მათ შეხედულებებთან ახლოს მდგომად (იხ. გრაფიკი 1). აღნიშნული აჩვენებს, რომ მდგომარეობა გაუარესებულია მმართველი პარტიისთვის, მაგრამ უფრო მეტით ოპოზიციაში მყოფი პოლიტიკური გაერთიანებებისთვის. ეს კი საგანგაშოა ოპოზიციისთვის თუკი გავითვალისწინებთ, რომ ამავე კვლევის შედეგებში იზრდება მოსახლეობის წუხილები საკითხებზე, რომლის მოგვარება და პრობლემის შემსუბუქება ხელისუფლების კომპეტენციაა.
ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, საინტერესოა სხვადასხვა მახასიათებლების მიხედვით, იმ რესპონდენტთა განაწილება, რომლებსაც არ დაუსახელებიათ კონკრეტული პარტია, რომელიც მათ შეხედულებებთან ყველაზე ახლოსაა. ასევე, საინტერესოა მოსახლეობის ამ ნაწილში მმართველი პარტიის ან ოპოზიციის მიერ პოტენციური ამომრჩევლის მოზიდვის რესურსების განხილვა. ამ უკანასკნელის განსაზღვრა შუამავალი ცვლადის გამოყენებით არის შესაძლებელი. კერძოდ, ამავე რესპონდენტების მიერ, მთავრობის საქმიანობის ხარისხობრივი შეფასების საშუალებით. ამ შეფასების საშუალებას კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის (CRRC) მიერ საჯაროდ განთავსებული მონაცემთა ბაზები იძლევა.
2022 წლის დეკემბრის გამოკითხვების მიხედვით, იმ ადამიანთა 49.9%, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ არ არსებობს მის შეხედულებებთან ახლოს მყოფი პარტია, ასევე თვლის, რომ არსებული მთავრობის საქმიანობა ცუდია. ამ ნაწილის 35.9%-ის მიერ მთავრობის საქმიანობა დადებითად არის შეფასებული (იხ. გრაფიკი 2). იმ რესპონდენტთა 53.7%, რომელიც უარს ამბობს პარტიული პრეფერენციის გამხელაზე, მთავრობის საქმიანობას დადებითად აფასებს, ხოლო 34.2% - უარყოფითად (იხ. გრაფიკი 3). ასევე, რესპონდენტთა 54.8% მთავრობის საქმიანობას დადებითად აფასებს, რომლებიც ამბობენ, რომ არ იციან თუ რომელი პარტიაა მათ შეხედულებებთან ყველაზე ახლოს. ამ კატეგორიაში მხოლოდ 24.4% თვლის, რომ მთავრობის საქმიანობა უარყოფითია (იხ. გრაფიკი 4).
საერთო ჯამში, გამოკითხვაში რესპოდენტთა 55.5% არ ასახელებს კონკრეტულ პარტიას, რომელიც მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს არის. ამ ადამიანების 43.8% მთავრობის საქმიანობას ცუდად აფასებს, ხოლო 41.6% კარგად (იხ. გრაფიკი 5). ამდენად, ორივეს - ოპოზიციას და მმართველ პარტიას - თითქმის თანაბარი ბაზა აქვთ პოტენციური ამომრჩევლის მოსაზიდად. ოპოზიციას ამის შესაძლებლობა ყველაზე მეტად იქ აქვს, სადაც მათ შეხედულებებთან ახლოს მყოფი პარტია არ არსებობს.
ადამიანთა წილი, რომელიც მიიჩნევს, რომ არც ერთი პარტია არ დგას ახლოს მის ღირებულებებთან და მთავრობის საქმიანობას ცუდად აფასებს, ასაკთან ერთად იზრდება. ასაკობრივ განაწილებაში მათი 77.5% 35 და მეტი ასაკისაა, ხოლო 47.0% კი - 55 და მეტის (იხ. გრაფიკი 6). გეოგრაფიული განაწილებით ასეთი ადამიანები უმეტესად სოფლის ტიპის დასახლებაშია (იხ. გრაფიკი 7).
ის რესპონდენტები, რომლებიც თვლიან, რომ არ არსებობს პარტია, რომელიც მათ შეხედულებებთან ყველაზე ახლოსაა, ამავდროულად, ყველაზე მნიშვნელოვან ეროვნულ საკითხებს შორის მაკროეკონომიკურ მდგომარეობას ასახელებენ. კერძოდ, აღნიშნული ჯგუფის 45.5% ყველაზე დიდი პრობლემად ფასების ზრდას მიიჩნევს. ეს კი მთლიანი შერჩევის მაჩვენებელზეც მაღალია, რადგან ამ შემთხვევაში ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემად 39.0% მიიჩნევს. სამუშაო ადგილების შემთხვევაში ეს მაჩვენებელი თითქმის არ განსხვავდება, ხოლო სიღარიბის ნაწილში მცირე სხვაობაა. მოსახლეობის იმ ნაწილში, რომელიც მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი პარტიებიდან არ არსებობს მათ შეხედულებებთან ახლოს მყოფი, 38.9% ყველაზე მნიშვნელოვან სამ პრობლემას შორის სამუშაო ადგილებს, ხოლო 34.0% სიღარიბეს ასახელებს (იხ. გრაფიკი 8). ხოლო უშუალოდ, ის რესპონდენტები, რომლებიც ცუდად აფასებენ მთავრობის საქმიანობას, უფრო გამოკვეთილად ასახელებენ ხსენებულ საკითხებს. ამდენად, მოსახლეობის ამ ჯგუფში ფასების ზრდისადმი უფრო მეტი წუხილია, ვიდრე მთლიან მოსახლეობაში.
