პუბლიკაციები

ქართული მედიის მდგომარეობა ბოლო ათწლეულში - პროგრესი, სტაგნაცია და რეგრესი

ფოტო: Havana Times

მიმდინარე წლის ოქტომბერში 10 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად, ხელისუფლება არჩევნების გზით შეიცვალა. ამ მნიშვნელოვანმა პრეცედენტმა გააჩინა მოლოდინი, რომ ქვეყნის დემოკრატიული განვითარება შეუქცევადი გახდებოდა. პროგრესი, სხვა სფეროებთან ერთად, უნდა ასახულიყო მედიის თავისუფლების ხარისხზეც, რომელიც დემოკრატიული ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი ატრიბუტია.

2012 წლამდე მოქმედი ხელისუფლების მიმართ მედიის თავისუფლების კონტექსტში არაერთი კრიტიკული კითხვა არსებობდა. „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში ქვეყანაში სიტყვის თავისუფლების სხვადასხვა ფორმით შეზღუდვის მხრივ ბევრი პრობლემური საკითხი დაგროვდა, მაგალითად: ტელევიზიების მფლობელებისთვის საეჭვო ვითარებაში ჩამორთმევა; სპეცრაზმის შეჭრა და მაუწყებლობის გათიშვა ტელეკომპანია „იმედში“ 2007 წელს; საქართველოს ტერიტორიის სრული დაფარვის მქონე მაუწყებლების ძირითადი ნაწილის კონტროლი მმართველი პარტიის მხრიდან; ფიზიკური ძალადობა ჟურნალისტებზე და მათთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტები, მათ შორის, ფოტოგრაფების დაკავება სამშობლოს ღალატის მუხლით; რთული სიტუაცია რეკლამის განთავსების კუთხით, სადაც რეკლამის დამკვეთები უპირატესობას სამთავრობო მედიასაშუალებებს ანიჭებდნენ, რაც კომპანიებს არათანაბარ პირობებში აყენებდა; მედიასივრცის მძაფრი პოლარიზაცია 2011-2012 წლებში და ა.შ. აღწერილ პრობლემებს ადასტურებდა საქართველოს შეფასებები სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის ინდექსებში. მაგალითად, ორგანიზაცია რეპორტიორები საზღვრებს გარეშე (RSF) თანახმად, 2012 წელს საქართველო მედიის თავისუფლების მხრივ 104-ე ადგილზე იყო 180 ქვეყანას შორის, Freedom House-ის თანახმად კი - 111-ე ადგილზე 199 ქვეყანას/ტერიტორიულ ერთეულს შორის.

როგორც ზემოთ ვახსენეთ, ხელისუფლების დემოკრატიული გზით ცვლილება უნდა ყოფილიყო პოზიტიური ცვლილებების დასაწყისი მედიის თავისუფლების კუთხითაც. მართლაც, „ქართული ოცნების“ მმართველობის პირველ წლებში, მედიის თავისუფლების მიმართულებით აშკარა პროგრესი შეიმჩნეოდა. თუმცა, ეს ტენდენცია მალევე შეჩერდა, განსაკუთრებით, „ქართული ოცნების“ მეორე ვადით (საკონსტიტუციო უმრავლესობით პარლამენტში) არჩევის შემდეგ. ამ პარტიის მმართველობის მესამე ვადაში კი, საქართველოში მედიის თავისუფლება წლიდან წლამდე უარესდება. ფაქტობრივად, იგივე შეიძლება ითქვას ქვეყნის პოზიციებზე მსოფლიო რეიტინგში. ამას ადასტურებს რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს (RSF) პრესის თავისუფლების ინდექსი.

გრაფიკი 1: საქართველო RSF-ის პრესის თავისუფლების ინდექსში (2013-2022 წლები)

წყარო: რეპორტიორები საზღვრებს გარეშე (RSF)

მედიის თავისუფლების დასადგენად RSF შვიდ კრიტერიუმს იყენებს. ესენია: პლურალიზმი, მედიის დამოუკიდებლობა, ზოგადი მედია გარემო და თვითცენზურა, საკანონმდებლო ჩარჩო, ინფორმაციის მოპოვებისა და გავრცელების პროცესზე გავლენის მქონე ინსტიტუტების გამჭვირვალობა, ინფორმაციის მოპოვებისა და გავრცელების პროცესში გამოყენებული ინფრასტრუქტურა და ძალადობის და არასათანადო მოპყრობის შემთხვევები ჟურნალისტების მიმართ. მონაცემები გროვდება ქვეყნებში მედიის სფეროს წარმომადგენელთა გამოკითხვების საფუძველზე, აგრეთვე, მხედველობაში მიიღება, საანგარიშო პერიოდში, ამა თუ იმ ქვეყანაში ჟურნალისტებზე ძალადობის და არასათანადო მოპყრობის შემთხვევათა რაოდენობა. აღნიშნული შვიდი ინდიკატორის გამოთვლით, მედიის თავისუფლების საერთო ინდექსი დგება, შკალაზე 0-დან 100-მდე, სადაც 0 ყველაზე ცუდი მაჩვენებელია, ხოლო 100 - საუკეთესო. 85-100 ქულა მიიჩნევა კარგ მდგომარეობად კონკრეტული ქვეყნის მედიისთვის. 75-85 ქულა აღნიშნავს დამაკმაყოფილებელ სიტუაციას, 65-75 ქულა - პრობლემატურ სიტუაციას, 45-65 ქულა - რთულ სიტუაციას და 0-45 ქულა ძალიან რთულ მდგომარეობას. კონკრეტული წლის მაჩვენებელი, ძირითადად, ასახავს ქვეყანაში მის წინა წელს განვითარებულ მოვლენებს (მაგ. 2022 წლის ქულა მიღებულია 2021 წლის მოვლენების შეფასების შედეგად).

როგორც გრაფიკ 1-ზე ვხედავთ, 2013-2015 წლებში მედიის თავისუფლების ხარისხი გაუმჯობესდა. ასევე, გაუმჯობესდა საქართველოს პოზიცია მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან მიმართებით. შემდეგ წლებში ეს პროგრესი შენელდა. 2022 წელს კი, სახეზეა მკვეთრი ვარდნა როგორც ქულის, ისე მსოფლიო რეიტინგში პოზიციის მიხედვით. ამასთან, 2022 წელს საქართველოს მედია გარემოს ხარისხი იმდენად გაუარესდა, რომ იგი მოხვდა იმ ქვეყნების ჯგუფში, რომლებიც რთული სიტუაციის მქონედ (45-65 ქულა) მიიჩნევიან.

ანალოგიურ ტენდენციას აჩვენებს საერთაშორისო კვლევებისა და გაცვლის საბჭოს (IREX) ინდექსიც. აღსანიშნავია, რომ 2021 წლამდე ეს ორგანიზაცია აწარმოებდა მედიის მდგრადობის ინდექსს. 2021 წელს იგი ინფორმაციის რეზონანსულობის ბარომეტრმა ჩაანაცვლა, თუმცა წინა წლების მონაცემები იმგვარად დაკორექტირდა, რომ მათი დროით ჭრილში შედარება შესაძლებელია.

