პუბლიკაციები

საქართველოს პარლამენტის საარჩევნო სისტემა - ილიბერალური დემოკრატიიდან კონსტიტუციურ დემოკრატიამდე

სუვერენიტეტის აღდგენის შემდეგ, საქართველოში არ წყდება დისკუსია სამართლიანი საარჩევნო სისტემის შესახებ. 2024 წლიდან ამოქმედდება საქართველოს კონსტიტუციის ნორმა, რომლის მიხედვითაც, პარლამენტის არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდება.

ამის მიუხედავად, კვლავ რჩება უთანხმოება პარლამენტის საარჩევნო სისტემის დისპროპორციულობის შესახებ. სისტემის დისპროპორცია, მათ შორის, დიდი პარტიების სასარგებლოდ, ზოგადად, შესაძლებელია, რომ გამართლებული იყოს კონსტიტუციური დემოკრატიის პრინციპების საფუძველზე.

ნაშრომის მიზანია, გამოიკვლიოს, რამდენად არსებობს მსგავსი გამართლება საქართველოს კონტექსტში, კერძოდ, ქვეყანაში ჩამოყალიბებული პოლიტიკური რეჟიმის ტიპის გათვალისწინებით.

ნაშრომის თანახმად, საქართველოში ლიბერალური (კონსტიტუციური) დემოკრატიის ჩარჩოში მოქმედებს ილიბერალური, კერძოდ, პლებისციტური ბელადის დემოკრატიის პოლიტიკური რეჟიმი. ნაშრომის მეორე თავი სწორედ რეჟიმის ამ ტიპისა და მასში არჩევნების როლს შეისწავლის და შესაბამის თეორიულ ჩარჩოს საქართველოს კონტექსტს მიუსადაგებს.

პლებისციტური ბელადის დემოკრატია მაჟორიტარული დემოკრატიისა და დემოკრატიული პოპულიზმის ჩარჩოებში მოქმედებს. ამ ტიპის რეჟიმში, პლებისციტური ლეგიტიმაცია მოიპოვება არჩევნების გზით, სადაც სტრუქტურულად ხელშეწყობილია ძალაუფლების შენარჩუნება ფარდობითი უმრავლესობის მხარდაჭერით. აღნიშნული შედეგის მიღწევის სისტემური ინსტრუმენტი მანდატების ბონუსია.

ნაშრომის მიგნების თანახმად, 2020 წლის ჩათვლით, მანდატების ბონუსი საქართველოს პარლამენტის არჩევნებში იწარმოებოდა პარალელური საარჩევნო სისტემის მეშვეობით. 2024 წლიდან ასამოქმედებელ პროპორციულ სისტემაში კი ამგვარ ბონუსს ქმნის გამორიცხვის 5%-იანი ბარიერის, საარჩევნო ბლოკების აკრძალვისა და მორჩენილი მანდატების განაწილების წესის კუმულაციური ეფექტი.

ნაშრომში დაწვრილებით არის გამოკვლეული საქართველოს პარლამენტის საარჩევნო სისტემის მიერ მანდატების ბონუსის წარმოება, რაც ტოვებს შესაძლებლობას, რომ მმართველმა ძალამ, ამომრჩეველთა ფარდობითი უმრავლესობის მხარდაჭერით, შეინარჩუნოს მანდატების უმრავლესობა, ხოლო ამომრჩეველთა აბსოლუტური უმრავლესობის მხარდაჭერით, კონსტიტუციის გადასინჯვის ძალაუფლება მიიღოს.

ამავე ნაშრომის მიგნებით, მანდატების ასეთი ბონუსი არ ემსახურება არც საპარლამენტო უმრავლესობის ფრაგმენტაციის თავიდან აცილების და არც სტაბილური მმართველობის უზრუნველყოფის კონსტიტუციურ მიზნებს. სინამდვილეში, მანდატების ბონუსი ხელს უშლის პოლიტიკური პლურალიზმისა და კონსოლიდირებული, ცენტრალიზებული პოლიტიკური ძალაუფლების გაზიარების დემოკრატიული პრაქტიკის მიღწევას და მისი მიზანია, მოემსახუროს პლებისციტური ბელადის დემოკრატიის მოთხოვნებს.

ამრიგად, ნაშრომის დასკვნით, საარჩევნო სისტემა რჩება ერთ-ერთ მნიშვნელოვან (თუმცა - არა ერთადერთ) წინაღობად პლებისციტური ბელადის დემოკრატიიდან კონსოლიდირებულ კონსტიტუციურ დემოკრატიად საქართველოს ტრანსფორმაციის გზაზე.

კვლევის სრულად გასაცნობად იხ. მიმაგრებული ფაილი.


ავტორ(ებ)ი

დავით ზედელაშვილი, თამარ ქეცბაია, მარიამ ლორთქიფანიძე, გიორგი ლელუაშვილი, ზვიად ხორგუაშვილი