სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო შეთანხმება: დაბრკოლებები და პერსპექტივები

ილუსტრაცია: GEOpolitics
სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ბოლო დროს განვითარებული მოვლენები შესაძლოა გარდამტეხი ფაქტორი აღმოჩნდეს სამხრეთ კავკასიის რეგიონულ დინამიკაში. 2025 წლის 13 მარტს ორივე ქვეყანამ დაადასტურა მზადყოფნა ორმხრივი სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერისთვის, რამაც ათწლეულების განმავლობაში მიმდინარე კონფლიქტის მშვიდობიან ჩარჩოში მოქცევის პერსპექტივა გააჩინა. აღნიშნული განვითარება საინტერესოა იმდენად, რამდენადაც ის არა მხოლოდ სამხრეთ კავკასიის რეგიონში მიმდინარე დამოუკიდებელი პროცესია, არამედ გავლენას ახდენს ფართო რეგიონის გეოპოლიტიკურ განვითარებებზე. ამასთანავე, მოვლენები მიმდინარეობს ისეთ ფონზე, როგორებიცაა რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის გამო, მისი გავლენის შესუსტება სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობებში; ევროკავშირის აქტიური მცდელობა, გააძლიეროს თანამშრომლობა ე.წ. შუა დერეფნის ფარგლებში, რომელიც ევროპა-აზიას ერთმანეთთან ალტერნატიული მარშრუტით დააკავშირებს და თურქეთის სურვილი, გახდეს ევროპის ფართო რეგიონში ერთ-ერთი მთავარი მოთამაშე.
სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების პოტენციური ნორმალიზაცია იმ დროს ხდება, როცა საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება სხვა მრავალი კონფლიქტური ზონისკენაა მიმართული - უკრაინიდან ახლო აღმოსავლეთამდე. ამ კონტექსტში სამხრეთ კავკასია წარმოადგენს სტრატეგიულ წერტილს, სადაც რეგიონული ძალების - რუსეთის, თურქეთისა და ირანის - ინტერესები ევროკავშირისა და შეერთებული შტატების ინტერესებთან იკვეთება. შემოთავაზებულმა სამშვიდობო შეთანხმებამ რეგიონში ძალთა ბალანსი შესაძლოა მნიშვნელოვნად შეცვალოს; გახსნას ათწლეულებით დახურული საზღვრები, შექმნას ახალი სატრანსპორტო მარშრუტები და გარდაქმნას ეკონომიკური კავშირები.
სამშვიდობო შეთანხმების პირობები
2025 წლის 13 მარტს სომხეთმა და აზერბაიჯანმა დაადასტურა, რომ მზად არიან, ხელი მოაწერონ ორმხრივ სამშვიდობო შეთანხმებას, რომელიც ორ ქვეყანას შორის მრავალწლიან კონფლიქტს მშვიდობის ფორმატში გადაიყვანს. ამ საკითხზე დისკუსიები, კონკრეტული შეთავაზებებით, 2021 წლის ბოლოს დაიწყო. 2022 წლის მარტში აზერბაიჯანმა სომხეთს წარუდგინა 5-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა, რომელიც შემდეგ საკითხებს მოიცავდა:
- ერთმანეთის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ხელშეუხებლობისა და პოლიტიკური დამოუკიდებლობის აღიარება და პატივისცემა;
- ერთმანეთის მიმართ ტერიტორიული პრეტენზიების არარსებობის დადასტურება და სამართლებრივი ვალდებულების აღება, რომ მომავალში ასეთი პრეტენზია არ წამოიჭრება;
- ვალდებულება, რომ სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებში არ დააზიანებენ ერთმანეთის უსაფრთხოებას, არ გამოიყენებენ მუქარას ან ძალას ერთმანეთის პოლიტიკური დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ და არ იმოქმედებენ ისეთი ფორმით, რომელიც ეწინააღმდეგება გაეროს ქარტიის მიზნებს;
- სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია და დემარკაცია, ასევე, დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება;
- ტრანსპორტისა და სხვა საკომუნიკაციო საშუალებების გახსნა, საჭიროების შემთხვევაში, ახალი საკომუნიკაციო საშუალებების შექმნა და თანამშრომლობის დამყარება იმ სფეროებში, რომლებიც საერთო ინტერესს წარმოადგენს.
აღნიშნულ შეთავაზებაზე პასუხად, სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ეუთოს მინსკის ჯგუფს მიმართა და სამშვიდობო გეგმის საბოლოო ვერსიაზე შესათანხმებლად მოლაპარაკებების ორგანიზება სთხოვა. თუმცა, მიუხედავად აზერბაიჯანისგან მიღებული შეთავაზებისა, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა აღნიშნა, რომ სამშვიდობო გეგმა არასრულყოფილია და ის რამდენიმე საკითხის დამატებას საჭიროებს. მისი თქმით, მოცემული 5 პუნქტის გარდა, სომხეთისთვის პრინციპული მნიშვნელობისაა, მოლაპარაკებები მოიცავდეს „მთიანი ყარაბაღის ხალხის უსაფრთხოების გარანტიებს, მათი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას და ასევე, მთიანი ყარაბაღის საბოლოო სტატუსს.“ სომხეთის ამ პირობების საპასუხოდ, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ სომხეთმა მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანის ტერიტორიად უნდა აღიაროს, ყარაბაღელი სომხები კი განსაკუთრებული სტატუსის, დამოუკიდებლობისა და უპირატესობების მინიჭების გარეშე, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქეები გახდებიან.
