ავტორიტარიზმის კონსოლიდაციის მოსახლეობის დაკვეთად გამოცხადების მარცხი
წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩეველთან გარიგება რამდენიმე მთავარ პირობაზე დააფუძნა: ოპოზიციის გაუქმება; მართლმადიდებლური ეკლესიის გაძლიერებასთან დაკავშირებით, ბუნდოვანი შესაძლებლობების შეთავაზება; გამოხატვის თავისუფლებაზე შეუზღუდავი კონტროლის დაწესება, რომელიც შეფუთული იყო ოჯახის სიწმინდის სახელით; საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის დასჯა; ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით, გაურკვეველი უფლებამოსილების განსახორციელებლად, ლეგიტიმაციის მინიჭების მოთხოვნა.
მარტივად რომ ვთქვათ, „ქართული ოცნება“, მმართველობაში ყოფნის, განსაკუთრებით, ბოლო პერიოდში, ამომრჩეველს ჰპირდებოდა, რომ დაწყებულ თანმიმდევრულ კურსს გააგრძელებდა და ლოგიკური დასასრულისთვის - ავტორიტარიზმის კონსტიტუციურად გასაფორმებლად - სახალხო ლეგიტიმაციას ითხოვდა.
2024 წლის 26-მა ოქტომბერმა ცხადყო, რომ არათუ „ქართული ოცნების“ ე.წ. ნამდვილ ამომრჩეველს არ მიუცია მისთვის ამ სახის ლეგიტიმაცია, არამედ, ტოტალურად მანიპულირებული არჩევნების ფონზე, ყველა საკვანძო ინსტიტუტის ძალისხმევითაც კი, საკონსტიტუციო უმრავლესობა (113 მანდატი) ვერ გაიფორმა.
ცესკოს 16 ნოემბრის შემაჯამებელი ოქმით, რომლის დამტკიცებაში „ქართული ოცნების“ გარდა, არც ერთი ბარიერგადალახული პარტიის წარმომადგენელი არ მონაწილეობდა, „ქართულმა ოცნებამ“ 1 120 053 ხმა მიიღო, რაც ნამდვილი ხმების (2 076 779) 53.93%-ს შეადგენს. თავის მხრივ, ამ სახის მხარდაჭერა რეგისტრირებულ ამომრჩეველთა (3 495 789) ხმების მხოლოდ 32%-ს წარმოადგენს.
მანდატების განაწილების ფორმულის მიხედვით, ხმების ის რაოდენობა, რომელიც, ცესკოს ოქმის შედეგად, „ქართულ ოცნებას“ მიენიჭა, მხოლოდ 88 მანდატში ითარგმნება. ერთი მანდატი კი გაუნაწილებელი მანდატების ხარჯზე ემატება. საყურადღებოა, რომ მორჩენილი მანდატების უფრო სამართლიანი წესით (უდიდესი ნაშთის გათვალისწინებით) განაწილების შემთხვევაში (და არა - იმ პარტიებისთვის თანმიმდევრობით მინიჭებით, რომელთაც უფრო მაღალი მხარდაჭერა მოიპოვეს), „ქართულ ოცნებას“ დამატებით მანდატი არ ერგებოდა.
შედეგად, ამ განაწილებითაც კი, 150 მანდატიდან, „ქართული ოცნება“ მხოლოდ 89 მანდატს იღებს, რაც მანდატების 59%-ს შეადგენს (5 პროცენტული პუნქტი ცესკოს მიერ გამოცხადებული „ქართული ოცნების“ მხარდაჭერის ბონუსს წარმოადგენს). ეს კი ნიშნავს, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის 89 წარმომადგენელი მე-11 მოწვევის პარლამენტს უფლებამოსილად გამოაცხადებს, საკონსტიტუციო ცვლილებების ერთპარტიულად განხორციელების ლეგიტიმაცია „ქართული ოცნების“ ოცნებად დარჩება.
