პუბლიკაციები

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული საქმეების დინამიკა სასამართლოს ინსტიტუციური ევოლუციის ჭრილში

საქართველოსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს  ურთიერთობა 23 წელს ითვლის. ამ პერიოდში საქართველოს წინააღმდეგ ათასობით საჩივარი შევიდა. მიმართვიანობა კონვენციის რატიფიცირების პირველივე წლებიდან თვალშისაცემი იყო, თუმცა პიკს 2008 წელს მიაღწია. 2013 წლიდან კი, წინა წლებთან შედარებით, მკვეთრად შემცირდა შეტანილ საჩივართა რაოდენობა, რაც ქვეყნის შიგნით სხვადასხვა აქტორებში დიდ ინტერესს იწვევს.

რამდენადაც საქართველოს წინააღმდეგ წარმოებულ საჩივართა რაოდენობის ცვლილების გამომწვევი მიზეზები ამ დრომდე შესწავლილი არ ყოფილა და არსებული ცოდნით შეუძლებელია ევროპულ სასამართლოში საქართველოს მაჩვენებლების ცვლილების მიზეზ-შედეგობრივ კავშირებზე საუბარი, კვლევის მიზანს სწორედ ევროპულ სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ საქმეთა დინამიკაზე მოქმედი ფაქტორების შესწავლა წარმოადგენს. ამასთან, კვლევაში ცალკე თავი ეთმობა ისეთი ეგზოგენური ფაქტორების შესწავლას, როგორიც არის თავად ევროპულ სასამართლოში განხორციელებული რეფორმები, რომელთაც პირდაპირი გავლენა იქონიეს ზოგადად სასამართლოში წარმოებულ საქმეთა დინამიკაზე.

კვლევით დასტურდება, რომ ევროპულ სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ წარმოებულ საქმეთა დინამიკას განსაზღვრავს როგორც ენდოგენური ფაქტორები (მათ შორის, სწორედ ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ, სხვადასხვა დროს, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა მიერ გადადგმული ნაბიჯები), ასევე, განსაკუთრებით მაღალია სტატისტიკურ მაჩვენებლებზე ეგზოგენურ ფაქტორთა გავლენა. ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო ეგზოგენური ფაქტორი,  2008 წლის ომის შემდეგ, საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის მიერ მართული კამპანიაა, რომლის ფარგლებშიც საქართველოს წინააღმდეგ 3 300-ზე მეტი საჩივარი (რაც საქართველოს მიერ კონვენციის რატიფიცირებიდან დღემდე შეტანილ საჩივართა თითქმის 50%-ს შეადგენს) შევიდა, თუმცა სასამართლოს მიერ ყველა მათგანი ამოირიცხა განსახილველ საქმეთა სიიდან ან დაუშვებლად იქნა ცნობილი.

კვლევის სრულად გასაცნობად იხ. მიმაგრებული ფაილი.


ავტორ(ებ)ი

თამარ ქეცბაია