2022 წლის გაზაფხულიდან 2023 წლის სექტემბრამდე, როცა აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის ტერიტორია სრულად დაიბრუნა, ამერიკის შეერთებული შტატების, ევროკავშირისა და რუსეთის შუამავლობით მოლაპარაკებების არაერთი რაუნდი გაიმართა, გარკვეული პროგრესით, თუმცა - სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის გარეშე. 2023 წლის სექტემბრის შემდეგ, სომხეთ-აზერბაიჯანს შორის მოლაპარაკებები უფრო მეტად ორმხრივ ფორმატში გადაიზარდა. მაგალითად, 2023 წლის დეკემბერში მხარეები, ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე, პატიმართა გაცვლაზე შეთანხმდნენ. ასევე სომხეთმა მხარი დაუჭირა გაეროს კლიმატის კონფერენცია COP29-ზე აზერბაიჯანის მასპინძლობას. თუმცა მოლაპარაკებების ორმხრივ ფორმატში გადაყვანა აზერბაიჯანის სურვილი უფრო იყო, ვიდრე სომხეთის. ბაქოს პოზიციის თანახმად, საერთაშორისო მედიატორები, განსაკუთრებით, რუსეთ-დასავლეთის შეჯიბრების ფონზე, კავკასიაში მშვიდობის დამყარებაზე მეტად, თავიანთი გეოპოლიტიკური ინტერესებით არიან მოტივირებულები. სომხეთისთვის კი, გარანტორების გარეშე, ნაკლებად იყო მისაღები მარტო დარჩენა გაცილებით ძლიერ აზერბაიჯანთან მოლაპარაკებებში. თუმცა, იმის გათვალისწინებით, თუ რა რისკად შეიძლება აღქმულიყო სომეხი ხალხისთვის, მთიანი ყარაბაღის დაკარგვის შემდეგ, სამშვიდობო შეთანხმების არარსებობა, სომხეთის მთავრობა ორმხრივ ფორმატზეც თანახმა იყო.
2024 წლის ოქტომბერში, აშშ-ის მედიაციით გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, ალიევის გაკეთებულმა განცხადებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა აზერბაიჯანის წინააღმდეგობა პროცესში მესამე მხარის, განსაკუთრებით, დასავლეთის, ჩართულობის შესახებ. მან ამერიკა სომხეთის მიმართ მიკერძოებულობასა და ორმაგ თამაშში დაადანაშაულა. ანალოგიური განცხადება გააკეთა საფრანგეთზე, რომელიც, მისი თქმით, ნეიტრალური მედიატორის ნაცვლად, სომხეთის ძლიერი მხარდამჭერია. ამ პერიოდისთვის ცნობილი იყო, რომ პოტენციური სამშვიდობო შეთანხმება შედგებოდა 17 პუნქტისგან, რომელთაგანაც 13-ზე ორივე მხარე შეთანხმებული იყო. შეთანხმების პუნქტების შინაარსი არც სომხეთსა და არც აზერბაიჯანს არ გაუსაჯაროებიათ, თუმცა ფაშინიანი ზოგადად საუბრობდა, რომ ტექსტი შეეხებოდა ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობის აღიარებას, ასევე უარის თქმას ძალის გამოყენებასა და ერთმანეთის საშინაო საქმეებში ჩარევაზე.“
2024 წლის ნოემბრისთვის სომხეთმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მხარეებს შეუთანხმებელი მხოლოდ ორი პუნქტი დარჩათ. მოგვიანებით, როდესაც სომხეთმა და აზერბაიჯანმა მოულოდნელად განაცხადეს, რომ შეთანხმებაზე ხელმოსაწერად მზად არიან, აღნიშნული ორი პუნქტის შინაარსი ცნობილი გახდა. ერთი პუნქტი სომხეთისა და აზერბაიჯანის მიერ ერთმანეთის წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოებში შეტანილი საქმეების გამოწვევას გულისხმობს, მეორე კი - სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე მესამე ქვეყნის ძალების განლაგების აკრძალვას. აღნიშნული ასევე ეხება ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას, რომლის მანდატიც, აზერბაიჯანის წინააღმდეგობის მიუხედავად, გასულ თვეს კიდევ წელიწად-ნახევრით გახანგრძლივდა საზღვარზე, სომხეთის მხარეს.
