პუბლიკაციები

მედიის დისკრედიტაცია - რუსული პროპაგანდის ტაქტიკა და მოტივები

უკანასკნელი წლების განმავლობაში, სოციალურ ქსელებსა თუ სხვა საჯარო სივრცეში გამუდმებით ვისმენთ ჟურნალისტების და მედიასაშუალებების დისკრედიტაციას. ხშირად, განსხვავებით არგუმენტირებული კრიტიკისგან, მედიის მისამართით შინაარსისგან დაცლილი, უკიდურესად ნეგატიური ხასიათის ეპითეტები გვხვდება. მაგალითად, „ანტისახელმწიფოებრივი და ანტიქრისტიანული ტელევიზიები,“ „ლგბტ პროპაგანდის გამავრცელებლები,“ „ლიბერასტული მედია,“ „მოღალატეები,“ „მოძალადეები, რომლებიც თავს გვახვევენ ლიბერალურ დიქტატურას,“ „გარყვნილები,“ „ყალბი ამბების გამავრცელებლები“ და უამრავი სხვა. მსგავსი ეპითეტების გამოყენება კი, როგორც ცნობილია, პროპაგანდის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მეთოდია. მედიის დისკრედიტაციისთვის ასეთ მიდგომას ავტორიტარი მმართველები ხშირად მიმართავენ და მათი მთავარი მიზანი საზოგადოების თვალში მათ მიერ არაკონტროლირებადი მედიისადმი ნდობის დაკარგვაა. ბოლო წლებში ამ ტაქტიკას საქართველოს ხელისუფლებაც საკმაოდ ინტენსიურად იყენებს, რასაც მისი წარმომადგენლების რიტორიკაზე დაკვირვებაც ცხადყოფს.

მედიის დისკრედიტაციის ეს მეთოდი რუსული პროპაგანდის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელია. მსგავსი რიტორიკა პრო-რუსული და რუსეთთან აფილირებული წყაროებიდან აქტიურად მომდინარეობს. პროპაგანდის წყაროები არიან როგორც სხვადასხვა სოციალური ქსელის გვერდები, ისე რუსეთთან აფილირებული ონლაინ გამოცემები, ტელევიზიები და კონკრეტული ადამიანები (ე.წ. „ინფლუენსერები,“ რომლებიც სოციალურ ქსელებში და საზოგადოების მცირე ნაწილში გარკვეული გავლენით სარგებლობენ).

