პუბლიკაციები

მიკერძოებულ მტკიცებულებაზე დაფუძნებული მონეტარული პოლიტიკა

შესავალი

ცენტრალური სოციალური მგეგმავი ეკონომიკაში გადაწყვეტილებებს იღებს, რომელიც ადამიანების კეთილდღეობაზე მოქმედებს. სოციალური მგეგმავის გადაწყვეტილება განსაზღვრავს რესურსების ალოკაციას, შემოსავლების განაწილებასა და მთელ რიგ საკითხებს, რომელიც ადამიანთა ყოველდღიურობას უკავშირდება. ერთ-ერთი ასეთი მეტად ცენტრალიზებული და ფართო გავლენის მქონე სოციალური მგეგმავი ცენტრალური ბანკია (საქართველოს შემთხვევაში ეროვნული ბანკი), რომლის გადაწყვეტილება მთლიან საზოგადოებაზე მოქმედებს და ადამიანთა ბედს განსაზღვრავს.

უმეტეს ქვეყანაში ცენტრალური ბანკი ფართო ძალაუფლებით აღჭურვილი ბიუროკრატიული ორგანოა, რომლისთვისაც, უპირველესად, ფულის ბეჭდვის უფლებამოსილება და გაცვლის საშუალებაზე მონოპოლიაა დელეგირებული. სწორედ ამით ზემოქმედებს ეკონომიკაში რესურსების ალოკაციასა და შემოსავლების განაწილებაზე.  გარდა ამისა, როგორც უკანასკნელი მსესხებელი, ეკონომიკაში  პოტენციურ გამარჯვებულსა და დამარცხებულს განსაზღვრავს. სხვადასხვა ფინანსური ინსტრუმენტების საშუალებით, ზემოქმედებს კრედიტების გაცემასა და მის განაწილებაზე. ცენტრალური ბანკი არეგულირებს კომერციული ბანკების საქმიანობას და შესაბამისად, შეუძლია ფინანსურ ინსტიტუტებს დააკისროს სანქცია, მოითხოვოს მმართველი ორგანოს ცვლილება, მენეჯმენტი ჩაანაცვლოს მის მიერ დანიშნული ადმინისტრატორით ან საერთოდ, გააუქმოს კომერციული ბანკის საქმიანობის ლიცენზია. ფაქტობრივად, საფინანსო სექტორზე სრული კონტროლის მქონე ორგანოა, რომლის მმართველობა, როგორც წესი, კოლეგიურია.

საქართველოში ეროვნულ ბანკში გადაწყვეტილების მიღების პროცესი განსხვავებულია, ვიდრე სხვა ცენტრალურ ბანკებში. ეროვნული ბანკის შემთხვევაში მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს ინდივიდუალურად, ცენტრალური ბანკის მმართველი იღებს, ხოლო უმაღლესი ორგანო - საბჭოს და მისი წევრების როლი მონეტარული და პრუდენციული პოლიტიკის გატარებაში მინიმალურია. მოკლედ რომ ვთქვათ, ეროვნულ ბანკი ფართო ძალაუფლებით აღჭურვილი არადემოკრატიული, ბიუროკრატიულ-ტექნოკრატიული ადმინისტრაციული ერთეულია.

მომდევნო ნაწილებში განხილული იქნება ეკონომიკური მოდელები და მათი როლი გადაწყვეტილების მიღებაში, ეკონომიკური თეორიების და დაშვებების ემპირიული შემოწმება და არსებული ემპირიული ლიტერატურის მიკერძოება, რომელთა დაყრდნობით ცენტრალური ბანკი იღებს  გადაწყვეტილებას ან უკვე მიღებულ გადაწყვეტილებას ამართლებს.

 

სოციალური მგეგმავი

კეთილდღეობის ეკონომიკის პერსპექტივაში, სოციალური მგეგმავი გადაწყვეტილების მიმღებია, რომელიც ცდილობს გადაწყვეტილების შედეგი ყველასთვის საუკეთესო იყოს. ნებისმიერი „კეთილი“ სოციალური მგეგმავის მიზანი სოციალური სარგებლის მაქსიმიზაციაა. იდეალურ შემთხვევაში სარგებლის მაქსიმიზაცია იმ პირობებში, სადაც ერთი ინდივიდის მდგომარეობის გაუმჯობესება ისე უნდა მოხდეს, რომ მინიმუმ, სხვისი მდგომარეობა არ გაუარესდეს. თუმცა, ეს ცენტრალური ბანკის შემთხვევაში a-priori ვერ შესრულდება, რადგან თანამედროვე (ნაწილობრივი დარეზერვება) საბანკო სისტემაში, მონეტარული პოლიტიკის შედეგი ეკონომიკაში ფასების საერთო დონის ცვლილებაა. ფასების დონი ცვლილების შედეგი შემოსავლების თვითნებური და შემთხვევითი გადანაწილებაა (Romer and Romer, 1998; Dolmas et al., 2000; Bagchi et al., 2019; Mumtaz and Theophilopoulou, 2020), სადაც ერთის მდგომარეობის გაუმჯობესებით, მეორის მდგომარეობა უარესდება. თუმცა, თეორიულადაც ნაკლებად მოსალოდნელია, რომ  გადანაწილებაში „მოგებულების“ ზღვრული სარგებელი „წაგებულების“ ზღვრულ დანაკარგს აღემატებოდეს.  მაგალითად, სხვა თანაბარ პირობებში, თუ ცენტრალური ბანკის ფულის მიწოდებას ზრდის, ეს ფასების დონის ზრდას - ინფლაციას იწვევს. ინფლაცია იმგვარი გადასახადია, სადაც შედარებით ღარიბი უმრავლესობა, მდიდარი უმცირესობის სუბსიდირებისთვის იბეგრება.

