საერთო სასამართლოების კონსტიტუციური წარდგინება: პრაქტიკა და ტენდენციები
საქართველოში საკონსტიტუციო სასამართლო კონტროლი ეფუძნება კონცენტრირებულ მოდელს, რომელსაც სპეციალიზებული ორგანო - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო - ახორციელებს. ამ მოდელის ფარგლებში, საკონსტიტუციო სასამართლოს აქვს ექსკლუზიური უფლებამოსილება, ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობის საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღოს და ნორმა ძალადაკარგულად ცნოს. ამასთან, კონსტიტუციის უზენაესობის უზრუნველყოფა, მასში ასახული ღირებულებების განმარტება, გამოყენება და დაცვა წარმოადგენს საერთო სასამართლოების ზრუნვის საგანსაც. კერძოდ, მართლმსაჯულების განხორციელებისას ისინი, ერთი მხრივ, ვალდებული არიან, გამოსაყენებელი ნორმა განმარტონ კონსტიტუციის შესაბამისად, ხოლო, მეორე მხრივ, ნორმის არაკონსტიტუციურობის საფუძვლიანი ვარაუდის არსებობისას, მიმართონ საკონსტიტუციო სასამართლოს.
საერთო სასამართლოები საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინების გზით მიმართავენ. ეს მექანიზმი არსებითად განსხვავდება კონსტიტუციური სარჩელისა და საკონსტიტუციო კონტროლის სხვა ფორმებისგან. უპირველეს ყოვლისა, საერთო სასამართლოების კონსტიტუციური წარდგინება საქართველოში კონკრეტული საკონსტიტუციო კონტროლის ის მექანიზმია, რომელიც უშუალოდ საერთო სასამართლოში მიმდინარე კონკრეტული დავიდან აღმოცენდება და მის გადაწყვეტას ორგანულად უკავშირდება.
ამასთანავე, საერთო სასამართლოს წარდგინებას შინაარსობრივად ფართო არეალი აქვს: თუ ინდივიდუალური კონსტიტუციური სარჩელი (ისევე, როგორც სახალხო დამცველის სარჩელი) შეზღუდულია და სარჩელის წარმდგენებს შესაძლებლობას აძლევს, მხოლოდ კონსტიტუციის მეორე თავით განმტკიცებული ძირითადი უფლებების დარღვევაზე იდავონ, წარდგინების ავტორი მოსამართლე/სასამართლო მხოლოდ ძირითადი უფლებების თავით არ არის შეზღუდული. მას შეუძლია მოითხოვოს ნორმის როგორც ფორმალური, ისე მატერიალური თვალსაზრისით შემოწმება კონსტიტუციის ნებისმიერ დებულებასთან მიმართებით, რაც დამახასიათებელია აბსტრაქტული კონსტიტუციური სარჩელის მექანიზმისთვისაც.
წარდგინების კიდევ ერთი საკვანძო მახასიათებელი სადავო ნორმატიული აქტის სამართლებრივი ეფექტის დროებითი განეიტრალება და კონკრეტულ საქმეზე მისი გამოყენების ავტომატური შეჩერებაა. ამით იგი განსხვავდება ინდივიდუალური, სახალხო დამცველისა თუ აბსტრაქტული კონსტიტუციური სარჩელებისგან, რომელთა შემთხვევაში სადავო ნორმის მოქმედების შეჩერება გამონაკლისს წარმოადგენს და დამოკიდებულია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი მკაცრი სტანდარტის (მხარისთვის გამოუსწორებელი შედეგების დადგომის საფრთხის დასაბუთება) დაკმაყოფილებაზე. პოტენციურად, არაკონსტიტუციური ნორმის შეუჩერებლობის ეფექტი განსაკუთრებით თვალსაჩინოა კონსტიტუციური კონტროლის ქართულ მოდელში, რომელიც არ იცნობს სრული ინდივიდუალური კონსტიტუციური სარჩელის უფლებას და, ზოგადი წესით, არ ითვალისწინებს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების რეტროაქტიულ ეფექტს (გამონაკლისია სისხლის სამართლის საქმეები). შესაბამისად, ასეთ შემთხვევებში, გამოსაყენებელი ნორმა, თუნდაც ის მომავალში არაკონსტიტუციურად გამოცხადდეს, ვეღარ აღადგენს იმ პირთა უფლებებს, რომელთა დავაც ამ ნორმის საფუძველზე უკვე დასრულებულია.