გრაფიკი 2: საქართველოს მაჩვენებლები IREX-ის ინფორმაციის რეზონანსულობის ბარომეტრში (2001-2022)

წყარო: საერთაშორისო კვლევებისა და გაცვლის საბჭო (IREX)

მედიის რეზონანსულობის ბარომეტრი ოთხ ძირითად პრინციპზე დაყრდნობით ითვლება. ესენია: 1. ინფორმაციის ხარისხი, 2. ინფორმაციის წყაროების სიმრავლე, 3. ინფორმაციის მოხმარება და ჩართულობა, 4. ტრანსფორმაციული აქტივობები. თავის მხრივ, ეს პრინციპები ჩაშლილია 20 ინდიკატორში და მოიცავს ყველა იმ მნიშვნელოვან ასპექტს რაც მედიის თავისუფლად და გამართულად ფუნქციონირებისთვის არის საჭირო. ამ ინდექსის მინიმალური ქულაა 0, ხოლო მაქსიმალური - 40. 31-40 ქულის მქონე მედიაგარემო მიიჩნევა მაღალრეზონანსულად (Highly vibrant), რაც გულისხმობს, რომ სისტემა წარმატებულია, ხარისხიანი, ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაცია თავისუფლად ხელმისაწვდომია. 21-30 ქულის შუალედში ექცევა მეტ-ნაკლებად რეზონანსული (Somewhat vibrant), სტაბილური საინფორმაციო გარემო, გარკვეული ხარვეზებით. 11-20 ქულით ფასდებიან ქვეყნები, რომლებსაც აქვთ დაბალრეზონანსული (Slightly vibrant), სუსტი საინფორმაციო სისტემა. 0-10 ქულით ფასდება ისეთი საინფორმაციო გარემო, რომელიც სრულად არარეზონანსული (Not at all vibrant) და ჩამკვდარია. საქართველო მესამე, დაბალრეზონანსული (Slightly vibrant) სისტემების კატეგორიაშია. 2021 წლამდე ჩვენი ქვეყანა ერთი საფეხურით მაღალ, მეტ-ნაკლებად რეზონანსული საინფორმაციო სისტემის კრიტერიუმებს აკმაყოფილებდა, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს ბოლო წლების უარყოფით ტენდენციას. ისევე როგორც RSF-ის ინდექსში, აქაც, კონკრეტული წლის მაჩვენებელი ასახავს ქვეყანაში მის წინა წელს განვითარებულ მოვლენებს (მაგ. 2022 წლის ქულა მიღებულია 2021 წლის მოვლენების შეფასების შედეგად).

IREX-ის მიხედვითაც, დასტურდება მედიის თავისუფლების ხარისხის გაუმჯობესება 2013-2015 წლებში, შემდეგ სტაგნაცია და 2021-2022 წლებში მკვეთრად უარყოფითი შედეგები. თუ რამ გამოიწვია ასეთი ვარდნა ბოლო წლებში ამაზე ქვემოთ ვისაუბრებთ, სადაც 2012 წლიდან დღემდე დეტალურად მიმოვიხილავთ მედიის მდგომარეობას და იმ ძირითად პოზიტიურ/ნეგატიურ მოვლენებს, რომლებიც ამ ათწლეულის განმავლობაში დაფიქსირდა.

 

ბოლო ათწლეულის მნიშვნელოვანი ფაქტები, რომლებმაც გავლენა მოახდინეს ქართულ მედიაგარემოზე

2012 წლის ბოლოს, 1-ლი ოქტომბრის არჩევნებიდან ორ კვირაში, ტელეკომპანია „იმედი“, რომელიც 2007 წლის ცნობილი მოვლენებისა და ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალების შემდეგ (საეჭვო ვითარებაში) მისი ნათესავის, ჯოზეფ ქეის ხელში აღმოჩნდა, ძველ და ახალ მფლობელებს შორის შეთანხმების საფუძველზე კვლავ მის პირვანდელ მეპატრონეს, პატარკაციშვილების ოჯახს დაუბრუნდა.  ამ მოვლენამდე „იმედი“ ყოფილ ხელისუფლებასთან დაახლოებული პირების კონტროლის ქვეშ იყო და გამოკვეთილად პრო-სახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკას ატარებდა.

2013 წელი - განსხვავებით წინა წლებისგან, 2013 წელი განსაკუთრებულად გამოირჩეოდა მედიის თავისუფლების გაუმჯობესების კუთხით. შესუსტდა ხელისუფლების კონტროლი სამაუწყებლო მედიაზე და ზოგადი გარემოც ნაკლებად პოპლარიზებული გახდა. ამასთან, წინ გადადგმულ ნაბიჯად ჩაითვალა ცვლილებები „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში, რომლის საფუძველზეც საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხისა და „აჭარის ტელევიზიის“ ფინანსები მეტად გამჭვირვალე გახდა. ასევე, დაიხვეწა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს დაკომპლექტების წესი, რასაც აღნიშნული მედიასაშუალებების დამოუკიდებლობის ხარისხი უნდა გაეზარდა.  საარჩევნო კოდექსის ცვლილება და მედიის დასწრების უზრუნველყოფა საარჩევნო უბნის შეგნით, 2013 წლის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა იყო. ამავე წელს პრემიერ-მინისტრ ივანიშვილის ბრძანების თანახმად, დაიხვეწა რეგულაციები ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით. სამთავრობო უწყებების ნაწილს დაევალა პროაქტიულად, ონლაინ გამოექვეყნებინათ დოკუმენტები და ოფიციალურად მიეღოთ ელექტრონული მოთხოვნები ინფორმაციაზე. „2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისას საერთაშორისო მედია მონიტორებმა აღნიშნეს, რომ ორი მთავარი კერძო მაუწყებელს, „რუსთავი2 -სა“ და „იმედის“ ეთერში აღარ იგრძნობოდა პოლიტიკური პარტიების თუ ფიგურების აშკარა გავლენა. ამჯერად ეს კომპანიები უფრო კონკურენტუნარიანი სარედაქციო მასალების შექმნაზე იყვნენ ორიენტირებული“. 2013 წელს დაიხურა ბიძინა ივანიშვილის მფლობელობაში მყოფი „მე-9 არხი“, რომლის სიხშირეც ბერა ივანიშვილის მფლობელობაში მყოფმა გასართობი პროფილის არხმა, GDS-მა დაიკავა.

პოზიტიურ ცვლილებებთან ერთად, 2013 წელს იყო რამდენიმე პრობლემური მოვლენაც. კერძოდ, საპრეზიდენტო არჩევნებამდე ერთ თვით ადრე, საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ორი პოლიტიკური თოქ-შოუ გააუქმა. მათი წამყვანები ეკა კვესიტაძე და დავით პაიჭაძე აფილირებულნი იყვნენ „ნაციონალურ მოძრაობასთან“, რის გამოც ეს გადაწყვეტილება პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნეოდა. 2013 წლის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შემთხვევა ეხებოდა „ობიექტივის“ ჟურნალისტის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოს გავრცელებას ინტერნეტში. ამ ვიდეოს ფიგურანტმა ჟურნალისტმა ვიდეოს ფაბრიკაციასა და გავრცელებაში ხელისუფლების მაღალჩინოსნები დაადანაშაულა, რის შემდეგაც შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე გელა ხვედელიძე სამსახურიდან გაათავისუფლეს და დააკავეს პირადი ცხოვრების ხელყოფის ბრალდებით, თუმცა მოგვიანებით გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. 2013 წელს საზოგადოებრივ მაუწყებელზე გავლენის მოპოვების მცდელობები იყო „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის, რის შედეგადაც მაუწყებელში მმართველობის კრიზისი შეიქმნა.