მიუხედავად ამისა, სოციალური მგეგმავი სათანადო ინფორმაციითა და ცოდნით უნდა იყოს აღჭურვილი, რათა უზრუნველყოს საზოგადოების კეთილდღეობის გაფართოება. შესაბამისად, ცენტრალური ბანკსაც ასეთი ნიშან-თვისები უნდა ახასიათებდეს. თუმცა, მსგავსად სხვა ცენტრალური მგეგმავებისა, ბანკები ამგვარ ცოდნას მოკლებულნი არიან. მაგალითად, მონეტარული გადაწყვეტილებები მოთხოვნის მხარის პოლიტიკაა. რიგ შემთხვევაში ცენტრალური ბანკირების განმარტებით, მონეტარული პოლიტიკა აქტიურია მაშინ, როცა ეკონომიკაში ფასების საერთო დონის ცვლილება მოთხოვნის ფაქტორებს უკავშირდება და პასიურია, როცა ეს უკანასკნელი მიწოდების შოკის შედეგია. ზოგიერთი ახალი კეინზიანელი ავტორების მსჯელობაც ამას მიუთითებს (Aoki, 2001; Benigno, 2004; Blanchard and Galí, 2007). მიიჩნევა, რომ თუ ეკონომიკაში ფასების დონის ზრდა მიწოდების შოკით არის გამოწვეული, მაშინ  მონეტარული პოლიტიკის ინტერვენციის შედეგად, სოციალური კეთილდღეობის დანაკარგები უფრო მაღალი იქნება, ვიდრე სარგებელი. თუმცა, ამისთვის საჭიროა ინტერვენციამდე და მის შემდეგ სარგებლისა და დანაკარგების გაზომვა და შედარება, რაც პრაქტიკულ შესაძლებლობას მოკლებულია.

სწორედ, გაზომვის შესაძლებლობის არ მქონე ცვლადების შემცველი ეკონომიკური მოდელებით ხელმძღვანელობენ ცენტრალური ბანკები. ეს ცვლადები კი, პირობითად, მიწოდების და მოთხოვნის მხარეებად იყოფა. მონეტარული პოლიტიკა კი ამ უკანასკნელზე რეაგირებს, რაც პრაქტიკულად შეუძლებელ საქმესთან შეჭიდებაა.

მოთხოვნის გაზომვა შეუძლებელია, რადგან ძალიან აბსტრაქტული ცნებაა და მით უმეტეს, ერთობლივი მოთხოვნის, რომელიც მაკროეკონომიკური მოდელების ცენტრალური ცვლადია. მოთხოვნა განიმარტება როგორც მომხმარებლის სურვილი და მზადყოფნა მოცემულ ფასად შეიძინოს საქონელი და მომსახურების გარკვეული რაოდენობა. ვინაიდან, ამ უკანასკნელის გაზომვა შეუძლებელია, ეკონომისტები და მათემატიკოსები მაკროეკონომიკური მოდელების ემპირიული შემოწმებისა და პოლიტიკის ანალიზში ერთობლივი მოთხოვნის ნაცვლად, კერძო მოხმარებას, ინვესტიციებს, სამთავრობო ხარჯებს და წმინდა ექსპორტს იყენებენ.  შედარებით მოკლევადიან პერიოდში კი - მთლიან გამოშვებას. მონეტარული ხელისუფლების გადაწყვეტილებები კი ასეთ მაკროეკონომიკურ მოდელებს ეფუძნება.

აუცილებელია ეკონომიკურ მოდელებსა და მათ ვალიდურობაზე საუბარი, რომელთა საშუალებით საჯარო მმართველობის პროცესში მიღებული გადაწყვეტილებები მართლდება. მათი განხილვა აჩვენებს თუ რა სტანდარტით და ცოდნაზე დაფუძნებით იღებს სოციალური მგეგმავი, ამ შემთხვევაში ცენტრალური ბანკი, გადაწყვეტილებას, რომელიც მთლიან საზოგადოებაზე  - მათ შემოსავლებსა და ამ უკანასკნელის განაწილებაზე აისახება.

 

ეკონომიკური მოდელები

ეკონომიკური ფენომენის შესწავლის, პროცესის ჩვენებისა  და გადაწყვეტილების შედეგების პროგნოზისთვის ეკონომისტები მოდელებს აგებენ. მათი პრეზენტაციისთვის, ძირითადად, მათემატიკურ ენას  და გრაფიკულ ილუსტრაციებს იყენებენ. თავად მოდელები  სხვადასხვაგვარ დაშვებებს ეფუძნება. ეკონომიკური მოდელების მთავარი პრობლემა სწორედ დაშვებებია.  ეკონომიკური სკოლები და ცალკეული ეკონომისტები ერთმანეთში დაშვებების რეალისტურობაზე კამათობენ. მაგალითად, ადამიანების მიერ გადაწყვეტილების მიღება მათი რაციონალურობის დაშვებას ეფუძნება, მაგრამ ქცევითი ეკონომიკის მიმდევრები ამგვარ პოზიციას ეწინააღმდეგებიან და ამტკიცებენ, რომ ადამიანები ზოგჯერ არარაციონალურ გადაწყვეტილებებსაც იღებენ.

