საქართველოს მედიაგარემო და ინტერნეტის თავისუფლება საერთაშორისო შეფასებებში - 2026 წელი
საქართველოში მედიისა და ინტერნეტის თავისუფლების ხარისხმა ბოლო წლებში მნიშვნელოვანი ნეგატიური ცვლილებები განიცადა. ადგილობრივი დამკვირვებლებისა თუ საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებები მიუთითებს, რომ ქვეყანაში გაუარესებულია ჟურნალისტების საქმიანობის პოლიტიკური, სამართლებრივი და უსაფრთხოების გარემო, ხოლო ინტერნეტის თავისუფლების შემცირება უფრო მეტად გამოწვეულია არა ტექნიკური შეზღუდვებით, არამედ ონლაინ გამოხატვისა და მოქალაქეობრივი აქტივობისთვის შექმნილი არახელსაყრელი პირობებით.
ორგანიზაციის „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ (RSF) 2026 წლის პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსის მიხედვით, საქართველო 180 ქვეყანას შორის 135-ე ადგილს იკავებს, მაშინ როდესაც 2025 წელს 114-ე ადგილზე იყო. ამავე პერიოდში Freedom House-ის ინტერნეტის თავისუფლების ინდექსში საქართველოს შეფასება 70-დან 68 ქულამდე შემცირდა, რის შედეგადაც ქვეყანა „თავისუფალი“ კატეგორიიდან „ნაწილობრივ თავისუფალში“ გადავიდა. გაუარესება დაფიქსირდა Freedom House-ის უფრო ფართო, პოლიტიკური უფლებებისა და სამოქალაქო თავისუფლებების, ინდექსშიც: 2026 წელს საქართველოს 51 ქულა მიენიჭა, წინა წლისგან განსხვავებით, როცა ამ კატეგორიაში 55 ქულა ჰქონდა.
ეს შედეგები სხვადასხვა მეთოდოლოგიით არის მიღებული და მათი პირდაპირი შედარება არასწორია. თუმცა ისინი საერთო ტენდენციაზე მიუთითებს: საქართველოში ინფორმაციის თავისუფლად წარმოების, გავრცელებისა და მიღების გარემო სულ უფრო მეტად იზღუდება. აღნიშნული ტენდენციის გასაგებად მნიშვნელოვანია, ერთმანეთისგან გავმიჯნოთ მედიის თავისუფლების სამი განზომილება: ინფორმაციის გავრცელების ტექნიკური შესაძლებლობა, ჟურნალისტებისა და მედიაორგანიზაციების საქმიანობის დამოუკიდებლობა და მოქალაქეების შესაძლებლობა, საჯაროდ გამოხატონ მოსაზრებები სამართლებრივი თუ სხვა სახის ზეწოლის მოლოდინის გარეშე. საქართველოში ჯერ კიდევ არსებობს პლურალისტური მედიასივრცე, ფუნქციონირებს დამოუკიდებელი ონლაინგამოცემები და მოქალაქეებს ძირითად სოციალურ პლატფორმებზე წვდომა აქვთ, თუმცა, წლიდან წლამდე, საერთაშორისო ინდექსებში ქვეყნის პოზიციები უარესდება.
რეპორტიორები საზღვრებს გარეშე (RSF) 1985 წელს დაარსებული არაკომერციული საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომლის მიზანია, მედიის თავისუფლების, პლურალიზმისა და დამოუკიდებლობის გაძლიერება მთელ მსოფლიოში. პრესის თავისუფლების შესაფასებლად, ორგანიზაცია კითხვარს ხუთ ძირითად მიმართულებად ჰყოფს: პოლიტიკური კონტექსტი, საკანონმდებლო ჩარჩო, ეკონომიკური კონტექსტი, სოციოკულტურული კონტექსტი და უსაფრთხოება.