2014 წელი - ხელისუფლების ცვლილებიდან თითქმის ორი წლის და საპრეზიდენტო არჩევნებიდან ერთ წელზე ნაკლები ხნის შემდეგ, 2014 წელს ქართულ მედიაში კვლავ დაიწყო გარკვეული სახის რყევები. სექტორის წარმომადგენელთა იმედების მიუხედავად, მედია გარემოს გაუმჯობესება შეჩერდა, თუმცა არც მკვეთრი გაუარესება შეიმჩნეოდა. ამასთან, მედიის სფეროს წარმომადგენელთა და მკვლევართა შეფასებით, წინა წლებთან შედარებით, გაიზარდა ჟურნალისტური პროდუქციის ხარისხი.  აღსანიშნავია, რომ ამ წელს დაიწყო პოზიტიური ძვრები ქვეყნის ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის შესახებ - 7 თებერვალს საქართველოს მთავრობამ ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის სამოქმედო სტრატეგია და რეკომენდაციები დაამტიკცა.

2014 წელს მთავრობის ინიციატივით შემუშავდა რამდენიმე მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც მედია გარემოს გაუმჯობესებაზე იყო ორიენტირებული, თუმცა მათ ხელსაყრელი პრაქტიკული შედეგი არ მოჰყოლია. მაგალითად, მიღებულ ცვლილებებში შენარჩუნებული დარჩა ფარული თვალთვალის პრაქტიკა, შესაბამის ორგანოებს დარჩათ სატელეკომუნიკაციო ქსელებზე წვდომის უფლება. გარდა ამისა, კვლავ პრობლემად რჩებოდა პოლიტიკური გავლენები მედიაზე. ასევე, შეფერხდა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრების არჩევის წესის იმპლემენტაცია, რაც სავარაუდო პოლიტიკურ მოტივებზე მიუთითებდა. წლის ბოლოს კერძო ტელეკომპანია „მაესტრო“ დატოვა 20 ჟურნალისტმა. მათ შორის იყო ახალი ამბების მიმართულების ხელმძღვანელი და მთავარი ანალიტიკური თოქ-შოუს წამყვანი ნინო ჟიჟილაშვილი. ეს ფაქტი მიანიშნებდა „მაესტროში“ სარედაქციო პოლიტიკის ცვლილებასა და მის დამოუკიდებელ მუშაობაში ჩარევაზე.

31 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონპროექტი სოციალური რეკლამის რეგულირების შესახებ. ცვლილებების მიხედვით, კერძო მაუწყებლებს დაეკისრათ ვალდებულება, ყოველ სამ საათში ერთხელ 90 წამის განმავლობაში უფასოდ განეთავსებინათ სოციალური რეკლამა. მედიის წარმომადგენლების აზრით, ამ ცვლილებებით, კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას მიენიჭა გადაჭარბებული კონტროლი მაუწყებლებზე, ასევე, სოციალური რეკლამის განმარტებაც საკმაოდ ბუნდოვანი იყო. ამ და სხვა საკანონმდებლო რეგულაციებმა საფრთხე შეუქმნა მაუწყებლების სარეკლამო შემოსავლების სტაბილურობას.

2015 წელი - ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი წლით ადრე, მედიაში რყევებმა იმატა. ამ წელს დაიწყო სასამართლო დავა ხელისუფლებისადმი კრიტიკული „რუსთავი 2“-ის შესახებ, რამაც მედიის საქმიანობაში მთავრობის ჩარევის შესახებ ეჭვები გააჩინა. ტელეკომპანიის ყოფილი მფლობელი, ქიბარ ხალვაში აცხადებდა, რომ 2006 წელს მას კომპანია იძულებით დაათმობინა მაშინ მოქმედმა ხელისუფლებამ. აღსანიშნავია, რომ „რუსთავი 2“-ის წილი თავის დროზე ქიბარ ხალვაშმაც საეჭვო ვითარებაში მიიღო.  „ქართული ოცნების“ ხელისუფლება უარყოფდა აღნიშნულ დავასთან რაიმე კავშირს და მას „ორ კერძო კომპანიას შორის დავად“ მოიხსენიებდა. მიუხედავად ამა თუ იმ მხარის სამართლებრივი არგუმენტებისა, ცალსახაა, რომ 2015 წელს „რუსთავი 2“-ის გარშემო დაწყებულმა დავამ ქვეყანაში მედიის თავისუფლების სტაბილური განვითარება დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. ეს საკითხი განსაკუთრებით მწვავედ დადგა მას შემდეგ, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით, „რუსთავი 2“-ში დროებითი მმართველი დანიშნა. ამ ტელეკომპანიის შესახებ დაწყებული დავა მომდევნო წლებში და სასამართლოს შემდეგ ინსტანციებში გაგრძელდა, საბოლოოდ კი, საქმე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომდეც მივიდა. ამდენად, მის შესახებ ქვემოთ კიდევ არაერთხელ ვისაუბრებთ.

ზემოთ აღნიშნული ფაქტის მიუხედავად, 2015 წელს საქართველოს მედია გარემო კვლავ ერთ-ერთი ყველაზე თავისუფალი იყო რეგიონში, თუმცა პრობლემად რჩებოდა სიტყვის თავისუფლების დაცვის კუთხით კანონით გარანტირებული მექანიზმების პრაქტიკაში აღსრულება. 2015 წელს ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესი, გარკვეული ხარვეზების მიუხედავად, საკმაოდ ეფექტურად წარიმართა. საბოლოო ჯამში, ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლამ გაზარდა ქართული საზოგადოების ხელმისაწვდომობა ინფორმაციაზე.

2015 წელს „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შევიდა ცვლილებები, რომელმაც განსაზღვრა რეკლამის ან ტელეშოპინგის განთავსების ზუსტი ინტერვალები. ხელისუფლების პოზიციით აღნიშნული ცვლილებების მიღება ევროკავშირის დირექტივებით იყო ნაკარნახევი, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, მისი 2015 წელსვე ამოქმედება არ წარმოადგენდა დირექტივის მოთხოვნას, ისევე როგორც, დირექტივა არ მოითხოვდა იმ სიმკაცრის შეზღუდვებს, რაც საქართველოს ხელისუფლების შემოთავაზებულ ცვლილებებს ახლდა თან. მით უმეტეს, რომ ამ ცვლილებებმა გავლენა იქონია მაუწყებლების ისედაც მწირ სარეკლამო შემოსავლებზე შემცირების კუთხით, რაც, საბოლოო ჯამში, მედიის ფინანსურ დამოუკიდებლობაზე ნეგატიურად აისახა. 2015 წელთან მიმართებით, ასევე უნდა ითქვას, რომ ქართულ მედია სივრცეში სულ უფრო ძლიერდებოდა ანტიდასავლური პროპაგანდა.

2016 წელი - საპარლამენტო არჩევნების წელს, ქვეყანაში პოლიტიკურ დაძაბულობასთან ერთად, მედია გარემოც უფრო პოლარიზებული გახდა. ამასთან, გასული წლების მრავალი გამოწვევა კვლავ აქტუალური დარჩა და ზოგიერთი მათგანი გაუარესდა კიდეც - კონკრეტული მედია საშუალებების დამოუკიდებლობა კიდევ უფრო შეარყია მთავრობასთან საეჭვო კონტაქტებმა, ასევე გააქტიურდნენ კრემლის პროპაგანდის გამავრცელებელი წყაროები, როგორიცაა მაგალითად „ობიექტივი“, რომლის ბაზაზე დაფუძნებულმა პარტიამ, „პატრიოტთა ალიანსმა“ გადალახა საარჩევნო ბარიერი და მიიღო ადგილები ახალ პარლამენტში. ახალი ამბების წყაროების მრავალფეროვნებისა და მედიის მენეჯმენტის მიმართულებით სიტუაცია გაუარესდა.