ამასთან, „ქართული ოცნება“ ამ ეტაპზე წარმოადგენს ერთადერთ პოლიტიკურ ძალას, რომელიც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს სამართლიანად და თავისუფლად ჩატარებულად მიიჩნევს და ამ ლოგიკით აღიარებს, რომ ქართველმა ამომრჩეველმა მას პარლამენტში მხოლოდ 89 დეპუტატის შეყვანის უფლებამოსილება მისცა.
შესაბამისად, თუ არჩევნების შედეგს „ქართული ოცნების“ პერსპექტივიდან შევხედავთ, ის აღიარებს, რომ ქართველმა ამომრჩეველმა, როგორც მინიმუმ, მას არ მისცა 3/5-ის უმრავლესობა (90 მანდატი), რაც საჭიროა სახალხო დამცველის დანიშვნის; კონსტიტუციური შეთანხმების დამტკიცების; საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევის უფლებამოსილებების ერთპარტიულად განსახორციელებლად.
შესაბამისად, საუბარიც ზედმეტია იმ უფლებამოსილებებზე, რომლებსაც შედარებით უფრო მაღალი ლეგიტიმაცია (2/3-ის და 3/4-ის უმრავლესობა) სჭირდება. ასეთი უფლებამოსილებებიდან შეიძლება გამოვყოთ პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენება იმპიჩმენტის წესით (100 ხმა); საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით, კონსტიტუციური კანონის მიღება (100 ხმა); სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობასთან ან სახელმწიფო საზღვრის შეცვლასთან დაკავშირებული საერთაშორისო ხელშეკრულებების რატიფიცირება, დენონსირება ან გაუქმება (113 ხმა) და საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელება (113 ხმა).
ჩამოთვლილი უფლებამოსილებების გათვალისწინებით, ჩნდება განცდა, რომ „ქართული ოცნებისთვის“ პრინციპულად მნიშვნელოვანი იყო, დამატებით ერთი მანდატი მაინც მოეპოვებინა, რათა, სულ მცირე, ამ უფლებამოსილებების გარეშე არ დარჩენილიყო. თუმცა საინტერესოა, ინსტიტუტების მიტაცების იმ ხარისხის გათვალისწინებით, რომელიც უკვე მიღწეულია რეჟიმის მიერ, არსებითად შეცვლის, თუ - არა status quo-ს ამ უფლებამოსილებების გარეშე „ქართული ოცნების“ დატოვება.
ეს კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სასამართლო ხელისუფლებასთან მიმართებით, რადგან „ქართული ოცნება“, მომდევნო ოთხწლიან პერიოდში, მთავარ დასაყრდენად სწორედ სასამართლო ხელისუფლებას განიხილავს და უკვე აანონსებს იმ დაპირებების (მათ შორის, ოპოზიციის გაუქმების) შესრულებას სასამართლოს დახმარებით, რომელთა ლეგიტიმაციაც არც ხალხს მიუცია და ვერც მანიპულაციების კომბინირებული ეფექტის შედეგად მიიღო.
მომდევნო ოთხი წელი მნიშვნელოვანია საკონსტიტუციო სასამართლოსთვის, რადგან ამ პერიოდში მისი შემადგენლობის 2/3 უნდა გაახლდეს. კერძოდ, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს, მერაბ ტურავას, რომელიც პარლამენტის მიერ არის დანიშნული, უფლებამოსილება 2025 წლის მარტში ეწურება. ეს კი მისი სამოსამართლო უფლებამოსილების ხისტად შეწყვეტას ნიშნავს, მიუხედავად იმისა, ჩაანაცვლებს, თუ - არა მას სხვა მოსამართლე.