როგორც აღვნიშნეთ, მსგავსი მეთოდების გამოყენება რუსული პროპაგანდის მიერ საკმაოდ კარგადაა აპრობირებული. ხოლო, რაც შეეხება ამ ტაქტიკის გამოყენების მიზეზებს, ეს საკითხი საკმაოდ კომპლექსურია და არაერთი ფაქტორისგან შედგება. ამ კონტექსტში, პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს რუსული პროპაგანდის მთავარი მახასიათებელი - სამიზნე საზოგადოებაში დაბნეულობის, ქაოსის შეტანა და ყველა დემოკრატიული ინსტიტუტისთვის ძირის გამოთხრა. პროპაგანდის მკვლევართა აზრით, კრემლი იყენებს ინფორმაციის თავისუფლების იდეას საზოგადოებაში დეზინფორმაციის გასავრცელებლად. საყოველთაოდ ცნობილია, რომ სხვა ატრიბუტებთან ერთად, თავისუფალი, მაღალი პროფესიული სტანდარტებისა და სანდოობის მქონე მედია დემოკრატიული სახელმწიფოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. ისიც კარგადაა ცნობილი, რომ ამა თუ იმ საზოგადოების, განსაკუთრებით კი ყოფილი საბჭოთა ქვეყნების დემოკრატიული განვითარება კრემლის ინტერესებს ეწინააღმდეგება. შესაბამისად, მედიის დასუსტება და მისი დისკრედიტაცია რუსული საინფორმაციო ომის საკვანძო მიზანს წარმოადგენს. მეორე მხრივ, უკვე დამკვიდრებული, მეტ-ნაკლებად სანდოდ აღიარებული მედიასაშუალებების დისკრედიტაცია კრემლს აძლევს საშუალებას გაავრცელოს ერთგვარი ალტერნატიული ნარატივი, მოვლენებისა თუ ფაქტების მისეული, ხშირად აბსურდული ინტერპრეტაცია. კრემლის პროპაგანდა არც იმის მტკიცებაზე კარგავს დროს, რომ მის მიერ გავრცელებული „ფაქტები“ სწორია. მისი მიზანი არა აუცილებლად დარწმუნება, არამედ დაბნეულობისა და შიშის დათესვაა. შესაბამისად, პროპაგანდისტებისთვის არც ის წარმოადგენს შეშფოთების საფუძველს, მედიის დისკრედიტაციის და მისდამი საზოგადოების ნდობის შემცირების პროცესში კრემლთან აფილირებული საინფორმაციო წყაროებიც ხომ არ დაკარგავენ ნდობას. მეტიც, რუსული პროპაგანდისთვის მომგებიანია საზოგადოებაში გაჩენილი ნიჰილიზმი და რწმენა, რომ „ყველა გვატყუებს“. ასეთ შემთხვევაში, როცა მედიას აღარ ჰყავს ქომაგი საზოგადოებაში, მისი საბოლოო განადგურებაც უფრო ადვილია, რაც კვლავ კრემლის იმპერიალისტურ მიზნებს უწყობს ხელს.

მედიის წინააღმდეგ რუსული პროპაგანდა სხვადასხვა მეთოდს იყენებს. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მეთოდი, რომელსაც ის არაერთი მიმართულებით იყენებს, მედიის დისკრედიტაციისთვისაც აქტუალურია. კერძოდ, პროპაგანდა აქტიურად მიმართავს იარლიყების მიკვრის ტექნიკას, რომელიც გულისხმობს ადამიანის, ჯგუფის თუ იდეის მიმართ, უკიდურესად უარყოფითი იარლიყის მიწებებას. პროპაგანდის ამ ხერხის მიზანია, ინფორმაციის მიმღებმა არ გამოიკვლიოს, თუ რა ფაქტები დგას ამა თუ იმ იარლიყის მიღმა, ანუ ემოციებმა გადაფაროს არგუმენტირებული მსჯელობა. ამდენად, ეს ტექნიკა აუდიტორიის ემოციებით მანიპულირებასა და მათ საფუძველზე მიღებული ნაჩქარევი, ზედაპირული დასკვნების პროვოცირებას ემყარება. კრემლის პროპაგანდის ერთ-ერთი მთავარი იარლიყი საქართველოში (და არა მხოლოდ) ყველა იმ მედიასაშუალების „სიყალბის გამავრცელებლად,“ „ლიბერალური დიქტატურის დამცველებად,“ „გარყვნილების ხელშემწყობად“ და მრავალი ასეთი ნეგატიური ეპითეტით მოხსენიებაა, რომლებსაც ანტი-რუსული სარედაქციო პოლიტიკა აქვთ და მხარს უჭერენ ლიბერალურ ღირებულებებს. როგორც აღვნიშნეთ, მსგავსი იარლიყების მიკვრა შინაარსისა და არგუმენტების გარეშე ხდება და საბოლოო მიზანს საზოგადოებაში ჯერ ეჭვისა და დაბნეულობის დათესვა, შემდეგ კი, მედიისადმი ნდობის შემცირება წარმოადგენს. ბუნებრივია, ადამიანი ბრმად არ უნდა ენდოს მედიას (მით უმეტეს, რომ ფაქტობრივად არ არსებობს სუბიექტური გავლენებისგან სრულად თავისუფალი მედიასაშუალება) და კრიტიკულად უნდა გაიაზროს მისგან მიღებული გზავნილები. თუმცა, მეორე მხრივ, ეს კრიტიკული აღქმა არ უნდა გადაიზარდოს იმაში, რისკენაც რუსული პროპაგანდა მოგვიწოდებს - მედიისადმი ნდობის სრულ დაკარგვაში, დემოკრატიულ საზოგადოებაში მისი როლის დაკნინებასა და ნიჰილისტურ დამოკიდებულებაში, რომ „ყველა გვატყუებს“. სწორედ ასეთ შემთხვევებში ჩნდება რისკი, არ დავიჯეროთ მედიის მიერ გავრცელებული ზუსტი ფაქტებიც კი და ხელი შევუწყოთ „ალტერნატიული რეალობის“ შექმნას, არ გვადარდებდეს ჟურნალისტებისთვის საკუთარ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტები და არ გვაღელვებდეს, იქნება თუ არა ქვეყანაში მრავალფეროვანი, დემოკრატიული იდეების მხარდამჭერი მედია.