2016 წელს კვლავ გრძელდებოდა „რუსთავი 2“-ის რეზონანსული საქმე სასამართლოს სხვადასხვა ინსტანციაში. ასევე, მფლობელობასთან დაკავშირებით სასამართლო დავა დაიწყო ტელეკომპანია „მაესტროს“ თაობაზეც. 2016 წლიდან „მაესტროს“ ახალი მმართველები ჩაუდგნენ სათავეში, კომპანიის საკონტროლო პაკეტის მფლობელი კი, გიორგი გაჩეჩილაძე იგივე „უცნობი“ გახდა.

2016 წელს, წინასაარჩევო პერიოდში, კომუნიკაციების ეროვნული კომისია საზოგადოების ნაწილის მიერ დადანაშაულებულ იქნა „შერჩევით მიდგომაში“ მაუწყებლების მიმართ. კერძოდ, საარჩევნო კამპანიის სხვადასხვა ასპექტის გაშუქების დარღვევის გამო ადმინისტრაციულმა ორგანომ დააჯარიმა ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი „რუსთავი 2“ და „ტაბულა“, ასევე ორი რეგიონული მაუწყებელი, ხოლო საზოგადოებრივ მაუწყებელთან, GDS-თან და „ობიექტივთან“ მიმართებით, გაფრთხილებებით შემოიფარგლა.

2016 წელს რამდენიმე საჯარო პირს, მათ შორის ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილ ჟურნალისტს, ინგა გრიგოლიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გამოქვეყნებით ემუქრებოდნენ. ამავე წელს, განსაკუთრებით არჩევნების დღეს, დაფიქსირდა ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელის შეშლის ფაქტები - შეურაცხყოფა მიაყენეს GDS-ის, „რუსთავი 2“-სა და „იბერიას“ ჟურნალისტებს და დაუზიანეს კამერები. მედიის სფეროს წარმომადგენელთა და მკვლევართა შეფასებით, 2016 წელს მედია გახდა უფრო მეტად პოლარიზებული ვიდრე წინა წლებში [„ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში].

2017 წელი გამოირჩევა ქართული და არა მხოლოდ ქართული მედიის წარმომადგენელთათვის შოკისმომგვრელი ფაქტით. 2017 წლის 29 მაისს, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი და აქტივისტი აფგან მუხთარლი თბილისის ერთ-ერთი ცენტრალური უბნიდან გაუჩინარდა. „მოგვიანებით, ცნობილი გახდა რომ ჟურნალისტი აზერბაიჯანში იყო დაკავებული. დაკავებულის ადვოკატის განცხადებით, ჟურნალისტი თბილისში, მისთვის უცნობმა პირებმა საკუთარ სახლთან დააკავეს, ხელები შეუკრეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. მუხთარლის ვარაუდით, გამტაცებლები საქართველოს სპეცსამსახურის თანამშრომლები იყვნენ. ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფ პირს თავზე ტომარა ჩამოაცვეს და ორი საათის განმავლობაში გაურკვევლი მიმართულებით მიჰყავდათ, რა დროსაც მანქანა ორჯერ გამოიცვალეს. მესამე მანქანაში ის უკვე აზერბაიჯანულად მოსაუბრე პირების გარემოცვაში იყო. ამ ფაქტს მყისიერი და მწვავე გამოხმაურება მოჰყვა საერთაშორისო სივრცეში და საქართველოს იმიჯი, რომელიც აქამდე აზერბაიჯანელი დისიდენტების თავშესაფრად და ჟურნალისტებისთვის უსაფრთხო ქვეყნად მიიჩნეოდა, საგრძნობლად შეირყა.

2017 წელს კვლავ რჩებოდა პრობლემები მედია საშუალებების ფინანსურ დამოუკიდებლობასა და მდგრადობასთან დაკავშირებით. ამასთან, პოლარიზაციის გაღრმავების 2016 წელს გამოკვეთილი ტენდენცია კვლავ აღმავალი იყო, საზოგადოებრივი მაუწყებელი და კომუნიკაციების ეროვნული კომისია კი, რომლებიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან საზოგადოების ინტერესების სასარგებლოდ ფინანსდებიან, უფრო მეტად აღძრავდნენ ეჭვებს მთავრობისადმი ლოიალურობასთან დაკავშირებით. 2017 წლის იანვრიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის დირექტორი ვასილ მაღლაფერიძე გახდა, რომელიც მანამდე ივანიშვილების ოჯახის კუთვნილი ტელევიზიების, GDS-ისა და „მე-9 არხის“ მენეჯმენტში მუშაობდა. ივნისში საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე გაუქმდა რადიო თავისუფლების ორი გადაცემა „წითელი ზონა“ და „ინტერვიუ“, რომლებიც მანამდე წლების განმავლობაში ფუნქციონირებდნენ. ამის შემდგომ, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ეს გადაცემები „აჭარის ტელევიზიის“ ეთერში გადიოდა. ამასთან, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველმა არხმა დაიქირავა GDS-ის ყოფილი და მოქმედი თანამშრომლები, რომლებიც მანამდე ბიძინა ივანიშვილის მიერ დაარსებულ თოქ-შოუ 2030-ს უძღვებოდნენ. აღსანიშნავია, რომ 2017 წლის იანვრიდან, GDS მედია ჰოლდინგ „ტელეიმედში“ გაერთიანდა, სადაც შედიან პრო-სახელისუფლებო ტელეკომპანიები „იმედი“ და „მაესტრო“. კვლავ გრძელდებოდა სასამართლო დავა და გაურკვევლობა „რუსთავი 2“-ის მომავალთან დაკავშირებით.

2017 წლის ოქტომბერში კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ წარადგინა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტი, რომელიც გულისხმობდა მაუწყებლების ვალდებულებას, გადაემოწმებინათ საზოგადოებრივი აზრის წინასაარჩევნო გამოკითხვების შედეგები. გამომდინარე კომისიის უფლებიდან, დააჯარიმოს მაუწყებელი ამა თუ იმ დარღვევაზე, ეს ინიციატივა მედიის წარმომადგენელთა მხრიდან აღქმული იქნა, როგორც კრიტიკული  მედიის კიდევ ერთი მაკონტროლებელი ბერკეტის შექმნის მცდელობა.  უნდა აღინიშნოს, რომ ეს კანონპროექტი ძალაში არ შესულა.

2018 წელი - შემოდგომაზე გამართული საპრეზიდენტო არჩევნებიდან და სხვა პოლიტიკური მოვლენებიდან გამომდინარე, ეს წელი საკმაოდ დაძაბული იყო მედიისთვისაც. მედიის წარმომადგენელთა და დამკვირვებელთა შეფასებით, 2018 წელს ჟურნალისტების მისამართით იყო იმაზე მეტი თავდასხმა, მათ შორის ფიზიკურიც არჩევნების დროს, ვიდრე წინა წლებში. ჟურნალისტები სხვადასხვა ტიპის თავდასხმის მსხვერპლნი გახდნენ ულტრა-მემარჯვენე აქტორებისგან, რომლებიც მკვეთრად ანტიდასავლურ პოზიციებს ახმოვანებდნენ. ერთ-ერთი ასეთი ფაქტი იყო ულტრა-მემარჯვენეთა შეკრება „რუსთავი 2“-თან, რომლის დროსაც მათ შეურაცხყოფა მიაყენებს ამავე კომპანიის ჟურნალისტს გიორგი გაბუნიას, იმის გამო, რომ ბიძინა ივანიშვილზე ხუმრობისას მან ქრისტე ახსენა. ამასთან, 2018 წელს უფრო მწვავე გახდა მთავრობის რიტორიკა „რუსთავი 2“-ის წინააღმდეგ, ხელისუფლების მაღალჩინოსნები ტელეკომპანიას ადანაშაულებდნენ რეალობის დამახინჯებასა და ყალბი ინფორმაციის გავრცელებაში. ამასთან, ამჯერად უკვე ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში, გრძელდებოდა დავა „რუსთავი 2“-ის მფლობელობის შესახებ.