ასეთ შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლო მუშაობას გააგრძელებს 8 მოსამართლის შემადგენლობით, რომელთაგან ერთი სასამართლოს თავმჯდომარე იქნება, დანარჩენი 7 მოსამართლე ორ კოლეგიაში გადანაწილდება. კოლეგიის დონეზე, ამ დრომდე „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისთვის წინააღმდეგობის გამწევი სამი მოსამართლის დომინაცია, თავმჯდომარის მიერ (რომლის დასანიშნად საკმარისი უმრავლესობაც ქართული ოცნებისთვის ლოიალისტურად განწყობილ მოსამართლეებს აქვთ) კოლეგიების შემადგენლობის განსაზღვრის უფლებამოსილებით იქნება დაზღვეული. კერძოდ, სამი მოსამართლისგან შემდგარ კოლეგიაში ვერ მოხვდება ორი „ურჩი“ მოსამართლე ერთად. შესაბამისად, მათ არც ამ შეცვლილ პირობებში ექნებათ გავლენა საბოლოო გადაწყვეტილებაზე. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ სამივე მოსამართლის უფლებამოსილების ვადა ერთდროულად, 2026 წლის სექტემბერში, იწურება, რის შედეგადაც სასამართლოში განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლე, დიდი ალბათობით, არ დარჩება. მათ ჩამნაცვლებელს (ორ წევრს) დანიშნავს ახალი წესით არჩეული პრეზიდენტი და უზენაესი სასამართლო (1 მოსამართლეს).
ასეთ მოცემულობაში, „ქართული ოცნებისთვის“ საფრთხეს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ პარლამენტის მიერ არჩეულ დანარჩენ ორ წევრსაც, მანანა კობახიძესა და ევა გოცირიძეს, შესაბამისად, 2027 წლისა და 2028 წლის დასაწყისში ეწურებათ უფლებამოსილების ვადა. მანანა კობახიძისგან განსხვავებით, რომელსაც უფლებამოსილება 10-წლიანი ვადის გასვლისთანავე შეუწყდება, ევა გოცირიძის უფლებამოსილება გახანგრძლივდება მანამ, სანამ მისი ჩამნაცვლებელი არ მოიძებნება. ეს კი შესაძლებელია საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის გადაწყვეტილებით, რომლის მიხედვითაც, იმ შემთხვევაში, როცა კანონით დადგენილ ვადაში ახალი წევრი ვერ ან არ აირჩევა და ეს სათანადო კვორუმის არარსებობის გამო შეუძლებელს ხდის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ უფლებამოსილების განხორციელებას, არაკონსტიტუციურია მოსამართლის უფლებამოსილების შეწყვეტა 10-წლიანი ვადის ამოწურვისთანავე. შესაბამისად, ამ სცენარით, სასამართლოს მუშაობას საფრთხე არ შეექმნება, იმ დაშვებით, რომ ინდივიდუალური მოსამართლეები „ნდობას“ გაამართლებენ.
არც ის არის გამორიცხული, რომ მერაბ ტურავას სამოსამართლო უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე, განხორციელდეს საკანონმდებლო ცვლილებები, რომელთა საფუძველზეც, გაუქმდება უფლებამოსილების ავტომატური შეწყვეტის წესი (რომელიც, თავის დროზე, „ქართულმა ოცნებამ“ სწორედ კრიტიკულად განწყობილი მოსამართლეების ჩამოსაშორებლად მიიღო) და ამ გზით, „ქართული ოცნება“ განსაკუთრებული ნდობით აღჭურვილ სამივე მოსამართლეს შეინარჩუნებს.
მეტიც, ამ სახის ცვლილება შეიძლება განვიხილოთ, როგორც „ჯილდო მექანიზმი“, რომლის სანაცვლოდაც რეჟიმმა შეიძლება საკონსტიტუციო სასამართლო გამოიყენოს საკონსტიტუციო ცვლილებების ჩამნაცვლებელ მექანიზმად - მოსთხოვოს არაკონსტიტუციური ქმედებების საფუძვლისა თუ არარსებული უფლებამოსილებების კონსტიტუციაში ამოკითხვა. მათ შორის, ამ სახის ცვლილებების რესურსის არსებობა შეიძლება იქცეს სათანადო პასუხის დაჩქარებულად და უყოყმანოდ გაცემის წამახალისებელ მექანიზმად, პრეზიდენტის მიმდინარე საკონსტიტუციო სარჩელზე არჩევნების არალეგიტიმურად ცნობასთან დაკავშირებით.