კიდევ ერთი ხერხი, რითაც რუსული პროპაგანდა ტრადიციული მედიის სანდოობის განადგურებას ცდილობს, მათი ბრენდის კოპირება და ამ გზით ყალბი ინფორმაციის გავრცელებაა. დასავლური ავტორიტეტული მედია ხშირად გამხდარა მსგავსი შეტევის მსხვერპლი, როდესაც მათი სახელები, ლოგო, ფერები თუ სხვა საიდენტიფიკაციო მახასიათებლები იმიტირებულია რუსული პროპაგანდის მიერ ანტი-დასავლური, დაბნეულობისა და შიშის შემომტანი სიახლეების გასავრცელებლად. დასავლური, სანდო მედიასაშუალებების გარეკანების გაყალბებამ უფრო დიდი მასშტაბები უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ მიიღო. მსგავსი ყალბი გვერდები მოქმედებენ BBC-ის, CNN-ის, Deutsche Welle-ს და სხვა არაერთი გავლენიანი მედიასაშუალების სახელით და ავრცელებენ გამოგონილ ისტორიებს უკრაინის წინააღმდეგ. აქედან ჩანს, რომ კრემლის პროპაგანდაც კი, ირიბად აღიარებს წამყვანი დასავლური მედიასაშუალებების სანდოობას და იყენებს მათ ბრენდს ყალბი ამბების გასავრცელებლად. ეს ტაქტიკა ერთი მხრივ, პროპაგანდას აძლევს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის საშუალებას, ხოლო მეორე მხრივ, პროპაგანდისტული მასალების გავრცელებით ცდილობს მათი წლების მანძილზე მოპოვებული ავტორიტეტის განადგურებას. ამასთან, მსგავსი მეთოდების გამოყენებით ხდება საინფორმაციო ველის დაბინძურება, რაც მედიის მიმართ საზოგადოების ნეგატიურ განწყობებს აღვივებს და აუდიტორიასა და მედიას შორის გაუცხოებას წარმოშობს.