2018 წელს იყო სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ არსებული რეგულაციების გამკაცრების მცდელობები, მათ შორის, დეპუტატთა ერთი ჯგუფის მიერ ინიცირებული იყო სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრება „რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისთვის“. ასევე, ინიცირებული იყო კომუნიკაციების ეროვნული კომისიის კანონპროექტი სიძულვილის ენის შესახებ, რომელსაც ეს უკანასკნელი თვითრეგულირებიდან რეგულირების ჩარჩოში გადაჰყავდა. ამ რეგულაციის აღსრულების ბერკეტი კი, მათ შორის, კომუნიკაციების კომისიის ხელში გადადიოდა.  აღნიშნული ინიციატივები კანონებად არ ქცეულა. თუმცა, 2018 წლის თებერვალში ძალაში შევიდა ცვლილებები „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში, რომლის თანახმადაც საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში კომერციულ რეკლამაზე და სპონსორობაზე მინიმუმამდე შემცირდა. ამდენად, მაუწყებელს, რომელიც ისედაც ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან და მისი დაფინანსება ქვეყნის მშპ-ის ზრდის პროპორციულად იზრდება, მიეცა დამატებითი სარეკლამო შემოსავლების მიღების საშუალება. საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, აღნიშნული ცვლილებები წარმოადგენდა რისკს საზოგადოებრივი მაუწყებლის ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალეობის მხრივ, ასევე აჩენდა კორუფციულ რისკებს. გარდა ამისა, მედიის წარმომადგენელთა შეფასებით, ეს აზარალებდა კომერციულ ტელევიზიებს, განსაკუთრებით რეგიონალურ და მცირე არხებს, რადგან აყენებდა მათ არათანაბარ მგომარეობაში საზოგადოებრივ მაუწყებელთან შედარებით.

2018 წელს ქართულ მედიაში კვლავ რჩებოდა და ზოგიერთი მიმართულებით ღრმავდებოდა ძველი პრობლემებიც, როგორიცაა: ჟურნალისტების საჯარო ინფორმაციაზე წვდომა, მედია საშუალებების ფინანსური და ინფრასტრუქტურული პრობლემები, საკითხების პროფესიონალური გაშუქება და ა.შ.

2019 წელი - წინა წლების მსგავსად, ამ წელსაც მძაფრი იყო პოლიტიკური დაძაბულობა და პოლარიზაცია, რაც მედიაზეც შესაბამისად აისახა. პოლიტიკურმა რყევებმა პიკს 2019 წლის 19 ივნისს მიაღწია, როცა საქართველოს პარლამენტის ტრიბუნასთან რუსეთის დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის გამოჩენას (რომელიც პარლამენტში მართლმადიდებლობის საერთაშორისო ასამბლეის სხდომის ფორმატით იმყოფებოდა) საზოგადოების მასობრივი პროტესტი მოჰყვა. 20 ივნისის ღამეს კი, როცა აქციის მონაწილეთა გარკვეულმა ნაწილმა პარლამენტის შენობაში შესვლა სცადა, მიტინგის სპეციალური საშუალებების გამოყენებით დაშლა დაიწყო. ამ მოვლენების დროს დაშავდა 30 ჟურნალისტზე მეტი, მათ შორის, რამდენიმე რეზინის ტყვიების ზემოქმედების შედეგად. ორ ჟურნალისტს დასჭირდა სასწრაფო ქირურგიული ჩარევა. მოვლენების კომენტირებისას იოჰან ბიჰრმა, RSF-ის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ოფისის ხელმძღვანელმა, განაცხადა, რომ „მედია დაექვემდებარა მიუღებელ ძალადობას“. იმის მიუხედავად, რომ აქციის დაშლისას ჟურნალისტების დაშავების არაერთი ფაქტი გამოიკვეთა, 2019 წელს მათ დაზარალებულის სტატუსი ვერ მიიღეს და რამდენიმე მათგანმა ამის თაობაზე ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიმართა.

2019 წელი გარდამტეხი აღმოჩნდა „რუსთავი 2“-ს მფლობელობის შესახებ მრავალწლიან დავაში. 18 ივლისს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებით, ქიბარ ხალვაში კომპანიის მესაკუთრე გახდა. ამ გადაწყვეტილების შემდეგ, მედიის მიმართულებით მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციებმა ახალ მფლობელს მოუწოდეს უზრუნველეყო სარედაქციო დამოუკიდებლობა და შეენარჩუნებინა მოქმედი ჟურნალისტები. მიუხედავად ამისა, „ხალვაშმა გაათავისუფლა არხის დირექტორი ნიკა გვარამია, რომლის ნაცვლად საკუთრი ადვოკატი პაატა სალია დანიშნა. არხის მფლობელის ცვლილების შემდეგ, ახალმა გენერალურმა დირექტორმა ტელევიზიის წამყვანი ჟურნალისტების ნაწილი გაათავისუფლა. აღნიშნულ გადაწყვეტილებას ჟურნალისტების დიდი ნაწილის პროტესტი მოჰყვა და შედეგად 60-ზე მეტმა ჟურნალისტმა არხი დატოვა.  ტელეკომპანიიდან წამოსული ჟურნალისტების ნაწილმა “რუსთავი2”-ის ყოფილი გენდირექტორის მიერ ახლად დაფუძნებულ ტელევიზია „მთავარ არხზე“ და  მეორე, ასევე ახალ მაუწყებელზე ტვ “ფორმულაზე” დაიწყო მუშაობა“. ამდენად, იმის მიუხედავად, თუ რა სამართლებრივი პერიპეტიები ჰქონდა ამ საქმეს, საბოლოო ჯამში, 2019 წელს ხელისუფლების მიმართ კრიტიკული არხის სარედაქციო პოლიტიკა შეიცვალა.

2019 წელს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა „რუსთავი 2“-ის ყოფილ დირექტორს და „მათავარი არხის“ დამფუძნებელს ნიკა გვარამიას „ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების გამო“.

2020 წელი - ისევე როგორც ყველა სფეროში, პანდემიური 2020 წელი ჟურნალისტებისთვისაც განსაკუთრებით რთული იყო. მსოფლიოს და მათ შორის, საქართველოს ეკონომიკის შემცირებასთან ერთად, ბუნებრივია, დაზარალდა ქართული მედიის ფინანსური მდგრადობა. კოვიდ-19 -ის გავრცელების ფონზე განსაკუთრებულ პრობლემას წარმოადგენდა მითები და დეზინფორმაცია ონლაინ სივრცეში. აგრეთვე, კვლავ გამოწვევა იყო ანტიდასავლური პროპაგანდა. კოვიდ-19 -ის გაშუქებისას, ხშირ შემთხვევაში, კრიტიკულ კითხვებზე პასუხის ნაცვლად, ჟურნალისტები ხელისუფლებისა და ჯანდაცვის სფეროს შესაბამისი წარმომადგენლებისგან აგრესიას იღებდნენ. ამასთან, პანდემიის დროს შეიზღუდა საჯარო ინფორმაციაზე წვდომა. ასევე, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინა და შემდგომ პერიოდში რამდენიმე ჟურნალისტს ფიზიკურად გაუსწორდნენ, რაც ხელისუფლებამ ვერ აღკვეთა.

