კავკასიის ეკონომიკის ყოველთვიური მიმოხილვა - ივნისი 2024
2023 წელს საქართველოში ინფლაციის ტემპი, წინა წელთან შედარებით, შემცირდა. 2024 წლის მაისში სამომხმარებლო ფასების წლიურმა ზრდამ 2% შეადგინა. მაისის ინფლაციაში მაღალი წვლილი ტრანსპორტის ფასებმა შეიტანა, რომელიც 12.3%-ით გაიზარდა. თუმცა, რიგ სექტორებში ფასების კლება დაფიქსირდა, მათ შორის, ტანსაცმლის ფასები ყველაზე მეტით, 3.8%-ით შემცირდა. ამ ფონზე, ცენტრალურმა ბანკმა, ბოლო გადაწყვეტილებით, რეფინანსირების განაკვეთი 8%-მდე შეამცირა.
რეგიონში ფასების დინამიკით სომხეთი გამოირჩევა. მიმდინარე წლის მაისში სამომხმარებლო ფასების წლიური ზრდა 0.3% იყო. ყველაზე მაღალი, 10%-იანი ზრდა ტრანსპორტის სექტორში დაფიქსირდა, ხოლო 2%-იანი კლება - სურსათის ფასებზე. ეს კი სამომხმარებლო ფასების ძირითადი ნაწილია. სომხეთის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქება 2023 წელს დაიწყო. ბოლო გადაწყვეტილებით, რეფინანსირების განაკვეთი 8.25%-მდე შემცირდა.
აზერბაიჯანში ინფლაცია დასტაბილურდა. 2024 წლის მაისში სამომხმარებლო ფასების წლიურმა ზრდამ 0.3% შეადგინა. აპრილში ეს ნიშნული 0% იყო. აზერბაიჯანი რეგიონში შედარებით მაღალი ინფლაციით წინა პერიოდებში გამოირჩეოდა. მიუხედავად ამისა, აზერბაიჯანის ცენტრალური ბანკი პოლიტიკის გამკაცრებისგან თავს იკავებდა. მაისში მიღებული გადაწყვეტილებით, პოლიტიკის განაკვეთი 7.25%-მდე შემცირდა.
სრული დოკუმენტი იხ. მიმაგრებულ ფაილში.