ზოგადად, ფასების ზრდისადმი მოსახლეობის ფართო გამოხატული წუხილი გასაკვირი არ არის, რადგან ჯერ კიდევ 2019 წლიდან, უკვე 46-ე თვეა, რაც სამომხმარებლო ფასების დონის ზრდა სამიზნე (3%) მაჩვენებელს აღემატება. ხოლო, ზედიზედ 17 თვე, ფასების დონის წლიური ზრდის ტემპი ორნიშნა იყო. თავის მხრივ, ეკონომიკაში ფასების საერთო დონის ცვლილებას შემოსავლების თვითნებური რედისტრიბუციის ეფექტი აქვს. კერძოდ, შედარებით ღარიბი უმრავლესიდან მდიდარი უმცირესობის სასარგებლოდ განაწილება. მიუხედავად ამისა, ეს საკითხი ოპოზიციური პარტიების პოლიტიკურ დღის წესრიგში ნაკლებად შეიმჩნეოდა. ფასების ზრდა არც მმართველი პარტიის ყურადღების ქვეშ ყოფილა, მაგრამ საპირისპიროდ, ამ პერიოდში სახელისუფლებო პარტია და მთავრობის ყურადღება ორნიშნა ეკონომიკურ ზრდაზე იყო გადატანილი.
საბოლოოდ, ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ საზოგადოებრივი აზრის შესწავლის შედეგები ასახავს, რომ მოსახლეობის წუხილები გაზრდილია ფასების ზრდის და სამუშაო ადგილების საკითხებზე. ამასთან, ადამიანთა ჯგუფში, რომელთა შეფასებით არცერთი პარტია არ არის მათ შეხედულებებთან ახლოს, უფრო მეტად გამოთქვამენ წუხილს ფასების ზრდაზე - ინფლაცია, ვიდრე კვლევის მთლიანი პოპულაცია. ეს კი მიუთითებს, რომ პოლიტიკურ ასპარეზზე წარმოდგენილი პარტიების პოლიტიკურ დღის წესრიგში მოსახლეობის მიერ გამოვლენილი წუხილები - ფასების ზრდა, სამუშაო ადგილები, სიღარიბე და სხვა პრობლემური საკითხები და მათი გადაჭრის ალტერნატივები ნაკლებად ხვდება.
მეორე მხრივ, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებისთვის მეტი შესაძლებლობაა გაზარდონ მხარდაჭერა ადამიანთა იმ ჯგუფიდან, სადაც არცერთ პოლიტიკურ პარტიას არ მიიჩნევენ მათ ღირებულებებთან ახლოს მდგომს, რადგან მათ უფრო მეტ ნაწილს, 49.9%-ს არ მოსწონს და დამაკმაყოფილებელ შედეგებს ვერ ხედავენ მათ წინაშე არსებული პრობლემის დასაძლევად მთავრობის პოლიტიკაში. შესაბამისად, ოპოზიციაში მყოფ პარტიების მიერ აღნიშნული შესაძლებლობის რეალიზება მათი პოლიტიკური დღის წესრიგის ცვლილებასთან არის დაკავშირებული. კერძოდ, ეს შესაძლებელია პოლიტიკურ საკითხებს შორის ფასების ზრდის, სამუშაო ადგილებისა და სხვა ეკონომიკური პრობლემების წინ წამოწევით და სათანადო გადაჭრის საშუალებების შეთავაზებით.
გრაფიკები:
გრაფიკი 1: კითხვა - რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს?
წყარო: კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი
გრაფიკი 2: ჯგუფი - შეხედულებებთან ახლოს არცერთი პარტია: მთავრობის საქმიანობის შეფასება
წყარო: კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი
გრაფიკი 3: ჯგუფი - შეხედულებებთან ახლოს მყოფი პარტიის არ გამხელა: მთავრობის საქმიანობის შეფასება
წყარო: კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი
გრაფიკი 4: ჯგუფი - შეხედულებებთან ახლოს პარტიის არ ცოდნა: მთავრობის საქმიანობის შეფასება
წყარო: კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი
გრაფიკი 5: ჯგუფი - შეხედულებებთან ახლოს პარტიის ვერ/არ დასახელება: მთავრობის საქმიანობის შეფასება
წყარო: კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი
გრაფიკი 6: ჯგუფი - შეხედულებებთან ახლოს პარტიის ვერ/არ დასახელება: ასაკობრივი განაწილება
წყარო: კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი
გრაფიკი 7: ჯგუფი - შეხედულებებთან ახლოს პარტიის ვერ/არ დასახელება: გეოგრაფიული განაწილება
წყარო: კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი
გრაფიკი 8: ჯგუფი - შეხედულებებთან ახლოს პარტიის ვერ/არ დასახელება და მთლიანი შერჩევა: ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული საკითხები
წყარო: კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი