პუბლიკაციები

2024 წლის ეკონომიკური ზრდის მიზეზები

საარჩევნო პერიოდის შემდეგ განვითარებული მოვლენები და შექმნილი მდგომარეობა პოლიტიკური კრიზისისკენ მიანიშნებდა. ამ ფონზე, საზოგადოების ნაწილში ეკონომიკური განვითარების დინამიკის, მინიმუმ, შენელების მოლოდინი არსებობდა, მაგრამ სურათი განსხვავებული აღმოჩნდა. გასული წლის ბოლოს არათუ ეკონომიკური კრიზისის ნიშნები, არამედ განვითარების ტემპის აჩქარება გამოვლინდა. ამაზე, მთელი წლის განმავლობაში, მაღალი ზრდის დინამიკა მიუთითებს. თუკი 2023 წელს მთლიანი შიდა პროდუქტი 7.8%-ით გაიზარდა, 2024 წელს ეკონომიკის გაფართოების ტემპი 9.4%-მდე აჩქარდა.

გრაფიკი 1: რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ცვლილება, %

წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

ეკონომიკის გაფართოების მაღალი ტემპი ბოლო რამდენიმე წლის ფენომენია.  პანდემიის შემდეგ, ეკონომიკური აქტივობის სწრაფ აღდგენას მალევე რუსეთ-უკრაინის ომის ეფექტი დაემატა. რუსეთიდან მიგრაციას ფინანსური ნაკადებიც (გზავნილების სახით) მოჰყვა. ფულადი გზავნილები ადგილობრივ მოხმარებას ახალისებს, რაც ზრდის მნიშვნელოვანი წყაროა. თუმცა 2024 წელს რუსეთიდან გზავნილები მკვეთრად მცირდებოდა და ომამდე პერიოდში არსებულ ნიშნულს თითქმის დაუბრუნდა.

ომის გავლენის მეორე გზა სავაჭრო ნაკადები იყო. კერძოდ, რუსეთთან ვაჭრობის შეზღუდვის შემდეგ, საქართველო და ცენტრალური აზიის ზოგიერთი ქვეყანა დასავლური კომპანიებისთვის რუსულ ბაზარზე წვდომის საშუალება აღმოჩნდა. ეს კი, ძირითადად, საქართველოდან ევრაზიული კავშირის ეკონომიკურ ზონაში რეექსპორტის (დიდწილად ყირგიზეთი და ყაზახეთი) ზრდაზე აისახა. ასეთი სავაჭრო ნაკადები გასულ წელსაც შენარჩუნდა, მაგრამ შემცირებული მოცულობით.

მიუხედავად იმისა, რომ 2024 წელს თვალშისაცემად შემცირებული იყო რუსეთ-უკრაინის ომის ეფექტი, რაც წინა პერიოდის მაღალი ზრდის ძირითად მიზეზს წარმოადგენდა, მთლიანი შიდა პროდუქტის მატება კვლავ მაღალ ნიშნულზე შენარჩუნდა. ტემპის შენარჩუნება განპირობებული იყო მონეტარული პოლიტიკით. მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქება, რომელიც ჯერ კიდევ 2023 წლიდან დაიწყო, 2024 წლის ეკონომიკურ ზრდაზე აისახა. მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქებით გაზრდილი დაკრედიტება, მოკლევადიან პერიოდში, გამოშვებაზე დადებით გავლენას ახდენს, მაგრამ გრძელვადიან პერიოდში, ინფლაციის საფუძველი იქნება. 2024 წელს საშუალო წლიური დაკრედიტების დინამიკა 19.3% იყო (2023 წელს - 8.9%).

გრაფიკი 2: ეკონომიკის დაკრედიტების დინამიკა და მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი, %

წყარო: ეროვნული ბანკი

მონეტარული პოლიტიკის გავლენა ეკონომიკის სხვადასხვა დარგზე და მათი ზრდის დინამიკა არაერთგვაროვანი იყო. წინა წლის მთლიან ზრდაში სექტორების წვლილი და დინამიკა უფრო თვალსაჩინოდ განსხვავდება, ვიდრე 2023 წელს. ასეთი ცვლილება მეტად შესამჩნევია საფინანსო სექტორში, რომლის ძირითადი ნაწილი კომერციული ბანკების საქმიანობაა. თუ 2023 წელს საფინანსო სექტორი 2.9%-ით გაიზარდა, ეს მაჩვენებელი გასულ წელს 14.9% იყო. შესაბამისად, სექტორის გაფართოების ტემპის აჩქარებამ მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდაში უფრო დიდი წვლილი შეიტანა, ვიდრე წინა პერიოდში. 2024 წლის ეკონომიკის 9.4%-იან გაფართოებაში საფინანსო სექტორის კონტრიბუცია 0.8 პროცენტული პუნქტი იყო (2023 წელს - 0.2 პროცენტული პუნქტი).