მთელ რიგ დაშვებებს ეფუძნება მაკროეკონომიკური მოდელებიც. მაგალითად, უმეტესი მონეტარული პოლიტიკის მოდელი აგებულია იმ დაშვებით, რომ ფასები ხისტია. თუმცა, ზოგიერთი ეკონომისტი ამტკიცებს, რომ ფასებს სიხისტე არ ახასიათებს. ნაწილისთვის სიხისტის დონე განსხვავებულია, ნაწილისთვის სიხისტის პერიოდი და ა.შ. (Laidler, 1996). საზოგადოებრივი არჩევანის მოდელების ერთი ჯგუფი ეფუძნება დაშვებას, რომ მთავრობა „კეთილშობილია“, რომლის ინტერვენცია და პოლიტიკა თავისთავად შესაბამისობაშია მოსახლეობის პრეფერენციებთან. აღნიშნულის საპირისპირო მტკიცებაა, რომ პოლიტიკური ძალაუფლება „ლევიათანია“ (Brennan and Buchanan, 1977; 1980). მთავრობა არა „კეთილშობილი“, არამედ მონოპოლიური, შემოსავლის მაქსიმიზაციაზე ორიენტირებული ერთეულია. ეს უკანასკნელი კი ინდივიდების გადაჭარბებული დაბეგვრის ხარჯზე მიიღწევა.

ამ პერსპექტივიდან ისეთი ეკონომიკური მოდელები, რომელიც მთავრობის აქტიური ჩარევისკენაა მიმართული, პოლიტიკური ძალაუფლების მხარდაჭერით სარგებლობენ და შესაბამისად, ასეთი მოდელები მთავრობების პირდაპირი თუ ირიბი ძალისხმევით დომინანტური ხდება.  ხშირ შემთხვევაში ისე, რომ მათ არანაირი ემპირიული მხარდაჭერა არ გააჩნიათ. ეს მოდელების გამოიყენება ex-ante გადაწყვეტილების დროს ან ex-post მიღებული გადაწყვეტილების გამართლებისთვის. ამდენად, მნიშვნელოვანი საკითხია ეკონომიკურ თეორიების და მოდელების რიგი დაშვებების ემპირიული შემოწმება - მათი ვალიდურობის ან უარყოფისთვის მტკიცებულებების მოპოვება.

 

ეკონომეტრიკის როლი

ბოლო ათწლეულების აკადემიური სტატიები უფრო მეტად ემპირიულ მტკიცებულებების მოპოვებას ეძღვნება, სადაც საკომუნიკაციო ენა მათემატიკაა. როგორც ზემოთ ვახსენეთ, ეკონომისტები მათი მოდელების აღწერისა და პრეზენტაციისთვის აბსტრაგირების საშუალებას - მათემატიკას იყენებენ. შესაბამისად, უფრო მეტად ეკონომიკური მოდელები მათემატიკური ენითაა ჩაწერილი, ხოლო მოდელის დაშვებებიც ამ სახით არის წარმოდგენილი. სწორედ აქ ჩნდება ეკონომეტრიკის როლი, რომელიც ეკონომიკაში პენეტრირებული მათემატიკა და სტატისტიკაა. ეკონომეტრიკის დანიშნულება, უპირველესად, ეკონომიკური მოდელის იმგვარი ფორმულირებაა, რომლის შემდეგ მისი ემპირიული შემოწმება შესაძლებელი გახდება.  მაგალითად, წარმოების მოდელი წარმოდგენილია, როგორც შრომის და კაპიტალის ფუნქცია  y=f(L,K). თეორიულად ეს ასეა, მაგრამ აღნიშნულის ემპირიული შემოწმება და პროსპექტული გამოყენება შეუძლებელია. მიზეზი მოდელში გამოყენებული ცვლადების გაზომვას უკავშირდება. მაგალითად, თუ რა ერთეულში უნდა გაიზომოს კაპიტალი და მისი ჰეტეროგენულობის პრობლემა. ეს პრობლემა უფრო მეტად მწვავდება მაშინ, როცა საქმე ეხება მაკრო დონეს და  იწყება მისი პრაქტიკული გამოყენება.

