პუბლიკაციები

როცა მეამინდე შტორმისას გღალატობს - სამოქალაქო საზოგადოება და საკონსტიტუციო კონტროლის ბოროტად გამოყენება

ფოტო: Shutterstock

ერთი შეხედვით, ინტუიციის საწინააღმდეგო დაკვირვებაა, თუმცა, არცთუ  ისე უსაფუძვლო, რომ დახურული ავტოკრატიული რეჟიმიდან უფრო პირდაპირი გზა შეიძლება მოიძებნოს კონსტიტუციურ დემოკრატიაზე გადასასვლელად, ვიდრე ჰიბრიდული ავტოკრატიული რეჟიმებიდან. ეს მოსაზრება ეყრდნობა მნიშვნელოვან მორალურ-პოლიტიკურ მახასიათებელს, რომელიც დახურულ ავტოკრატიებს განასხვავებს ისეთი ჰიბრიდული ნათესავებისგან, როგორიცაა საარჩევნო ან კონკურენტული ავტოკრატია. 

კერძოდ, ჰიბრიდული ავტოკრატიები ბოროტად იყენებენ კონსტიტუციური დემოკრატიების ინსტიტუტებსა და ღირებულებებს საკუთარი პოლიტიკური საჭიროებების დასაკმაყოფილებლად და ლეგიტიმაციის დეფიციტის შესავსებად. ბოროტად გამოყენების პრაქტიკა აყალბებს ამ ინსტიტუტებისა და ღირებულებების ორიგინალურ მნიშვნელობას საზოგადოების სააზროვნო-სამსჯელო სივრცესა და ენაში, შესაბამისად, ძირშივე ხელს უშლის ამ ინსტიტუტებისა და ღირებულებების ავთენტიკური შინაარსის გაზიარებასა და პრაქტიკაში განხორციელებას. 

ავტოკრატია, მისი ერთ-ერთი გავლენიანი განსაზღვრებით, რომელიც ჰანა არენდტს ეკუთვნის, არსებითად ლეგიტიმაცია-ნაკლული რეჟიმია. ავტორიტარული რეპრესიაც სწორედ ლეგიტიმაციის ნაკლულობის სიმპტომი და ამ მომაკვდინებელი სენისგან რეჟიმის გადარჩენის განწირული მცდელობაა. დახურული ავტორიტარული რეჟიმი ვერ მალავს რეჟიმის სიშიშველს, ის ვერ გვატყუებს საკუთარ არალეგიტიმურობაში. ყველაზე მეტი, რისი გაკეთებაც დახურულ ავტოკრატიას ამ მხრივ შეუძლია, კანონიერებაზე მოჭიდებაა, პრეტენზიაზე, რომ რეჟიმის მიერ თავისუფლების გაუთავებელი და მძიმე შეზღუდვა კანონიერია. ამის მისაღწევად ავტორიტარული „კანონის უზენაესობა“ ცდილობს, პარაზიტივით მიეკროს სამართლის უზენაესობის იდეალს, თუმცა, ყველაზე მეტი, რაც ამ საქმიდან შეიძლება გამოვიდეს, ადამიანების გათანასწორებაა „კანონის საფუძველზე“ რეპრესიაში. 

თუ დახურული ავტოკრატია ლეგიტიმაციის დეფიციტის ამოსავსებად მხოლოდ სამართლის უზენაესობის იდეალს იყენებს ბოროტად, ჰიბრიდული ავტოკრატიები ამ მხრივ გაცილებით დახვეწილები არიან. ეს უკანასკნელნი ბოროტად იყენებენ კონსტიტუციური დემოკრატიის ყველა მნიშვნელოვან ღირებულებასა, თუ ინსტიტუტს - დაწყებული არჩევნებით და დამთავრებული საკონსტიტუციო სასამართლო კონტროლით. 