ზემოაღნიშნულის გარდა, რუსული პროპაგანდა პირდაპირ ესხმის თავს ამა თუ იმ დამკვიდრებულ მედიასაშუალებას და ეჭვქვეშ აყენებს მის მოტივებს. კერძოდ, აჟღერებს ბრალდებებს, რომ ისინი მოქმედებენ პოლიტიკური ან/და ფინანსური ინტერესებიდან გამომდინარე, ემორჩილებიან ე.წ. ელიტებს და არ აშუქებენ საზოგადოების საჭიროებებს. ბუნებრივია, ვერ გამოვრიცხავთ, რომ კონკრეტულ მედიასაშუალებას მართლაც ჰქონდეს პარტიული თუ ფინანსური გავლენა და მასზე დაყრდნობით წარმოებული სარედაქციო პოლიტიკა, თუმცა რუსული პროპაგანდა სწორედ მსგავსი შემთხვევების განზოგადებით, რომელიც პროპაგანდის კიდევ ერთი ხერხია, მთელი მედია სივრცის „ერთ ქვაბში მოხარშვას“ ცდილობს. შეიძლება ითქვას, ამ „ქვაბში“ უფრო მეტად დაბალანსებული მედიასაშუალებები ხვდებიან, ვიდრე პარტიული ინტერესების მქონენი. ეს კიდევ ერთი გზაა საზოგადოებაში ზემოთნახსენები ეჭვისა და ნიჰილიზმის დათესვისკენ, რათა ვიფიქროთ, რომ „ყველა ყოველთვის გვატყუებს“. სწორედ ამ განზოგადების შედეგია რუსეთში მიღებული კანონი „უცხო ქვეყნის აგენტების“ შესახებ, რომელმაც მიღებიდან (2012 წელი) დღემდე, ნაბიჯ-ნაბიჯ აკრძალა ყველა დამოუკიდებელი მედიასაშუალება. ამ კონტექსტში აღსანიშნავია 2023 წლის მარტის მოვლენები საქართველოში, როცა შინაარსობრივად იგივე კანონპროექტის მიღება განიხილებოდა. აქაც, მთავარ და ოფიციალურ არგუმენტად უცხო ქვეყნებიდან დაფინანსებული (მათ შორის) მედიასაშუალებების საქმიანობის გამჭვირვალობა სახელდებოდა, თუმცა, ამავდროულად, იკვეთებოდა მკაფიო სურვილი, გაეჩუმებინათ ქვეყნის დასავლური ორიენტაციის მხარდამჭერი, დაბალანსებული და პოლიტიკურ გავლენებს მიღმა მყოფი მედიასაშუალებები.

რუსული პროპაგანდის დამკვიდრებულ მედიასთან დაპირისპირების კიდევ ერთი მეთოდი მათი მიკროსკოპში გატარება, აქტიური მონიტორინგი, სისუსტეებისა თუ ხარვეზების გამოვლენა და მათზე პროპაგანდისტული კამპანიის აგებაა. ამ კუთხით, განსაკუთრებულ როლს ასრულებენ ინდივიდები, ე.წ. „ინფლუენსერები,“ რომლებსაც სოციალურ ქსელში მეტ-ნაკლები გავლენა აქვთ. ხშირად ისინი საუბრობენ „სწორ ინფორმაციას მოწყურებული“ მოქალაქეების პოზიციიდან და ბრალს დებენ ტრადიციულ მედიას ფაქტების დამალვა-დამახინჯებაში, ხალხის წინააღმდეგ შეთქმულების თეორიებში და ა.შ. ამავდროულად, ისინი იძიებენ „ალტერნატიულ ფაქტებს“ და აწვდიან საზოგადოებას როგორც მედიისგან დამალულ სიმართლეს. თუმცა, ეს „ალტერნატიული ფაქტები“ ხშირად რუსული პროპაგანდის გზავნილები აღმოჩნდება ხოლმე. მსგავსი აქტივობები შეინიშნება ქართულ საინფორმაციო სივრცეშიც. ეს ყველაზე ნათლად კოვიდ-19-ის პანდემიის პერიოდში გამოვლინდა, როცა მსგავსი ინდივიდუალური მომხმარებლები „ამხელდნენ“ ვაქცინების პოტენციურ ზიანს, ადანაშაულებდნენ მედიას მსგავსი ინფორმაციის დამალვაში და სიტუაციას წარმოაჩენდნენ ისე, თითქოს მედია „ადამიანის ჯანმრთელობისთვის საზიანო“ ვაქცინების მიღებას ხელს უწყობდა. ნიშანდობლივია, რომ, ფაქტობრივად, ყველა მსგავსი ე.წ. „ინფლუენსერი“ მოგვიანებით, რუსეთ-უკრაინის ომში, აგრესორის და ომის დანაშაულებში ბრალდებული ქვეყნის - რუსეთის მხარდამჭერი აღმოჩნდა.