ხსენებული წარმოების მოდელი  ეკონომეტრიკული  სახით ასე შეგვიძლია ჩავწეროთ: y=a+bL+bK1+bK2+bK3+ … bKn+e.  თუმცა, ამ სახით განტოლება არარეალურად გამოიყურება, რადგან შრომისა ან კაპიტალის ნულოვანი მაჩვენებლის შემთხვევაში, ფიზიკურად შეუძლებელია გამოშვება არსებობდეს. მეორე მარტივად ხილული პრობლემა კაპიტალის ცვლადია, რომელიც გაზომვას და ჰეტეროგენულობის პრობლემის გადაწყვეტას საჭიროებს. ეს კი პრაქტიკაში შეუძლებელია.  ვინაიდან, რიგ ეკონომიკურ მოდელში ცვლადების გაზომვა პირდაპირ შეუძლებელია, მას სხვა გაზომვადი შუამავალი ცვლადებით ანაცვლებენ.  ასეთი რამ კონკრეტულ ეკონომიკური მოდელს რეალურ სამყაროსთან კიდევ უფრო მეტად აშორებს და პრობლემას ამწვავებს. შუამავალი ცვლადები უხვად გამოყენებულია მონეტარული პოლიტიკის მოდელებსა (Rudd and Whelan, 2007; Stock and Watson, 2008; Abbas et al., 2016) და ცენტრალური ბანკის პროსპექტული გამოყენების შემფასებლებში. მაგალითად, საშუალოვადიანი პერიოდის ინფლაციის პროგნოზისთვის, ცენტრალური ბანკების მიერ, ხშირად ახალი ჰიბრიდული ფილიპის მრუდის ტიპის განტოლება გამოიყენება, რომელიც მიწოდების შოკსაც მოიცავს. ამ უკანასკნელის შუამავალ ცვლადად ნავთობსა და სურსათზე ფასების ცვლილებაა გამოყენებული. აღნიშნული კი თავად ფასების საერთო დონის ცვლილების ნაწილია. ასეთ მოდელს იყენებს საქართველოს ცენტრალური ბანკი პროგნოზების და მასზე დაფუძნებული მონეტარული გადაწყვეტილებისთვის (Tvalodze et al., 2016).

 

პუბლიკაციის მიკერძოება

მაკროეკონომიკური მოდელების ვალიდურობის შემოწმებასა და მასზე დაფუძნებული პოლიტიკის კუთხით, ზემოთ არსებული პრობლემური საკითხების მიღმა, არსებობს ემპირიულ ლიტერატურაში ფართოდ გავრცელებული და საკმაოდ მწვავედ გამოვლენილი პუბლიკაციის მიკერძოების შემთხვევები (Brodeur et al., 2016; Ioannidis et al., 2017; Blanco-Perez and Brodeur, 2020). პუბლიკაციის მიკერძოების მიზეზი უამრავი რამ შეიძლება იყოს, რომელიც პირობითად, I და II კატეგორიის მიკერძოებად იყოფა. ამაზე წუხილი კი ადრეულ პერიოდს უკავშირდება (Tullock, 1959).

ცვლადის გაზომვის შეცდომა, გამოტოვებული ცვლადის საკითხი, მოდელის ეკონომეტრიკული სპეციფიკის შერჩევა და სხვა მსგავსი საკითხები პირველი კატეგორიის მიკრძოებაში ერთიანდება. ამ კატეგორიის პუბლიკაციის მიკერძოების შედეგია, რომ ერთსა და იმავე ეკონომიკური ფენომენზე სხვადასხვა შრომებში განსხვავებული შეფასებაა. ცვალდებს შორის კავშირი/გავლენის შეფასებები შეიძლება განსხვდებოდეს ნიშნით, ზომით და სტატისტიკური მნიშველოვანებით.  აღნიშნული შეიძლება გამოწვეული იყოს ცვალდების განსხვავებული გამოზვით, სხვადასხვა შუამავლის ცვალდის გამოყენებით, სხვადასხვა შემფასებლის შერჩევით და ა.შ. მაგალითად, მონეტარული პოლიტიკის მოდელების ემპირიულად გამოთვლილი პარამეტრები განსხვავებული იქნება იმის მიხედვით, თუ რომელი ცვლადი იქნება ერთობლივი მოთხოვნის შუამავლად გამოყენებული.

გარდა ამისა, ერთსა და იმავე ფენომენზე ემპირიულ ლიტერატურაში განსხვავებული შედეგების მიზეზი შეიძლება გამოტოვებული ცვლადის პრობლემა იყოს. ასეთ პრობლემა არსებობს მაშინ, როცა ეკონომეტრიკულ მოდელში გამოტოვებულია მნიშვნელოვანი ცვლადი. კიდევ ერთი ფართოდ გავრცელებული მოვლენაა, როცა ერთსა და იმავე ცვლადებს განსხვავებული ურთიერთმიმართება აქვთ ან მათ შორის კავშირის დონეში მკვეთრი სხვაობაა. ამის მიზეზია შემფასებელი მოდელის სპეციფიკა. ერთი და იმავე ცვალდების გამოყენება, განსხვავებული სპეციფიკის მოდელში განსხვავებულ შედეგს იძლევა. ამ მოდელებს კი თავად ავტორები ირჩევენ და ცდილობენ მათი ვალიდურობის ახსნას. შესაბამისად, ავტორის მიერ მოდელის ცვალდებს შორის კავშირის შემფასებლის შერჩევა მიდრეკილია იმისკენ, რომ თავად ავტორის მიერ უპირატესობა მინიჭებული პოზიციის ემპირიული მხარდაჭერა მიიღოს.