ბოროტად გამოყენება გულისხმობს კონსტიტუციური დემოკრატიის ინსტიტუტებისა და ღირებულებების იმ ნორმატიული მიზნებისგან (telos) გამოფიტვას, რომლებიც მათ კონსტიტუციური დემოკრატიის არქიტექტურაში გააჩნიათ. ამის ნაცვლად, ჰიბრიდულ ავტოკრატიებში კონსტიტუციური დემოკრატიის ინსტიტუტები და ღირებულებები რეჟიმის პოლიტიკურ საჭიროებებს ემსახურებიან, თუმცა, ქმნიან მოჩვენებითობას, რომ იმავე მიზნებს ემსახურებიან, რასაც კონსტიტუციურ დემოკრატიებში მსგავსი ინსტიტუტები და ღირებულებები. ეთიკური თვალსაზრისით, ჰიბრიდულ ავტოკრატიებში კონსტიტუციური დემოკრატიის ღირებულებებისა და ინსტიტუციების ბოროტად გამოყენების პრაქტიკა ტყუილზეა დაფუძნებული. 

სიცრუეზე დაფუძნებული საჯარო-პოლიტიკური „ეთოსი“ არა მხოლოდ ნოყიერ ნიადაგს უქმნის ავტოკრატიის სტაბილურობას, არამედ საფუძველშივე ამზადებს კონსტიტუციურ დემოკრატიაზე გადასვლის მცდელობებისთვის ძირის გამოთხრასაც. ჰიბრიდული ავტოკრატიიდან თავის დაღწევა იმიტომაცაა უფრო რთული, რომ საზოგადოების ცნობიერებაში, მის სამეტყველო და სააზროვნო ენასა და ველში, წარმატებით ამკვიდრებს კონსტიტუციური დემოკრატიის ღირებულებებისა და ინსტიტუტების გაუკუღმართებულ შინაარსობრივ აღქმას. 

ადამიანები იჯერებენ, რომ ამ ღირებულებებსა და ინსტიტუტებს მართლაც ის შინაარსი აქვთ და იმ შედეგების მისაღწევად გამოიყენება კონსტიტუციურ დემოკრატიებშიც, რასაც ისინი ჰიბრიდულ ავტოკრატიებში საკუთარი გამოცდილებით აღიქვამენ. მიუხედავად იმისა, რომ ჰიბრიდულ ავტოკრატიებში ძალადობის მასშტაბი არასდროს არის ისეთი, რომ ტოტალიტარული რეჟიმების მსგავსად მიაღწიოს რეალობის სრულ ფალსიფიკაციას, ენისა და აზროვნების ველის ტოტალურ ძალადობრივ გარდაქმნასა და გაყალბებას, მისი „რბილი“, არაპირდაპირი, დამარწმუნებელი მიდგომები არანაკლებ სახიფათოა. 

სახიფათოა იმდენად, რამდენადაც კონსტიტუციური დემოკრატიისთვის დამახასიათებელი ინსტიტუციური პრაქტიკების (საყოველთაო, პერიოდული არჩევნები, საკონსტიტუციო სასამართლო კონტროლი) მუშაობაში მონაწილეობის შესაძლებლობის მიცემით, ადამიანებს უქმნის ილუზიას, რომ მათ თავისთვის სასიკეთო შედეგების მისაღწევად გამოიყენებენ და არა - რეჟიმისთვის სასარგებლოდ. ამ ილუზიის გასამყარებლად, ჰიბრიდული რეჟიმი შეიძლება მცირე დათმობებზეც კი წავიდეს, თუმცა, ბოროტად გამოყენების პრაქტიკაზე უარს არ ამბობს. ეს ინსტიტუციური პრაქტიკები საბოლოოდ მაინც რეჟიმისთვის ხელსაყრელ შედეგებზე გადიან. 

ბოროტად გამოყენების პირობებში არსებითად იცვლება ბოროტად გამოყენებული ინსტიტუტებისა და ღირებულებების შინაარსიც ამის საწინააღმდეგო მოჩვენებითობების ფაბრიკაციის მიუხედავად. ასე მაგალითად, არჩევნები ჰიბრიდულ ავტოკრატიაში კარგავს ძალაუფლების ლეგიტიმაციის, მმართველთა მონაცვლეობის, საჯარო პოლიტიკის დღის წესრიგის დადგენისა და გონივრული განსჯის საფუძველზე ჩამოყალიბების ფუნქციებს. ამის ნაცვლად არჩევნები ხდება რეჟიმისადმი მხარდაჭერის სახალხო აკლამაციის პერიოდული თეატრალიზებული სანახაობა.