თუმცა, მიუხედავად სამშვიდობო ტექსტზე თანხმობისა, აზერბაიჯანი აცხადებს, რომ შეთანხმებაზე ხელს მხოლოდ მას შემდეგ მოაწერს, რაც სომხეთი (1) შეცვლის კონსტიტუციას და სამართლებრივ აქტებს, რომლებიც აზერბაიჯანის სუვერენიტეტსა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხს ეწინააღმდეგება და (2) გააუქმებს ეუთოს მინსკის ჯგუფს, რომელიც მთიანი ყარაბაღის ომებისა და კონფლიქტების მედიაციაში იყო ჩართული. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჯეიჰუნ ბაირამოვის, თანახმად, ეუთოს მინსკის ჯგუფის, როგორც „წარსული კონფლიქტების ნაშთის,“ დაშლა მნიშვნელოვანი ფაქტორია.
სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, არარატ მირზოიანმა, აღნიშნულს დამატებითი პირობების წამოყენება უწოდა, რაზეც აზერბაიჯანის საგარეო უწყების პრესსპიკერმა, აიჰან ჰაჯიზადემ უპასუხა, რომ კონსტიტუციის ცვლილებისა და ეუთოს მინსკის ჯგუფის გაუქმების საკითხი, ბოლო ორი წლისა და ექვსი თვის განმავლობაში, მოლაპარაკებების ნაწილი ისედაც იყო.
ნიკოლ ფაშინიანმა კონსტიტუციის ცვლილებაზე თებერვალში ისაუბრა, რაც ახალი სომხური პატრიოტიზმისა და „ნამდვილი სომხეთის“ იდეოლოგიის აუცილებელ პირობად დაასახელა. მოგვიანებით კი ახსენა, რომ ახალ კონსტიტუციას შესაძლოა რეგიონული მნიშვნელობაც ჰქონდეს. სომხური ოპოზიციის ლიდერები აღნიშნულ განცხადებას მიიჩნევენ იმის დასტურად, რომ ფაშინიანი აზერბაიჯანის მოთხოვნის დაკმაყოფილებას აპირებს. როგორც უნდა იყოს, რეფერენდუმი 2026 წლის ივნისამდე (საპარლამენტო არჩევნების თარიღი) ვერ გაიმართება, რაც სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერას უახლოეს მომავალში სათუოს ხდის. პრობლემის მოგვარების განსხვავებული წინადადება წამოაყენა სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარემ ალენ სიმონიანმა. ინიციატივის თანახმად, სომხეთმა და აზერბაიჯანმა ქვეყნების კონსტიტუციები ევროსაბჭოს, კერძოდ, ვენეციის კომისიას უნდა გადაუგზავნონ და სთხოვონ იმის შემოწმება, უგულებელყოფს, თუ - არა რომელიმე მათგანი მეორე ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. აღნიშნულ წინადადებას გამოხმაურება ჯერჯერობით არც ერთი მხარიდან არ მოჰყოლია.
მიუხედავად იმისა, რომ 2025 წლის მარტში განვითარებული მოვლენები მნიშვნელოვანი პროგრესია სომხეთ-აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების დასტაბილურების გზაზე, აზერბაიჯანის მოთხოვნა სომხეთის კონსტიტუციის ცვლილებისა და ეუთოს მინსკის ჯგუფის დაშლის შესახებ, სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერის პროცესის გახანგრძლივებაზე მიუთითებს.
ბრალდებები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაზე
მიუხედავად იმისა, რომ სამშვიდობო შეთანხმებაზე მზაობის გამოთქმა პოზიტიური ნაბიჯი იყო ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების აღსადგენად, ბრალდებები და ურთიერთკრიტიკა ორივე მხრიდან მალევე გაისმა. 16 მარტს აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა განცხადება, რომ გორისის რეგიონში (სიუნიქის პროვინცია) განლაგებულმა სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა, აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მიმართულებით, ცეცხლი გახსნეს. სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ ბრალდება უარყო, პრემიერ-მინისტრის ოფისმა კი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევის შემთხვევებზე გამოსაძიებლად, სომხურ-აზერბაიჯანული საგამოძიებო მექანიზმის შექმნის ინიციატივა წამოაყენა, რაზეც აზერბაიჯანს არ უპასუხია. 16 მარტიდან 21 მარტამდე აზერბაიჯანმა სომხეთი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში 13-ჯერ დაადანაშაულა, რასაც სომხეთი ყოველ ჯერზე უარყოფდა. 21 მარტიდან სომხურმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა, სომხური სოფლების მიმართულებით, გეღარქუნიქის პროვინციაში ცეცხლი რამდენჯერმე გახსნეს. ინფორმაციას, რომ საზღვარზე ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მნიშვნელოვნად ირღვევა, სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ არასწორი უწოდა და საზოგადოებას მოუწოდა, მხოლოდ სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ ოფიციალურ ინფორმაციას ენდოს. აღნიშნულიდან ერთ კვირაში, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ კიდევ ერთხელ გამოაქვეყნა განცხადება, რომ 30-31 მარტს სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა საზღვრის აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ სექტორებზე აზერბაიჯანის პოზიციებს ცეცხლი გაუხსნეს, რაც სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ უარყო და საპასუხოდ აზერბაიჯანის შეიარაღებული ჯარები სიუნიქის პროვინციის სოფელ ხნაწახის მიმართულებით ცეცხლის გახსნაში დაადანაშაულა, რამაც საცხოვრებლის დაზიანება გამოიწვია.