გრაფიკი 3: რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ცვლილებაში წვლილი, პროცენტული პუნქტი

წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური; ავტორის გამოთვლები

2024 წლის 9.4%-იან ზრდაში, ყველაზე მაღალი წვლილი - 1.6 პროცენტული პუნქტი - ინფორმაცია/კომუნიკაციის დარგს ეკუთვნის (2023 წელს - 1.5 პროცენტული პუნქტი). ეს სექტორი, პოსტპანდემიური პერიოდიდან მოყოლებული, სწრაფად იზრდებოდა. ინფორმაციისა და კომუნიკაციის დარგის მატება 2022-23 წლებში კიდევ უფრო აჩქარდა. ამ მიმართულების განვითარების ტემპის აჩქარება რუსეთიდან მიგრაციის დადებითი ეფექტის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია. ომის შემდეგ მიღებული მიგრანტების დიდი ნაწილი იყო საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროს წარმომადგენელი კვალიფიციური ადამიანური რესურსი, რომელმაც ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორში გამოშვების მასშტაბი გააფართოვა.

კონტრიბუციის მაღალი მაჩვენებლის მქონე მეორე სექტორია განათლება, რომელშიც დიდი და მზარდია საბიუჯეტო რესურსების როლი. 2024 წელს განათლების მიმართულება 29.1%-ით გაიზარდა (2023 წელს - 18%), რაც ამავე წლის ეკონომიკის ზრდაში 1.5 პროცენტული პუნქტია. განათლების სექტორის მაღალი ზრდის მთავარი ამხსნელი, ბოლო ორი წლის განმავლობაში, საბიუჯეტო დაფინანსების ყოველწლიურად  ¼ ით მატებაა. მაღალი კონტრიბუციის მქონე მესამე ეკონომიკური სექტორი სახელმწიფო მმართველობაა. ის ბიუროკრატიული აპარატის მიერ გაწეულ მომსახურებასა და თავდაცვისუნარიანობის კომპონენტს მოიცავს. გასულ წელს სახელმწიფო მმართველობის მიმართულება 17.9%-ით გაფართოვდა, რაც ამავე პერიოდის 9.4%-იან ეკონომიკურ ზრდაში 1.2 პროცენტული პუნქტია. აღსანიშნავია, რომ ბიუროკრატიის მიწოდებული მომსახურების ზრდა, ბოლო ორწლიან პერიოდში, აჩქარებულია, რაც მთლიან ეკონომიკაში სახელმწიფო მმართველობის წილის მატებაშიც აისახა.

ამრიგად, რუსეთ-უკრაინის ომის ეფექტის თითქმის მილევის პირობებში და პოსტსაარჩევნო პერიოდის პოლიტიკური პროცესების მიუხედავად, გასულ წელს ეკონომიკური ზრდის მაღალ ნიშნულზე შენარჩუნების თვალსაჩინო მიზეზია მონეტარული და ფისკალური პოლიტიკა. კერძოდ, წინა პერიოდიდან მოყოლებული, ესაა ეროვნული ბანკის მიერ მონეტარული პოლიტიკის ინტენსიური შემსუბუქება და მთავრობის მხრიდან, დანახარჯების ზრდა რამდენიმე  სექტორში. ასეთი პოლიტიკით გამოწვეული ეკონომიკური გაფართოების ტემპის აჩქარება მოკლევადიანი და არამდგრადია. შესაბამისად, სტრუქტურული ცვლილების, ეკონომიკური ზრდის ახალი წყაროების გარეშე, დიდი ალბათობით, ეკონომიკური განვითარების ტემპები შენელდება.

 

სრული დოკუმენტი, შესაბამისი წყაროებით, ბმულებითა და განმარტებებით, იხ. მიმაგრებულ ფაილში.


ავტორ(ებ)ი

ეგნატე შამუგია