2020 წელს ხელისუფლებამ დაიწყო გამოძიება ჟურნალისტების წინააღმდეგ - ტელეკომპანია „მთავარის“ ჟურნალისტები „საბოტაჟში“, დეზინფორმაციის გავრცელებისა და ხელისუფლების დისკრედიტაციაში დაადანაშაულეს. ასევე, მედიის წარმომადგენლები აღნიშნავდნენ, რომ სისხლის სამართლის საქმეები, რომლებიც დაიწყო 2019 წლიდან ზუკა გუმბარიძის (ტელეკომპანია „ფორმულას“ დირექტორი) და ნიკა გვარამიას („მთავარი არხის“ დირექტორი) წინააღმდეგ, ამოფარებულნი არიან კანონს, თუმცა, რეალურად, ისინი გამოწვეულია ამ არხების კრიტიკული პოზიციებით. ამასთან, მედიის წარმომადგენლები და დამკვირვებლები მიიჩნევდნენ, რომ ხელისუფლების და პრო-სახელისუფლებო კომუნიკაციების კომისიის ქმედებებში ჩანდა კრიტიკული მედიის შეზღუდვის მცდელობები. კიდევ უფრო გამოიკვეთა ხელისუფლების მცდელობები, მოეხდინა მისდამი კრიტიკული ჯგუფების (მედიის, არასამთავრობო ორგანიზაციების და ა.შ.) მარგინალიზაცია.

დრამატულად განვითარდა მოვლენები საზოგადოებრივი მაუწყებლის „აჭარის ტელევიზიაში“, რომლის დირექტორის მოადგილე ნათია ზოიძე თანამდებობიდან გადადგა. მან აღნიშნა, რომ „გადადგომა არ იყო მისი ნების გამომხატველი“ და იყო პოლიტიკური პროცესის შედეგი. მანამდე, 2019 წლის დეკემბერში, მან ტელეარხის ახალი დირექტორი გიორგი კოხრეიძე სარედაქციო პოლიტიკის შესაცვლელად ზეწოლაში დაადანაშაულა. ზოიძის გადადგომას აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ალტერნატიული პროფკავშირები გამოეხმაურა: „ნათია ზოიძის  სამსახურიდან წასვლა სხვა არაფერია, თუ არა სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევის უკვე დამდგარი ფაქტი. ეს აღარაა მცდელობა. ეს არის შედეგი, რაზეც სრული პასუხისმგებლობა, პირველ რიგში, ეკისრება მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოსა და მაუწყებლის დირექტორს. მაუწყებლის თანამშრომლები ვაგრძელებთ დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად ბრძოლას, რადგან ძალაუფლება არის იმ ადამიანების ხელში, რომელთათვისაც მაუწყებლის ღირებულებები და მისია მიუღებელი ცნებებია“. 2020 წლის გაზაფხულზე „აჭარის ტელევიზიიდან“ კიდევ რამდენიმე ჟურნალისტი გაათავისუფლეს, ამის მიზეზი კი ტელევიზიის მენეჯმენტის საჯარო კრიტიკა (Facebook-ში გამოქვეყნებული პოსტი) გახდა.

2021 წელი - გასული წელი ქართული მედიისთვის ძალიან მძიმე გამოდგა. 5 ივლისს,  პრო-რუსულმა ჯგუფმა, შეიძლება ითქვას წინასწარ ორგანიზებული ძალადობით, ხელი შეუშალეს თბილისში, რუსთაველის გამზირზე „ღირსების მარშის“ გამართვას. ასევე, მათ ფიზიკურად იძალადეს 50-ზე მეტ ჟურნალისტზე, რომლებიც ადგილზე აღნიშნული მოვლენის გასაშუქებლად იყვნენ მისულნი. დაშავებული ჟურნალისტების სიმრავლიდან და ადგილზე განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე თამამად შეიძლება ითქვას, რომ ძალადობის ორგანიზატორებმა კონკრეტულად მედიის წარმომადგენლები ამოიღეს მიზანში. ამ ძალადობას პოლიციამ ხელი ვერ შეუშალა, სახელმწიფომ ვერ მოახდინა შესაბამისი ძალების მობილიზება, რის შედეგადაც ძალადობის პრევენცია შეუძლებელი გახდა. რამდენიმე დღის შემდეგ კი, 5-6 ივლისის მოვლენების დროს ნაცემი ოპერატორი („ტელეკომპანია პირველის“) ლექსო ლაშქარავა გარდაიცვალა. აღნიშნული ძალადობის ორგანიზატორები, რომლებიც 5 ივლისამდე აქტიურად მოუწოდებდნენ მოქალაქეებს მსგავსი ქმედებებისკენ, დღემდე არ დასჯილან. მედიის სფეროს წარმომადგენლები და დამკვირვებლები ერთხმად თანხმდებიან, რომ 5-6 ივლისის მოვლენებმა ქართული მედია გარემო მკვეთრად გააუარესა, ქვეყანაში ჟურნალისტის პროფესია კი უფრო სახიფათო გახადა. ასევე, მედიის ადვოკატირების კოალიციამ 2021 წელს აღრიცხა ჟურნალისტებზე და აქტივისტებზე ვერბალური და ფიზიკური თავდასხმების 37 ფაქტი. 2021 წლის შემოდგომაზე გამართული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პარალელურად, ჟურნალისტებზე თავდასხმები გაგრძელდა. ამავე წლის დასაწყისში კი, ნასვამი მოქალაქეები თავს დაესხნენ ტელეკომპანია „ფორმულას“ წამყვანს, ვახო სანაიას და მის ოჯახს. მოძალადეები პატიმრობიდან ექვსი თვის შემდეგ გათავისუფლდნენ.

2021 წლის სექტემბერში მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პოლიტიკოსებს, სასულიერო პირებს და ზოგადად, საზოგადოებრივად აქტიურ ადამიანებს, მათ შორის ჟურნალისტებს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური (სუს) უკანონოდ უსმენს. ხუთმა ჟურნალისტმა დაადასტურა, რომ მედიაში გავრცელებული ანგარიშები (ე.წ. „დანოსები“) ნამდვილად ასახავდა მათ პირად კომუნიკაციას, რაც ნიშნავს, რომ ისინი იყვნენ ფარული მიყურადების ობიექტები.

მედიის წარმომადგენლებმა და მკვლევარებმა შეშფოთება გამოთქვეს იმის შესახებაც, რომ 2021 წელს განსაკუთრებით გამწვავდა ხელისუფლების დეზინფორმაციული ბრალდებები და სიძულვილის ენა კრიტიკული მედიის მისამართით, ასევე გამკაცრდა კონტროლი საჯარო ინფორმაციის გაცემაზე და უფრო გამწვავდა პოლარიზაცია მედია სივრცეში.