აღნიშნულ კამათში სომხეთი შედარებით ნაკლებკონფრონტაციულ პოზიციას იკავებს, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ შეთანხმებაზე რაც შეიძლება სწრაფად ხელმოწერა მისი პრიორიტეტია. ფაშინიანმა, ბრალდებების უარყოფისას, ხაზი გაუსვა, რომ მისი მთავრობის დღის წესრიგი მშვიდობის დამყარებაა და კიდევ ერთხელ მოუწოდა აზერბაიჯანს ხელმოწერის თარიღისა და ადგილის შეთანხმებისკენ. ამ განცხადებაზე პასუხად, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ერევანი, საზღვარზე გასროლების უარყოფით, რეალობის დამახინჯებას ცდილობს. ასევე აღინიშნა, რომ სომხეთის მასობრივი მილიტარიზაცია, მათ შორის, თავდასხმითი შეიარაღების მობილიზება, განსაკუთრებით სასაზღვრო არეალში, ეწინააღმდეგება სომხეთის განცხადებას, რომ მათი მთავრობის დღის წესრიგი მშვიდობას ემსახურება. ორ მხარეს შორის ნდობის არარსებობის თვალსაჩინო გამოხატულებაა ალიევის მიერ შეთანხმებაზე ხელმოწერის დაანონსების დღეს გაკეთებული განცხადება, რომ სომხეთის მთავრობას არ ენდობა და მათ სიტყვას „ნული მნიშვნელობა“ აქვს, ვიდრე დოკუმენტი არ იარსებებს.
გამუდმებული ურთიერთბრალდებები და ნდობის ნაკლებობა სამშვიდობო პროცესის მყიფე ხასიათზე მიუთითებს და მანიშნებელია იმისა, რომ კონფლიქტის საფუძვლები ჯერ კიდევ არ აღმოფხვრილა.
საზღვრების გახსნის პერსპექტივა და დაინტერესებული მხარეების პოზიციები
სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო შეთანხმებაზე მუშაობის პროცესში მნიშვნელოვანი როლი უჭირავს ტერიტორიულ დავებს. აზერბაიჯანი მუდმივად ითხოვს სომხეთისგან ნახიჩევანის ექსკლავთან დამაკავშირებელი სატრანსპორტო დერეფნის გახსნას, რაზეც სომხეთი უარს აცხადებს. მეტიც, ფაშინიანმა ეჭვი გამოთქვა, რომ აზერბაიჯანის ბოლოდროინდელი განცხადებები დერეფნის გახსნის შესახებ, შესაძლოა სომხეთზე თავდასხმისთვის ფონის მომზადებას ჰგავდეს.
ტერიტორიას, რომელიც აზერბაიჯანს მის ექსკლავთან, ნახიჩევანთან, აკავშირებს, აზერბაიჯანი „ზანგეზურის დერეფნად” მოიხსენიებს, სომხეთი კი სიტყვა „დერეფნის“ გამოყენების წინააღმდეგია. სომხეთის თქმით, ტერმინის „დერეფანი“ გამოყენება აღნიშნულ ტერიტორიაზე ქვეყნის სუვერენიტეტს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. 2020 წლის ნოემბერში, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის შუამავლობით, სომხეთმა და აზერბაიჯანმა ხელი მოაწერეს სამმხრივ შეთანხმებას, რომელმაც მთიანი ყარაბაღის მაშინდელი ომი დაასრულა. დოკუმენტის მე-9 მუხლში ნათქვამია, რომ „რეგიონის ყველა ეკონომიკური და სატრანსპორტო კავშირი უნდა გაიხსნას. სომხეთმა უნდა უზრუნველყოს უსაფრთხო სატრანსპორტო კავშირი აზერბაიჯანის დასავლეთ რეგიონებსა და ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკას შორის, რათა უზრუნველყოფილი იყოს მოქალაქეების, ტრანსპორტისა და საქონლის შეუფერხებელი გადაადგილება ორივე მხრიდან. ტრანსპორტზე კონტროლი უნდა განახორციელოს რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო ჯარმა.“ აღნიშნული ჩანაწერი სადავო აღმოჩნდა ორივე მხარისთვის. სომხეთი სატრანსპორტო კავშირის აღდგენას თავისი მხრიდან სასაზღვრო კონტროლის დაწესების პირობით განიხილავს და ამტკიცებს, რომ დოკუმენტი არ გულისხმობს ხალხისა და სატვირთო ტრანსპორტის გადაადგილებას სომხური სასაზღვრო შემოწმების გარეშე. აზერბაიჯანი კი ამ არგუმენტს უარყოფს და ამტკიცებს, რომ სასაზღვრო კონტროლი სატრანსპორტო მიმოსვლის აღდგენისთვის აუცილებელი კომპონენტი არ არის და სომხეთმა ხელმოწერილი დოკუმენტის პირობები დაუყოვნებლივ უნდა შეასრულოს. მიუხედავად ამ მოთხოვნებისა, რომლებსაც აზერბაიჯანი 2020 წლიდან მუდმივად აჟღერებს, სატრანსპორტო დერეფნის გახსნა ამჟამინდელი სამშვიდობო შეთანხმების პუნქტებში, ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე, არ მოხვდა და ჯერჯერობით აზერბაიჯანს არც ხელმოწერის აუცილებელ წინაპირობად წამოუყენებია.