კონსტიტუციური უფლებებიც კი, ბოროტად გამოყენების პირობებში, რეჟიმის მიზნებს სრულად ექვემდებარება. ჰიბრიდული ავტოკრატიები აქ განსაკუთრებით ნაყოფიერად იყენებენ როგორც წერილობით კონსტიტუციებში უხვად ჩაწერილ უფლებებს, ისე მათ შერჩევით, რეჟიმის პოლიტიკური იმპერატივების საფუძველზე განმარტებასა და გამოყენებას ლოიალისტი საკონსტიტუციო მოსამართლეებისგან. საკონსტიტუციო სასამართლოები ჰიბრიდულ ავტოკრატიებში რეჟიმისთვის ლეგიტიმაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმწოდებლები არიან. 

ამ ფუნქციას საკონსტიტუციო სასამართლოები ყოველთვის კონსტიტუციური დემოკრატიის ნორმტიული მიზნებისა და იდეალების ღიად და აშკარად დარღვევით არ ასრულებენ. ბოროტად გამოყენების მთელი ბოროტება სწორედ იმაშია, რომ ისინი ცდილობენ კონსტიტუციური დემოკრატიის იდეალებისთვის ძირის გამოთხრა ავტოკრატიული რეჟიმის მიმდინარე პოლიტიკური საჭიროებების მისაღწევად წარმოაჩინონ, როგორც ამ იდეალების რეალიზაცია. 

ჰიბრიდულ ავტოკრატიებში საკონსტიტუციო კონტროლის ბოროტად გამოყენების მდიდარმა გამოცდილებამ ასეთი პრაქტიკის მრვალფეროვანი ფორმები შექმნა. საკონსტიტუციო სასამართლოები არამხოლოდ პირდაპირ ანიჭებენ კონსტიტუციურობის საფარველს რეჟიმის ყველაზე ოდიოზურ რეპრესიულ აქტებს, არამედ მიმართავენ სტრატეგიული გვერდის ავლისა და დუმილის მეთოდებსაც. მაგალითისთვის, ისინი იყენებენ პროცედურულ საბაბებს, რათა დროულად არ გადაწყვიტონ რეჟიმის ინტერესებით მოხაზულ წითელ ხაზებს მიღმა მოქცეული საქმეები. ეს უკანასკნელი მეთოდები საკონსტიტუციო კონტროლის ბოროტად გამოყენების „სუსტ“ ფორმებს მიეკუთვნება, როდესაც რეჟიმის ქმედებებს კონსტიტუციური ლეგიტიმაცია პირდაპირი გზებით არ მიენიჭება და საკონსტიტუციო სასამართლო ჩაურევლობით ქმნის რეჟიმის მოქმედების თავისუფლებისთვის სივრცეს. 

ჩვენ მიჩვეულნი ვართ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საკონსტიტუციო კონტროლის ბოროტად გამოყენების სუსტი ფორმის აქტიურ მოხმარებას პრაქტიკაში. ბოლო ასეთი მნიშვნელოვანი მაგალითი არის მასობრივი მოსმენების საწინააღმდეგო საზოგადოებრივი კამპანიის ფარგლებში შეტანილი ასობით სარჩელის უკვე მეოთხე წელია გადაუწყვეტად დატოვება. როდესაც დავის საგანი არის სახელმწიფო უსაფრთხოების პოლიტიზებული სამსახურის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების არხებზე პირდაპირი წვდომა, რომლითაც  ამ უკანასკნელის ხელში უკონტროლო მასობრივი მოსმენისა და ზედამხედველობის შესაძლებლობები იყრის თავს, შეუძლებელია საქმის სირთულემ ან სასამართლოს მიერ საქმეთა პრიორიტიზაციის დისკრეციამ მოგვცენ ისეთი თანმიმდევრული გამართლება, რომელიც სასამართლოს მიერ ამ საქმეში საკონსტიტუციო კონტროლის ბოროტად  გამოყენების ბრალდებას გააქარწყლებდა.  