2021 წელს საზოგადოებრივი მაუწყებლის თოქ-შოუ „კვირის ინტერვიუს“ წამყვანი ირაკლი აბსანძე სამსახურიდან გაათავისუფლეს. ოფიციალურ მიზეზად აბსანძის მხრიდან მაუწყებლის ქცევის კოდექსის დარღვევა დასახელდა. ჟურნალისტის თქმით, იგი მაუწყებლიდან ხელისუფლების მისამართით გამოთქმული კრიტიკული პოზიციების გამო გაუშვეს.

2022 წელი - 1-ლი მარტიდან ძალაში შევიდა რეგულაცია აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვის შესახებ, რამაც მაუწყებლების შემოსავლები მკვეთრად შეამცირა და ისედაც მცირეშემოსავლიანი სექტორი ფინანსურად კიდევ უფრო მოწყვლადი გახადა. კომუნიკაციების კომისიის განცხადებაში აღნიშნულია, რომ „2022 წლის მეორე კვარტალში სატელევიზიო და რადიო მაუწყებლების ჯამურმა კომერციულმა სარეკლამო შემოსავალმა 19 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით, 4.1 მილიონი ლარით, 17.5%-ით ნაკლებია. სარეკლამო შემოსავლების კლება აზარტული თამაშების სამაუწყებლო რეკლამის შესახებ ახალი რეგულაციითაა გამოწვეული... აღსანიშნავია, რომ რეგულაციის ამოქმედებამდე აზარტული თამაშების ორგანიზატორი კომპანიები მაუწყებლების მსხვილ დამფინანსებლებს წარმოადგენდნენ. 2021 წლის მეორე კვარტალში აზარტული თამაშების კომპანიებისგან ტელევიზიებმა და რადიოებმა 4.6 მილიონ ლარზე მეტი სარეკლამო შემოსავალი მიიღეს“.

2022 წლის 7 სექტემბერს საქართველოს პარლამენტში დარეგისტრირდა პროექტი „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე. კანონპროექტის ინიციატორები მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ დეპუტატები არიან. იგი ფაქტობრივად იდენტურია 2018 წელს კომუნიკაციების კომისიის მიერ ინიცირებული ცვლილებებისა, რომელზეც ზემოთ ვისაუბრეთ. ინიცირებული ცვლილების ყველაზე უფრო ბუნდოვანი და ამავდროულად, სადავო ნაწილი სიძულვილის ენის დარეგულირების საკითხია. ეს ინიციატივა შეიცავს რისკს, რომ რეგულაციები მოქმედი თუ ნებისმიერი მომდევნო ხელისუფლების მიერ ბოროტად იქნება გამოყენებული მედიის წინააღმდეგ. ამ დროისთვის (31.10.2022), პარლამენტის მიერ კანონპროექტი მიღებულია პირველი მოსმენით.

მიმდინარე წლის 16 მაისს „მთავარი არხის“ დირექტორი ნიკა გვარამია დააკავეს. როგორც აღვნიშნეთ, მის წინააღმდეგ გამოძიება ჯერ კიდევ 2019 წელს დაიწყო და საქმე გვარამიას „რუსთავი 2“-ის დირექტორობის პერიოდს ეხება. ამ საქმის პოლიტიკურად მოტივირებულ სარჩულზე ყურადღება გაამახვილეს საქართველოს სახალხო დამცველმა, ადგილობრივმა  და საერთაშორისო ორგანიზაციებმა.

 

დასკვნა

დოკუმენტში მიმოხილულია ქართული მედიის მდგომარეობა ბოლო ათწლეულში, საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტიდან, ხელისუფლების არჩევნების შედეგად შეცვლიდან, დღემდე. არაერთი ფაქტისა და წყაროს ანალიზმა აჩვენა, რომ 2012 წელს კარგი სასტარტო პირობები ზოგადად დემოკრატიის და, მათ შორის, მედიის თავისუფლების კუთხით, ქვეყანამ ვერ გამოიყენა. ახალი ხელისუფლების მმართველობის პირველ წლებში შეინიშნებოდა პოლიტიკური ნება და პრაქტიკული მცდელობები მედიის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, თუმცა ეს ტენდენცია „ქართული ოცნების“ მმართველობის პირველ ვადასთან ერთად დასრულდა. ბოლო წლებში კი, ამ პარტიის მმართველობის მესამე ვადაში, საქართველოში მედიის თავისუფლება წლიდან წლამდე უარესდება. აღნიშნულს ადასტურებს როგორც ჩვენ მიერ ამ დოკუმენტში მიმოხილული ფაქტები, ისე საქართველოს პოზიციების გაუარესება მედიის თავისუფლების სხვადასხვა საერთაშორისო ინდექსში. გარდა ამისა, ბოლო პერიოდში გამოიკვეთა და სულ უფრო იკიდებს ფეხს საქართველოს ხელისუფლების აგრესიული, პროპაგანდისტული რიტორიკა მედიის მიმართ, რაც თანამედროვე მსოფლიოს არადემოკრატიული რეჟიმების ერთ-ერთი ნიშანდობლივი მახასიათებელია.

 

ბიბლიოგრაფია:

Civil.ge, (1 ივნისი, 2013). Parliament Confirms Amendments to Law on Broadcasting. ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3SRD1FG (31.10.2022).

Civil.ge, (9 აგვისტო, 2019). პროკურატურამ ნიკა გვარამიას მიმართ ბრალის წაყენების შესახებ დადგენილება გამოიტანა. ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3UtDn6X (31.10.2022).

International Research & Exchanges Board (IREX). (2013). Media Sustainability Index. ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3Nng5NA (31.10.2022).

International Research & Exchanges Board (IREX). (2014). Media Sustainability Index. ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3sIeiZW (31.10.2022).

International Research & Exchanges Board (IREX). (2015). Media Sustainability Index. ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3TQ7MMx (31.10.2022).

International Research & Exchanges Board (IREX). (2016). Media Sustainability Index. ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3Nj0RsZ (31.10.2022).

International Research & Exchanges Board (IREX). (2017). Media Sustainability Index. ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3No4T3b (31.10.2022).

International Research & Exchanges Board (IREX). (2018). Media Sustainability Index. ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3sN3daa (31.10.2022).

International Research & Exchanges Board (IREX). (2019). Media Sustainability Index. ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3zT3Bb9 (31.10.2022).

International Research & Exchanges Board (IREX). (2021). Vibrant Information Barometer. ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3NjX9PQ (31.10.2022).

International Research & Exchanges Board (IREX). (2022). Vibrant Information Barometer. ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3NjeaJX  (31.10.2022).

International Research & Exchanges Board (IREX). Media Sustainability Index (MSI). ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3NpiaJ2 (31.10.2022).

International Research & Exchanges Board (IREX). Vibrant Information Barometer. ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3FuG0AS (31.10.2022).

Reporters Without Borders (RSF), (1 ოქტომბერი, 2020). At least five journalists attacked while covering Georgia’s election campaign. ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3SLEVrD (31.10.2022).

Reporters Without Borders (RSF), (12 ივლისი, 2021). Georgia: Suspicious death of a journalist attacked six days earlier by homophobic lynch mob. ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3sJa6Jl (31.10.2022).

Reporters Without Borders (RSF), (22 ივნისი, 2019). Many journalists injured during protest outside Georgian parliament. ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3gWHAS7 (31.10.2022).

Reporters Without Borders (RSF), (24 ივლისი, 2019). Media pluralism must be preserved in Georgia, RSF says. ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3Wl1YMX (31.10.2022).

Reporters Without Borders (RSF), (24 მაისი, 2022). Georgia : RSF seeks review of opposition TV chief’s conviction, jail sentence. ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3SWyVfA (31.10.2022).