მიუხედავად ამისა, საინტერესოა, რა როლს თამაშობს ამჟამად აზერბაიჯანის დასავლეთ რეგიონებსა და ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკას შორის დამაკავშირებელი ტერიტორია სამხრეთ კავკასიის რეგიონში, როგორია დაინტერესებული მხარეების პოზიცია და პოტენციურად, რა ცვლილებები შეიძლება მოუტანოს რეგიონს დერეფნის გახსნამ.
დღეისათვის, როგორც უკვე აღინიშნა, სომხეთი დერეფნის გახსნას მხოლოდ სომხური სასაზღვრო კონტროლის პირობებში განიხილავს, რასაც აზერბაიჯანი არ ეთანხმება. დერეფნის გახსნა არ შედის არც ირანის ინტერესებში. ამჟამად აზერბაიჯანის სხვა რეგიონიდან ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკამდე გზა ირანზე გავლით მიდის. სატრანსპორტო კავშირის აღდგენის შემთხვევაში, ირანი შიშობს, რომ სომხეთი სამხრეთ საზღვარზე კონტროლს დაკარგავს, რის შედეგადაც ირან-სომხეთის საზღვარი საფრთხის წინაშე აღმოჩნდება. თეირანი ფიქრობს, რომ მოვლენათა ამგვარი განვითარება ირანს აზია-ევროპის დამაკავშირებელი სატრანსპორტო ქსელის მიღმა ტოვებს, რადგან აზერბაიჯანი დასავლეთთან დაკავშირებას ირანზე გავლის გარეშე მოახერხებს. გარდა ამისა, ნახიჩევანი გაზს აზერბაიჯანიდან ირანის გავლით იღებს, რისი საჭიროებაც ეჭვქვეშ დგება, თუ აზერბაიჯანის დასავლეთ რეგიონები ნახიჩევანთან პირდაპირ კავშირს მიიღებს. ასევე, ირანი ფიქრობს, რომ დერეფნის გახსნა ემთხვევა NATO-სა და თურქეთის სტრატეგიას, გაიმტკიცონ თავიანთი პოზიციები რეგიონში, რაც ეწინააღმდეგება ირანის ეროვნულ ინტერესებს. 25 მარტს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ, ერევანში ვიზიტისას, კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა, რომ ირანი ეწინააღმდეგება იმ დერეფნის გახსნას, რომელმაც შესაძლოა სომხეთთან პირდაპირი სატრანსპორტო კავშირი შეუწყვიტოს. თუმცა დიდი მხარდაჭერა გამოუცხადა ორ ქვეყანას შორის სამშვიდობო შეთანხმების რაც შეიძლება სწრაფად ხელმოწერას, რაც რეგიონში მშვიდობისა და ეკონომიკური სტაბილურობის გარანტი იქნება.
რაც შეეხება თურქეთს, აზერბაიჯანის სტრატეგიულ მოკავშირეს, ის მხარს უჭერს როგორც სამშვიდობო შეთანხმებას, ისე აზერბაიჯანის დასავლეთ რეგიონებსა და ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკას შორის დამაკავშირებელი სატრანსპორტო ქსელის გახსნას. ერდოღანმა 2023 წლის სექტემბერში განაცხადა, რომ თურქეთისთვის მნიშვნელოვანია „ზანგეზურის დერეფნის“ რაც შეიძლება სწრაფად გახსნა, რათა საგზაო და სარკინიგზო კომუნიკაციები მეგობარ აზერბაიჯანთან, ნახიჩევანის გავლით, შეუფერხებლად აღდგეს. ერდოღანი დერეფნის გახსნას თურქეთისთვის სტრატეგიულ საკითხად მიიჩნევს, რადგან ის საშუალებას აძლევს, აზერბაიჯანის მთელ ტერიტორიასთან პირდაპირი სატრანსპორტო კავშირი გაუჩნდეს.
თურქეთის პრეზიდენტის მრჩეველმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში აკიფ ჩაღათაი კილიჩმა 13 მარტს კითხვაზე, დგას, თუ - არა თურქეთ-სომხეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის საკითხი დღის წესრიგში, უპასუხა, რომ ამჯერად არსებული სიტუაცია აღნიშნულ საკითხზე დისკუსიებს აუცილებელს არ ხდის, თუმცა ხაზი გაუსვა, რომ სამშვიდობო შეთანხმება ბევრ საკითხს გადაჭრის. ამ განცხადებიდან გამომდინარე, სავარაუდოა, რომ შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ, თურქეთ-სომხეთის საზღვრის გახსნაც დღის წესრიგში დადგება. თურქეთთან ურთიერთობების ნორმალიზება რომ სომხეთისთვის პრიორიტეტულია, მოწმობს ფაშინიანის ბოლო განცხადებები, გენოციდის აღიარების საკითხის შესახებ. მან მარტში თურქ ჟურნალისტთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ქვეყნის ოფიციალური პოზიციის თანახმად, სომეხთა გენოციდის საერთაშორისო აღიარება საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტი არ არის და მეტიც, ის უახლოეს სამეზობლოში დაძაბულობას ქმნის.