RSF-ის მეთოდოლოგიის თანახმად, ქვეყნების შეფასებისთვის, საანგარიშო პერიოდად იანვარ-დეკემბერია განსაზღვრული, თუმცა აღნიშნულია, რომ, თუ შეფასებიდან გამოქვეყნებამდე პერიოდში დაფიქსირდება მედიის თავისუფლებაში მოულოდნელი ჩარევა ან/და მძიმე რეპრესიული ნაბიჯები, რომლებიც შეიძლება უკავშირდებოდეს ახალ ომს, სახელმწიფო გადატრიალებას, ჟურნალისტებზე თავდასხმას ან სხვა მსგავს მნიშვნელოვან მოვლენას, მაშინ გამოქვეყნებამდე (თუ უკვე გამოქვეყნებულია - გამოქვეყნების შემდგომ) კონკრეტული მაჩვენებელი ახალ გარემოებათა შესაბამისად გაახლდება. 2026 წლის ინდექსისთვის, საანგარიშო პერიოდს 2025 წლის იანვარ-დეკემბერი წარმოადგენს. შესაბამისად, 2026 წლის ქულები 2025 წლის მოვლენების შეფასების შედეგია.
ინდექსის ფარგლებში, მდგომარეობა ფასდება ქულებით 0-დან 100-მდე (სადაც 0 ყველაზე დაბალი მაჩვენებელია). შესაფასებლად გამოიყენება რაოდენობრივი ინდიკატორები (მაგალითად: ჟურნალისტებზე თავდასხმა, დაშავებულ ჟურნალისტთა რაოდენობა, თავისუფლებაშეზღუდულ ჟურნალისტთა რაოდენობა და სხვა). ასევე, ფასდება თითოეულ ქვეყანაში და ტერიტორიაზე არსებული ვითარების შინაარსობრივი მხარეც, ოცდახუთ ენაზე ხელმისაწვდომი კითხვარის საშუალებით. კვლევის თვისობრივ ნაწილში, აღნიშნული კითხვარის შევსებაში მონაწილეობენ მედიის თავისუფლების სპეციალისტები (ჟურნალისტების, მკვლევრების, აკადემიური პერსონალისა და უფლებადამცველების ჩათვლით). კითხვარი თითეული ინდიკატორის მიხედვით ცალ-ცალკე ივსება და ჯამში, 100-ზე მეტ კითხვას მოიცავს.
გრაფიკი 1: საქართველო RSF-ის პრესის თავისუფლების ინდექსში, 2016-2026
წყარო: რეპორტიორები საზღვრებს გარეშე (RSF)
საერთო ქულის შემცირების ფონზე, რეგრესი შესამჩნევია ინდექსის ყველა ინდიკატორში. კერძოდ, 2026 წლის შეფასების თანახმად, წინა წელთან შედარებით, პოლიტიკური გარემოს ქულა გაუარესდა და 34,25-დან 28,02-მდე ჩამოვიდა; ეკონომიკური გარემო - 37,44-დან - 34,46-მდე; სამართლებრივი გარემო - 57,80-დან - 46,92-მდე; სოციალური გარემო - 56,88-დან - 49,60-მდე, ხოლო ჟურნალისტთა უსაფრთხოება 66,31-დან - 44,85 ქულამდე.
