პუბლიკაციები

ამერიკის საგარეო დახმარების შემცირების მიზანი

ფოტო: GEOpolitics

დონალდ ტრამპის ერთ-ერთი პირველი გადაწყვეტილება საგარეო დახმარების 90-დღიანი შეჩერება და შემოწმება იყო, რასაც, მოგვიანებით, საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროგრამების 80%-ზე მეტის გაუქმება მოჰყვა.

საგარეო დახმარების შემცირება ბევრ ქვეყანაზე, მათ შორის, საქართველოზეც აისახა. წლების განმავლობაში, ევროპის მასშტაბით, ერთ სულ მოსახლეზე აშშ-ის საგარეო დახმარების მოცულობით, საქართველო მოწინავე პოზიციებს იკავებდა. საქართველოში სამთავრობო და არასამთავრობო სექტორმა, მხოლოდ 2024 წელს, საერთაშორისო განვითარების სააგენტოსგან ჯამში 95.6 მლნ დოლარის ფინანსური დახმარება მიიღო (დამატებით, 56 მლნ დოლარი - სახელმწიფო დეპარტამენტის დახმარება). ამან კიდევ უფრო გაზარდა ჩვენი საზოგადოების ისედაც მაღალი ყურადღება აშშ-ში მიმდინარე პროცესებისადმი. გაჩნდა კითხვები, თუ რამ გამოიწვია ასეთ მოკლე დროში საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროგრამების გაუქმება.

გრაფიკი 1: აშშ-ის საგარეო დახმარება ერთ სულ მოსახლეზე, კონტინენტური ევროპა, 2021 წელი, აშშ დოლარი

წყარო: ForeignAssistance.gov

ტრამპის ერთ-ერთი მთავარი წინასაარჩევნო დაპირება ფედერალური ბიუჯეტის დეფიციტის შემცირებაა. ბიუჯეტის დეფიციტი და მისით დაგროვებული ცენტრალური მთავრობის ვალი კი აშშ-ის ფისკალური პოლიტიკის თვალსაჩინო გამოწვევაა. 2024 წელს ფედერალურმა დეფიციტმა 1.8 ტრილიონი დოლარი შეადგინა, რაც ამავე პერიოდის მთლიანი შიდა პროდუქტის 6.3%-ია (შედარებისთვის, გერმანიასა და კანადაში ფედერალური ბიუჯეტის დეფიციტი - 2.6% და 2.1%. საქართველოში ეს მაჩვენებელი 2.5% იყო). მაღალი დეფიციტის პირობებში, ვალიც სწრაფად იზრდება. გასული წლის ბოლოს მთლიანმა ფედერალურმა ვალმა 35 ტრილიონ დოლარს გადააჭარბა, რაც მთლიანი შიდა პროდუქტის 120%-ს აღემატება. მაგალითად, საქართველოში მთავრობის მთლიანი ვალი 36.8%-ია, ხოლო განვითარებულ ქვეყნებში, როგორებიცაა გერმანია და კანადა, ვალის დონე ორჯერ უფრო ნაკლებია, ვიდრე აშშ-ში.

გრაფიკი 2: მთლიანი ფედერალური ვალი მშპ-სთან მიმართებით, % 

წყარო: სენტ-ლუისის ფედერალური სარეზერვო ბანკი

ამასთან ერთად, საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროგრამების ხარჯი ფედერალური ბიუჯეტის მთლიანი დანახარჯების უმნიშვნელო ადგილს იკავებს. აშშ-ის მთავრობა ყველაზე მეტს ჯანდაცვაზე (27.6%), სოციალურ დაცვასა (27.1%) და  თავდაცვაზე (14%) ხარჯავს. გარდა ამისა, ტრილიონ დოლარზე მეტი იხარჯება დაგროვებული ვალის მომსახურებაზე, ხოლო 44.2 მლრდ დოლარი, რომელიც ამერიკის საგარეო დახმარებაზე იხარჯებოდა, მთლიანი ხარჯების მხოლოდ 0.4%-ს წარმოადგენს. შესაბამისად, საგარეო დახმარების მთლიანად გაუქმების შემთხვევაშიც კი, ბიუჯეტის დეფიციტი მხოლოდ 2.4%-ით შემცირდება.