სომხეთ-თურქეთის ურთიერთობების აღდგენა ორივე ქვეყნისთვის სასარგებლო იქნება. სომხეთისთვის საზღვრის გახსნა მეზობელ ქვეყანასთან ათწლეულოვანი იზოლაციის დასასრულს ნიშნავს. თურქეთის სახით, მას ახალი სავაჭრო პარტნიორი გაუჩნდება, რომელიც მის ეკონომიკურ მდგომარეობაზე დადებითად იმოქმედებს, ასევე, მიიღებს წვდომას დასავლეთისკენ სატრანსპორტო ქსელებზე, რომლებიც აქამდე ჩაკეტილი ჰქონდა. გარდა ამისა, თურქეთთან ურთიერთობების ნორმალიზება შეამცირებს სომხეთის რუსეთზე ენერგო-ეკონომიკურ დამოკიდებულებას, რაც, გრძელვადიან პერიოდში, სომხეთს უფრო მეტი პოლიტიკური ლავირების საშუალებას მისცემს. რაც შეეხება თურქეთს, სომხეთთან საზღვრების გახსნა მისთვისაც ხელსაყრელია, რადგან ეს სამხრეთ კავკასიის რეგიონში პოლიტიკური სტაბილურობის საწინდარი იქნება, რაც თურქეთს საშუალებას მისცემს, თავისი ინტერესები უფრო წინ წამოსწიოს და შეამციროს რუსეთის გავლენა რეგიონის პოლიტიკაზე. გარდა ამისა, პოტენციური სატრანსპორტო ხაზები, რომლებმაც შეიძლება, სომხეთის გავლით, თურქეთისკენ გაიაროს, თურქეთის ეკონომიკურ ინტერესებზე დადებითად აისახება. აღნიშნული პოტენციური სატრანსპორტო ხაზების შესახებ, ფაშინიანმა 2023 წელს თბილისში გამართულ „აბრეშუმის გზის ფორუმზე“ ისაუბრა. რეგიონული თანამშრომლობის ინიციატივა „მშვიდობის გზაჯვარედინი“ შემდეგნაირად გამოიყურება:
სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობაში რუსეთის როლი უკრაინაში ომმა შეასუსტა. 2024 წლის გაზაფხულზე რუსეთმა მთიანი ყარაბაღის ტერიტორიიდან ე.წ. სამშვიდობო ჯარები სრულად გაიყვანა. 2,000-მდე ჯარისკაცი რუსეთმა მთიან ყარაბაღში 2020 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ფარგლებში განალაგა, რაც ამ კონფლიქტში რუსეთის ერთადერთ წარმატებად ითვლებოდა. მათი გამოყვანა კი შეფასდა, როგორც რუსეთის ერთ-ერთი მარცხი სამხრეთ კავკასიაში. ის ფაქტიც, რომ სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო შეთანხმება ბილატერალურია და მასში რუსეთი მედიატორად ჩართული აღარ არის, რუსეთის გავლენის შესუსტებაზე მიუთითებს. თუმცა საინტერესოა 2022 წლის თებერვალში რუსეთ-აზერბაიჯანს შორის გაფორმებული „დეკლარაცია სამოკავშირეო ურთიერთობების შესახებ,“ რომელიც მათი ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებისკენ გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯად ფასდება. შეთანხმება მოიცავს პოლიტიკურ, ეკონომიკურ, ენერგეტიკულ და სატრანსპორტო სექტორში თანამშრომლობის გაძლიერებას. აღნიშნული დეკლარაცია შესაძლებელია განვიხილოთ, როგორც ბაქოს მცდელობა, უზრუნველყოს რუსეთის ნეიტრალიტეტი სომხეთ-აზერბაიჯანის დაპირისპირებაში. მოსკოვთან ურთიერთობის განმტკიცებით, აზერბაიჯანი, სავარაუდოდ, მომავალ კონფლიქტებში რუსეთის ჩარევის ან სომხეთის მხარდაჭერის თავიდან აცილებას ცდილობდა, რაც ძალთა ბალანსის მის სასარგებლოდ გადანაწილებას ნიშნავდა.