ორგანიზაციის თანახმად, საქართველოში მედია მრავალფეროვანია, თუმცა პოლიტიკურად მკვეთრად პოლარიზებული. მედიასაშუალებების მფლობელები ხშირად გავლენას ახდენენ სარედაქციო პოლიტიკაზე. დამოუკიდებელი რეგიონული და სათემო მაუწყებლები კი ფინანსურ სირთულეებს აწყდებიან. ამასთან, თანდათანობით გაძლიერებული მარეგულირებელი მექანიზმები ხელისუფლებას მედიის შინაარსის ზედმიწევნით შემოწმების საშუალებას აძლევს, რაც ცენზურის რისკს ზრდის. RSF ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ კრიზისს, განსაკუთრებით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ განვითარებულ მოვლენებს, მედიის თავისუფლების გაუარესების მნიშვნელოვან ფაქტორად განიხილავს. ორგანიზაციის შეფასებით, ხელისუფლების წარმომადგენლები სულ უფრო ხშირად ამბობენ უარს კრიტიკულ მედიასთან თანამშრომლობაზე და მათ დისკრედიტაციასა და დაშინებას ცდილობენ. ორგანიზაცია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს „უცხოური გავლენის“ შესახებ კანონმდებლობას, მაუწყებლების უცხოური დაფინანსების შეზღუდვასა და მარეგულირებელი ორგანოს (კომუნიკაციების კომისია) უფლებამოსილების გაფართოებას. როგორც აღინიშნა, ნეგატიურად ფასდება მედიის ეკონომიკური მდგრადობაც - შეზღუდული სარეკლამო ბაზრის პირობებში, ბევრი მედიასაშუალება დამოკიდებულია საერთაშორისო დონორების მხარდაჭერაზე. უცხოური დაფინანსების შეზღუდვები, მარეგულირებელი ზეწოლა და სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული მედიის უპირატესობები დამოუკიდებელი მედიასაშუალებების არსებობას საფრთხეს უქმნის. RSF აღნიშნავს ჟურნალისტების მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფის, ფიზიკური თავდასხმებისა და დაშინების შემთხვევების გახშირებას. განსაკუთრებით პრობლემურია ძალადობრივი ფაქტების არაეფექტიანი გამოძიება, რაც დაუსჯელობის გარემოს ამყარებს და ხელს უწყობს თვითცენზურას.
ამდენად, RSF-ის შეფასებით, საქართველოში პრესის თავისუფლების გაუარესება გამოწვეულია რამდენიმე ურთიერთდაკავშირებული ფაქტორით: პოლიტიკური ზეწოლით, შემზღუდველი კანონმდებლობით, ფინანსური დამოუკიდებლობის შესუსტებითა და ჟურნალისტების უსაფრთხოების გაუარესებით.
საქართველოში მედიისა და გამოხატვის თავისუფლების მდგომარეობის გაუარესებაზე მიუთითებს დემოკრატიის მრავალფეროვნების პროექტის (Varieties of Democracy – V-Dem) მონაცემებიც. ორგანიზაციის გამოხატვის თავისუფლებისა და ინფორმაციის ალტერნატიული წყაროების ინდექსით (Freedom of Expression and Alternative Sources of Information Index) შეიძლება შეფასდეს არა მხოლოდ მედიის საქმიანობის თავისუფლება, არამედ საზოგადოებაში განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამოხატვისა და გავრცელების პირობებიც.
ინდექსი 0-დან 1-მდე შკალაზე იზომება და მაღალი მნიშვნელობა გამოხატვის თავისუფლების უკეთეს მდგომარეობას აღნიშნავს. იგი აერთიანებს ცხრა ინდიკატორს, რომლებითაც მედიისა და გამოხატვის თავისუფლების სხვადასხვა ასპექტი ფასდება. კერძოდ, გათვალისწინებულია მედიის ცენზურის მცდელობები ხელისუფლების მხრიდან, ჟურნალისტების შევიწროება, მედიის თვითცენზურა, პოლიტიკური მიკერძოება, ხელისუფლების კრიტიკის შესაძლებლობა და მედიაში განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების წარმოდგენა. ამასთან, ინდექსი აფასებს მოქალაქეთა მიერ პოლიტიკური საკითხების თავისუფლად განხილვის შესაძლებლობასა და აკადემიური თუ კულტურული გამოხატვის თავისუფლებას. შესაბამისად, იგი გამოხატვის თავისუფლებას უფრო ფართო კონტექსტში განიხილავს და მხოლოდ ჟურნალისტების პროფესიული საქმიანობის პირობებით არ შემოიფარგლება.
თუ შეფასებისთვის ბოლო ათწლეულს ავიღებთ, ვნახავთ, რომ V-Dem-ის მონაცემებით, საქართველოში გამოხატვის თავისუფლების მაჩვენებელი შედარებით სტაბილური იყო 2015–2022 წლებში და 0.86-0.91-ის ფარგლებში მერყეობდა. თუმცა 2023 წლიდან მდგომარეობა გაუარესდა. კერძოდ, თუ 2022 წელს ინდექსის მნიშვნელობა დაახლოებით 0.88 იყო, 2023 წელს ის - 0.85-მდე, 2024 წელს - 0.7-მდე, ხოლო 2025 წელს 0.69-მდე შემცირდა. ამრიგად, სამ წელიწადში საქართველომ ინდექსის დაახლოებით 0.19 პუნქტი დაკარგა, რაც მანამდე არსებული შედარებითი სტაბილურობის ფონზე, მნიშვნელოვანი ცვლილებაა.