ამ დაშვებების გათვალისწინებით, შემოთავაზებული მსჯელობიდან ჩანს, რომ მანდატების სიმცირე არსებით გავლენას ვერ მოახდენს status quo-ზე. მეტიც, ამ პერიოდში „ქართულ ოცნებას“ ეძლევა შესაძლებლობა, საკონსტიტუციო სასამართლო სრულად დააკომპლექტოს თავისი ლოიალისტებით. ამისთვის კი „ქართლ ოცნებას“ არც იმაზე მეტი მანდატი სჭირდება, ვიდრე ამ მონაცემებით აქვს და არც - რომელიმე პარტიასთან ვაჭრობა.
ვითარების არსებით ცვლილებას არც საერთო სასამართლოების სისტემაში უნდა ველოდოთ. მართალია, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ხუთ არამოსამართლე წევრს უფლებამოსილება 2027 წელს ეწურება, „ქართულ ოცნებას“ კი მათი ჩამნაცვლებლების არჩევის უფლებამოსილება არ ექნება, თუმცა ეს პირველი შემთხვევა არაა. იუსტიციის უმაღლესი საბჭო, თითქმის ორი წლის განმავლობაში, მხოლოდ 10 მოსამართლით, 5 არამოსამართლე წევრის გარეშე, ფუნქციონირებდა. ეს კი „ქართულ ოცნებას“ განსაკუთრებულ დისკომფორტს არ უქმნიდა მანამ, სანამ წევრების არჩევის საჭიროება არ მოხვდა კანდიდატის სტატუსის მისაღებად ევროკომისიის რეკომენდაციებში.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მართალია „ქართული ოცნებისთვის“ მეტად კომფორტული იქნებოდა უფრო დამაჯერებელი უმრავლესობის გაფორმება, თუმცა, ამ მოცემულობითაც, ფაქტობრივი მდგომარეობის არსებითი ცვლილება ნაკლებ სავარაუდოა. ცხადია, ასეთ ვითარებაში, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ინდივიდუალური წინააღმდეგობები და „ქართული ოცნებისთვის“ ცალკეული მოსამართლეების ლოიალურობის შენარჩუნების ხარჯები მნიშვნელოვნად იზრდება. თუმცა, როგორც აღინიშნა, ინსტიტუტების მიტაცების იმ ხარისხით, რომელსაც 12 წლის განმავლობაში წარმატებით მიაღწია, ნაკლებ სავარაუდოა, რომ ინდივიდუალურ მოსამართლეებში კეთილსინდისიერების გამოღვიძების ცალკეულმა შემთხვევებმა რეჟიმის გავლენა არსებითად შეარყიოს. ამ ვარაუდს აძლიერებს რეჟიმის ხელთ არსებული რეპრესიული მექანიზმების მდიდარი არსენალი, რომელიც აქტიურ ფაზაშია გადაყვანილი.
ერთადერთი, რისთვისაც „ქართულ ოცნებას“ შეიძლება 89 მანდატი განსაკუთრებულ დისკომფორტს უქმნიდეს, არის მისი წინასაარჩევნო რიტორიკის შერყევა და „ქუდზე კაცის“ კამპანიის მარცხი. „ქართულ ოცნებას“ ღიად აქვს გაცხადებული ავტორიტარიზმის კონსტიტუციურად გაფორმების ოთხწლიანი გეგმა, რომლის ნაწილსაც მისი ხალხის ნებად გაფორმება წარმადგენს. თუმცა ამ უკანასკნელ ნაწილში „ქართულმა ოცნებამ“ მარცხი განიცადა, რადგან ასეთი სახის ლეგიტიმაცია ვერც ამომრჩევლისგან მიიღო და ვერც მანიპულაციებისა და მიტაცებული ინსტიტუტების დახმარებით გაიფორმა.
სრული დოკუმენტი, შესაბამისი წყაროებით, ბმულებითა და განმარტებებით, იხ. მიმაგრებულ ფაილში.