სწორედ ამ კონტექსტში იკვეთება საერთო სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინების ინსტიტუტის პრაქტიკული მნიშვნელობა: კონკრეტულ დავაზე საქმის წარმოების ავტომატური შეჩერება ამცირებს სავარაუდოდ არაკონსტიტუციური ნორმის საფუძველზე გადაწყვეტილების გამოტანის რისკებს. ამასთან, მართალია, ეს პროცესი გარკვეულწილად აჭიანურებს მართლმსაჯულებას, თუმცა, როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაშია აღნიშნული, არაკონსტიტუციური კანონის გამოყენების პრევენცია უპირატესია საქმის სწრაფად გადაწყვეტის ინტერესთან შედარებით, ვინაიდან „...საქმის გადაწყვეტის სისწრაფე აზრს კარგავს, თუკი ის არაკონსტიტუციური კანონის საფუძველზე ხორციელდება“.
კონსტიტუციური წარდგინება აგრეთვე შეიძლება განვიხილოთ, როგორც მოსამართლის ფუნქციური დამოუკიდებლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარანტია. იგი მოსამართლეს შესაძლებლობას აძლევს, არ გახდეს იმ ნორმის გამოყენების იძულებითი გამტარი, რომლის კონსტიტუციურობაშიც საფუძვლიანი ეჭვი ეპარება და გადაწყვეტილების მიღებისას, მხოლოდ უზენაესი კანონის შესაბამისად იმოქმედოს.
ამავდროულად, წარდგინება აყალიბებს ინსტიტუციური თანამშრომლობისა და სამართლებრივი დიალოგის მოდელს ორ სასამართლო სისტემას შორის. ერთ მხარეს არის საკონსტიტუციო სასამართლო, რომელიც, თავისი ინსტიტუციური ბუნებიდან გამომდინარე, კონსტიტუციურ კონტროლს მხოლოდ შეზღუდულად ახორციელებს: მას მსჯელობა მხოლოდ წარდგენილი მოთხოვნის ფარგლებში შეუძლია. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლო საკუთარი ინიციატივით ვერ რეაგირებს კანონმდებლობის პოტენციურ კონსტიტუციურ ხარვეზებზე. მეორე მხარეს კი საერთო სასამართლოს მოსამართლეა, რომელიც კონსტიტუციური კონტროლის პირდაპირი განხორციელების შესაძლებლობას მოკლებულია. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ კონკრეტული საქმის განხილვისას, უშუალოდ აწყდება გამოსაყენებელი ნორმის პრაქტიკულ შედეგებსა და შესაძლო უფლებრივ პრობლემებს, სწორედ ის ახდენს ნორმის კონსტიტუციურობის პირველად შეფასებას. კერძოდ, ყოველ ჯერზე, საქმის გადასაწყვეტად კანონის გამოყენების დროს, მოსამართლე ადასტურებს რწმენას მისი კონსტიტუციურობის შესახებ, ხოლო როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოს წარდგინებით მიმართავს, აფიქსირებს დასაბუთებულ ვარაუდს ნორმის შესაძლო არაკონსტიტუციურობასთან მიმართებით. ამგვარად, კონსტიტუციური წარდგინება საერთო და საკონსტიტუციო სასამართლოებს შორის აყალიბებს უნიკალურ ინსტიტუციურ კავშირს, რომლის ფარგლებშიც ფუნქციათა გადანაწილებით სასამართლო ხელისუფლება ზრუნავს საჯარო ინტერესისა და კონსტიტუციური წესრიგის დაცვაზე.
თუმცა მექანიზმის ნორმატიული არსებობა და სამართლებრივი პოტენციალი თავისთავად არ ნიშნავს, რომ მას პრაქტიკაში აუცილებლად ეფექტიანად და აქტიურად გამოიყენებენ. კონსტიტუციური კონტროლის ინსტიტუტები შეიძლება არსებობდეს, როგორც სამართლებრივი შესაძლებლობები, მაგრამ მათი რეალური ღირებულება მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული იმ ინსტიტუტების მზადყოფნაზე, რომლებსაც ეს შესაძლებლობები აქვთ და მზად არიან, ისინი საკუთარი კონსტიტუციური როლის შესაბამისად გამოიყენონ.