გრაფიკი 2: საქართველო V-Dem-ის გამოხატვის თავისუფლებისა და ინფორმაციის ალტერნატიული წყაროების ინდექსში, 2015-2025
წყარო: Varieties of Democracy (V-Dem); Freedom of Expression and Alternative Sources of Information Index
ამ კონტექსტში საყურადღებოა V-Dem-ის 2026 წლის დემოკრატიის ანგარიში, რომელიც გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას ავტოკრატიზაციის პროცესის ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ მახასიათებლად განიხილავს. ორგანიზაციის მონაცემებით, 2025 წელს ავტოკრატიზაციის პროცესში მყოფი 44 ქვეყნიდან, 32-ში მნიშვნელოვნად გაუარესდა ხელისუფლების მიერ მედიის ცენზურის მაჩვენებელი. 28 ქვეყანაში აკადემიური და კულტურული გამოხატვის თავისუფლება შემცირდა, 26 ქვეყანაში მედიის თვითცენზურა გაძლიერდა, 25 ქვეყანაში გაიზარდა მედიის პოლიტიკური მიკერძოება ხელისუფლების სასარგებლოდ, ხოლო 23 ქვეყანაში ჟურნალისტების შევიწროების მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაუარესდა. ეს მონაცემები აჩვენებს, რომ გამოხატვის თავისუფლება ხშირად რამდენიმე ურთიერთდაკავშირებული მიმართულებით იზღუდება. V-Dem-ის ანგარიშში საქართველო პირდაპირ არის დასახელებული იმ ქვეყნებს შორის, რომლებშიც ჟურნალისტებისა და ზოგადად, განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების შევიწროების შემთხვევები მნიშვნელოვნად გაიზარდა. ეს გარემოება განსაკუთრებით საყურადღებოა, რადგან მიუთითებს, რომ ქვეყანაში არსებული პრობლემები მხოლოდ მედიასაშუალებების საქმიანობას არ უკავშირდება და მოქალაქეთა პოლიტიკური გამოხატვის თავისუფლებასაც ეხება. საქართველოში განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, ინდექსის გაუარესება შეიძლება განვიხილოთ მედიისა და სამოქალაქო სივრცის მიმართ გაზრდილი სამართლებრივი, პოლიტიკური და ფიზიკური ზეწოლის კონტექსტში.
მედიისა და გამოხატვის თავისუფლების კონტექსტში ნეგატიურ ტენდენციებზე საუბრობს Freedom House-ის ყოველწლიური ანგარიშებიც (Freedom in the World). ორგანიზაცია ამ საკითხებს სამოქალაქო თავისუფლებების ფარგლებში, ორი ცალკეული ინდიკატორით აფასებს. პირველი (D1) განსაზღვრავს, რამდენად თავისუფალი და დამოუკიდებელია მედია, ხოლო მეორე (D4) - რამდენად შეუძლიათ მოქალაქეებს პოლიტიკური თუ სხვა მგრძნობიარე საკითხების შესახებ საკუთარი შეხედულებების გამოხატვა თვალთვალის, დაშინებისა და შესაძლო ანგარიშსწორების შიშის გარეშე. ორივე ინდიკატორი ფასდება 0-დან 4-მდე შკალაზე, რომლის მაღალი ქულა თავისუფლების უკეთეს მდგომარეობას აღნიშნავს.