პუბლიკაციის მეორე კატეგორიის მიკერძოება დაკავშირებულია ავტორთა მიერ მიღებული შედეგების სტატისტიკურ მნიშველოვანებას და გაბატონებულ ეკონომიკურ თეორიასთან შესაბამისობასთან. თუ ეკონომიკური ფენომენის ემპირიული შესწავლის შედეგები სტატისტიკურად მნიშვნელოვანი არ არის ან არ შეესაბამება გაბატონებულ თეორიას, შეიძლება ადგილი ჰქონდეს „ფაილი უჯრის“ პრობლემას (Rose and Stanley, 2005), რომელიც თავად ავტორის, ან ჟურნალის რედაქტორის, ან რეცენზიანტის ქმედების შედეგია. ერთი მხრივ, რედაქტორების და რეცენზიანტები შეიძლება მიდრეკილები იყვნენ მიიღონ სტატიები, რომლებიც შესაბამისობაშია კონვენციურ შეხედულებებთან.  მეორე მხრივ, შეიძლება ავტორები იყენებენ ტრადიციულად მოსალოდნელ შედეგებს, როგორც მათ მიერ შერჩეული ეკონომეტრიკულო მოდელის და შემფასებლის ვალიდურობის ტესტს. და ბოლოს, ყველას - როგორც ავტორებს, ასევე რედაქტორებსა და რეცენზიანტებს, შეიძლება „სტატისტიკურად მნიშვნელოვანი“ შედეგებისადმი ფავორიტული მოპყრობა ჰქონდეთ. ამ უკანასკნელისთვის ავტორები შეიძლება მიმართავდნენ „სპეციფიკის ძებნას“. Leamer (1978) ხაზს უსვამს არა-ექსპერიმენტულ კვლევებში ავტორების „სპეციფიკის ძებნისკენ“ მიდრეკილებას.

ამა თუ იმ ეკონომიკურ თეორიის დომინანტობა ართულებს ემპირიული შედეგების დასაბუთებას, რომელიც ეწინააღმდეგება გაბატონებულ პოზიციას. ამიტომ ავტორებს შედარებით ნაკლებად სურთ წარადგინონ ისეთი შედეგები, რომელიც მკვეთრ წინააღმდეგობაშია ფართოდ მიღებულ თეორიასთან.  ესე იგი, როდესაც არსებობს კონკრეტულ ეკონომიკურ ფენომენზე მონოპოლია, ავტორებს უფრო მაღალი ფასის გადახდა უწევთ წარადგინონ უფრო მძლავრი, უფრო დრამატული და სტატისტიკურად მნიშვნელოვანი შედეგები. ეს საკითხი  Doucouliagos და Stanley (2011)-მა შეისწავლა, რომლებმაც აჩვენეს ეკონომიკური თეორიის საკამათოობასა და სელექციურობას შორის პირდაპირი კავშირი. კერძოდ, ეკონომიკაში კვლევის 87 ცალკეული სფეროს ემპირიული ლიტერატურის ანალიზზე დაყრდნობით დაადგინეს, რომ ეკონომიკურ თეორიაში კონკურენციასა და პუბლიკაციის მიკერძოებას შორის უარყოფითი კავშირია. ავტორთან ანალიზი აჩვენებს, რომ კონკრეტული ეკონომიკური ფენომენის შესახებ რაც უფრო მეტად გაბატონებულია პოზიცია, ამ მიმართულების ემპირიული ლიტერატურა მით უფრო მეტი მიკერძოებით ხასიათდება.  ხსენებულ სფეროებს შორის არის ე.წ. ტეილორის წესი - ინფლაცია და გამოშვების კომპონენტი, რომელიც ავტორთა კლასიფიკაციით არასაკამათო, არაკონკურენტულია და ამავდროულად, ემპირიულად ნაჩვენებია, რომ ყველაზე მაღალი მიკერძოებით ხასიათდება. განსაკუთრებით აღნიშნული შესამჩნევია ინფლაციის ნაწილში.

საქართველოც ცენტრალური ბანკიც იზიარებს ტეილორისეულ მიდგომას, რაც წესებზე დაფუძნებული მონეტარული პოლიტიკის გატარება გულისხმობს. ეროვნული ბანკის პროგნოზირებისა და მონეტარული პოლიტიკის ანალიზის სისტემა მიუთითებს, რომ პოლიტიკა ეფუძნება ტეილორის ტიპის წესებს (Tvalodze et al.,  2016).

 

კარიერული სტიმული

ბოლო ათეულში ექსპონენციურად გაიზარდა ემპირიულ ლიტერატურაში პუბლიკაციის მიკერძოების შესწავლა და აღნიშნულის კორექტირებით, მიკერძოების მიღმა ცვლადებს შორის კავშირის შეფასება (Havránek et al., 2020). ამ საკითხზე მიძღვნილი შრომები მიკერძოების „გლობალური“ მიზეზების ძიებასაც მოიცავს. Paldam (2018) მსჯელობს, რომ ეკონომისტები იქცევიან ისევე, როგორც პოლიტიკოსები და ბიუროკრატები. საზოგადოებრივი არჩევანის ეკონომისტები თვლიან, რომ პოლიტიკოსები და ბიუროკრატები არამხოლოდ სოციალური სარგებლის მაქსიმიზაციისთვის მუშაობენ, არამედ საკუთარი, სხვა ინტერესებიც აქვთ. ასეა ეკონომისტების შემთხვევაშიც, რომელთა მიზანი არამხოლოდ სიმართლის ძიებაა, არამედ სხვა ინტერესებიც ამოძრავებთ. ამ ინტერესებმა კი შეიძლება მათ მიერ ემპირიული შრომის შედეგების გაზვიადება გამოიწვიოს. Frey (2003) აღნიშნავს, რომ აკადემიურ სივრცეში წარმატება და არსებობის გაგრძელება დამოკიდებულია მაღალი რეფერირებად ჟურნალში სტატიების გამოქვეყნებაზე. თავად გამოქვეყნება კი - უცნობი რეცენზიანტების მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. ამდენად, პუბლიკაციის მიკერძოების მიზეზი შეიძლება ავტორთა კარიერული სტიმული იყოს.

