აჩქარებული ინფლაციის სოციალური ტვირთი - მიმოხილვა და ანალიზი

ინფლაცია ეკონომიკაში ფასების საერთო დონის ზრდაა. თუმცა ფასების საერთო დონის ცვლილების აღწერა პრაქტიკულად შეუძლებელია, რადგან უამრავი საქონელი და მომსახურება არსებობს. ამიტომ, ინფლაციის შესაფასებლად, სტატისტიკის სამსახურები სამომხმარებლო კალათაში გაერთიანებულ რამდენიმე საქონელსა და მომსახურებას აკვირდებიან. კალათა კი საშუალო მომხმარებლის დანახარჯების სტრუქტურას ასახავს, რადგან რამდენიმე ყველაზე ხშირად მოხმარებად საქონელსა და მომსახურებას აერთიანებს.
ინფლაციის დინამიკა კი ასეთი მეთოდით შედგენილი ფასების ინდექსის ცვლილებით ფასდება. მიმდინარე პერიოდში ინფლაცია აჩქარებულია, რასაც წინ მონეტარული პოლიტიკის არაორდინალური და მასშტაბური შემსუბუქება უძღოდა. 2025 წლის მაისში წლიურმა ინფლაციამ 3.5% შეადგინა, ხოლო წინა წლის ანალოგიურ პერიოდში 2% იყო. მარტიდან მოყოლებული, ფაქტობრივი ინფლაცია სამიზნე, 3%-იან, ნიშნულს აღემატება.
ინფლაცია უარყოფითი გავლენის მქონე ეკონომიკური მოვლენაა, რომლის შედეგები უფრო მძიმეა ღარიბი ადამიანებისთვის. ეკონომიკაში ფასების საერთო დონის ზრდა კი შემოსავლების თვითნებურ განაწილებას იწვევს, რაც მიმართულია ღარიბებისგან მდიდრებისკენ და ხელს უწყობს უთანასწორობის გაღრმავებას. მეორე მხრივ, ფასების დონის ზრდის ტემპის აჩქარება, საინვესტიციო აქტივობისა და პროდუქტიული ზრდის შენელების გზით, ვნებს გრძელვადიან ეკონომიკურ ზრდას.
სამომხმარებლო ფასების ინდექსის ზრდის სოციალური ტვირთი მთლიანი კალათის სასაქონლო ჯგუფებში არსებული დინამიკის მიხედვით განსხვავებულია. მაგალითად, სამომხმარებლო კალათაში ყველაზე მსხვილი (30.4%) წილი აქვს სურსათს. მას მოსდევს პირადი სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაცია (7.8%), სამედიცინო პროდუქცია (6.1%) და კომუნალური მომსახურება (5.2%). კალათაში სასაქონლო ჯგუფების წილი ასახავს შინამეურნეობების საშუალო მოხმარებას. უმეტესი შინამეურნეობისათვის სურსათი მნიშვნელოვანი კომპონენტია, მაგრამ განსაკუთრებით არსებითია ღარიბი ოჯახებისთვის. რაც უფრო ღარიბია შინამეურნეობა, მით უფრო დიდი წილი უჭირავს სურსათის მოხმარებას. ამიტომ სამომხმარებლო ფასების ზრდა და განსაკუთრებით, სასაქონლო ჯგუფში ფასების მატება, უფრო მძიმე სოციალურ ტვირთად აწვება შედარებით ღარიბ ოჯახებს, რადგან მცირდება ხელმისაწვდომობა მათთვის ყველაზე მნიშვნელოვან საქონელზე.
გრაფიკი 1: სამომხმარებლო კალათის განაწილება
წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური
მიმდინარე პერიოდში სურსათის ფასების ზრდის დინამიკა გაცილებით მაღალია, ვიდრე მთლიანი სამომხმარებლო კალათის. 2024 წლის მაისში, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, სურსათის ფასები 8.3%-ით გაიზარდა. ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოდან მოყოლებული, სურსათის ფასები უფრო და უფრო სწრაფად იზრდება, რაც მთლიანი სამომხმარებლო კალათის ფასების ზრდის ტემპს აღემატება.
ასეთივე დინამიკაა კიდევ ერთ ძირითად ჯგუფში: 2024 წლის მეორე ნახევრიდან, სამედიცინო მომსახურებისა და საქონლის ფასების ზრდის დინამიკა აღმავალია და მიმდინარე წლის მაისში 9% შეადგინა. ფასების შედარებით უფრო მაღალი, 10.2%-იანი, ზრდა ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებაში დაფიქსირდა. ჯანდაცვა კი, ისევე, როგორც სურსათი, შინამეურნეობებისთვის მოხმარების მნიშვნელოვანი და შედარებით არაელასტიკური (მოთხოვნა ნაკლებად რეაგირებს ფასზე) ნაწილია.
გრაფიკი 2: სამომხმარებლო ფასების ინდექსი და ძირითადი სასაქონლო ჯგუფების ფასების ცვლილება, %
წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური
თუმცა ამ პერიოდში ფასების კლების ტენდენცია გამოიკვეთა სამომხმარებლო კალათის ერთ-ერთ ძირითად ჯგუფში. 2024 წლის მეოთხე კვარტლიდან მიმდინარე პერიოდამდე, ტრანსპორტის ფასები მცირდება. 2025 წლის მაისში ფასების კლებამ 4.5% შეადგინა. კლება კი, დიდწილად, უკავშირდება პირადი ტრანსპორტის ექსპლუატაციას, რომლის ფასიც მაისში 7.4%-ით იყო შემცირებული. სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციის ძირითადი ხარჯი საწვავია. მაისში საწვავის ფასი მკვეთრად დაეცა (ბენზინის ფასის კლება იყო 10.1%, ხოლო დიზელის საწვავის - 13.5%).
***
ადრეული პერიოდიდან გატარებული მონეტარული პოლიტიკის გამო, ინფლაციის მატება მოსალოდნელი იყო. მიმდინარე პერიოდში მოლოდინები გამართლდა. 2025 წლიდან ინფლაცია აჩქარდა და სამიზნე მაჩვენებელს გადააჭარბა. თუმცა ფასების დონის მატებით გაზრდილი სოციალური ტვირთი უფრო მეტია, ვიდრე სამომხმარებლო ფასების მთლიანი ინდექსის ცვლილების მაჩვენებელში ჩანს. მიმდინარე პერიოდში სურსათის ფასების მატების ტემპი მკვეთრად აღემატება სამომხმარებლო ფასების ზრდას. სამომხმარებლო კალათაში სურსათის მოხმარებას მით უფრო მეტი წილი უჭირავს, რაც უფრო მეტად ღარიბია ოჯახი. ამდენად, მიმდინარე პერიოდში სამომხმარებლო ფასების დონის ზრდის სოციალური ტვირთი გაცილებით მძიმეა ღარიბი მოსახლეობისთვის.
სრული დოკუმენტი, შესაბამისი წყაროებით, ბმულებითა და განმარტებებით, იხ. მიმაგრებულ ფაილში.