Freedom House-ის 2022–2026 წლების ანგარიშებში ორივე ინდიკატორის შეფასება 2 ქულაა. მიუხედავად იმისა, რომ ამ პერიოდში რაოდენობრივი მაჩვენებლები უცვლელი დარჩა, ანგარიშების ნარატიული ნაწილები მედიისა და გამოხატვის თავისუფლების გარემოს თანდათანობით გაუარესებაზე მიუთითებს. განსაკუთრებით მკვეთრი ცვლილებები გამოიკვეთა 2024–2025 წლებში, როდესაც ჟურნალისტებისა და მოქალაქეების მიმართ ფიზიკურ ზეწოლას ახალი სამართლებრივი შეზღუდვები და დამოუკიდებელი მედიასაშუალებების საქმიანობისთვის შექმნილი ფინანსური და ადმინისტრაციული ბარიერები დაემატა. Freedom House-ის 2025 წლის ანგარიშის მიხედვით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებამ დამატებითი სამართლებრივი და ადმინისტრაციული ვალდებულებები დააკისრა იმ მედიასაშუალებებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომელთა დაფინანსების 20 პროცენტზე მეტი უცხოური წყაროებიდან მოდიოდა. ორგანიზაცია ამ კანონს განიხილავდა, როგორც დამოუკიდებელი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობისთვის მნიშვნელოვან შეზღუდვას. ამავე წელს განსაკუთრებით გახშირდა ჟურნალისტების მიმართ ძალადობა საპროტესტო აქციების გაშუქებისას. Freedom House-ის მიერ ციტირებული „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ მონაცემებით, მხოლოდ 2024 წელს ჟურნალისტების ცემის, შევიწროებისა და მუქარის დაახლოებით 200 შემთხვევა დაფიქსირდა. ეს შემთხვევები უკავშირდებოდა როგორც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის წინააღმდეგ გამართულ დემონსტრაციებს, ისე საპარლამენტო არჩევნებსა და პროევროპულ საპროტესტო აქციებს. Freedom House-ის 2026 წლის ანგარიშში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა დამოუკიდებელი მედიასაშუალებების მიმართ სამართლებრივი და ფინანსური ზეწოლის გაძლიერებას. კერძოდ, 2025 წლის თებერვალში მაუწყებლობა შეწყვიტა ხელისუფლების მიმართ კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკით ცნობილმა ტელეკომპანია „მთავარმა არხმა“. ოფიციალურად, მაუწყებლობის შეწყვეტა ფინანსურ კრიზისს უკავშირდებოდა, თუმცა არხის ჟურნალისტები ამტკიცებდნენ, რომ კრიზისი ხელოვნურად შეიქმნა, ხელისუფლების ინტერესების შესაბამისად. იმავე წლის აგვისტოში ორ წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ თანადამფუძნებელ მზია ამაღლობელს; იმავე პერიოდში ამოქმედდა შეზღუდვები სასამართლო პროცესების გაშუქებაზე.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ნეგატიური ტენდენციები იკვეთება საქართველოში ინტერნეტის თავისუფლების მხრივაც. Freedom House-ის 2026 წლის ანგარიშში (Freedom on the Net), საქართველოს მაჩვენებელი, წინა წელთან შედარებით, ორი ქულით, 70-დან 68-მდე შემცირდა, რის შედეგადაც, ქვეყანამ „თავისუფალი“ ქვეყნების კატეგორიიდან „ნაწილობრივ თავისუფალის“ კატეგორიაში გადაინაცვლა. ეს ბოლო წლებში ჩამოყალიბებული უარყოფითი ტენდენციის გაგრძელებაა: 2022 წელს საქართველოს ინტერნეტის თავისუფლება 78 ქულით ფასდებოდა, ხოლო 2026 წლისთვის მაჩვენებელი 10 ქულით შემცირდა.
გრაფიკი 3: საქართველო Freedom House-ის ინტერნეტის თავისუფლების ინდექსში, 2016-2026
შენიშვნა: ქულა 0-დან 100-მდე; მაღალი ქულა მეტ თავისუფლებას ნიშნავს.