ზოგადად, სამხრეთ-კავკასიაში მშვიდობის დამყარების პერსპექტივა მოსკოვის ინტერესებში არ შედის. მისთვის განსაკუთრებით მიუღებელია სომხეთსა და თურქეთს შორის საზღვრების გახსნა და ურთიერთობის ნორმალიზება, რაც, ერთი მხრივ, ერევნისთვის ეკონომიკურ-ენერგეტიკული დივერსიფიკაციის საშუალება იქნება და შეამცირებს რუსეთზე მის დამოკიდებულებას. მეორე მხრივ კი, სამხრეთ კავკასიაში თურქეთის გავლენას გაზრდის, რაც რუსეთისთვის ძალთა ბალანსის მის საწინააღმდეგოდ გადანაწილებას ნიშნავს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, მარია ზახაროვას, 27 მარტის განცხადება კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ რუსეთისთვის მნიშვნელოვანია, სომხეთ-აზერბაიჯანის მოლაპარაკებებში მასაც ჰქონდეს როლი, რითაც თავისი ინტერესების რეალიზებას მოახდენს. ზახაროვას თანახმად, მხარეები რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაუბრუნდნენ სამმხრივი შეთანხმების ფორმატს სამხრეთ კავკასიაში სატრანსპორტო ქსელების აღდგენის შესახებ, რაც სასარგებლო იქნება როგორც სომხეთისთვის, ისე მთელი კავკასიისთვის. მისი თქმით, ამ ფორმატზე უარყოფით გავლენას ახდენს დასავლური ქვეყნების დესტრუქციული ქმედება. სავარაუდოა, რომ თუ სამშვიდობო შეთანხმების დადება დროში გახანგრძლივდა, ხოლო რუსეთ-უკრაინამ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მიაღწია, რუსეთმა ფოკუსი კვლავ სამხრეთ კავკასიაზე გადაიტანოს და ყველანაირად სცადოს სამშვიდობო შეთანხმების ჩაშლა, ან - მისი იმგვარი პირობებით მიღება, რომლებიც რუსეთის ინტერესებს გაითვალისწინებს.
დასავლეთმა აქტიურად დაუჭირა მხარი სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო შეთანხმებას. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასმა შეთანხმებას უწოდა რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის გადადგმული გადამწყვეტი ნაბიჯი და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირი მზადაა, მხარი დაუჭიროს რეგიონულ სტაბილურობას. 2025 წლის 4 აპრილს გამართული ევროკავშირისა და ცენტრალური აზიის სამიტის შემდეგ, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ხაზი გაუსვა ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნის (შუა დერეფანი) მნიშვნელობას. მისი თქმით, სომხეთის საზღვრების გახსნა მას შემდეგ, რაც ისინი, სამი ათწლეულის განმავლობაში, თურქეთსა და აზერბაიჯანთან დახურული იყო, გარდამტეხი იქნება ევროპისა და ცენტრალური აზიის დაკავშირებაში. ანალოგიურად, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო მიესალმა სამშვიდობო მოლაპარაკებების დასრულებას და მას „ისტორიული სამშვიდობო ხელშეკრულება" უწოდა. მან ორივე ქვეყანას მოუწოდა, ერთგულნი დარჩნენ მშვიდობისადმი და ხელი მოაწერონ შეთანხმებას, რათა სამხრეთ კავკასიის რეგიონში ახალი კეთილდღეობის ეპოქა დაიწყოს. NATO-ს პრესსპიკერმა ალისონ ჰართმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებების დასრულება მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია რეგიონული უსაფრთხოების ნორმალიზებისკენ. აღნიშნული სამშვიდობო შეთანხმება დასავლეთისთვის მნიშვნელოვანია რამდენიმე მიზეზის გამო. სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობა ნიშნავს უსაფრთხო ენერგეტიკულ დერეფანს კასპიის ზღვიდან ევროპულ ბაზრამდე. შეთანხმება ასევე ასუსტებს რუსეთის გავლენას რეგიონში და ხსნის ევროპასთან ახალი ეკონომიკური და პოლიტიკური კავშირების შესაძლებლობებს.
საქართველოსთვის, მეზობელ ქვეყნებს შორის სამშვიდობო შეთანხმება, რეგიონის უსაფრთხოების კუთხით, მნიშვნელოვანი მოვლენაა. გრძელვადიან პერიოდში, რეგიონში მეტი მშვიდობა და სტაბილურობა საქართველოს ეკონომიკის ზრდასა და ინვესტიციების მოზიდვაზე დადებითად აისახება. მოკლევადიან პერიოდში კი, შესაძლოა ეკონომიკურად არამომგებიანი აღმოჩნდეს როგორც აზერბაიჯანის დასავლეთ რეგიონებსა და ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკას შორის სატრანსპორტო კავშირის აღდგენა, ისე თურქეთ-სომხეთს შორის საზღვრის გახსნა, რადგან შესუსტდეს მისი, როგორც სატრანზიტო დერეფნის, მნიშვნელობა. თუმცა საქართველოზე გამავალი სატრანსპორტო ქსელების სრულად ჩანაცვლება ნაკლებ სავარაუდოა. ამჯერად, თურქეთის სახელმწიფო რკინიგზის გენერალური დირექტორი უფუკ იალჩინი „ზანგეზურის დერეფანს“ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ალტერნატივად არ მიიჩნევს. ამგვარი პოზიცია აქვს აზერბაიჯანსაც - პრეზიდენტ ილჰამ ალიევის თანახმად, „ზანგეზურის დერეფნის“ პოტენციური ამოქმედება, არსებულ სარკინიგზო მარშრუტთან ერთად, დამატებითი შესაძლებლობა იქნება სატვირთო მიმოსვლის გასაზრდელად, ასევე, დიდ მნიშვნელობას ანიჭებს აზერბაიჯანის გავლით ტვირთების ტრანსპორტირებას საქართველოს საზღვაო პორტებით. თუმცა, მიუხედავად ამგვარი განცხადებებისა, თუ საქართველოში პოლიტიკური მდგომარეობა კიდევ უფრო არასტაბილური გახდა და შავი ზღვის პორტების მაქსიმალურად ათვისება არ მოხდა, საქართველო შესაძლოა ევროპა-აზიის დამაკავშირებელი სატრანსპორტო ქსელებიდან ნაწილობრივ გამოირიცხოს.