მედიის წინააღმდეგ რუსული პროპაგანდის კიდევ ერთ მეთოდს ჟურნალისტების დაცინვა, მათი საქმიანობის არაფრად ჩადგება წარმოადგენს. კონკრეტული ადამიანები თუ პრო-რუსული საინფორმაციო წყაროები ავრცელებენ მედიასაშუალებების ნებისმიერ ხარვეზს და ამაზე აგებენ სარკასტულ გზავნილებს, რომელთა საბოლოო მიზანი საზოგადოების იმაში დარწმუნებაა, რომ „ასეთი ჟურნალისტების ყოლას, ჯობია საერთოდ არ გვყავდეს“. აქვე აღსანიშნავია, რომ ეს მეთოდი არ უნდა აგვერიოს მედიის კრიტიკაში და არ ჩავთვალოთ ისე, თითქოს ჟურნალისტი კრიტიკისგან ხელშეუხებელია. ბუნებრივია, ჟურნალისტები უშვებენ შეცდომებს და მათი კრიტიკაც მნიშვნელოვანია. თუმცა, ერთია არგუმენტირებული კრიტიკა და მეორეა ცალკეული შემთხვევების გამო მთელი მედიის როლის უკიდურესი დაკნინება, მისი მნიშვნელობის ეჭვქვეშ დაყენება და იმის მტკიცება, რომ „ყველაფერი პროპაგანდაა“ (Pomerantsev, Weiss, 2014. გვ. 35).

რთულია იმის თქმა, რა გავლენა აქვს კრემლის ამ ტაქტიკას საზოგადოების აზრზე და მათ ნდობაზე მედიის მიმართ. თუმცა, რუსული საინფორმაციო ომი ამისგან დამოუკიდებლად აგრძელებს მცდელობებს და ქმნის შესაბამის ფონს სხვადასხვა ხერხებით. საქართველოში პროპაგანდისტული მანქანის მუშაობა 2021 წლის 5-6 ივლისს, გასცდა ვერბალური დისკრედიტაციის საზღვრებს და ჟურნალისტების მიმართ ღია აგრესიაში გამოვლინდა. კერძოდ, ამ დღეს ფიზიკურად იძალადეს 50-ზე მეტ ჟურნალისტზე, მათ შორის, ფიზიკურად გაუსწორდნენ  „TV პირველის“ ოპერატორს ლექსო ლაშქარავას, რომელიც რამდენიმე დღის შემდეგ გარდაიცვალა. ნაცემი ჟურნალისტების რაოდენობა აჩვენებს, რომ ისინი წარმოადგენდნენ პირდაპირ სამიზნეს პრო-რუსული დაჯგუფების, „ალტ-ინფოს“ მიერ ორგანიზებული ძალადობის აღმსრულებელთათვის. ძალადობის „გასამართლებლად“ კი, „ჟურნალისტების ან პოლიტიკოსების მხრიდან ეკლესიაზე და ღმერთზე თავდასხმის დაუშვებლობა დასახელდა“ - რაც რუსული პროპაგანდის კლასიკური ნიმუშია. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მსგავსი ტიპის ძალადობას ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა არ იწონებს და ძალადობის ორგანიზატორი „ალტ-ინფო“ დიდი მხარდაჭერით არ გამოირჩევა, თუმცა რუსული პროპაგანდის მიზანი ერთი მხრივ სწორედ იმის წარმოჩენაა, რომ აბსოლუტური უმრავლესობის სახელით ლაპარაკობს და მეორე მხრივ, ცრუ დილემებით დაბნეული და შეშინებული ინდივიდების რიცხვის ზრდა, რის შემდეგაც საბოლოო მტრული მიზნის მიღწევას შეეცდება.

 

სრული დოკუმენტი, შესაბამისი წყაროებით, ბმულებითა და განმარტებებით, იხ. მიმაგრებულ ფაილში.


ავტორ(ებ)ი

დავით ქუტიძე