წყარო: Freedom House
Freedom House-ის შეფასებით, 2026 წელს ქულის შემცირება ძირითადად უკავშირდება ხელისუფლების მხრიდან ონლაინ აქტივიზმისა და კრიტიკული შეხედულებების გამოხატვის შეზღუდვას. კერძოდ, ერთი ქულით გაუარესდა მოქალაქეთა ონლაინ და ოფლაინ მობილიზების შესაძლებლობის ინდიკატორი (B8), რაც, ორგანიზაციის განმარტებით, განაპირობა საპროტესტო აქტივობების შეზღუდვამ და სახის ამომცნობი ტექნოლოგიების გამოყენებამ დემონსტრანტთა ამოცნობისა და იდენტიფიცირების მიზნით. ერთი ქულით შემცირდა ინტერნეტში გამოხატული შეხედულებებისთვის მოქალაქეთა დასჯის ინდიკატორი (C3). ანგარიშის თანახმად, გახშირდა ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი სოციალური მედიის მომხმარებლებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ ჯარიმების, საგამოძიებო უწყებებში დაბარების, ჩხრეკისა და სხვა სადამსჯელო ღონისძიებების გამოყენება. ამასთან, ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ საქართველოში ინტერნეტზე ხელმისაწვდომობა კვლავ შედარებით მაღალია და მისი გავრცელების მაჩვენებელი გაუმჯობესდა. შესაბამისად, ინტერნეტის თავისუფლების გაუარესება ძირითადად უკავშირდება არა ტექნიკურ შეზღუდვებს ან ინტერნეტზე წვდომის პრობლემებს, არამედ ციფრულ სივრცეში პოლიტიკური გამოხატვისა და სამოქალაქო აქტივობის თავისუფლების შეზღუდვას.
***
სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის შეფასებების ერთობლივი ანალიზი აჩვენებს, რომ საქართველოში მედიის, გამოხატვისა და ინტერნეტის თავისუფლების მდგომარეობა ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაუარესდა. მიუხედავად იმისა, რომ განხილული ორგანიზაციები განსხვავებულ მეთოდოლოგიებს იყენებენ და მათი შეფასებები სხვადასხვა ასპექტს მოიცავს, მიღებული შედეგები საერთო ნეგატიურ ტენდენციაზე მიუთითებს. განსაკუთრებით საყურადღებოა 2023 წლიდან დაწყებული გაუარესება, რაც 2024–2026 წლებში კიდევ უფრო მეტად გამოიკვეთა.
ზემოთ აღწერილი პრობლემები მიუთითებს ზეწოლის სხვადასხვა მექანიზმის ერთდროულ მოქმედებაზე, რაც კრიტიკული მედიის საქმიანობას ართულებს და ამასთან, ნეგატიურად აისახება მოქალაქეთა მიერ საკუთარი შეხედულებების თავისუფლად გამოხატვის შესაძლებლობაზე. ამგვარ გარემოში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს არა მხოლოდ ის, არსებობს, თუ - არა თავისუფლების სამართლებრივი გარანტიები, არამედ ისიც, რამდენად შესაძლებელია ამ უფლებებით სარგებლობა უარყოფითი შედეგების მოლოდინის გარეშე. ამ თვალსაზრისით, საყურადღებოა ინტერნეტის თავისუფლების შეფასებაც. საქართველოში ციფრულ პლატფორმებზე წვდომის შენარჩუნების მიუხედავად, უარესდება ონლაინ გამოხატვისა და სამოქალაქო აქტივობის პირობები. ეს გარემოება აჩვენებს, რომ ტექნოლოგიური ხელმისაწვდომობა და გამოხატვის რეალური თავისუფლება ერთმანეთისგან განსხვავებული საკითხებია.
ამრიგად, საქართველოში მედიაპლურალიზმი, დამოუკიდებელი ონლაინგამოცემები და სოციალურ პლატფორმებზე წვდომა ჯერ კიდევ შენარჩუნებულია, თუმცა სამართლებრივი, ეკონომიკური და უსაფრთხოების პირობები, რომლებშიც ჟურნალისტური პროდუქტი იქმნება და ვრცელდება, უარესდება. საერთაშორისო შეფასებების ანალიზი აჩვენებს, რომ აღწერილი პროცესი დროებითი რყევა არ არის, ის გაუარესების სისტემური და მდგრადი ტენდენციაა.
სრული დოკუმენტი, შესაბამისი წყაროებით, ბმულებითა და განმარტებებით, იხ. მიმაგრებულ ფაილში.