საკონსტიტუციო კონტროლის ბოროტად გამოყენების სუსტ ფორმაზე დაყრდნობამ და მოკლე პერიოდმა 2012-2016 წლებში, როდესაც „ქართული ოცნების“ არალიბერალურ რეჟიმს საკონსტიტუციო სასამართლოზე კონტროლი არ ჰქონდა კონსოლიდირებული,  სასამართლოს გაუჩინა შესაძლებლობა, გასულიყო რეჟიმის მიერ მოხაზულ წითელ ხაზებს მიღმა და ემუშავა საზოგადოებრივი ნდობისა და ლეგიტიმაციის კაპიტალის შექმნაზე. სწორედ 2012-2016 წლებში, პოლიტიკური რეჟიმისგან მნიშვნელოვანმა დამოუკიდებლობამ, სასამართლოს მისცა შესაძლებლობა, მიეღო გადაწყვეტილებების სერია, რომელიც იცავდა და აფართოებდა კონსტიტუციურ უფლებებს და ზღუდავდა პოლიტიკური ხელისუფლების ინსტიტუტების თვითნებობას. 

იმავე პერიოდში სასამართლოს მაშინდელმა ხელმძღვანელობამ დიდი სამუშაო გასწია იმისათვის, რომ სამოქალაქო საზოგადოების შიგნით, ძირითადად უფლებებისა და დემოკრატიული მმართველობის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის, შეექმნა საკონსტიტუციო სასამართლოს მხარდამჭერი ქსელი. ქსელის შემადგენელი ორგანიზაციები იყვნენ უმთავრესად იმ სტრატეგიული სამართალწარმოებების წამომწყებნი, რომლითაც სასამართლომ თავისი იურისპრუდენციისა და როლის არსებითად გაუმჯობესებას მიაღწია. 

სასამართლოს მხარდამჭერმა ამ ქსელმა სამოქალაქო საზოგადოების შიგნით გაამყარა აღქმა, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ყალიბდებოდა, როგორც დამოუკიდებელი კონსტიტუციური ინსტიტუტი, რომელიც სხვა სახელისუფლებო ინსტიტუტებისგან განსხვავებით, ყველაზე მეტად და სწრაფად უახლოვდებოდა კონსტიტუციური დემოკრატიის იდეალების მსგავსად მუშაობის სტანდარტს. სასამართლოს მხარდამჭერმა ამ ქსელმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა 2016 წელს „ქართული ოცნების“ მიერ საკონსტიტუციო სასამართლოზე კონტროლის დამყარების წინააღმდეგ ბრძოლაში, თუმცა, ეს მცდელობა უშედეგოდ დასრულდა.

სამწუხაროდ, სამოქალაქო საზოგადოების ამ ქსელში ეს ილუზია შენარჩუნდა მას შემდეგაც, რაც ყველასთვის ცხადი იყო, რომ 2016 წელს სასამართლო „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ კონტროლს დაექვემდებარა. ჩუმი კონსენსუსი, რომელიც მაშინ ჩამოყალიბდა, ფსონს დებდა იმაზე, რომ ხელი შეეწყო შეენარჩუნებინა სასამართლოს მიერ მოპოვებული მყიფე საზოგადოებრივი ნდობის რესურსი, იმ იმედით, რომ სასამართლო „რეჟიმის ჯარისკაცად“ არ გადაიქცეოდა. 

ამას ხელი შეუწყო 2016-2020 წლებში სასამართლოს ხელმძღვანელობაში ძველი შემადგენლობის იმ მოსამართლეების ყოფნამ, რომლებიც 2016 წელს პოლიტიკურ რეჟიმთან თანამშრომლობის „პრაგმატულ“ საფუძვლად სასამართლოს ინსტიტუციურ გადარჩენას ასახელებდნენ. ამ წლებში ისინი მართლაც ცდილობდნენ, რომ ამ „პრაგმატული გამართლების“ ნარატივისთვის საფუძველი არ გამოეცალათ და ერიდებოდნენ პოლიტიკური რეჟიმის „ჯარისკაცებად“ ღიად ქცევას. 