Reporters Without Borders (RSF), (24 სექტემბერი, 2021). RSF calls for rapid results from enquiry after journalists spied on in Georgia. ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3sGNf1f (31.10.2022).

Reporters Without Borders (RSF), (31 მაისი, 2017). Azerbaijani journalist abducted in Georgia, taken to Azerbaijan. ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3zze23d (31.10.2022).

Reporters Without Borders (RSF), (5 თებერვალი, 2020). Georgian TV channel’s deputy director resigns under pressure. ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3sM4VZg (31.10.2022).

Reporters Without Borders (RSF), (7 ივლისი, 2021). Attacks on 53 journalists is a major setback for press freedom in Georgia, RSF says. ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3DOUQ4e (31.10.2022).

Reporters Without Borders (RSF). Media Freedom Index Methodology. ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3NkRJ70 (31.10.2022).

Reporters Without Borders (RSF). Methodology used for compiling the World Press Freedom Index from 2022 onward. ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3U7novz (31.10.2022).

აბსანძე, თ. (29 დეკემბერი, 2017). "კომერციული" საზოგადოებრივი მაუწყებელი. FactCheck საქართველო. ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3U71k3C (31.10.2022).

ადამიანის უფლებათა ცენტრი, (2014). ქართული მედია გარდამავალ პერიოდში (2012-2014). ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3zuK3JY (31.10.2022).

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი, (3 თებერვალი, 2020). მაუწყებლის თანამშრომლები ვაგრძელებთ დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად ბრძოლას - ალტერნატიული პროფკავშირები. ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3SLtvnC (31.10.2022).

გვაძაბია, მ. (16 მაისი, 2022). რის გამო დააპატიმრეს გვარამია. ნეტგაზეთი. ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3sKy5YJ (31.10.2022).

გიუნაშვილი, გ. (9 სექტემბერი, 2016). “მაესტროს” ყოფილი თანამშრომლები კომპანიისგან კომპენსაციას მიიღებენ. ნეტგაზეთი. ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3Uatgn7 (31.10.2022).

გუგულაშვილი, მ. (11 აგვისტო, 2021). რატომ გაათავისუფლეს ირაკლი აბსანძე პირველი არხიდან. Media Checker. ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3gMHsUW (31.10.2022).

გუგულაშვილი, მ. (20 ივნისი, 2020). 20 ივნისს დაშავებული ჟურნალისტების გამოუძიებელი საქმეები და სარჩელი სტრასბურგში. Media Checker. ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3FxX890 (31.10.2022).

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI), (2016). ფარული მიყურადება საქართველოში: 2015-2016. ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3NnkMXI (31.10.2022).

კომუნიკაციების კომისია (2016). წლიური ანგარიში 2016. ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3Njc8cR (31.10.2022).

კომუნიკაციების კომისია, (25 მარტი, 2015). რა უნდა ვიცოდეთ ციფრული მაუწყებლობის შესახებ. ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3sI4Ohp (31.10.2022).

კომუნიკაციების კომისია, (9 აგვისტო, 2022). 2022 წლის მეორე კვარტალში ტელევიზიებისა და რადიოების სარეკლამო შემოსავალი 19 მილიონი ლარი იყო. ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3Nke44P (31.10.2022).

მედიის განვითარების ფონდი (MDF), (2016). ანტიდასავლური პროპაგანდა. ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3SPAewP (31.10.2022).

მეფარიშვილი, მ. (13, ივნისი, 2017), “წითელი ზონა” და სალომე ასათიანის “ინტერვიუ” საზოგადოებრივ მაუწყებელზე აღარ გავა. ნეტგაზეთი. ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3SRHo3y (31.10.2022).

ნეტგაზეთი, (16 ოქტომბერი, 2013). "იმედი" პატარკაციშვილის ოჯახმა დაიბრუნა. ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3sLSwEG (31.10.2022).

პერტაია, ლ. (24 ივლისი, 2019), ყველაფერი, რაც რ2-ის საქმეზე უნდა იცოდეთ. ნეტგაზეთი. ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3zwRwbn (31.10.2022).

პირველი არხი. ვასილ მაღლაფერიძე - რეზიუმე. ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3NjdZyl (31.10.2022).

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო, (2014). ციფრული მაუწყებლობა – რა უნდა ვიცოდეთ მთავრობის სტრატეგიის შესახებ?  ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3zttiOY (31.10.2022).

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო, (2020). საქართველოს მედიაგარემო 2016-2020 წლებში. ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3DN8Qv9 (31.10.2022).

სოციალური სამართლიანობის ცენტრი, (2020). ერთი წელი 20-21 ივნისის მოვლენებიდან. ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3TXnGVx (31.10.2022).

სოციალური სამართლიანობის ცენტრი, (2021). 5-6 ივლისის მოვლენების სამართლებრივი შეფასება - პირველადი ანალიზი. ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3DOoSVN (31.10.2022).

ტაბულა, (11 მაისი, 2020). რეხვიაშვილი: Facebook პოსტისთვის ადამიანებს დევნიან ჩრდ. კორეაში, რუსეთში და აჭარის ტელევიზიაში. ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3fiH1BE (31.10.2022).

ქევანიშვილი, ე. (6 ნოემბერი, 2015), დროებითი მმართველობა „რუსთავი 2“-ში. რადიო თავისუფლება. ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3WfxPyu (31.10.2022).

ქეცბაია, თ. (6 ივნისი, 2017). როგორ შეიძლება თბილისში გაქრე და აზერბაიჯანში გაჩნდე? FactCheck საქართველო. ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3TOkvzf (31.10.2022).

ქუტიძე, დ. (2020), ქართული მედიის გამოწვევები - შეუქცევადი პროგრესის ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა. კვლევითი ინსტიტუტი Gnomon Wise. ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3DLOdzj (31.10.2022).

ქუტიძე, დ. (2021). საქართველოს ხელისუფლების აგრესიული, პროპაგანდისტული რიტორიკა მედიის მიმართ - ავტორიტარების მიერ გამოცდილი ხერხი ჟურნალისტების დისკრედიტაციისთვის. კვლევითი ინსტიტუტი Gnomon Wise. ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3sKtypa (31.10.2022).

ქუტიძე, დ., გურგენაშვილი, ი. (2020), სიძულვილის ენასთან ბრძოლის სახელით შეზღუდული გამოხატვის თავისუფლება?! კვლევითი ინსტიტუტი Gnomon Wise. ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3Wg0Z0h (31.10.2022).

ქუტიძე, დ., გურგენაშვილი, ი. (2022). ცვლილებები „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში - ცენზურის საფრთხე ევროდირექტივის მიკერძოებული ინტერპრეტირებით. კვლევითი ინსტიტუტი Gnomon Wise. ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3Ub37Vh (31.10.2022).

ჩიმაკაძე, ნ. (2018), როგორ შეიცვალა მედიაგარემო საქართველოში ბოლო ათ წელიწადში. Media Checker. ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3TPExti (31.10.2022).

ჯიქია, თ. (13 თებერვალი, 2015). დავით ბაქრაძის თქმით, რეკლამის შესახებ კანონში ცვლილებების შეტანა გადაუდებელ აუცილებლობას არ წარმოადგენს. FactCheck საქართველო. ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3D8nZ8Z (31.10.2022).

 

სრული დოკუმენტი, შესაბამისი ბმულებითა და განმარტებებით, იხ. მიმაგრებულ ფაილში.


ავტორ(ებ)ი

დავით ქუტიძე