შეჯამება
სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო მოლაპარაკებები მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობისკენ, თუმცა ურთიერთობების საბოლოო ნორმალიზაციამდე კვლავ არაერთი დაბრკოლება რჩება.
აზერბაიჯანის მოთხოვნები, რომ სომხეთმა შეცვალოს კონსტიტუცია და გააუქმოს ეუთოს მინსკის ჯგუფი, ხელმოწერის პროცესს ავადებს. ასევე, ორივე მხარე კვლავ ადანაშაულებს ერთმანეთს ცეცხლის შეწყვეტის დარღვევაში, რაც ასახავს სამშვიდობო პროცესის არამდგრადობასა და ერთმანეთისადმი ღრმა უნდობლობას. საზღვრებისა და სატრანსპორტო მარშრუტების გახსნის პოტენციალი, განსაკუთრებით, დასავლეთ აზერბაიჯანსა და ნახიჩევანს შორის, სომხეთზე გამავალი სატრანსპორტო კავშირის საკითხი, კვლავ დარჩება დავის საგნად. აღნიშნული კავშირის გახსნაზე განსხვავებული პოზიციები აქვთ რეგიონის სხვა ძალებსაც. თურქეთი აქტიურად უჭერს მხარს დერეფნის იდეას, რადგან მას სტრატეგიულ შესაძლებლობად აღიქვამს აზერბაიჯანსა და ცენტრალურ აზიასთან კავშირების გასაძლიერებლად. ამავდროულად, ირანი წინააღმდეგია, რადგან შიშობს, რომ შეიძლება დაკარგოს თავისი როლი რეგიონულ სატრანსპორტო ქსელში და შეიცვალოს საზღვარი სომხეთთან.
რუსეთის გავლენის შესუსტება სამხრეთ კავკასიაში, რაც გამოიხატება მისი სამშვიდობო ძალების გაყვანით მთიანი ყარაბაღიდან და ორმხრივი მოლაპარაკებებიდან გამორიცხვით, მიუთითებს რეგიონული დინამიკის ცვლილებაზე. სავარაუდოდ, პროცესს თავის ინტერესებთან შეუსაბამოდ აღიქვამს და შესაძლოა მის დაბრკოლებას შეეცადოს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ რუსეთ-უკრაინის ომი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით დასრულდება და კრემლს რეგიონზე მეტი კონცენტრაციის შესაძლებლობა ექნება.
დასავლელი აქტორები, მათ შორის, ევროკავშირი და შეერთებული შტატები, აქტიურად უჭერენ მხარს სამშვიდობო შეთანხმებას, რადგან ის პოტენციურად გააუმჯობესებს ენერგეტიკულ უსაფრთხოებას, შეამცირებს რუსეთის გავლენას და შექმნის ახალ ეკონომიკურ შესაძლებლობებს რეგიონში. საქართველოსთვის სამშვიდობო შეთანხმება, რომელიც რეგიონულ სტაბილურობას მოიტანს, გრძელვადიან პერსპექტივაში, სასარგებლო მოვლენაა. თუმცა, მოკლევადიან პერიოდში, თურქეთსა და სომხეთს, ასევე აზერბაიჯანის დასავლეთ რეგიონებსა და ნახიჩევანს შორის პირდაპირი მარშრუტების გახსნამ, შესაძლოა, მისი სატრანზიტო მნიშვნელობა შეამციროს.
სამშვიდობო შეთანხმების წარმატება, საბოლოოდ, დამოკიდებული იქნება ორივე ქვეყნის სურვილზე, გადალახონ ისტორიული მტრობა და გადაწყვიტონ რთული ტერიტორიული საკითხები. მისი განხორციელების შემთხვევაში, სამხრეთ კავკასია შეიძლება გადაიქცეს მეტად დაკავშირებულ რეგიონად, უკეთესი ეკონომიკური პერსპექტივებითა და რუსეთზე შემცირებული დამოკიდებულებით. თუმცა, მოლაპარაკებების ჩავარდნის შემთხვევაში, რეგიონს კვლავ ემუქრება დაძაბულობისა და პოტენციური კონფლიქტების ციკლის დაბრუნება, რაც ფართო გავლენას მოახდენს როგორც რეგიონულ სტაბილურობაზე, ისე საერთაშორისო უსაფრთხოების მდგომარეობაზე.
სრული დოკუმენტი, შესაბამისი წყაროებით, ბმულებითა და განმარტებებით, იხ. მიმაგრებულ ფაილში.