პუბლიკაციები

საქართველოს ხელისუფლების აგრესიული, პროპაგანდისტული რიტორიკა მედიის მიმართ - ავტორიტარების მიერ გამოცდილი ხერხი ჟურნალისტების დისკრედიტაციისთვის

წინამდებარე დოკუმენტში განხილული განცხადებები ცხადად აჩვენებს ხელისუფლების წარმომადგენელთა პროპაგანდისტულ გზავნილებს იმ ტელევიზიების მიმართ, რომლებიც მათ არ მოსწონთ. გზავნილების ძირითადი ადრესატი „TV პირველი“, „მთავრი არხი“ და „ფორმულაა“. ხელისუფლება კარგად იყენებს იმ ფაქტს, რომ „მთავარი არხის“ დირექტორი და „ფორმულას“ დამფუძნებელი ყოფილი ხელისუფლების წევრები არიან და ამით ცდილობს მათ დისკრედიტაციას. თუმცა, ის მაინც „ერთ ქვაბში ხარშავს“ ყველა კრიტიკულ მედიასაშუალებასა თუ ჟურნალისტს და აწებებს მათ „სააკაშვილის ტელევიზიების“ იარლიყს. ბუნებრივია, არავინაა იდეალური და ცალკეულ შემთხვევებში მედიასაშუალებებიც უშვებენ შეცდომებს ამა თუ იმ საკითხის გაშუქებისას, მაგრამ ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან რაიმე კონკრეტული ხარვეზის განზოგადება, ან ყველა კრიტიკული ჟურნალისტის დეზინფორმაციის გამავრცელებლად მონათვლა, სწორედ რომ მედიის დისკრედიტაციის მცდელობაა.

გარდა ამისა, ხდება სპეკულირება საზოგადოების და ეკლესიის სახელით, თითქოს, ტელევიზიები ებრძვიან მათ, „ძალადობენ ფსიქოლოგიურად“ და ა.შ. მედიის მიერ მომზადებულ ფაქტობრივად ყველა კრიტიკულ სიუჟეტს ხელისუფლება ან მიზანმიმართულად აკნინებს და ამბობს, რომ ეს გამოგონილია, ან თავს ესხმის მის გამავრცელებელ წყაროს და სხვადასხვა იარლიყის საშუალებით ცდილობს დისკრედიტაცია მოახდინოს საზოგადოების თვალში, ან სულაც, იქით გადადის შეტევაზე და წარსულის მოშველიებით ცდილობს მიმდინარე პერიოდში გამოვლენილი პრობლემატური საკითხების გადაფარვას. პრინციპით, „შენ უარესს აკეთებდი“ - ხელისუფლების წევრები ცდილობენ საზოგადოება ამა თუ საკითხის განსჯისას დაეყრდნოს ემოციებს და ნაკლებად შევიდეს მიმდინარე მოვლენების არგუმენტირებულ ანალიზში. ამასთან, იმ კონკრეტული მედიასაშუალებების მუდმივი დემონიზაციით, რომლებიც გარკვეულწილად უკავშირდებიან ყოფილ ხელისუფლებას და იმ კრიტიკული წყაროების ყოფილ ხელისუფლებასთან მიტმასნებით, რომლებსაც არავითარი კავშირი არ აქვთ „ნაციონალურ მოძრაობასთან“, „ქართული ოცნება“ ცდილობს საზოგადოებაში მედიის მიმართ უნდობლობის გაჩენას. ასევე, ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან მედიის მისამართით ისმის საკმაოდ მძიმე ბრალდებები (თითქოს, კონკრეტული მედიასაშუალებები ხელს უწყობენ სახელმწიფო გადატრიალებას), რომლებიც მხოლოდ რიტორიკის დონეზე, პროპაგანდის მიზნებისთვის ვრცელდება.

სხვადასხვა მოსაზრებით, თანამედროვე მსოფლიოში, გარდა ისეთი გამონაკლისებისა, როგორიცაა კუბა, ჩრდილოეთ კორეა და თურქმენეთი, ავტორიტარული რეჟიმები არ ცდილობენ ყველაფრის კონტროლს, მასობრივი კომუნიკაციის საშუალებების სრულ დამორჩილებას. ამას შეიძლება ეწოდოს "მედიის ეფექტური კონტროლი", სადაც საკმარისია ძირითადი წყაროების გაკონტროლება, დღის წესრიგის მეტ-ნაკლები კონტროლი და ამავდროულად, ალტერნატივების დისკრედიტაცია. ასეთი მიდგომით, პრო-სამთავრობო ნარატივი მაინც ყოველთვის ჭარბადაა მედია სივრცეში, ვიდრე ალტერნატიული მოსაზრებები. სამთავრობო და პრო-სამთავრობო კერძო მედია მხარდაჭერილია ფინანსურად - მათ აქვთ მეტი რეკლამა (სახელმწიფოსა და კერძო სექტორის მიერ დაკვეთილი), ალტერნატიული წყაროები კი, ხშირად გადარჩენისთვის იბრძვიან. ეს ქმნის კვაზი-კომერციულ მედია გარემოს, სადაც სამთავრობო ნარატივი ყოველთვის გადაფარავს ალტერნატიულ აზრს. დღეს კრიტიკული ქართული მედია ასეთ სავალალო მდგომარეობაში არაა (თუმცა, ამ რეალობის დადგომის მცდელობები შიგადაშიგ აშკარად იკვეთება), მაგრამ რაც შეეხება რიტორიკის დონეზე მის დისკრედიტაციას, ეს ნამდვილად ჩანს. იქედან გამომდინარე, რომ ხელისუფლება სრულფასოვნად ვერ აკონტროლებს (თუმცა კი, შესაძლოა ამის სურვილი აქვს, მაგრამ ადგილობრივი და საერთაშორისო საზოგადოების მწვავე რეაქციის, თუ სხვა სირთულეების გამო თავს იკავებს) მედია-სივრცეს, მისთვის ერთადერთ გამოსავლად კრიტიკული მედიის დისკრედიტაცია რჩება. უფრო მეტიც, ხელისუფლებას, წმინდა პრაქტიკული თვალსაზრისით, შესაძლოა აწყობდეს კიდეც ე.წ. „მტრის ხატი“ მედიასაშუალებები - ერთი მხრივ, ის ამბობს, რომ ქვეყანაში არის პლურალისტული მედია, მეორე მხრივ კი - ნებისმიერ კრიტიკულ აზრს, ნებისმიერ ამბავს, რომელიც მათ გადაცდომებს აღწერს, უმალ „გარყვნილი“, „სააკაშვილის დანამატი“, „ანტიქრისტიანული“ მედიის ფაბრიკაციად აცხადებენ. ასეთი გზებით, პროპაგანდისტული იარლიყების საშუალებით, მედიის მიმართ უნდობლობის გაღვივება ხდება. მსგავსი მცდელობები კი, აზიანებს მედია გარემოს და ზოგადად დემოკრატიულ პროცესს.

დოკუმენტის სრულად გასაცნობად იხ. მიმაგრებული ფაილი.

 

ფოტო: Reporters Without Borders


ავტორ(ებ)ი

დავით ქუტიძე