სამაუწყებლო მედიისთვის ფინანსურად და შინაარსობრივად დამაზიანებელი რეგულაციები და მათი ალტერნატივები
ფოტო: EPA-EFE / Caroline Blumberg
უკრაინაში რუსეთის აგრესიული, არაპროვოცირებული შეჭრის შემდეგ, ე.წ. "ტრიოს" - საქართველო, უკრაინა და მოლდოვა - ევროკავშირში ინტეგრაცია დაჩქარდა. ომის დაწყებიდან მალევე, "ტრიომ" ევროკავშირის წევრობის სურვილი ოფიციალურად დააფიქსირა, კითხვარი მიიღო და კანდიდატის სტატუსის მოლოდინის ეტაპზე გადავიდა. მათგან ორმა - უკრაინამ და მოლდოვამ - კანდიდატის სტატუსი მიიღო, ხოლო საქართველოს მიეცა მხოლოდ ევროპული პერსპექტივის აღიარება და 12 წინაპირობა, რომლებიც კანდიდატის სტატუსის მისაღებად უნდა შესრულდეს. ერთ-ერთ წინაპირობად კი მედიის თავისუფლება განისაზღვრა. აქვე უნდა ითქვას, რომ, მიუხედვად იმისა, მიიღებს, თუ - არა საქართველო 2023 წლის დეკემბერში კანდიდატის სტატუსს, აღნიშნული 12 პუნქტი მნიშვნელობას, მათ შორის, მედიის თავისუფლების ნაწილში, მაინც არ კარგავს და ეს გრძელვადიანი საკითხია.
საქართველო, კონსტიტუციის მიხედვით, ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას სახელმწიფოს მიზნად აცხადებს და ამ კონტექსტში, მედიის თავისუფლება ქვეყნის ევროინტეგრაციის ერთ-ერთ წინაპირობად იქცა. საქართველოს სახელმწიფომ მედია, როგორც დემოკრატიული სახელმწიფოს შექმნის აუცილებელი წინაპირობა, ჯერ კიდევ 1921 წელს დაინახა და 21 თებერვლის კონსტიტუციაში ბეჭდვით აზრის გამოხატვის თავისუფლება ცალკე მუხლად ასახა. შესაბამისად, როგორც ისტორიულად, ისე მიმდინარე მოვლენების კონტექსტის გათვალისწინებით, მედია უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს საქართველოს დემოკრატიულ და ევროპულ ქვეყნად ფორმირებაში.
საქართველოში არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლის პირველი პრეცედენტი 2012 წელს შეიქმნა. ამგვარ დემოკრატიულ პროცესს პოზიტიური მოლოდინების გაძლიერება მოჰყვა და შეიძლება ითქვას, ათი წლის თავზე, ქვეყანა ევროკავშირში ინტეგრაციის ზღურბლზე აღმოჩნდა. თუმცა, გასული ათი წლის განმავლობაში, მედიის მდგომარეობის გაუმჯობესება უწყვეტი პროცესი არ ყოფილა. სხვადასხვა რეიტინგით, რომლებითაც მედიის თავისუფლების ხარისხზე დაკვირვება შეიძლება, მტკიცდება, რომ საქართველო, აღნიშნული პერიოდის პირველ წლებში, პროგრესირდებოდა, შემდეგ სტაგნაციის ფაზაში შევიდა და ბოლოს უკუსვლა დაიწყო.
საერთაშორისო ორგანიზაცია "რეპორტიორები საზღვრებს გარეშე" (RFS) ყოველწლიურად აქვეყნებს პრესის თავისუფლების ინდექსს. ბოლო ათი წლის განმავლობაში, საქართველომ საუკეთესო ქულა 2018 წელს დაიმსახურა, ხოლო ყველაზე ცუდად 2022 წელს შეფასდა, როცა, წინა წელთან შედარებით, დაახლოებით, 12 ქულა დაკარგა და ქვეყნების რეიტინგში, ერთბაშად, 29 ადგილით ჩამოქვეითდა. 2023 წლის ინდექსში საქართველოს მდგომარეობა მცირედით გაუმჯობესდა - ჯამში 61.69 ქულა დაიმსახურა და წინა წელთან შედარებით, რეიტინგში პოზიცია 12 ადგილით გაიუმჯობესა.
მედიის თავისუფლებას კიდევ ერთი საერთაშორისო რეიტინგი სწავლობს - "ინფორმაციის რეზონანსულობის ბარომეტრი". ეს რეიტინგი IREX-ის მიერ არის შედგენილი და ყოველწლიურად აფასებს ქვეყნის მდგომარეობას. თავდაპირველად, ის "მედიის მდგრადობის ინდექსის" სახელით ქვეყნდებოდა, შემდეგ კი მეთოდოლოგია და სახელი შეიცვალა, თუმცა ქულები იმგვარად დაკორექტირდა, რომ წლების მიხედვით შედარება ისევ რელევანტურია. 2012 წელს, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, საქართველომ აქაც წინსვლა დააფიქსირა, თუმცა 2015-2016 წლებიდან უკუსვლა დაიწყო და ამჟამად, 2012 წელთან შედარებითაც კი, ვითარება მკვეთრად გაუარესებულია.
წინამდებარე დოკუმენტის ფოკუსს ის საკანონმდებლო რეგულაციები წარმოადგენს, რომლებმაც მედიის თავისუფლება სხვადასხვა ფორმით შეზღუდა. დოკუმენტში, უშუალოდ გასულ ათ წელში მიღებული კანონების გარდა, განხილულია ის რეგულაციებიც, რომლებიც უფრო ადრეა შემოღებული, თუმცა, ისინი მედიის შეზღუდვისთვის ჩვენ მიერ გაანალიზებულ პერიოდში გამოიყენეს. ამასთან, გაგიზიარებთ ხედვას, როგორ უნდა განვითარდეს პროცესები და რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას მომავალში, რათა მედიის დამოუკიდებლობა და თავისუფლება საკანონმდებლო დონეზე იყოს უზრუნველყოფილი.
დოკუმენტის სრულად გასაცნობად იხ. მიმაგრებული ფაილი.