პუბლიკაციის მიკერძოების შესწავლისას გამოჩნდა, რომ ეფექტის გაზვიადების და სტატისტიკურად მნიშვნელოვანი შედეგის ჩვენების საფუძველი შეიძლება კარიერული მიზნები იყოს. Doucouliagos et al. (2022)-მა დახმარების ეფექტიანობის ემპირიული ლიტერატურის მეტა-ანალიზით აჩვენეს, რომ კარიერული სტიმული გავლენას ახდენს პუბლიკაციის შესახებ გადაწყვეტილებაზე. დახმარების ეფექტიანობის ლიტერატურაში ხანდაზმული და  ავტორიტეტული ავტორები უფრო ნაკლებად მიკერძოებულ შეფასებებს აქვეყნებენ, ვიდრე სხვები.

მიკერძოების არსებობით გამონაკლისი არც ცენტრალური ბანკების პოლიტიკის გავლენის შეფასება აღმოჩნდა. პუბლიკაციის მიკერძოება ახასიათებს მონეტარული პოლიტიკის ემპირიულ ლიტერატურას. რამდენიმე მეტა-ანალიზის საშუალებით ნაჩვენებია, რომ კონვენციური მონეტარული პოლიტიკის გავლენა (ფასების ზრდა და გამოშვება) დიდწილად დომინანტური პოზიციისკენ გადახრილი მიკერძოებით გამოირჩევა (Rusnák et al., 2013; Nguyen, 2019; Nguyen et al., 2021). საინტერესოა 2008-09 წლის კრიზისი შემდეგ, ცენტრალური ბანკების მიერ გატარებული არაკონვენციური მონეტარული პოლიტიკის შეფასების ტენდენციები.

2008-09 წლების კრიზისის შემდეგ ცენტრალური ბანკების მიერ არაკონვენციური პოლიტიკა აქტიური გახდა, რომლის ემპირიულ შესწავლაც მომდევნო წლებში დაიწყო. ამგვარი პოლიტიკის ძირითადი ინსტრუმენტი რაოდენობრივი შემსუბუქებაა. Fabo et al.  (2021)-ებმა  სწორედ რაოდენობრივი შემსუბუქების ემპირიული ლიტერატურა შეისწავლეს. ავტორებმა 54 კვლევის შედეგების ანალიზით დაადგინეს, რომ ცენტრალური ბანკის შრომები  რაოდენობრივი შემსუბუქების უფრო მეტ ეფექტიანობას აჩვენებს, ვიდრე აკადემიური შრომები . კერძოდ, ცენტრალური ბანკის პუბლიკაციები აჩვენებს რაოდენობრივი შემსუბუქების უფრო დიდ გავლენას ინფლაციასა და გამოშვებაზე, ვიდრე სხვები. ხოლო, მათი კვლევები ასახავენ სტატისტიკურად მნიშვნელოვან ეფექტს გამოშვებაზე. არაკონვენციური პოლიტიკის მიზანი კი პოსტკრიზისულ პერიოდში გამოშვების ზრდისთვის ხელშეწყობა იყო. კიდევ ერთი საინტერესო და არსებითი მიგნებაა, რომ ცენტრალური ბანკის თანამშრომლებს, რომლებიც აჩვენებენ რაოდენობრივი შემსუბუქების მაღალ გავლენას გამოშვებაზე, აქვთ უკეთესი კარიერული შედეგები (Fabo et al., 2021).

პუბლიკაციის მიკერძოება არამხოლოდ მონეტარული პოლიტიკის, არამედ საბანკო ზედამხედველობის ნაწილშიც გამოვლენილია.  Fidrmuc და Lind (2020) ბაზელი III -ის მაკროეკონომიკური გავლენის ემპირიული ლიტერატურა გააანალიზეს . კერძოდ, კომერციული ბანკებისთვის მაღალი კაპიტალის (ბუფერების) მოთხოვნების მაკროეკონომიკური ფასის შესწავლის 48 კვლევაზე დაყრდნობით ჩატარებულმა მეტა-ანალიზმა გამოავლინა, რომ ემპირიული ლიტერატურა პუბლიკაციის მიკერძოებით ხასიათდება. ავტორები მიიჩნევენ, რომ მიზეზი შეიძლება იყოს ძლიერი კონსენსუსის არსებობა, რომ ბანკებზე კაპიტალის მოთხოვნების გამკაცრება უარყოფითად იმოქმედებს რეალურ ეკონომიკაზე.  აღნიშნული შრომის კიდევ ერთი საინტერესო მიგნება ავტორთა მიხედვით, ემპირიულ ლიტერატურაში შედეგების საშუალო მაჩვენებლის განაწილებაა. მაგალითად, მინიმალური კაპიტალის მოთხოვნის გამკაცრება ეკონომიკაზე მცირე უარყოფითი გავლენითაა ნაჩვენები ისეთი ავტორების მიერ, რომლებიც საფინანსო სისტემის მარეგულირებელ ორგანოსთან (-0.060), საერთაშორისო სავალუტო ფონდთან (-0.141) და ცენტრალურ ბანკთან (-0.175) არიან ასოცირებული. ხოლო, პირიქით, მაღალი უარყოფითი გავლენა (-0.425) იმ ავტორების მიერ, რომლებიც საბანკო სექტორთან არიან დაკავშირებულნი.