მდგომარეობა რადიკალურად შეიცვალა 2020 წელს, როდესაც პოლიტიკურმა რეჟიმმა შეძლო სასამართლოს უმრავლესობისა და ხელმძღვანელობის უპირობო ლოიალისტებით, საკუთარი ჯარისკაცებით დაკომპლექტება.  ამას მოჰყვა სასამართლოს სწრაფი გადაწყობა საკონსტიტუციო კონტროლის ბოროტად გამოყენების „სუსტი“ ფორმიდან „ძლიერ“ ფორმაზე, სადაც რეჟიმის პოლიტიკური საჭიროებებისა და იმპერატივებისთვის კონსტიტუციური ლეგიტიმაციის მინიჭება უკვე პირდაპირ და ღიად ხდება. სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც კონსტიტუციურად გამართლდა საგანგებო მდგომარეობის გარეშე მთავრობის დირექტივებით მართვისა და ადამიანის უფლებების თვითნებურად შეზღუდვის „უფლებამოსილების საკანონმდებლო დელეგირება“ ამ მოვლენის მკაფიო დადასტურებაა. 

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა სასამართლოს მხარდამჭერი ქსელიდან მკაცრად დაგმეს ეს გადაწყვეტილება. თუმცა, არსებული ვითარება უფრო მეტს, კერძოდ კი სტრატეგიულ რეორიენტაციას მოითხოვს. უფრო ზუსტად, ქსელის შემადგენელმა სამოქალაქო ორგანიზაციებმა თვალი უნდა გაუსწორონ და საჯაროდ აღიარონ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საკონსტიტუციო კონტროლის ბოროტად გამოყენების ძლიერი ფორმის გამოყენების რეალობა. 

ამისთვის მათ საჯაროდ და გულწრფელად უარი უნდა თქვან ილუზიაზე, რომ ეს სასამართლო კონსტიტუციური დემოკრატიის იდეალებისთვის მომუშავე და მასთან ყველაზე სწრაფად დაახლოებადი ინსტიტუტია. ეს არ ნიშნავს იმას, რომ თუნდაც ჰიბრიდული ავტოკრატიის საკონსტიტუციო სასამართლო საერთოდ უვარგისი ხდება უფლებებისათვის ბრძოლაში. პოლიტიკურმა რეჟიმმა შესაძლოა, გააჩინოს ცალკეული დათმობების შესაძლებლობაც საკონსტიტუციო სამართალწარმოების გზით, თუმცა, უნდა გვახსოვდეს, რომ ეს რეჟიმისთვის პოლიტიკურ ბრძოლაში გამოგლეჯილი დათმობაა და არაფერი აქვს საერთო კონსტიტუციური უფლებების აღსრულებასთან საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ. 

კონსტიტუციურ დემოკრატიებში სასამართლოს როლს მრავალი მეტაფორით აღწერენ. ყველაზე გავრცელებული, მათ შორის ჩვენშიც, მცველის მეტაფორაა. სასამართლო, როგორც კონსტიტუციური დემოკრატიის იდეალის მცველი, მოიცავს ჭეშმარიტების დიდ მარცვალსაც, თუმცა, მეორე მხრივ აჩენს არარეალისტურ მოლოდინებსაც. საკონსტიტუციო მოსამართლეები, რომლებიც თანხმდებიან, მონაწილეობა მიიღონ ჰიბრიდული ავტოკრატიების თეატრულ სანახაობაში, ცხადია, მარცხდებიან, როგორც კონსტიტუციური დემოკრატიის იდეალების მცველები. 