გრაფიკი 3: აშშ-ის ფედერალური ბიუჯეტის ხარჯების განაწილება, 2024 წელი, ტრილიონი დოლარი

წყარო: USAspending.gov

აქედან გამომდინარე, საგარეო დახმარების გაუქმება ვერ უზრუნველყოფს ფედერალური ბიუჯეტის დანახარჯების თვალსაჩინო შემცირებას, რადგან ბიუჯეტის დეფიციტის მნიშვნელოვანი შეკუმშვა მოითხოვს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, თავდაცვისა და სხვა მსხვილი პროგრამების ხარჯების შეკვეცას. თუმცა სოციალური დახმარების პროგრამების შეკვეცა პოლიტიკურად რთულია, რადგან შეიძლება ამომრჩეველთა უმეტესობისთვის მიუღებელი იყოს.

განსხვავებული სურათია საგარეო დახმარების კუთხით. ასეთი დახმარების გაუქმება ელექტორალურად სარგებლიანია და შესაბამისად, უფრო მარტივი. მართალია, ამერიკელები მიიჩნევენ, რომ საგარეო დახმარება საგარეო პოლიტიკის მიზნების მიღწევის კარგი გზაა, მაგრამ, ამავდროულად, დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ ფედერალური მთავრობა საგარეო დახმარებაზე ძალიან ბევრს ხარჯავს. უფრო მეტიც, საბიუჯეტო ხარჯების განაწილებაზე მათი წარმოდგენა ფაქტობრივი მდგომარეობისგან განსხვავებულია.  მაგალითად, მოსახლეობის 41%-ს მიაჩნია, რომ საგარეო დახმარება ფედერალური ბიუჯეტის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ხარჯია (მხოლოდ 14% ფიქრობს, რომ ასეთი ხარჯი სოციალური დაცვაა). კიდევ ერთ კვლევაში ამერიკელების მხოლოდ 26% ამბობს, რომ საგარეო დახმარების დაფინანსება უფრო ნაკლებია, ვიდრე სოციალური დახმარების, ჯანდაცვისა და თავდაცვის ხარჯები. შესაბამისად, როცა ფედერალური ხარჯების შემცირებაზეა საუბარი, მოსახლეობა საგარეო დახმარების პროგრამების შეკვეცას ამჯობინებს. მაგალითად, ფედერალურ პროგრამებს შორის - სოციალური დახმარება, განათლება, ჯანდაცვა, თავდაცვა და საგარეო დახმარება - მოსახლეობას მხოლოდ საგარეო დახმარების შემცირება ურჩევნია. საგარეო დახმარების შემცირება რესპუბლიკელ ამომრჩეველს შორის (62%) განსაკუთრებით პოპულარულია.

გრაფიკი 4: მოსახლეობის შეხედულება საგარეო დახმარების მიმართ

წყარო: Chicago Council Survey

სწორედ განხილული გარემოება ხსნის, თუ რატომ დაიწყო ფედერალური ბიუჯეტის დანახარჯების შეკუმშვა საგარეო დახმარების შემცირებით. მიუხედავად იმისა, რომ ხარჯების რამდენიმე ათეული მილიარდი დოლარით შემცირება არსებითად არ აისახება თითქმის ორ ტრილიონი დოლარის დეფიციტზე, ტრამპის ადმინისტრაციამ, ფისკალური პრობლემების დაძლევის გზაზე, პირველ ნაბიჯად აირჩია ხარჯების შეკვეცა პოლიტიკურად ყველაზე მარტივი და ამომრჩევლისთვის ყველაზე მისაღები მიმართულებით. იმ ფონზე, რაც ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, თუ რა სახის პროგრამებზე იხარჯებოდა საერთაშორისო განვითარების სააგენტოსათვის გამოყოფილი თანხები, ადმინისტრაციას, ფედერალური ხარჯების შეკვეცის საკითხში, შეიძლება კიდევ უფრო მეტი მხარდამჭერი გაუჩნდეს.

ამრიგად, შეიძლება ითქვას, რომ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროგრამების გაუქმება არა - საგარეო პოლიტიკით, არამედ, პირველ რიგში, საშინაო პოლიტიკისათვის მხარდამჭერთა რაოდენობის გაზრდით არის განპირობებული. ეს კი მომავალში შესაძლებელს გახდის პოლიტიკურად რთული ნაბიჯების გადადგმას, როგორიცაა სოციალური პროგრამებისა და ჯანდაცვის ხარჯების შემცირება. ფედერალური ბიუჯეტის დეფიციტის შეკვეცაზე გაცემული დაპირების შესასრულებლად, აუცილებელია სწორედ ასეთი პროგრამების შემცირება.

 

სრული დოკუმენტი, შესაბამისი წყაროებით, ბმულებითა და განმარტებებით, იხ. მიმაგრებულ ფაილში.


ავტორ(ებ)ი

ეგნატე შამუგია