 

დასკვნითი შენიშვნები

ცენტრალური ბანკის, როგორც სოციალური მგეგმავის მონეტარული გადაწყვეტილება გონივრულ ეჭვის სტანდარტსაც ვერ აკმაყოფილებს, რადგან ასეთისთვის საჭირო მტკიცებულება მას არ გააჩნია. უფრო მეტიც, ერთი მხრივ, მის მიერ გამოყენებული ეკონომიკური მოდელები რეალურ სამყაროს აცდენილია, ხოლო მეორე მხრივ, ცენტრალური ბანკების მიერ გატარებული პოლიტიკის თეორიული ბაზისების ემპირიული შემოწმების ლიტერატურა პუბლიკაციის მიკერძოების პრობლემით გამოირჩევა. მიკერძოების მიზეზი რიგ შემთხვევაში კარიერული მიზეზია.

სწორედ, ასეთ პირობებში იღებენ ცენტრალური ბანკები მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილებებს, რომლის შედეგები მთლიან საზოგადოებაზე აისახება. ეს კი აშკარად პოლიტიკურ-სამართლებრივი პრობლემაა. თავად ბანკების ამგვარი ძალაუფლება ცოდნაზე დაფუძნებული ტექნოკრატიული-ბიუროკრატიული ადმინისტრაციის მიერ პოლიტიკის გატარებითაა გამართლებული. თუმცა, ეს უკანასკნელი სწორედ რომ სათანადო ცოდნისა და ინფორმაციის ნაკლებობას განცდის. მეორე მხრივ, მიღებული გადაწყვეტილებები ეფუძნება მტკიცებულებებს, რომელიც რიგი მიკერძოებებით ხასიათდება.

აქედან გამომდინარე, გაუმართლებელია ცენტრალური ბანკის, როგორც დემოკრატიული წესით არ-არჩეული ტექნოკრატიული-ბიუროკრატიული ადმინისტრაციისთვის ფართო მონეტარული ძალაუფლების დელეგირება, რადგან ამ უკანასკნელს არ გააჩნია პირდაპირი პოლიტიკური პასუხისმგებლობა და არ ახორციელებს წარმომადგენლობას. საქართველოში კი ეს პრობლემა უფრო მწვავედ დგას.  განსხვავებით სხვა ცენტრალური ბანკებისა, ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკა კოლეგიური გადაწყვეტილება არ არის (შედარებით მაღალი ლეგიტიმაციის, რადგან უმაღლესი ორგანო საბჭო იქნება ეს თუ კომიტეტები, დაკომპლექტებულია პრეზიდენტის წარდგენით, პარლამენტის მიერ არჩეული წევრებით), რადგან მთელი მონეტარული ძალაუფლება ინდივიდუალურად ბანკის პრეზიდენტზეა დელეგირებული.

 

ბიბლიოგრაფია:

Abbas, S. K., Bhattacharya, P. S. and Sgro, P. (2016). The new Keynesian Phillips curve: An update on recent empirical advances. International Review of Economics &Amp; Finance, 43, 378–403. https://doi.org/10.1016/j.iref.2016.01.003 

Aoki, K. (2001). Optimal monetary policy responses to relative-price changes. Journal of Monetary Economics, 48(1), 55–80. https://doi.org/10.1016/s0304-3932(01)00069-1 

Bagchi, S., Curran, M. and Fagerstrom, M. J. (2019, September). Monetary growth and wealth inequality. Economics Letters, 182, 23–25. https://doi.org/10.1016/j.econlet.2019.05.036 

Benigno, P. (2004). Optimal monetary policy in a currency area. Journal of International Economics, 63(2), 293–320. https://doi.org/10.1016/s0022-1996(03)00055-2 

Bernanke, B. S. (2020). The New Tools of Monetary Policy. American Economic Review, 110(4), 943–983. https://doi.org/10.1257/aer.110.4.943 

Blanchard, O. and Galí, J. (2007). Real Wage Rigidities and the New Keynesian Model. Journal of Money, Credit and Banking, 39, 35–65. https://doi.org/10.1111/j.1538-4616.2007.00015.x 

Blanco-Perez, C. and Brodeur, A. (2020). Publication Bias and Editorial Statement on Negative Findings. The Economic Journal, 130(629), 1226–1247. https://doi.org/10.1093/ej/ueaa011

Brennan, G. and Buchanan, J. M. (1977). Towards a tax constitution for Leviathan. Journal of Public Economics, 8(3), 255-273. https://doi.org/10.1016/0047-2727(77)90001-9 

Brennan, G. and Buchanan, J. M. (1980). The power to tax: Analytic foundations of a fiscal constitution. Cambridge University Press. 