თუმცა, ამავე დროს, მცველის მეტაფორა შეცდომით გვაფიქრებინებს, რომ საკონსტიტუციო მოსამართლეებს სასამართლოს ავტოკრატიულ ბოროტად გამოყენებასთან ყოველთვის აქტიური წინააღმდეგობა მოეთხოვებათ, გვაფიქრებინებს, რომ კონსტიტუციური დემოკრატიის იდეალი საკონსტიტუციო მოსამართლისგან გმირობას მოითხოვს. 

ამისგან განსხვავებით, საკონსტიტუციო მოსამართლის როლი გაცილებით მოკრძალებულ მეტაფორაშიც შეგვიძლია გადმოვცეთ, კერძოდ, მეამინდის მეტაფორაში. საკონსტიტუციო მოსამართლე, განსაკუთრებით ავტოკრატიულ რეჟიმებში, შეიძლება, ყოველთვის ვერ ახერხებდეს აქტიურად წინ აღუდგეს რეჟიმის მიერ საკონსტიტუციო კონტროლის საკუთარი მიზნებისთვის ინსტრუმენტალიზაციას. მათი მთავარი ჩავარდნა არა გმირული წინააღმდეგობის არ/ვერ გაწევა, არამედ სიცრუეში აქტიური თანამონაწილეობაა. 

მეამინდე მოსამართლე შეიძლება ვერ აჩერებდეს შტორმს, რომელიც ავტორიტარული რეჟიმის თვითნებობას წარმოგვიჩენს და გვიმართლებს, როგორც კონსტიტუციური დემოკრატიის იდეალების განხორციელებად, თუმცა, საჯაროდ გვეუბნება და გვაფრთხილებს რომ შტორმში ვართ, რომ ავტოკრატიული რეჟიმი კონსტიტუციის იდეალებს ბოროტად იყენებს. 

კონსტიტუციური დემოკრატიის გაგებით, არ არსებობს იმაზე დამანგრეველი და აპოკალიპტური შტორმი, ვიდრე ეს აღმასრულებელი ხელისუფლებისთვის ადამიანის თავისუფლების თვითნებური შეზღუდვის უკონტროლო ძალაუფლების მინიჭებაა. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საზოგადოებრივი ჯანდაცვის კანონით გათვალისწინებულ უკონტროლო დელეგირებაზე გვეუბნება, რომ სინამდვილეში შტორმში არ ვიმყოფებით, რომ ცაზე კონსტიტუციური დემოკრატიის ნათელი იდეალები კაშკაშებენ. სასამართლო გვატყუებს და ამაშია მისი მთავარი ჩავარდნა, ღალატი, რომელსაც ვერ ანეიტრალებს მოსამართლე კვერენჩხილაძის მარტოსული განსხვავებული აზრი, რომელიც ცდილობს, უერთგულოს საკუთარ სამოსამართლო ფიცს და სასამართლოს უმრავლესობის მიერ დახატულ კაშკაშა ჰორიზონტზე შტორმის ღრუბლები დაგვანახოს. 

რამდენადაც საკონსტიტუციო სასამართლო ვერც ყველაზე საბაზისო, მეამინდის როლს ვეღარ ასრულებს, მით უფრო გადაუდებლად არის აუცილებელი სამოქალაქო საზოგადოებამ იტვირთოს ეს როლი. ამისათვის კი მას მოუწევს უარი თქვას კომფორტულ ილუზიაზე, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ჰიბრიდული ავტოკრატიის ინსტრუმენტი არ არის და მისგან კონსტიტუციური დემოკრატიის იდეალების ნაწილობრივ მსახურებას მაინც შეგვიძლია ველოდოთ. ეს აუცილებელია იმისათვის, რომ ჩვენს საზოგადოებაში საბოლოოდ არ გაუკუღმართდეს საკონსტიტუციო სასამართლო კონტროლისა და კონსტიტუციური უფლებების სასამართლო წესით დაცვის ინსტიტუტების შინაარსისა და ღირებულების აღქმა და შესაძლებელი იყოს მათი ავთენტიკური ფორმების დამკვიდრებისთვის სამომავლო ბრძოლა.


ავტორ(ებ)ი

დავით ზედელაშვილი