საერთო სასამართლოების კონსტიტუციური წარდგინების ინსტიტუტის ეფექტიანი ფუნქციონირებისთვის მნიშვნელოვანია, მართლმსაჯულების განხორციელებისას თითოეულ მოსამართლეს ჰქონდეს შინაგანი მისწრაფება („ამბიცია“), აქტიურად გამოვიდეს კონსტიტუციური წესრიგის დამცველად და არ შემოიფარგლოს მხოლოდ ფორმალური ვალდებულების შესრულებით. იგივე შეიძლება ითქვას საკონსტიტუციო სასამართლოზეც. წარდგინების მექანიზმი მხოლოდ მაშინ ქმნის რეალურ ინსტიტუციურ თანამშრომლობას და იძენს მნიშვნელობას, როდესაც საერთო სასამართლოების მიერ მისთვის გადაცემულ საკითხებს თავად საკონსტიტუციო სასამართლოც სათანადო პასუხისმგებლობითა და დროულად განიხილავს (მით უფრო, როდესაც მოქმედი კანონმდებლობით, საკონსტიტუციო სასამართლოს ევალება, პრიორიტეტულად განიხილოს კონსტიტუციური წარდგინება).
ამიტომ მექანიზმის გამოყენების პრაქტიკული გამოცდილებისა და ძირითადი ტენდენციების შესწავლა მნიშვნელოვანია იმის გასააზრებლად, რამდენად გარდაიქმნება სამართლებრივად არსებული შესაძლებლობა რეალურად მოქმედ ინსტიტუტად. მექანიზმის პრაქტიკული მოქმედების შესწავლისას მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ის, თუ რამდენად ხშირად მიმართავენ საერთო სასამართლოები საკონსტიტუციო სასამართლოს, არამედ ისიც, რომელი სამართლებრივი საკითხები ხდება წარდგინების საფუძველი, როგორ პასუხობს საკონსტიტუციო სასამართლო ამ მიმართვებს, რა დრო სჭირდება მათ განხილვას და როგორია მიღებული გადაწყვეტილებების შედეგები.
წარდგინების ინსტიტუტის სამართლებრივ ბუნებასა და პროცესუალურ თავისებურებებზე ქართულ აკადემიურ სივრცეში არაერთხელ უმსჯელიათ. არსებული ნაშრომები და ანალიტიკური მასალები, რომლებიც ძირითადად 2023 წლამდე პერიოდს ფარავს, წინამდებარე კვლევისთვის მნიშვნელოვან საფუძველს ქმნის. წინამდებარე კვლევა მათზე დაყრდნობით, თუმცა უფრო ფართო ემპირიულ მასალაზე დაკვირვებით, შეისწავლის საერთო სასამართლოების კონსტიტუციური წარდგინების პრაქტიკას, რომელიც მისი ამოქმედებიდან - 1997 წლიდან 2026 წლის 1-ელი ოქტომბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს.
ამ მიზნით, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ხელმისაწვდომად ქცეულ ელექტრონულ ბაზაში (www.constcourt.ge) გაერთიანებული 110 წარდგინების საფუძველზე, გაანალიზებულია მათი დროითი დინამიკა, წარმდგენი სასამართლოები, წარდგინებებში დასმული სამართლებრივი საკითხები, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მათი განხილვის ხანგრძლივობა და საბოლოო შედეგები. რაოდენობრივ მონაცემებს ავსებს შესაბამისი საკონსტიტუციო სასამართლოს აქტების, საკანონმდებლო ჩარჩოსა და აკადემიური ლიტერატურის თვისებრივი ანალიზი, რაც შესაძლებლობას იძლევა, გამოვლენილი ტენდენციები ინსტიტუციურ კონტექსტში გაანალიზდეს და მათი სავარაუდო მიზეზების გარშემო სადისკუსიო სივრცე შეიქმნას.
წინამდებარე კვლევის მე-2 თავში წარმოდგენილია კონსტიტუციური წარდგინების ინსტიტუტის ევოლუცია, სამართლებრივი ჩარჩოსა და პრაქტიკის ცვლილების ქრონოლოგიური განხილვით. ასევე შემოთავაზებულია ის ფაქტორები, რომლებიც შესაძლოა ხსნიდეს მიმართვიანობის დინამიკას. მე-3 თავში რაოდენობრივი მონაცემები ერთიან სურათად არის წარმოდგენილი და მოწმდება, რამდენად თანმიმდევრულია ინსტიტუტის გამოყენება დროში, სასამართლოებისა და საკითხების მიხედვით, როგორი შედეგებით სრულდება წარდგინებები და რა დრო სჭირდება მათ განხილვას. მე-4 თავი აჯამებს წინამდებარე ანალიზს, გამოკვეთს მთავარ მიგნებებსა და საკითხებს, რომლებიც შემდგომ კვლევას საჭიროებს.
სრული კვლევა, იხილეთ მიმაგრებულ ფაილში.