Brodeur, A., Lé, M., Sangnier, M. and Zylberberg, Y. (2016). Star Wars: The Empirics Strike Back. American Economic Journal: Applied Economics, 8(1), 1–32. https://doi.org/10.1257/app.20150044 

Dolmas, J., Huffman, G. W. and Wynne, M. A. (2000). Inequality, inflation, and central bank independence. Canadian Journal of Economics/Revue Canadienne D`Economique, 33(1), 271–287. https://doi.org/10.1111/0008-4085.00015 

Doucouliagos, C. and Stanley, T. (2011). ARE ALL ECONOMIC FACTS GREATLY EXAGGERATED? THEORY COMPETITION AND SELECTIVITY. Journal of Economic Surveys, 27(2), 316–339. https://doi.org/10.1111/j.1467-6419.2011.00706.x 

Doucouliagos, H., Hinz, T. and Zigova, K. (2022). Bias and careers: Evidence from the aid effectiveness literature. European Journal of Political Economy, 71, 102056. https://doi.org/10.1016/j.ejpoleco.2021.102056 

Fidrmuc, J. and Lind, R. (2020). Macroeconomic impact of Basel III: Evidence from a meta-analysis. Journal of Banking &Amp; Finance, 112, 105359. https://doi.org/10.1016/j.jbankfin.2018.05.017 

Frey, B. S. (2003). Publishing as prostitution?–Choosing between one's own ideas and academic success. Public choice, 116(1), 205-223. https://doi.org/10.1023/A:1024208701874 

Havránek, T., Stanley, T. D., Doucouliagos, H., Bom, P., Geyer‐Klingeberg, J., Iwasaki, I., Reed, W. R., Rost, K. and Aert, R. C. M. (2020). REPORTING GUIDELINES FOR META‐ANALYSIS IN ECONOMICS. Journal of Economic Surveys, 34(3), 469–475. https://doi.org/10.1111/joes.12363 

Ioannidis, J. P. A., Stanley, T. D. and Doucouliagos, H. (2017). The Power of Bias in Economics Research. The Economic Journal, 127(605), F236–F265. https://doi.org/10.1111/ecoj.12461 

Laidler, D. (1996). Wage and Price Stickiness in Macroeconomics: Historical Perspective. Monetary Economics in the 1990s, 92–121. https://doi.org/10.1007/978-1-349-25204-6_6 

Leamer, E. E. (1978). Specification Searches: Ad Hoc Inference with Nonexperimental Data (1st ed.). Wiley. 

Martin, C. and Milas, C. (2012). Quantitative easing: a sceptical survey. Oxford Review of Economic Policy, 28(4), 750–764. https://doi.org/10.1093/oxrep/grs029 

Mumtaz, H. and Theophilopoulou, A. (2020). Monetary policy and wealth inequality over the great recession in the UK. An empirical analysis. European Economic Review, 130, 103598. https://doi.org/10.1016/j.euroecorev.2020.103598 

Nguyen, T. M. L. (2019). Output Effects of Monetary Policy in Emerging and Developing Countries: Evidence from a Meta-Analysis. Emerging Markets Finance and Trade, 56(1), 68–85. https://doi.org/10.1080/1540496x.2019.1601081 

Nguyen, T. M. L., Papyrakis, E. and van Bergeijk, P. A. (2021). Publication bias in the price effects of monetary policy: A meta-regression analysis for emerging and developing economies. International Review of Economics &Amp; Finance, 71, 567–583. https://doi.org/10.1016/j.iref.2020.09.010 

Paldam, M. (2018). A model of the representative economist, as researcher and policy advisor. European Journal of Political Economy, 54, 5–15. https://doi.org/10.1016/j.ejpoleco.2018.03.005

Romer, C. and Romer, D. (1998). Monetary Policy and the Well-Being of the Poor. NBER Working Paper. https://doi.org/10.3386/w6793 

Rose, A. K. and Stanley, T. D. (2005). A Meta-Analysis of the Effect of Common Currencies on International Trade*. Journal of Economic Surveys, 19(3), 347–365. https://doi.org/10.1111/j.0950-0804.2005.00251.x 

Rudd, J. and Whelan, K. (2007). Modeling inflation dynamics: A critical review of recent research. Journal of Money, Credit and Banking, 39, 155-170. https://doi.org/10.1111/j.1538-4616.2007.00019.x 

Rusnák, M., Havranek, T. and Horváth, R. (2013). How to solve the price puzzle? A meta‐analysis. Journal of Money, Credit and Banking, 45(1), 37-70.  https://doi.org/10.1111/j.1538-4616.2012.00561.x 

Stock, J. H. and Watson, M. W. (2008). Phillips curve inflation forecasts. 

Taylor, J. B. (1993). Discretion versus policy rules in practice. Carnegie-Rochester Conference Series on Public Policy, 39, 195–214. https://doi.org/10.1016/0167-2231(93)90009-l 

Tullock, G. (1959). Publication Decisions and Tests of Significance—A Comment. Journal of the American Statistical Association, 54(287), 593–593. https://doi.org/10.1080/01621459.1959.10501522 

Tvalodze, S., Mkhatrishvili, S., Mdivnishvili, T., Tutberidze, D. and Zedgenidze, Z. (2016). The National Bank of Georgia's Forecasting and Policy Analysis System (No. 01/2016). National Bank of Georgia.

 

სრული დოკუმენტი, შესაბამისი ბმულებითა და განმარტებებით, იხ. მიმაგრებულ ფაილში.


ავტორ(ებ)ი

ეგნატე შამუგია